რამაზ საყვარელიძე: „ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციის ლიდერები მარტო დატოვოს“

რამაზ საყვარელიძე: „ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციის ლიდერები მარტო დატოვოს“

[მანანა აბაშიძე]
დღეს კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის, ნუგზარ ნაჭყებიას სასამართლო პროცესი გაიმართა. როგორც 28 ივნისს „პრესა.გე“ იტყობინებოდა, მას 5 წლის წინანდელი საქმე გაუხსენეს, ბრალად თანამდებობის ბოროტად გამოყენება წაუყენეს და ახლა, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნუგზარ ნაჭყებიას თქმით, მან უარი განაცხადა უშიშროების ერთ–ერთი მაღალჩინოსნის მითითების შესრულებაზე და არ დაწერა ის დოკუმენტი, რასაც მისგან ითხოვდნენ. „იგი არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, მაგრამ ბოლო წლებში გამართული საპროტესტო აქციების ძალიან აქტიური მონაწილეა. მისი თქმით, მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება“ –წერდა „პრესა.გე“.

ამ დღეებში გაზეთმა „ალიამ“, კულუარულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დააპატიმრეს ნინო ბურჯანაძის დაცვის უფროსის, ლევან ბურდულის მამა. ლევან ბურდული ის ადამიანია, ვისაც წლების განმავლობაში საზოგადოება ჯერ პარლამენტის სპიკერის, მერე კი ექს–სპიკერის, ნინო ბურჯანაძის ზურგს უკან ხედავდა. გაზეთის ინფორმაციით, მამის დაპატიმრების გამო, ლევან ბურდული ნინო ბურჯანაძისგან წავიდა.

გუშინ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით, გადაცემაში „პირდაპირი საუბარი“, „ეროვნული ფორუმის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონებში, იმ სოფლებში სადაც არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, ხელისუფლებამ დაჭერები დაიწყო. რასთან გვაქვს საქმე, თუ ეს ინფორმაციები მართლაც შესაბამება სიმართლეს? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამის გათვალისწინებით? „პრესა.გე“ ექსპერტს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

– შემიძლია კიდევ დავამატო თქვენს ჩამონათვალს. მე ვიცი, რომ ანალოგიურად გარკვეული პროცესებია დაწყებული სხვა სფეროებშიც. ანუ ის, რაზეც ადრე ლაპარაკი იყო, ახლა ერთგვარად, პროგრამაში ჩაჯდა. მაგალითად, დაწყებულია სამეცნიერო ინსტიტუტების შენობების დაცლა, შემცირებები იგეგმება და ა.შ. რაც შეეხება იმას თუ რასთან გვაქვს საქმე...

ეტყობა, არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ მიიღო კარტ–ბლანში და აკეთებს იმას რასაც თვლის საჭიროდ. და ადრე თუ ერიდებოდა მოსახლეობას, ახლა სამწუხაროდ, ასეთი რიდი აღარ აქვს; როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ წინასაარჩევნო მანიპულაციებით მიიღო მოსახლეობისგან ის, რაც სურდა.

თქვენი კოლეგა ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ საპროტესტო მუხტი არსად არ წასულა. უბრალოდ, ამ ეტაპზე ის „სამზარეულოებშია“ გადასული. თუ ეს მართლაც ასეა და საპროტესტო მუხტი მართლაც არ გამქრალა, მაშინ, რამდენად გონივრულია ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ნაბიჯების გადადგმა?
–საპროტესტო მუხტი დენთს ჰგავს – არსად წასულა და კასრშია, მაგრამ ნაპერწკალი თუ არ იქნა, არ აფეთქდება. ხელისუფლება კი, ამ „ნაპერწკალს“ კარგად უვლის.

ანუ?
– ანუ ხელისუფლება კარგად უვლის ოპოზიციას.

