„რა ომი იქნება ეს, ამაზე წარმოდგენა არც პუტინს აქვს არც ოლანდს და არც მერკელს“

„რა ომი იქნება ეს, ამაზე წარმოდგენა არც პუტინს აქვს არც ოლანდს და არც მერკელს“

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ლორან ფაბიუსმა ბრიუსელში განაცხადა, ე.წ შავი სიის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა სანქციების განხორციელების პროცესი ჯერ არ დაიწყება.

რამდენად ადეკვატურია დასავლეთი და რა შედეგზე შეიძლება იყოს გათვლილი მისი სანქციები, რუსეთის საბოლოოდ დასუსტების თუ უკრაინასთან მიმართებაში კომპრომისზე წაყვანის, როგორი რუსეთი აწყობს დღეს ევროპას და ამერიკას, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ევროპელი ლიდერები ცდილობენ სამშვიდობო შეთანხმებაზე წამოიყვანონ პუტინი, თუმცა ბოლო ორი მოლაპარაკება ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა. მომავალ მოლაპარაკებამდე კი, რომელიც 11 თებერვალსაა დაგეგმილი, ევროპა რუსეთს სანქციებს კვლავ უმკაცრებს. როგორ ფიქრობთ, დასავლეთს სხვა გზა აღარ აქვს დარჩენილი, თუ უკრაინა კარგი საბაბია ამავდროულად, რუსეთის დასასუსტებლად?

- თავისთავად ცხადია, რომ უკრაინის კრიზისი რთულად მოსაგვარებელია, არ არის განსაზღვრული კომპრომისის ველი და აქედან გამომდინარე, დაპირისპირებული მხარეები როგორც რიტორიკის თვალსაზრისით, ასევე ქმედებებში საკმაოდ ხისტები და რადიკალურები არიან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვლენების ხასიათის შეცვლა ძნელად წარმოსადგენია, რადგან არ არსებობს კომპრომისის ვარიანტი, რაზედაც შეიძლება შეთანხმება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დასავლეთი გააგრძელებს სანქციების პოლიტიკას და იქნება უფრო რადიკალური.

შესაძლოა, გადაწყვეტილება მიიღოს უკრაინის სამხედრო იარაღით აღჭურვის შესახებაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს კონფლიქტს, რადგან რუსეთს ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტი მოტივაცია ექნება, მიმართოს როგორც ადეკვატურ, ასე არაადეკვატურ ზომებს.

მთავარი ამ შემთხვევაში მაინც უკრაინის შიდაპოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობაა - საეჭვოა, რომ დღეს უკრაინის მთელი ძალაუფლება ხელთ უპყრია პოროშენკოს, რადგან მისი რეზიდენციის წინ განხორციელებული აქციები მოწმობს, რომ მისი დასაყრდენი საზოგადოებაში, განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებში, ძალოვან სტრუქტურებში, უკრაინელ ნაციონალისტებში, მოხალისეთა სექტორში და ა.შ. საკმაოდ ვიწროა. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიმღები ბოლომდე თავისუფალი არ არის და არც უკრაინელი ხალხის ნდობის სრული მანდატით აღჭურვილი.

მეორე მხრივ, რუსეთს გავლებული აქვს ისეთი წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის გარეშე უკრაინული კრიზისის დარეგულირება შეუძლებელია. ეს არის ყირიმის თემის გაყვანა დისკუსიების არეალიდან. ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის ავტონომიის მინიჭების თემა და მისი მოსახლეობის უფლებების დაცვა. ეს ყველაფერი უკრაინის აქტიური პოლიტიკური ძალებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ის კი არა და პოროშენკომ გააკეთა განცხადება, რომ ის წინააღმდეგია უკრაინაში გაეროს მშვიდობისმყოფელების შესვლისა, რამდენადაც ასეთი ნაბიჯი ახანგრძლივებს დარეგულირების პროცესს. არადა, პოროშენკოს ხელისუფლებას დროც არ აქვს, რომ დანგრეული უკრაინა გამოიყვანოს კრიზისიდან.

თითქოს ერთადერთ გამოსავლად რჩება საკითხის სამხედრო გზით გადაჭრა. ეს კი არ არის ეფექტური, ვერ იქნება მყისიერი და მას აქვს სხვა სახელმწიფოების კონფლიქტში ჩათრევის პერსპექტივა. საუბარია ატომურ სახელმწიფოებზე. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ოლანდის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ თუ ეს მოლაპარაკებები ჩაიშლება, ომს ალტერნატივა არ აქვს. თუმცა, მას არ დაუზუსტებია ომს ვის და ვის შორის გულისხმობდა. უკრაინასა და რუსთს შორის თუ რუსეთსა და დასავლეთს შორის.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ომი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაა და თუ დღეს უკრაინის ომში სამხედრო ავიაცია საერთოდ არ მონაწილეობს, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დროს ასე ნამდვილად არ იქნება.

როდესაც პოლიტიკოსები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, სასურველია, მიუთითონ, რა სახის ომს გულისხმობენ. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს კონკრეტული დასკვნები.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სწორია დასავლეთის პოლიტიკა, რომ ისინი რუსეთს ელაპარაკებიან მკაცრად, რადგან რუსეთი თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს და მასთან სხვა ენაზე საუბარი შეუძლებელია.

