11 თებერვალს, მინსკში, პეტრო პოროშენკოს, ანგელა მერკელის, ფრანსუა ოლანდისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ოთხი ქვეყნის ლიდერებს შორის 8 თებერვალს უკვე შედგა სატელეფონო მოლაპარაკებები. თუმცა, ამ საუბრის დეტალების შესახებ კონკრეტულად არაფერია ცნობილი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით უკრაინის სამშვიდობო გეგმის ბედი 2-3 დღეში გაირკვევა. შტაინმაიერის განმარტებით მოვლენათა განვითარება თავად მოწინააღმდეგე მხარეებზეა დამოკიდებული. „ჩვენ ახლა ნამდვილად გზაჯვარედინზე ვდგავართ“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.
მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარების შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.
სოსო ცინცაძე: პუტინს არ აქვს არანაირი ინტერესი და არც სტიმული, რომ დღეს უკრაინიდან სამხედრო ტექნიკა გამოიტანოს და ე.წ. მოხალისეები შეაჩეროს. დღეს პრორუსული ძალები უკრაინაში შეტევაზე მიდიან და ყოველდღე სულ უფრო მეტ ტერიტორიებს იპყრობენ. უკრაინის ჯარსაც არასახარბიელიო მდგომარეობა აქვს და ამ ეტაპზე, ძალზე რთულია პუტინი აიძულო, დათმობაზე წავიდეს.
თვითონ ის ფაქტი, რომ ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის ლიდერი პუტის მოსკოვში ეახლა, საკრარულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. 5 საათი ილაპარაკეს პუტინთან და როგორც ჩანს, ვერაფერზე შეთანხმდნენ - კომენტარიც კი ვერ გააკეთეს... როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა მეორე დღეს ევროპის ლიდერებს შორის სატელეფონო კონფერენციის გამართვა და მოლაპარაკებებში პოროშენკოს ჩართვა, თუმცა აქაც ვერაფერი გაირკვა.
როგორც ჩანს, მაქსიმალური ზეწოლა ახლა სწორედ პოროშენკოზე მიდის, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ პუტინი არაფრის დამთმობი არ არის. პუტინი რქებით მიდის თავისი გეგმის განსახორციელებლად და მხოლოდ მაშინ, თუ ობამამ მართლაც მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, შესაძლოა, ეს იქცეს სტიმულად პუტინისთვის, რომ უკან დაიხიოს - გამოიყვანოს ტექნიკა და 9 ათასამდე ვითომ შვებულებაში გაშვებული ბოევიკი.
ვხედავ, რომ ევროპას ახლა არც პოლიტიკური ნება აქვს და არც ძალა შესწევს რუსეთს წინ აღუდგეს. ერთი სული აქვს ოლანდს, როდის შეაჩერებენ სანქციებს. მარტში 6 თვე გადის, რაც სანქციები დაუწესეს რუსეთს. ამის შემდეგ, ან უნდა გააგრძელონ სანქციები, ან შეწყვიტონ. ოლანდს მისტრალის პრობლემაც მხრებზე აწევს, ან ფული უნდა გადაუხადოს რუსეთს, ან გარიგება მისტრალის გაყიდვის შესახებ რეალობად აქციოს.
რაც შეხება მერკელს, არაადამიანური ზეწოლაა ბიზნესმენების მხრიდან. მათთვის მთვარია ფული - დღეს რუსეთი გერმანელი ბიზნესმენების „ელდორადოა“. ფულის შოვნა მსოფლიოს არც ერთ ადგილას არ შეიძლება ისე ადვილად და იმ ოდენობით, როგორც რუსეთში.
ასეთი სურათი გვაქვს დღეს და საშუალო დონის ანალიტიკოსისთვისაც კი თვალნათელია, როგორ მეორდება ისტორია - 1937-38 წლების ისტორიას თუ გადავხედავთ, 1939 წლის ზაფხულამდე, გაოცდებით როგორ მეორდება ყველაფერი. თუ ჰიტლერისთვის დანსინგის კორიდორი იყო ამოცანა, დღეს პუტინს რუსეთიდან ყირიმამდე კორიდორის გაჭრა სურს.
ვიმეორებ, ერთადერთი, რასაც პუტინის გეგმების შეცვლა შეუძლია, მხოლოდ და მხოლოდ ობამას გადაწყვეტილებაა იარაღის მიწოდების შესახებ - თუმცა საუბარია მხოლოდ თავდაცვით იარაღზე - სხვანაირად უკრაინას არ ეშველება.
ვხედავთ, რომ დასავლეთი ფაქტობრივად, დათმობაზე მიდის რუსეთთან. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ძალზე საინტერესოა რა იქნება შემდეგ, რა პროცესი დაიწყება?
- ორი სცენარია მოსალოდნელი - ერთი - პუტინი შეაჩერონ - ასეთ შემთხვევაში, რასაც ვერ აისრულებს უკრაინში იმას აუცილებლად გააკეთებს სხვა ქვეყნებში, მოლდოვასა და საქართველოში.
მეორე სცენარით, თუ პუტინმა მიზანს მიაღწია და სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინა ჩამოაშორა კიევს, მიაღწია უკრაინის ფედერალიზაციას, ის დაელოდება სანქციების მოხსნას, პატარა ტაიმ-აუტს აიღებს და შემდეგ უკვე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის დომიმანტი როლის განსამტკიცებლად დაიწყებს ბრძოლას. შექმნის ევრაზიის კავშირს, შემდეგი იქნება ჩინეთი. თუმცა ჩინეთი არც მაინც და მაინც კარგი პარტნიორია რუსეთისთვის, უკვე მერამდენე წელია, გაზის მიწოდებაზე ცდილობს გაურიგდეს რუსეთი და უკვე ორჯერ მოატყუა ჩინეთმა, რომელიც საკუთარ ინტერესებს რკინა-ბეტონივით იცავს.
ჯერჯერობით, ეს ორი სცენარი იკვეთება, თუმცა დიპლომატიის მთელი ეშხი იმაშია, რომ ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი არ არის.
საქართველოს რა ელის, რა სცენარები შეიძლება განვიხილოთ?
- ეს იმდენად პუტინზე, სხვათა შორის, არც ევროპაზე არ არის დამოკიდებული. ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმია აქ მთავარი. უკვე მიდის ლაპარაკი ვადამდელ არჩევნებზე. ასეთი სიტუაცია არასოდეს არ ითვლება ქვეყნის სტაბილურობის მაჩვენებლად, ეს შიდა პოლიტიკურ კრიზისზე მიანიშნებს. როდესაც ყოფილი შს მინისტრი საჯაროდ აცხადებდა, საბურავებს ყიდულობენ, არეულობის მოწყობას აპირებენო, ახალი მინისტრი ამბობს, ჩვენ ამას არ დავუშვებთო. და ამ ყველაფრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრი ინვესტიციების მოზიდვას გვპირდება. ასეთი განცხადებების მერე რომელი ევროპელი ინვესტორი გარისკავს?
ახალი ხელისუფლების საგარო პოლიტიკის ფატალური მარცხია ის, რომ ვერ დაარწმუნა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, როდესაც ლაპარაკი მიდის პოლიტიკურ დევნასა და შურისძიებაზე, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ყველაზე ცუდი, რასაც არ ეშველება, ნდობის დეფიციტია.
უკრაინაში კვირაში ერთხელ ჩადიან, აშშ-ს, საფრანგეთის, ბრიტანეეთის და სხვა ევროპული ქვეყნების დელეგაციები. საქართველოსთვის ერთი სამთავრობო დელეგაციის ჩასვლა რა გახდა უკრაინაში?
კი ბატონო, ნუ ჩავლენ, მაგრამ მეორე მხრივ, არც რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება უნდათ, ეშინიათ, ნაციონალები და ევროპა არასწორად გაგვიგებენო. რა თქმა უნდა, არასწორად გაუგებენ, რადგან რაც ქვეყანაში ხდება და კეთდება, მათთვის ამისი ახსნაც კი ვერ შეძლეს. არც უკრაინასთან უნდათ ურთიერთობის განმტკიცება, არც რუსეთთან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა ბუნებაში არ არსებობს.
90-იან წლებშიც კი, როცა საგარეო საქმეთა მინისტრს ხელფასი, დიპლომატებს კი ტელეფონზე დასარეკი და გზის ფული არ ჰქონდათ, მაშინაც კი უფრო ეფექტური იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ვიდრე დღეს.
გასაგებია, რომ არაეფექტურია ჩვენი დიპლომატია, მაგრამ ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს, რა შესაძლო შედეგებია მოსალოდნელი?
- იქამდე მივა, რომ რუსეთი გორამდე ჩამოვა თავისი მავთულხლართებით. ყოველდღე მიდის მცოცავი ანექსია, მაინც და მაინც „რუსთავი2“-მა უნდა ილაპარაკოს ამაზე, რომ ყური შევიბერტყოთ? ასეთი კურსით ეს გველის.