კონკრეტულად რას გულისხმობთ?
ხელისუფლებამ იპოვა ქცევის ის მოდელები რომლებითაც შეიძლება ოპოზიციური ნაპერწკალი ან სხვაგან, სხვა მიმართულებით წაიყვანოს; ან მისი დისკრედიტაცია მოახდინოს – გამოავლინოს ოპოზიციის ისეთი ხარვეზი, რომლის გამოც, ეს „მატარებელი“ ანუ ოპოზიციური ნაპერწკალი არავითარი ძალის მქონე აღარ იქნება. ხოლო უოპოზიციოდ, ანუ ულიდეროდ, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ამ პროტესტის „დენთმა“ ხმა ამოიღოს, ის მუსიკა რომელსაც „აფეთქება“ ჰქვია, არ გაჟღერდება.

მაგრამ, მეორეს მხრივ... ისევ ნინო ბურჯანაძის დაცვის უფროსის მამის დაპატიმრებას თუ დავუბრუნდებით – ცხადია, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება... ამით ხომ ხელისუფლება ბურჯანაძეს აძლიერებს. ანუ ხელისუფლების მსგავსი ქმედებები პარლამენტის ექს–სპიკერს თუ ნებისმიერ სხვა ოპოზიციონერ ლიდერს, აძლევს მორიგ შესაძლებლობას, მორიგ თემას, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ ერთი მკაცრი განცხადება გააკეთოს და საპროტესტო საზოგადოების წინაშე კიდევ დამატებით ჩაიწეროს ქულები...რაში სჭირდება ეს ხელისუფლებას?
– დავიწყოთ იმით, რომ საპროტესტო ელექტორატის თვალთახედვით, ქულები ისედაც არც ერთ ლიდერს არ აკლდა, მაგრამ მაინც ის შედეგი მივიღეთ, რომელიც ხელისუფლებისთვის იყო სასარგებლო. აღმოჩნდა, რომ შიშის ფაქტორით უფრო მეტის მიღება შეუძლია ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლების მიმართ გამოთქმული პროტესტით იღებს ოპოზიცია.

რაში გამოიხატება ის მუხტი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობდით? გავა ხალხი ქუჩაში? ქუჩაში გასულ ხალხთან ურთიერთობა ისწავლა ხელისუფლებამ: მთლიანობის მიმართ გახდება პასიური, მათ ნაწილებს კი დაარბევს; წავა არჩევნებისკენ – ის გზაც მთლიანად ხელისუფლების მიერ კონტროლირდება... რას უნდა მოერიდოს ხელისუფლება? რისი უნდა ეშინოდეს?

გამოდის, რომ ხელისუფლებას გული მოეცა რადგან დღეისათვის ფქტობრივად, დისკრედიტირებულია ცვლილებების ორივე გზა: არჩევნებიც და ქუჩის ბრძოლაც? ანუ ხელისუფლებ ამას მიხვდა და გათამამდა იმის გამო?
– დიახ, დიახ, ზუსტად ასეა.

მაგრამ ასე ვერ გაგრძელდება დიდ ხანს... ოპოზიცია რაღაც მოძრაობას დაიწყებს...
– დაიწყებს, მაგრამ რას? დავუშვათ, ისევ საპოტესტო აქციებზე დაიწყო ლაპარაკი... ნუ, დაიწყება ეს საპროტესტო აქციები... მერე? შედეგი თავიდანვე ყველასათვის ნათელი იქნება; თავიდანვე ყველას ექნება იმის განცდა, რომ ეს აქციებიც უშედეგო იქნება და ხელისუფლება ეცდება, რომ ამ განწყობას ხელი კიდევ უფრო შეუწყოს. რაც უფრო უშედეგო იქნება საპროტესტო აქციები, მით უფრო ნაკლებად გამოვა საპროტესტო მუხტი „სამზარეულოებიდან“. 70 წელი ჰყავდათ კომუნისტებს საპროტესტო მუხტი „სამზარეულოებში“...

