მინდია ჯანელიძეს შესაძლოა პოსტი დაატოვებინონ

მინდია ჯანელიძეს შესაძლოა პოსტი დაატოვებინონ

თავდაცვის სამინისტრო მიყოლებით დატოვეს ვალერი ზუმბაძემ და რობერტ გრიგალაშვილმა. გენერალური ინსპექციისა და სამხედრო პოლიციის უფროსის აწ უკვე ყოფილი მოადგილეები, რომლებიც წლების განმავლობაში შსს-ს კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნები იყვნენ, მონაწილეობდნენ ე.წ. ჯაშუშებისა და სხვა საქმეების გაყალბებასა და ფალსიფიკაციაში. ვალერი ზუმბაძე გახლდათ „ჯაშუში ფოტოგრაფების“, „ენვერის“ და ნატოს ჯაშუშად გამოცხადებული ვახგანგ მაისაიას საქმის გამომძიებელი. რაც შეეხება რობერტ გრიგალაშვილს, ის გახლდათ სერგო თეთრაძის, მუხროვანის ამბოხისა და ე.წ. „ზილის“ საქმის პროკურორი.

ზუმბაძისა და გრიგალაშვილის თავდაცვის სამინისტროში დაწინაუარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია for.ge-მ 6 თებერვალს გაავრცელა. ამის შემდეგ უწყების მაღალჩინოსნებმა გაავცელეს განცხადება, რომ ბრალდებები, რომელიც მათ წინააღმდეგ გაავრცელეს, ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებულია და „ცილისმწამებლური განცხადებების“ ავტორებს კი სასამართლოთი დაემუქრნენ. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს ორივე მაღალჩინოსანს ამ გაცხადებიდან რამდენიმე საათში, უკვე, გადადგომის თაობაზე მოუწიათ პატაკის დაწერა.

for.ge-ს ინფორმაციით ზუმბაძის და გრიგალაშვილის ბედს გაიზიარებს თავად თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე, რომლის ბრძანებით დაინიშნეს მაღალ თანამდებობაზე შსს-ს კოტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნები. თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული პირი აცხადებს, რომ ჯანელიძის განთავისუფლების საკითხი გადაწყვეტილია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ჯანელიძეს მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე არ სწყალობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მას ისევ უშიშროების უწყებაში გადაისვრიან. მინისტრი ჯანელიძე, რომელმაც 4 ნოემბერს დაიკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, რამდენიმე სკანდალში გაეხვია.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება უკვე დაგვიანებულია, რადგან ქვეყანა არანაკლები საშიშროების წინაშე დადგება, თუ ჯანელიძე უშიშროების სისტემაში  დაბრუნდება.

„არის უამრავი ხელსაქმე, რაც შეიძლება ჩაბარდეს ამა თუ იმ ადამიანს. იქნებ თქვენმა მკითხველმა შესთავაზოს თანამდებობა, სად უფრო გამოსაყენებელი იქნებოდა ჯანელიძის ტალანტი. ეს კაცი საკუთარ თავს საქართველოს პარლამენტზე უფრო მაღლა აყენებს, პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრების სტატუსით განთავისუფლებულ სააკაშვილის „ჯაშუშებს“ არ აძლევს საშუალებას, რომ მათი საქმეები გასაჯაროვდეს და მოეხსნათ მათ ჯაშუშის სტატუსი. ეს სწორედ იმ დეპარტამენტის ვალდებულებაა, რომელსაც ბატონი ჯანელიძე თავკაცობდა უკანასკენელ წლებში. მე ვთვლი, რომ დაგვიანებულიცაა მისი განთავისუფლება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სკანდალურ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა უშუალოდ მინისტრმა უნდა აიღოს.

„მე ასე დავსვამდი კითხვას - მინდია ჯანელიძე რამდენად აკმაყოფილებდა თავიდანვე იმ კრიტერიუმებს, რაც ახალ საქართველოს სჭირდებოდა? ჯანელიძის წავლით სისტემურად არაფერი არ შეიცვლება. თუ თვითონ მიდგომები არ შეიცვალა, ასეთი ტიპის საკადრო გადაწყვეტილებებს არანაირი ეფექტი არ მოჰყვება. მინდა ჯანელიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც, თავის დროზე, ფარცხალაძის დანიშვნაზე ვიღაცას უნდა აეღო პასუხისმგებლობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის პარლამენტში მიწვევას და მის მოსმენას გეგმავს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით,

პარლამენტში მიიწვევენ თავდაცვის მინისტრს ან მის მოადგილეებს.

„ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ სახელმწიფო უწყებებში არ მუშაობდნენ და მაღალ თანამდებობას არ იკავებდნენ პირები, რომელთა მიმართაც გარკვეული ეჭვები არსებობს. თუმცა არც იმ ისტერიას უნდა ავყვეთ, რომ ყველა გამოცხადებულ სახელსა და გვარს გამოვეკიდოთ და მათი დევნა დავიწყოთ. შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალია და მივმართავ პროკურატურსა და საგამოძიებო ორგანოებს, მაქსიმალურად დაჩქარდეს გამოძიების პროცესი და ყველა იმ ბრალდებას, რაც არსებობს, პასუხი გაეცეს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

დეპუტატი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ყველა ის საკითხი, რაზეც ზუმბაძის მიმართ შეკითხვა არსებობს, უნდა გაირკვეს. მისივე განცხადებით, სწორი არ იყო ის ნაბიჯი, როდესაც ეს ადამიანი, ვის მიმართაც მძიმე საკითხებთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები, თანამდებობაზე დაინიშნა. დეპუტატის განმარტებით, გარკვეულ საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთან არსებობს კითხვები. 

„ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ გენინსპექციაში, არამედ სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვა უწყებებში მომუშავე ადამიანების დანიშვნებთან. არიან პირები, რომელთა წარსული უკავშირდება ისეთი ხმაურიანი საქმეების გამოძიებას, რომლებიც საზოგადოებაში, არასამთავრობო სექტორსა თუ პოლიტიკურ ძალებში ძალიან ნეგატიურ შეფასებას ტოვებს თუნდაც, - თეთრაძის საქმე“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

სოსო ცისიკარიშვილი კი სვამს კითხვას - ვინმეს ოცნება ხომ არ არის კრემლის დაკრულზე აცეკვებული ქართული ჯარი? მისივე განცხადებით, თავდაცვის მინისტრს, პირველ რიგში, ბოდიში აქვს მოსახდელი ქართული ჯარის წინაშე, ასევე ბოდიში აქვს მოსახდელი იმის გამო, რომ სამხედრო პოლიციას სათავეში უყენებს გამოცდილ ზონდერს, რომელიც უმალ მერაბიშვილის ბრძანებას შეასრულებს, ვიდრე ჯანელიძის.

„ძალაუნებურად ამოტივტივდა პარალელები 2014-2015 წლებსა და 2008 წელს შორის. გახსოვთ, რომ 2008 წელს გამარჯვებულად გამოცხადებული ქართული ჯარი გადააბარეს ციხეების აზრთგამრიგეს ბაჩო ახალაიას, რითაც ძალიან მკაფიო გზავნილი შესთავაზეს საზოგადოებას - რა ვითარებაშიც ამყოფებდა პატიმრებს ახალაია, იგივე მოელით ჯარისკაცებს და ასეც მოხდა - ასეულობით მებრძოლი დააპატიმრეს სხვადასხვა შეთხზული ბრალდებით და რა მივიღეთ? - ქართული ჯარის დაკნინება.

როდესაც, კონტრდაზვრევის დეპარტამენტიდან გამოჰყვათ ადამიანი მინისტრად, ამით ქართველ ჯარისკაცებს ისევ მიუსაჯეს სადისტები. მოეწონათ ბაჩო ახალაიას მინისტრობის რეცეპტი?! ვინ აგებს პასუხს ამ საკადრო ცვლილებებზე?!“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ სისტემამ მძევლად აიყვანა ხელსიუფლება. მისივე თქმით, არის მცდელობა, რომ სამართლიანობის აღდგენა მოხდეს იმ კადრების მიერ, რომლებიც თვითონ არის ეჭვნიტანილები დანაშაულში.

„ზუმბაძე და გრიგალაშვილი შემთხვევა გახმაურდა იმიტომ, რომ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნენ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა ხდება საშუალო და ქვედა რგოლებში? ის პირველადი სამუშაო რაც იყო ჩასატარებელი - სისტემის ფილტრაცია, თავის დროზე, ხელისუფლებამ არ ჩაატარა, ახლა რეაგირების რეჟიმში უწევს ყოფნა. ხელისუფლებას მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ. უნდა მოხდეს სისტემის ფილტრაცია და დაზღვევა იმ რისკებისგან, რაც მოსალოდნელია“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.