რაც შეეხება რუსეთის დასუსტებას, მიუხედავად ობამას განცხადებისა, რომ რუსული ეკონომიკა ნანგრევებშია მოქცეული, ეს ეკონომიკა მაინც ფუნქციონირებს, პური ცხვება, ხელფასები და შემწეობები რიგდება. ანუ, გამოდის, რომ რუსეთის დანგრეული ეკონომიკა ფუნქციონირებას მაინც აგრძელებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა უფრო ახლებური, კომბინირებული ტაქტიკის გამოყენება ეკონომიკური სანქციების და დიპლომატიური არხების უფრო ეფექტურად გამოყენება, რასაც დასავლეთი დღემდე ვერ ახერხებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საზღვრები გაიხსნა, რუსეთში დაიწყო ინვესტიციების შედინება, მრავალი საერთაშორისო კომპანია ჩაერთო რუსული ბუნებრივი რესურსების ათვისებაში და .. ელცინის ხელისუფლების სათავიდან წასვლის შემდეგ პუტინმა ეკონომიკის ცენტრალიზება მოახდინა და ფაქტობრივად, ეკონომიკის მთელი სადავეები კრემლის ბიზნესმენების ხელში გადაიტანა. ხომ არ შეიძლება ვივარუდოთ, რომ დასავლეთი იმასაც ცდილობს, რომ რუსეთი ამ გზით უფრო გახსნილ ქვეყნად აქციოს?

- დასავლეთს უნდა დემოკრატიული, მშვიდობისმოყვარე და სრულფასოვანი პარტნიორი, რუსეთის სახით. დაახლოებით იმავე ფუნქციით, რა ფუნქციაც მსოფლიო უშიშროების სისტემაში აქვს საფრანგეთს. მაგრამ, რუსეთს ეს პოზიცია არ აკმაყოფილებს, რადგან ვერ ელევა იმპერიულ ბუნებას და სურს, საკუთარი გავლენის სფეროები შეინარჩუნოს, თუნდაც, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების არეალში მაინც, კიდევ გაფართოვოს ეს არიალი სოციალისტური ბანაკის რიგ, ან სხვა ქვეყნებზე.

ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია დაპირისპირებისთვისაც და კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვისაც. მთავარი წინააღმდეგობა ამ პროცესში არის რუსული სახელმწიფოს იმპერიული ბუნება. დემოკრატიის ის ფორმა, რომელიც რუსეთში ჩამოყალიბდა და რომელიც ავტორიტარიზმის სერიოზულ ნიშნებს შეიცავს, გამორიცხავს მსოფლიო თანამეგობრობის ცივილიზებული ნაწილის, ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვან წევრად გახდომას, სხვადასხვა ინსტიტუტებში ეს იქნებოდა G8 თუ G20 ან სხვა სისტემების წევრობას და ა.შ. სწორედ ეს იმპერიული ბუნება არ აძლევს რუსეთს საშუალებას, შეუერთდეს ცივილიზებულ სამყაროს.

შესაბამისად, რაკი ამ 20 წლის განმავლობაში რუსეთში ეს ინსტიტუტები არ განვითარდა, როგორც კი რუსეთი იმპერიული იდეით ფუნქციონირებაზე იტყვის უარს, ის დაიშლება და ნგრევის სტიქია დომინოს პრონციპით დაიწყებს მუშაობას. ეს იქნება ჩრდილოეთი კავკასია, თათრეთი და მიმდებარე ტერიტორიები თუ შორეული აღმოსავლეთი და უკვე მივიღებთ არა სუსტ, არამედ დანგრეულ რუსეთს.

ამას რუსეთში გარკვეული წრეები აცნობიერებენ. ელცინის დროს იყო მცდელობა, რომ საფუძველი ჩაყროდა დასავლეთთან ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, მაგრამ მივიღეთ ოლიგარქების მიერ მართული რუსეთი მძიმე სოციალური ფონით.

რუსეთის პურისა და არყის გარეშე დატოვება კი სახიფათოა როგორც რუსეთისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამ პრობლემამ განაპირობა პუტინის არენაზე გამოყვანა. მან გარკვეული თვალსაზრისით, მოაწესრიგა ეს ყველაფერი. ოლიგარქების ქონება მიმართა სოციალური პრობლემებისკენ და დღეს საარსებო მინინუმის დონეზე ჰყავს მას დაპურებული პენსიონერები და სოციალურად დაუცველები.

ამ ყველაფრის წყაროს დღემდე წარმოადგენდა ენერგორესურსების გაყიდვა მსოფლიო ბაზარზე, რასაც ახლა ურტყამს თავისი სანქციებით დასავლეთი.