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მმართველი პარტია იმედოვნებს, ეს გამოუვათ?
– ალბათ მმართველი პარტია ვერ ხედავს რაიმე რეალურ საფრთხეს იმისათვის, რომ ეს არ გამოუვიდეს. ის ფაქტები, რომლებიც თქვენ დასაწყისში ჩამოთვალეთ, იგივე გაზსადენის თემა რომელიც ხელახლა გაჩნდა; ეკონომიკური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები; ინტელექტუალური შრომით დაკავებული საზოგადოების ნაწილის მიმართ იდგმება ნაბიჯები; ოპოზიციის და მედიის მიმართ იდგმება –გაზეთების დაბგვრასთან დაკავშირებულ ნაბიჯებს შეგახსენებთ...

თქვენ იმ „შეცდომას“ გულისხმობთ, საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით...
– დიახ, დღგ–ს, შეღავათების მოხსნის თემას ვგულისხმობ. ასეთი მცდელობები იქნება. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალხისგან მიიღო უფრო თავისუფლად მოქმედების – თუ შეიძლება ასე ითქვას – მანდატი. ცხადია, გამოიყენებს ამ მანდატს.

არსებულ ვითარებაში, შეიძლება გამოჩნდეს ვინმე ავანტურისტი, ვინც დღევანდელი ოპოზიციისგან განსხვავებით, უკან არ დაიხევს ძალისმიერ ქმედებებზე. დღევანდელ ოპოზიციას – სუსტები არიან თუ ძლიერები – ერთი დადებითი ის აქვთ, რომ არ დაუშვეს მოვლენათა ძალისმიერი გზით გნვითარება. მაგრამ ისინი დისკრედიტირებულები არიან და ამის გათვალისწინებით, მათგან განსხვავებით, ნებისმიერი ავანტურისტი – თუ ასეთი გამოჩნდა – სულ ადვილად წაიყვანს ხალხს რაიმე არასასურველ პროცესებზე....ამაზე არ ფიქრობს ხელისუფლება?
– არასასურველში თქვენ ძალისმიერს გულისხმობთ ალბათ... ძალისმიერი მოქმედების საპასუხო ძალა ხელისუფლებას ნამდვილად აქვს. ხოლო მეორე მხარეს, ეს საპასუხო ძალა არ არსებობს. ახლა ძალა უკვე იარაღია ხომ?

ზუსტად არ ვიცი, რა შეიძლება იყოს...
– აი ის, რომ არც თქვენ იცით, არც ოპოზიციამ იცის... სამაგიეროდ, ხელისუფლებამ იცის რაც შეიძლება იყოს. ამიტომ ამგვარი სცენარით მოქმედება ისევ მის წისქვილზე ასხამს წყალს.

თუმცა, 7 ნოემბერს არ დაასხა...
– ხელისუფლებამ, განსხვავებით ოპოზიციისგან, ისწავლა თავის შეცდომებზე და 7 ნოემბრის სტილი შეცვალა. გახსოვთ ხომ, 9 აპრილის აქციების დროს ხელისუფლება უბრალოდ პასიური გახდა. კი, ცალკეულ პირებს ღამ–ღამობით თავს ესხმოდნენ, მაგრამ მთლიანად მიტინგი თავდანებებული იყო. ამით მას ფუქცია დაუკარგა.

თუ მიტინგი მივიდოდა იმ უკიდურესობამდე, რასაც ძალადობა ჰქვია და საითკენაც ავანტურისტი წაიყვანდა, სწორედაც ეს აწყობდა ხელისუფლებას. ასეთ სცენარს დავაკვირდით ჩვენ პოლიციასთან, როდესაც ხელისუფლებამ ფაქტობრივად პროვოცირება გაუკეთა ხალხის პოლიციისკენ წასვლას. და მერე მოხდა პედალირება იმაზე, რომ დარღვეული იყო პოლიციის ტერიტორიაზე კანონი, რაც მას ძალის გამოყენების შესაძლებლობა მისცა. ხოლო ძალის გამოყენებისთვის მზად რომ იყო, მიუთითებს ისიც, რომ სნაიპერები იდგნენ ფანჯრებთან და ოპოზიციის გამოჩენას ელოდნენ. თუ უფრო მკვეთრი იქნება განწყობები, საშულებები შეიძლება შეიცვალოს კიდეც.

