ეკონომიკური ზრდა უცხოელებსაც აეჭვებთ

ეკონომიკური ზრდა უცხოელებსაც აეჭვებთ

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებაში საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ჩაერთვნენ. ზოგი უკვე აპირებს გადახედოს ორიოდე თვის წინათ გაკეთებულ პროგონოზს, ზოგიც ფეხს ითრევს და კიდევ ერთხელ აჩქარებას არ აპირებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის წლევანდელ 5%-იან პროგნოზს, სავარაუდოდ, გადახედავს. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელის აზიმ სადიკოვის თქმით, პროგნოზის გადახედვამდე, ფონდი გარკვეულ სტატისტიკას ელოდება და საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავს სიტუაციას.

„შეუძლებელია, რაც საქართველოს გარეთ და მის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ხდება, არ ასახულიყო და მომავალშიც არ აისახოს საქართველოს ეკონომიკაზე. ჩვენ არა გვაქვს ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ „საქსტატის“ წინასწარი ინფორმაციით, შარშან ეკონომიკა პროგნოზირებული 5%-ის ნაცვალდ, 4.7%-ით გაიზარდა. კლება დიდი არ არის. სავარაუდოდ ეს არის საგარეო შოკის გავლენა, რაც ეკონომიკამ შარშან მეოთხე კვარტალში მიიღო, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირების სახით“, - განაცხადა სადიკოვმა.

გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაიაფებამ, საქართველოს ეკონომიკაში დადებითი როლიც ითამაშა და უარყოფითიც. „უარყოფითი იმიტომ, რომ ნავთობის ექსპორტიორ საქართველოს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებში, აზერბაიჯანსა და რუსეთში საქართველოდან ექსპორტის კლება გამოიწვია, ხოლო ნავთობის მომპოვებელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან კი შემცირდა ინვესტიციები“, - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.

„ჯიბისის“ ინფორმაციით, სადიკოვი საქართველოს მთავრობას ურჩევს, რომ მეტი იმუშაოს ინვესტორებთან, გააუმჯობესოს ბიზნეს-გარემო და საქართველო წარმოაჩინოს მსოფლიო რუკაზე, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანა. მისი აზრით, საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკა ახლა უკეთესია, ვიდრე წინა წლებში და მისი ორგანიზაცია მხარს უჭერს სოციალურად დაბალასებულ საბიუჯეტო პოლიტიკას, საპენსიო რეფორმას. მთავარია, რომ ნებისმიერი სოციალური საბიუჯეტო ხარჯი იყოს მიზანმიმართული - მიიღოს მან, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

სავალუტო ფონდზე გაცილებით ოპტიმისტურია აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი, სადაც მიიჩნევენ, რომ წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალურია. ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა ისაუბრა.

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 2014 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 5% იყო. აზიის განვითარების ბანკის გათვლებითაც ეს მაჩვენებელი 5% იყო. წინასწარი მონაცემებით, შარშან 4.7%-იან ზრდის მაჩვენებელზე გავიდა ქვეყანა. რეგიონში მოვლენათა განვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ძალიან კარგი შედეგია.

ყოველივე ამას განაპირობებდა რუსეთში განვითარებული მოვლენები, ექსპორტ-იმპორტისა და გაცვლითი კურსის კუთხით მომხდარი ცვლილებები. ჯერ ძალიან ნაადრევია საბოლოო პროგნოზის დაფიქსირება. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი რთული პერიოდი გამოდგა.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაკეთებული გათვლები ეფუძნება 5-პროცენტიან პროგნოზს. ამ პროგნოზის მიღწევა რეალურია, თუ მოვლენები სასიკეთოდ განვითარდება წლის დარჩენილ 10 თვეში. ეს შეიძლება ძალიან მიახლოებული აღმოჩნდეს რეალურ მაჩვენებელთან. ამას გაცილებით უკეთ შევაფასებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, როდესაც ბიუჯეტის შესრულების ფაქტიური მაჩვენებლები გვეცოდინება“, - განაცხადა კლაუს გერჰაუზერმა.

ჯერჯერობით საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს მსოფლიო ბანკიც. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემებით კი, წელს საქართველობს ეკონომიკა 4,2%-ით მოიმატებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა დაგეგმილი მშპ-ს ზრდის 5%-იან პროგნოზს, ალბათ, შეცვლის.

„სომხეთისა და მოლდოვას ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 0% დაფიქსირდა. წელს ელოდებიან რუსეთში დაცემას, გასაგები მიზეზების გამო. ბელორუსში იქნება დაახლოებით ნულოვანი ეკონომიკური ზრდა, აზერბაიჯანში - 1,5%. ჩვენ ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისთვის 4%-ზე მაღალი იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე.