აჭარაში „ცხელი სეზონი“ ტურიზმის დეპარტამენტში გაიხსნა

აჭარაში „ცხელი სეზონი“ ტურიზმის დეპარტამენტში გაიხსნა

[ეკა ბაქრაძე]

აჭარაში ტურიტსტული სეზონისთვის მზადება „ძალიან ხმაურიანად“ დაიწყო. ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტიდან ყველა თანამშრომელი ქუჩაში გაისტუმრეს. მიზეზი კი ის არის, რომ მთავრობა უკმაყოფილოა თანამშრომელთა კვალიფიკაციით და მუშაობით. არადა, შარშან წლის ბოლოს დიდი ზარზეიმით აღნიშნავდნენ, რომ აჭარაში ტურისტული რეკორდი დამყარდა და ამაში ლომის წილი ადგილობრივმა ტურიზმის დეპარტამენტმა დაიდო.

ასეა თუ ისე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც დეპარტამენტის 54-მა თანამშრომელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება საკუთარი ნებით დაწერა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ვაჟა დიასამიძემ თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ ტურიზმს ახალი სეზონის მზადების წინ სჭირდება ახალი კადრები და არსებული რესურსის გაძლიერება, რაც რეორგანიზაციის მიზეზი გახდა.

„მათ ჩათვალეს, რომ ტურიზმის დეპარტამენტი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო რეორგანიზაცია. ამის შემდეგ თანამშრომლებმა დავწერეთ განცხადებები. ამ ეტაპისთვის მე ხელმძღვანელის მოვალეობას ვასრულებ“, - განაცხადა ვაჟა დიასამიძემ.

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შემუშავდება კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ახალი კადრები შეირჩევა. კადრების შერჩევის დროს პრიორიტეტი იქნება უცხო ენის ცოდნა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი.

კითხვაზე, იყო თუ არა ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკმაყოფილო იყო ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობით, ვაჟა დიასამიძე აცხადებს, რომ წელს აჭარის მთავრობა გეგმავს მილიონზე მეტი ტურისტის შემოყვანას. 

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიმართ ახალი მოთხოვნები გაჩნდა, ამიტომაც განახლება საჭიროა“, - განაცხადა დიასამიძემ.

ორი დღის წინ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის შენობაში აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი ომარ მეგრელიძე და მთავრობის აპარატის იურისტი ნუკრი დეკანაძე მივიდნენ. თანამშრომლებმა სწორედ მათგან გაიგეს აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, გამოცხადებულიყო რეორგანიზაცია, თანამშრომლებს დაეტოვებინათ თანამდებობები და დეპარტამენტში სამუშაოდ ახალი კადრები კონკურსის წესით აეყვანათ.

ვინ იქნება კომისიის შემადგენლობაში, ჯერ ცნობილი არ არის. ვაჟა დიასამიძე ფიქრობს, რომ კომისია, შესაძლოა, აჭარის სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ნუგზარ ჩხეიძე ამ წლის 12 იანვრიდან ხელმძღვანელობდა. ჩხეიძემ ამ თანამდებობაზე თემურ დიასამიძე შეცვალა. ფაქტობრივად მათ თანამდებობები გაცვალეს. თემურ დიასამიძე აჭარის მთავრობის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელად გადაიყვანეს, სადაც ადრე ჩხეიძე მუშაობდა.

ასეთი ორიგინალური შეთავაზება გაუკეთა ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ თავის თანამშრომლებს. ტურსიტებისთვის კი ჯერ არავის ცხელა, არადა მაისის ბოლოდან აჭარაში საზაფხულო სეზონი ოფიციალურად დაიწყება. ტურისტები კი სიახლეებს ელიან.

ჯერჯერობით ერთადერთი სიახლე, რაც დამსვენებლებს მეტ-ნაკლებად დააინტერებთ, ეს „ბათუმი ქარდია“. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლევანდელი სეზონიდან ტურისტებს სპეციალურ ბარათს შესთავაზებს. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბარათზე მუშაობა დასრულებულია და ამ ეტაპზე მოლაპარაკებები კერძო კომპანიებთან მიმდინარეობს.

„ბათუმი ქარდის“ მფლობელი უფასოდ იმგზავრებს მუნიციპალური ტრანსპორტით, დაათვალიერებს ტურისტულ ობიექტებს, ასევე მიიღებს ფასდაკლებებს რესტორენში, სასტუმროებსა და ბარებში. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, კერძო სექტორისთვის „ბათუმი ქარდზე“ გამოჩენა დამატებითი რეკლამა იქნება. 

ბარათი ყველასთვის ხელმისაწვდომია და, სავარუდოდ, 15 დოლარი ეღირება. „ბათუმი ქარდის“ შეძენა მსურველებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში, ტუროპერატორებთან, რესტორნებსა და სასტუმროებში შეეძლებათ.