ასე, ერთმანეთზე რთულად გადაჯაჭვულ პროცესებთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, გასაგებია დასავლეთის სწრაფვა - მას სჭირდება პარტნიორი გლობალურ პოლიტიკში, ამის გარდა, დასავლეთს აგრესიულ ფუნდამენტალიზმთან გამკლავება რუსეთთან პარტნიორობის გარეშე გაუჭირდება. თუმცა, არც იმაზე მეტის დათმობას აპირებენ რუსეთისთვის, ვიდრე ეს არის დასავლურ სისტემებში თანაბარუფლებიანი სუბიექტის ფუნქციებით ჩართვა.

რუსეთს სურს ამ სისტემებში ჩართვა თავისი ძველი გავლენის სფეროებით და მას მიაჩნია, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მისი სასიცოცხლო ინტერესები დევს - მისთვის ყირიმის ანექსია ისტორიული უსამართლობის და ხრუშჩოვის დროინდელი დაუდევრობის გასწორებაა.

დასავლეთისთვის ეს არაცივილიზებული ნაბიჯებია და თვლიან, რომ დღევანდელ ევროპაში ტერიტორიული საზღვრების შეცვლა ომის მეშვეობით მიუღებელია.

თუმცა, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს საერთაშორისიო თანამეგობრობის ჩართულობითაც, როგორც ეს მოხდა ბოსნიაში, სერბეთსა და კოსოვოს ვგულისხმობ.

მოკლედ, პრობლემათა ისეთი კასკადია, რომელში გარკვევასაც დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური ელიტა ვერ ახერხებს და გარკვეული ჩიხური მდგომარეობაა, რაც სახიფათოა.

რა საფრთხეზეა საუბარი?

- უსაფრთხოების სისტემამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და ცივი ომის პირობებში გლობალური ომის თავიდან აცილებას ემსახურებოდა, პრინციპში გაამართლა და ყოველგვარი ატომური ომისა და მსგავსი საშინელებების გარეშე მოხდა კომუნისტური სისტემის დემონტაჟი, ბუნებრივი განვითარების გზას დაადგა აღმოსავლეთის ბლოკი.

მაგრამ, როგორც მაშინ მიუთითებდნენ პროცესის მონაწილეები, ეს არ უნდა გადაზრდილიყო ურთიერთობაში გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის. რომ ეს უნდა ყოფილიყო თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებაზე აგებული ურთიერთობა, რისი მიღწევაც ჭირს და ამაში უპირველეს ყოვლისა, სცოდავს რუსეთი თავისი იმპერიული ზრახვებით, არანაკლებ დასავლეთი, თავისი იმპერატიული ტონით და დირექტიული მოწოდებებით.

ასე რომ, საჭიროა უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბება ნაცვლად არსებულისა, რომელმაც უპრობლემოდ მოახერხა საბჭოთა კავშირის დემონტაჟი, თუმცა ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების შემდეგ ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი განვითარება საერთაშორისო თანამეგობრობაში.

დასავლეთს გამოუჩნდა ახალი საფრთხე ფუნდამენტალიზმის სახით, რომელიც საერთაშორისო ტერორის სახელითაა ცნობილი. ამ პრობლემაზე ყურდღების გადატანამ დაანგრია ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე ერთიანი, ცივილეზებული ევროატლანტიკური სივრცის ჩამოყალიბების პროცესი.

დღეს თუ არის საფრთხე, რომ პუტინმა ატომური იარაღის გამოყენება გაბედოს?

- გამორიცხული არაფერია, თუმცა ვფიქრობ, რომ რუსი ლიდერების კეთილგონიერება იმ დონეზე მაინც აღმოჩნდება, რომ ვითარება აქამდე არ მივიდეს. თუმცა დასავლეთმაც უფრო მოქნილად უნდა გამოიყენოს კომპრომისების ტაქტიკა. სხვა შემთხვევაში, არ ვისურვებდი მეცხოვრა, პერიოდში, როდესაც ატომური რუსეთი იქმნებოდა დამშეული ან კუთხში მიმწყვდეული და დაიწყებოდა ამ სტიქიის (რუსეთის) დაშლა-დაქუცმაცება. ეს ძალზე სერიოზულ კონფლიქტებს წარმოშობს და სახიფათო იქნება ყველასთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც.

როგორ ფიქრობთ, დღეს თუ არის შესაძლებელი კონსენსუსამდე მისვლა ისე, რომ კონფლიქტის ყველა მონაწილე, ასე თუ ისე, კმაყოფილი დარჩეს?

- ვფიქრობ, ორივე მხრიდან მეტი კეთილგონიერებაა საჭირო. მალე გაიმართება ოთხმხრივი შეხვედრა, თუმცა ვერ ვხედავ უკვე ჩამოყალიბებული წითელი ხაზების გარღვევის წინაპირობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სიტუაცია იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ.

ბუნებრივია, დასავლეთი უნდა იყოს უფრო კეთილგონიერი და კომპრომისული, ვიდრე დღეს არის, რადგან პუტინისგან დათმობები ნაკლებად არის მოსალოდნელი. ის მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს და, თუ მან ეს ძალა არ დაინახა, არაფერს დათმობს.

გართულებაც ომს გულისხმობს, მაგრამ რა ომი იქნება ეს, ვფიქრობ, ამაზე წარმოდგენა არც პუტუინს აქვს არც ოლანდს და არც მერკელს.