დეპუტატი აკაკი მინაშვილი მმართველ გუნდს მკაცრად აკრიტიკებს, მის უუნარობაზე აპელირებს და პროგნოზირებს, რომ 2016 წლის არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება. კანონმდებელი ქვეყანაში დესტაბილიზაციის ნიშნებს ხედავს და ამბობს, რომ სახეზეა ეკონომიკური ვარდნა და სრული სტაგნაცია.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, for.ge ნაციონალ აკაკი მინაშვილს ესაუბრა:
მმართველი ძალა „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის შემქმნელ ძალად მიიჩნევს, ამის რესურსი და სურვილი მართლა გაქვთ?
- შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თავისი მოქმედებებითა და განცხადებით ჭიკაიძის გზას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე მომატებულია, შეკვეთილმა მკვლელობებმა იმატა, კრიმინალების გაბატონება ხდება და ყოველ დღე ბანკებს აყაჩაღებენ, შსს საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის და საბურავებზე, როგორც ფანტაზიის სფეროზე საუბრობს. შს მინისტრს არც უნარი და არც სურვილი არ აქვს, რომ მის წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხოს და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.
ქვეყანაში დესტაბილიზაციის ნიშნებს ხედავთ?
- დესტაბილიზაციის ნიშნები არსებობს, რადგან არის ეკონომიკური ვარდნა და სრული სტაგნაციაა. ფაქტია, რომ ქვეყანაში წინ არცერთი პროცესი არ მიდის და ყველა ის პროექტი გაჩერდა, რომლის განხორციელებაც 2012 წლამდე მიმდინარეობდა. ამ ხელისუფლების პირობებში ლარი გაუფასურებულია, პროდუქტებზე ფასები მატულობს და უმუშევრობა იზრდება. დესტაბილიზაციას სწორედ ეს ხელისუფლება ქმნის და არა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მიზანი ქვეყნის აშენება და წინსვლა იყო. ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიზნებს ემსახურება და არა დესტაბილიზაციას.
ქვეყნის წარმატება ხელისუფლების მუშაობასთან ასოცირდება. შესაბამისად, დავიჯერო, რომ თქვენ ამ მთავრობის წინსვლა გაგახარებთ?
- ერთ რაღაცას გულწრფელად გეტყვით. როდესაც, 2012 წელს დავმარცხდით, მივხვდით, რომ ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმების განხორციელების საშუალება არ გვექნებოდა და ძალიან გაგვიხარდებოდა, რომ ამ ხელისუფლებას რეფორმების გატარების ტემპი გაეგრძელებინა და ქვეყანა წინ წასულიყო. დამერწმუნეთ, რომ ქვეყნის გამარჯვება გაგვახარებდა, მაგრამ სამწუხაროდ, სახელმწიფო მყისიერად გაჩერდა.
სახელმწიფოს გაჩერებაში რას გულისხმობთ?
- ხელისუფლების წარმომადგენლებს არც შესაბამისი კვალიფიკაცია და არც უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მათ ქვეყნის განვითარების არც სურვილი აქვთ და არც რესურსი. მთავარი რასაც ხელისუფლება აკეთებს, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ამ საქმეში კი გამორჩეული ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია.
საკუთარ კეთილდღეობაზე „ნაციონალური მოძრაობა“ არ ზრუნავდა?
- ბუნებრივია, ყველა საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მაგრამ ჩვენ საქმის კეთების სურვილი გვქონდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოებას კარგად ეცხოვრა და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მათ წარმატებისთვის მიეღწიათ. ეს ხელისუფლება სახელმწიფოს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესოს. დიდი სახლების შეძენისთვის ყველა მინისტრს ფული რატომღაც უცებ გაუჩნდა. ამას გარდა, ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უკან ფული დაიბრუნა, არადა ის პირველ რიგში ხალხს ოცნების კოშკების დადგმას ჰპირდებოდა.
ივანიშვილი თვლიდა, რომ მას თქვენი ხელისუფლების პირობებში აუდიტის სამსახურმა დაახლოებით 80 მილიონი უკანონოდ ჩამოართვა და როგორც ჩანს, მან სამართლიანობის აღდგენა საკუთარი თანხების დაბრუნებით დაიწყო...
- თუ გსურთ, სამართლიანობის აღდგენაზეც ვისაუბროთ. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი საკუთარი ჯიბის შევსებაზე ფიქრობს და ამის ნათელი მაგალითია ის პრემიები, რომელიც გაიცა. გავიწყდებათ, რომ ამ მთავრობამ გაუგონარი რაოდენობის პრემიერი აიღო? თანამდებობის პირები უარს არც დაცვაზე და არც კომფორტულ ავტომობილებზე ამბობენ. მათ ამ ყველაფერზე ზრუნვა მყისიერად დაიწყეს და ის ხალხი, რომელიც დაპირებების შესრულებას ელოდება, ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავს და მათ კი ყურადღებას არავინ აქცევს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილს საკუთარ სახლთან აქცია რომ გაუმართეს, მან თქვა, რომ დახმარებას ვერავის გაუწევდა, რადგან მის სახლთან მომავალში სხვადასხვა ჯგუფები მივიდოდნენ. ივანიშვილს რუსი ოლიგარქის სტილი აქვს, რომელიც ქვეყანას თავის სასიკეთოდ მართავს და გარეშე წრე არ აინტერესებს.
პარლამენტში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეთ. კომისია არ შეიქმნა, მაგრამ თქვენი მხრიდან კომისიის შექმნის საკითხის დაყენება უხერხული არ იყო? სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და სხვა კიდევ ბევრი ადამიანი სწორედ თქვენი ხელისუფლების პირობებში დაიღუპნენ. თავის დროზე, პარლამენტში კომისიის შექმნას თქვენც გთხოვდნენ, რომლის წინააღმდეგ მიდიოდით...
- დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ყველა იმ საქმეზე მოვითხოვეთ, რომლის გარშემოც კითხვის ნიშნები არსებობს. ხელისუფლებას სურვილი არ აქვს, რომ რეალური ფაქტები დაადგინოს. მოწმეებზე ზეწოლის ათობით შემთხვევაა დაფიქსირებული. მთავარ პროკურატურას ყაჩაღობაში მსჯავდებული ოთარ ფარცხალაძე მართავს და საქმეებიც სიყალბეზეა დამყარებული. უმრავლესობამ საგამოძიებო კომისია რატომ არ შექმნა? თუნდაც, რაფალიანცის საქმე გაიხსენეთ, სადაც ბავშვის მკვლელობა ოპონენტს უტიფრად დააბრალეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ყველა გახმაურებულ საქმეზე ადამიანებმა პასუხი აგეს. ამჟამად კი, კითხვები ისევ არსებობს, მაგრამ ესენი საქმეებს ობიექტურად არ იძიებენ. როგორ ხდება, რომ ადამიანი ჩვენებას იძლება, მოგვიანებით კი, ის საქართველოდან ქრება? როგორ მოხდა, რომ ბაჩო ახალიას ერთ-ერთი მთავარი მოწმე, სასულიერო პირი ჩვენების მიცემის წინა დღეს ქვეყნიდან გაქრა და ჩვენება არ მისცა? ის ქვეყნიდან გაიყვანეს, რათა მას რაიმე უცნაური ჩვენება არ მიეცა. შექმნილ ვითარებაში კომისიის შექმნა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, რადგან ყველა კითხვა დაისმება.
ხელისუფლება კომისიის შექმნის წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან იცის, რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენა გამოყენებული იქნება ოპონენტის წინააღმდეგ. თუ მაშინდელი ოპოზიცია გახმაურებულ საქმეებზე კომისიის შექმნას გვთხოვდა, ახლა ისინი ამის წინააღმდეგ რატომ გამოდიან?
რაც შეეხება ყოფილი ძალოვანების დაკავებებს, იური ვაზაგაშვილის აფეთქებამ სამართლიანობის აღდგენის პროცესს ბიძგი მისცა. როგორ აფასებთ მიმდინარე პროცესებს?
- ზურაბ ჟვანიას საქმიდან დაწყებული, თათუხაშვილის საქმით დამთავრებული საგამოძიებო მოქმედებების თავიდან წარმართვას ვითხოვდით, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ დასამალი არაფერი აქვს. ხელისუფლებას ჟვანიას საქმეზე კომისიის შექმნა არ უნდა და ახლა ახალი აბსურდული ვერსია აირჩიეს. ადრე საუბრობდნენ, რომ ყოფილი პრემიერი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს, ახლა კი იმ გზას დაადგნენ, თითქოს, საქმის მასალები ფალსიფიცირებულია, მაგრამ ამის დამადასტურებელი ერთი მტკიცებულებაც კი არ აქვთ. ამ პროცესების შემდეგ კი იტყვიან, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მტკიცებულებები გაანადგურაო. ამ ადამიანებს არათუ ქვეყნის მართვის უნარი არ აქვთ, არამედ საქმეებსაც კი ვერ იძიებენ. აქამდე ამბობდნენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წელი რთული იქნებოდა, მეორე წელი უკეთესი, მესამე კი კარგი, მაგრამ ამჟამად, პრემიერი აღიარებს, რომ ეს წელი ურთულესი იქნება. როცა თავის დაპირებებს ვერ ასრულებენ, რა უნდა გააკეთონ, თუ არა ოპონენტები გაანადგურონ და ქვეყანაში კრიტიკული მოსაზრება აღარ იყოს.
შექმნილ ვითარებაში რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავთ?
- ამ ხელისუფლების პირობებში არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს გუნდი ნებისმიერ არჩევნებში დამარცხდება.
ვის მიერ დამარცხდება, თქვენს მიერ და ხელისუფლებაში დაბრუნდებით?
- ბუნებრივია.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციას დაამარცხებს?
- ნამდვილად ასე ვფიქრობ.
ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველს რა გაძლევთ?
- ამის თქმის საშუალებას ის მაძლევს, რომ ქვეყანა უარესობისკენ მიდის და საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს. ეს ხელისუფლება მართვის სათავეებში ბევრი დაპირებების ხარჯზე მოვიდა, მაგრამ მათი დაპირებების 99 პროცენტი ტყუილი აღმოჩნდა.
თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებით, მაგრამ თქვენი ოპტიმიზმი მაოცებს, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი თქვენს მიმართ რადიკალურად არის განწყობილი. ამომრჩევლის დიდი ნაწილი ამბობს, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვეოდა. ეს იქნებოდა ქონების ხელყოფა, თუ პატიმრების წამება...
- ამ ყველაფერზე შემიძლია გედავოთ. შეცდომების გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო, მაგრამ ამომრჩეველს იმედები „ქართულმა ოცნებამაც“ დაუმსხვრია. საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვთავაზობთ და ვეუბნებით, რომ შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლეთ. ვიცით, რა იყო ცუდი და რა კარგი. საკუთარი მოქმედებებიდან გამომდინარე ვიცით, მომავალში რა არ უნდა გავაკეთოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი იყო, თვისობრივად ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ამის ფუნდამეტი ჩავდეთ. ვინც საქმეს აკეთებს, მას შეიძლება ხარვეზებიც ჰქონდეს.