რატომ არ გვითხრა ალასანიამ, რომ უელსის სამიტზე ისიც კი არ გაიმეორეს რაც ბუქარესტის სამიტზე ითქვა? - ვგულისხმობ ფორმულირებას, რომ საქართველო და უკრაინა როდისმე მაინც გახდებიან ნატოს წევრები. ნატოს საწრთნელი ცენტრი მსოფლიოს ას ქვეყანაში მაინც აქვს, მაგრამ მათ გაწევრიანებაზე სულაც არ არის ლაპარაკი. არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში სიმართლის თქმა არავის არ უნდა.
ანუ, ეს ნიშნავს, რომ არ ვაღიარებთ, მაგრამ რუსეთის გავლენის ქვეშ ვექცევით?
- უკრაინის მაგალითი გაკვეთილი არ უნდა იყოს ჩვენთვის? სადაც უკრაინას ვერ იცავს ჩვენი ცივილიზებული ევროპა, ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს? განა საბჭოთა კავშირზე ძლიერია დღევანდელი რუსეთი? მაგრამ, მაშინ, პოლიტიკური ნება გააჩნდათ დასავლელ ლიდერებს, დღეს პოლიტიკური ნების დეფიციტია. მითუმეტს, საბჭოთა კავშირის დროს აზრად არავის მოუვიდოდა ისეთი რაღაცის კეთება, რასაც პუტინი დღეს ბედავს.
ამიტომ, რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას ალტერნატივა არ გააჩნია. არ ვამბობ შეთანხმებას - ღმერთმა დაგვიფაროს, რამეზე შევთანხმდეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ან ეროვნული ინტერესების ხარჯზე, მაგრამ ალტერნატივას ვერ ვხედავ.
მაშინ გვითხრან, რომ 5 ან 10 წლის შემდეგ ევროკავშირის წევრები გავხდებით! - საბერძნეთის მაგალითმა იმდენად შეაშინა ევროპა, რომ ღარიბი ქვეყნის საკუთარ რიგებში მიღებას მაქსიმალურად მოერიდება - ასობით მილიარდი ვალი აქვს საბერძნეთს ევროპის ქვეყნების, მაგრამ არა თუ გადახდას არ აპირებენ, ისევ ვალების ჩამოწერას ითხოვენ და ცდილობენ ევროპა დააშანტაჟონ.
თითქოს უკრაინის მოვლენებს უნდა დაეჩქარებინა საქართველოსა და მოლდოვას ნატოში მიღება, მაგრამ დღეს ჩამი-ჩუმიც არ ისმის ამაზე.
უკრაინის ამბები, ალბათ, საბოლოოდ შემოდგომამდე გაირკვევა და რითი დამთავრდება პუტინის ეს ავანტურა, ამაზე იქნება დამოკიდებული მთელი რეგიონის და პირველ რიგში, რუსეთის პატარა მეზობლების მომავალი. ჯერჯერობით, ნატო რასაც ახერხებს, ეს არის ბალტიის ქვეყნების დაცვის ოდნავ გაძლიერება. სამაგიეროდ, რუსეთი ბევრად აძლიერებს თავის შეიარაღებას.
ანუ, რუსეთი პარალელურად მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის?
- ჰიტლერი მიუნხენში რომ გაეჩერებინათ, შესაძლოა გერმანიის ისტორიაში ქვეყნის აღმშენებლად შესულიყო. იგივეს ვხედავ პუტინთან დაკავშირებითაც. რუსეთში მისი მხარდაჭერა მაღალია, მაგრამ რუსული ბიზნესი ბევრს კარგავს და თუ პუტინის ეს ავანტურა ცუდად დასრულდა, შემდეგი ვადით მას აღარ მისცემენ უფლებას, კენჭი იყაროს.
დღეს რუსი მილიარდერები, ფაქტობრივად, ქვეყნიდან გაქცეულები არიან და პუტინს მათი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს, ამიტომ ის ვა-ბანკზეა წასული. უკრაინაა მისი გადარჩენის ან დამარცხების წინაპირობა და თუ გაიმარჯვა, მაშინ უარესს უნდა ველოდოთ. ის არ დაუშვებს, რომ რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ბალტიისპირეთის გარდა, გახდეს ევროკავშირის ან ნატოს წევრი.