2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაში ჩადებული მოდელის თანახმად, მთავარი პროკურორი პრეზიდენტის წარდგინებით საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. არასამთავრობო სექტორის ნაწილი თვლის, რომ მთავარი პროკურორი პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული მოდელების განხილვა-გადაწყვეტის საკითხი არ არის პრეზიდენტის პირდაპირი უფლებამოსილება.
პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმირების საკითხზე მე-11 საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართა, რომელსაც პარალამნეტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებოდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, პროკურატურას უნდა შესწევდეს უნარი განახორციელოს ის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც სახელმწიფოს უპირველესი ფუნქციაა - კანონიერების დაცვა, მოქალაქეების უფლებების დაცვა, მართლმსაჯულების აღსრულება და კრიმინალთან ბრძოლა - როგორც უსუფაშვილი ამბობს, ამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციების აღსრულებას სჭირდება აბსოლუტურად დეპოლიტიზებული პროკურატურა. დავით უსუფაშვილის განმარტებით, პროკურატურის რეფორმის პროცესში მეორე მნიშვნელოვანი მომენტია მისი ეფექტურობის და პროფესიონალიზმის გაზრდა.
„ვიცით, რომ წლების განმავლობაში ეს სისტემა არადანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა, რის შედეგადაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები - ინსტიტუციური დეკვალიფიკაცია. აქ არ არის საუბარი ინდივიდებზე, რომელსაც მარტივად შეცვლი და კარგად მომზადებულ პროკურორს მოიყვან, პროკურატურამ ინსტიტუციური დეკვალიფიკაცია განიცადა და პრაქტიკულად, ბიუჯეტის შევსების საფინანსო პოლიციის ფუნქცია შეითავსა. ახლა ახალი ამოცანები გვაქვს და ბევრი რამ სხვანაირად უნდა გაანალიზდეს. კრიტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან პროცესი მიდის“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება მთავარი პროკურორის დანიშვნის წესს, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მთავარია არა ის ვინ დანიშნავს პროკურორს, არამედ როგორი იქნება დანიშნული პროკურორი.
„ვინ დანიშნავს პროკურორს ეს არ არის მნიშვნელოვანი, როგორი იქნება დანიშნული პროკურორი, ესაა მნიშვნელოვანი. მოდელები ბევრია კონსტიტუციის ჩარჩოებში და კონსტიტუციის ჩარჩოებს მიღმაც და ამაზე მსჯელობა გაიმართება. ჩემი თხოვნაა, ნუ დაიყვანთ ამ ყველაფერს იქამდე, ვინ დანიშნავს პროკურორს. აქ მნიშვნელოვანია თავად პროკურატურის ფუნქციები, გამოძიების ნაწილში რა ფუნქცია ექნება და რა არ ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე კონტროლის ფუნქცია. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს ექნება გენინსპექციაზე გავლენა, თუ თავად მთავარი პროკურორის იარაღი იქნება ის უწყების შიგნით და ა.შ. ბევრი ასეთი თემაა, ამიტომ ნუ გავასწრებთ მოვლენებს“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე თვლის, რომ საჭიროა პროკურატურის ისეთი რეფორმა, რომელიც უწყებას ანგარიშვალდებულად აქცევს, მათ შორის პარლამენტის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ რჩება საფრთხე იმისა, რომ აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როგორშიც ცოტა ხნის წინ იყო ქვეყანა.
„რაც გავაკეთეთ 2012 წლის ბოლოსა და 2013 წლის დასაწყისში, ვერ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური რეფორმა, რომელიც მოგვიტანდა სასურველ შედეგს. პროკურატურა ფაქტობრივად უკონტროლო ორგანოდ იქცა, ამან კი მთელი რიგი პრობლემა გამოიწვია. ამ ბოლო დროს, მართალია, გამოსწორდა პროკურატურაში არსებული ვითარება, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ კვლავ აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როგორშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით, არსებობს.
სწორედ, ამიტომ, საჭიროა, იმდაგვარი რეფორმა, რომელიც ანგარიშვალდებულად აქცევს უწყებას, მათ შორის პარლამენტის წინაშე, როცა შესაძლებელი იქნება, პროკურატურის საქმიანობაზე განხორციელდეს კონტროლი, რაც არანაირად არ უნდა ნიშნავდეს მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
ყოფილი მთავარი პროკურორი, გია მეფარიშვილი ამბობს, რომ 2004-2011 წლებში განხორცილებული ცვლილებები ემსახურებოდა ერთი პოლიტიკური ძალის ახირებას. არ იქნა გაზიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომნედაცია, რომ პროკურატურა არ ექციათ პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტად. მისივე თქმით, მსოფლიოს არც ერთ გავნითარებულ ქვეყანაში არ არის შენარჩუნებული პროკურატურის ის მოდელი, როგორც საქართველოში. მისივე თქმით, მოდელი, რომელიც იქნება შემოთავაზებული, მაქსიმალურად გამჭვირვალე და მოქნილი უნდა იყოს. რაც მთავარია, ის უნდა იყოს დაძლეული ყოველივე პოლიტიკური პარტიების ზეგავლენისგან.
„წარმოუდგენელი რამ ხდებოდა. პროკურატურის ფუნქცია იყო მოსავლის აღება, პროკურატურას ევალა სამშენებლო ბიზნესი, ეკონომიკის სხვადსხვა სფერო. ისმის კითხვა, ამის უფლებამოსილება რომელიმე დებულებით ჰქონდა თუ არა პროკურატურას? სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არათუ იყო, არამედ კანონაწინააღმდეგო ქმედება იყო. ყველაფერი მორგებული იყო ერთი კაცის ახირებაზე და შედეგმაც არ დააყოვნა.
დღეს თუ ვინმე გაუბედურებეულია, ვისაც იპოთეკური სესხი აქვს, ვისაც იპოთეკური სესხების მეშვეობით გირაო აქვს შეფარდებული, ან საპროცესო შეთანხმება, სამწუხაროდ, 2004-2011 წლებში მოღვწე პროკურორების დიდი დამსახურებაა. ისინი იყვნენ შუამავლები, პროკურორების ზემოქმედებით და მათი ჩარევით, ხალხს ბანკებიდან გამოჰქონდა კრედიტები, ამ ყველაფერზე დღევანდელ ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია მეფარიშვილი.
რაც შეეხება მთავარი პროკურორის დანიშვნის წესს, გია მეფარიშვილი თვლის, რომ ჯერ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, ხელისუფლების რომელ შტოში შედის პროკურატურა.
„იმ შემთხვევაში, თუ შევა საკანონმდებლო ორგანოს დაქვემდებარებაზე, მაშინ პრეზიდენტი ვერ დანიშნავს, თუ შედის აღმასრულებელში, როგორც დღეს არის, ეს არ მოგვწონს და გვინდა, რომ შევცვალოთ. თუ შევა სასამართლოში, როგორც ეს ადრე იყო, 1995 წლის კონსტიტუციით, როგორც დაწესებულება, როგორც ინსტიტუცია, მაშინ აქ შეიძლება დაფიქრება. ასეთი მოდელები საკამოდ წარმატებულად მოქმედებენ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ბალტიისპირეთის ორ ქვეყანაში - ლატვიაში და ლიტვაში, ასევე ესპანეთში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ჩვენთან ამ მოდლემა იმუშვა და არავითარი პრობლემა არ შეუქმნია“, - აცხადებს გია მეფარიშვილი.