მოვლენათა შესაძლო განვითარების პროგნოზირება შესაძლებელია? განსაკუთრებით თუ ხელისუფლებამ მართლაც სერიოზული რეპრესიები დაიწყო...
– თუ დასჭირდა რეპრესიები... მოდით, ორი რამ განვასხვავოთ ერთმანეთისგან. ხელისუფლებამ დაიწყო იმის გაკეთება, რაც მას სურს: ეკონომიკური, ადმინისტრაციული, მართვის ინტერესების გატარება... თუ აქ მან ვერ მიიღო ის, რაც სურს, მაშინ შეიძლება დაიწყოს რეპრესიები. ცალკე აღებული რეპრესიები, წესით, თვითმიზანი არ უნდა იყოს.

რეპრესიები თვითმიზანი მაშინ შეიძლება იყოს, თუ მას დასჭირდა ოპოზიციური სტრუქტურების „მეორე–მესამე სართული“ ჩამოაცილოს ლიდერებს. რაც მოხდა ბურჯანაძის შემთხვევაში. თუ ოპოზიციის ლიდერები მხოლობით რიცხვში დარჩებიან, საფრთხეს აღარ წარმოადგენენ, მაგრამ სამაგიეროდ, საჩვენებლად გამოდგებიან: აი, არსებობს ოპოზიცია... ასეთი სცენარი ისტორიული სიახლე არ არის.

ისტორიას თუ ჩავხედავთ, პოლიტიკური ძალა რომელიც მთელ ძალაუფლებას იღებს, მერე ამ ძალაუფლების განმტკიცებისთვის დაახლოებით ყოველთვის ამ მეთოდებით იქცევა.

ანუ, უახლოეს პერიოდში ასეთი იქნება ხელისუფლების ტაქტიკა?
– ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ ოპოზიცია მისცემს ამ ტაქტიკის განვითარების საშუალებას. თუ ოპოზიცია რაიმე სხვას მოიფიქრებს, მაშინ – არა. სწორდ ეს ფიქრია ოპოზიციის ფუნქცია. ხალხმა არ უნდა მოიფიქროს. ოპოზიციამ უნდა მოიფიქროს – სხვა მათი საქმე არაფერია. ამგვარად, თუ ოპოზიცია საზოგადოებას რაიმე სიახლეს, ახალ ტაქტიკას შესთავაზებს, მაშინ ხელისუფლების ტაქტიკაც შეიცვლება. თუმცა, ოპოზიციის მხრიდან ასეთი სიახლე არ ჩანს.

სულ ველოდები, როდის იტყვის რაიმეს ოპოზიცია თავის შეცდომებზე; როდის იქნება თვითკრიტიკული და როდის იქნება საკუთარი თავის მიმართ ისეთივე მკაცრი როგორც, ხელისუფლების მიმართაა. სამწუხაროდ, ასეთი თვითანალიზი არ გაკეთდა. როდესაც ოპოზიცია ასეთ თვითანალიზს არ აკეთებს, ბუნებრივია, ვერც სრულ ანალიზს აკეთებს.
ადამიანური სისიუსტეები პოლიტიკაში არ ეპატიებათ ხოლმე. თუ ადმიანურად შეიძლება გაუგო იმას, ვინც თვითკრიტიკულობას თავს არიდებ, პოლიტიკაში ეს დაუშვებელია. მით უფრო, როდესაც ინტელექტუალური კრიზისი გაქვს. გონება ვერ იპოვის რაიმე სიახლს თუ რეალობა და განვლილი გზა ობიექტურად არ შეაფასე. ასევე, ობიექტურად არ შეაფასე საკუთარი თავი და საერთაშორისო ვითარება.