მეცხვარეობა თანდათან უაზრობა ხდება

მეცხვარეობა თანდათან უაზრობა ხდება

მეზობელ ქვეყნებში ქართულ ცხვარზე მოთხოვნა შემცირდა. სამაგიეროდ, გაძვირდა 1 ცხვრის თვითღირებულება. მაღალი ფასი კი რეალიზაციის პრობლემას ქმნის. თუ ახლო მომავალში დარგში რამე არ შეიცვალა, მეცხვარეობა აზრს დაკარგავს.

საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების დათმობის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში შემოყვანილი სომხური ცხვარია, რომელსაც უცხოურ ბაზრებზე ქართულად ასაღებენ. მეცხვარეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქართული ცხვრის სტაბილური საექსპორტო ბაზრის სტატუსს ამჟამად მხოლოდ აზერბაიჯანი ინარჩუნებს და ისიც იმიტომ, რომ აქ სომხური ცხვარი ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის გამო ვერ გავა.

სომხური ცხვრის მთავარი უპირატესობა დაბალი ფასია. იმ დროს, როდესაც 1 კგ ქართული ცხვარი 3.5-4 დოლარი ღირს, სომხურის შემთხვევაში ეს ფასი 2 ამერიკული დოლარია. შესაბამისად, ერთ სულ ცხვარზე სხვაობა შესაძლოა 30 დოლარიც იყოს.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ქართველ მეცხვარეებს დაეხმარება და გადადგამს ნაბიჯებს დარგში არსებული იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რისი გადაწყვეტაც მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმის წარმოება მთლიანად აზრს კარგავს ქვეყანაში, მაშინ როდესაც დარგში დასაქმებულია 20 ათასი ფერმერი და მათი ოჯახები“, - აცხადებს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი.

ქართული ცხვრის საექსპორტო არეალი 2009 წელს გაიზარდა. საექსპორტო ქვეყნებში მოხვდნენ: ირანი, აზერბაიჯანი, ომანი, იორდანია, ლიბანი, ეგვიპტე, ყატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები... როგორც ამბობენ, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ბაზარმა პროდუქტი თვითონ მოძებნა და ქართულმა ცხვარმაც არაბული ქვეყნების ბაზარზე ავსტრალიური, უკრაინული და ბრაზილიური ცხვრის ექსპორტი წარმატებით ჩაანაცვლა. ქართული ცხვრის მთავარი უპირატესობა გემოსთან ერთად, სიიაფე და საქართველოდან არაბულ ქვეყნებში ტრანსპორტირების დაბალი ღირებულება იყო. გაზრდილი მოთხოვნის გამო 5 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე ცხვრის ფასი 60 ლარიდან 120 დოლარამდე გაიზარდა. ფასის გაზრდას რეალიზაციის პრობლემა მოჰყვა და ქართულმა ცხვარმაც თანდათან ბაზარზე პოზიციები სხვა ქვეყნებს დაუთმო.

ემზარ ბეჟიტაშვილი, რომელიც მეცხვარეობით არის დაკავებული, ამბობს, რომ ქართული ცხვრის ფასს საძოვრებზე არსებული მაღალი გადასახადები და საკვების ფასი აძვირებს: „მე საკუთარი არც ფერმა მაქვს და არც საძოვარი - ორივეს ვქირაობ. 1 ჰა საძოვარს, რომელშიც 2010 წლამდე 3 ლარს ვიხდიდი, ახლა 16 ლარად ვქირაობ. 1000-სულიანი ფარისთვის მინიმუმ 400 ჰა საძოვარი ხომ მაინც უნდა ვიქირავო? ამას დაამატეთ ფერმის ქირა და სხვა ხარჯები და ნახავთ, რომ 1 ცხვრის თვითღირებულება სულ მცირე 140 ლარი გამოვა“.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ეიმედება, რომელიც ქართულ ცხვარს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას აძლევს:

„ევროპაში პოპულარულია ორგანული, ბიომეურნეობის პროდუქცია. ქართული ცხვარი, ფაქტობრივად ბიოპროდუქტია. ის ეკოლოგიურად სუფთა საძოვრებზე იკვებება. საქართველოში საძოვრებს არ ანაყოფიერებენ სასუქებით და არც პესტიციდებით ამუშავეებენ. ასეთი პროდუქციით ევროკავშირის ქვეყნებში აუცილებლად დაინტერესდებიან. საქართველოში ჩამოსულები იყვნენ ბიოსერტიფიცირების ექსპერტები - შვეიცარული ორგანიზაცია FIBL-ის უკრაინის ოფისის წარმომადგენლები. ისინი ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას და აღნიშნეს, რომ სურვილისა და მონდომების შემთხვევაში ქართული ცხვრისთვის ბიოსერტიფიკატის მიღება რთული არ იქნება“, - აცხადებს ბექა გონაშვილი.

იგი ამბობს, რომ ევროპაში მყიდველი, შესაძლოა, მატყლსაც გამოუჩნდეს, მაგრამ ჯერ მისი გაპარსვის, რეცხვის და დახარისხების პრობლემა უნდა მოგვარდეს.

მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, 2009 წელს ექსპორტზე 266 000 ცხვარი გავიდა, 010 წელს - 178 000, 2011 წელს - 155 000, 2012 წელს - 170 000, 2013 წელს - 160 000. შარშანდელი წლის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ საექსპორტო მოცულობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირებული იქნება.