„ვახტანგ გომელაური პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებს“

„ვახტანგ გომელაური პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებს“

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გარკვეული ძალების მხრიდან საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილზე აპელირებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა მათ ინტერესებში არ შედის, „თავისუფალი დემოკრატები“ მინისტრს მოუწოდებენ პოლიტიკურ განცხადებებს ნუ აკეთებს და საქმეს მიხედოს, უმრავლესობა კი, დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ხედავს, მაგრამ ამავდროულად, შსს-ს ინფორმირებასა და პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე აქცენტირებს.

ძალოვანი მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, გომელაურის პირველ საჯარო განცხადებას პოლიტიკური წრეების კრიტიკა მოჰყვა. თავად მინისტრმა კი, განცხადება დღის ბოლოს დააკონკრეტა. გომელაურის თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს, მაგრამ ამას შს სამინისტრო არ დაუშვებს. მისი ცნობით, სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს და სხვადასხვა ძალების მხრიდან რაღაც მცდელობებია, მაგრამ საქართველოში ის არ იქნება დაშვებული, რაც უკრაინაში მოხდა.

„ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოში იგივე განმეორდეს“, - დასძინა გომელაურმა, რომელმაც რამდენიმე საათის შემდეგ, განცხადების კონტექსტი განმარტა.

მინისტრი მტკიცებით, საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მსურველ ძალაში მაინცადამაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გულისხმობს.

„ნაცმოძრაობა“ არ მიხსენებია. ვთქვი, რომ სხვადასხვა ძალა არსებობს, რომელსაც არ დავაკონკრეტებ. მაინცდამაინც პარტიებს ნუ გულისხმობთ. მსოფლიოში სხვადასხვა ძალა არსებობს, რომელსაც არეულობა სურს არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან. იცით, რომ სირიაში ომია, არეულობაა სხვადასხვა ქვეყანაში“, - აღნიშავს გომელაური, რომელსაც უმცირესობა წინამორბედის ტრადიციების გაგრძელებაში ადანაშაულებს.

როგორც for.ge-ს ოპოზიცონერმა დეპუტატმა, გოგა ხაჩიძე განუცხადა, ქვეყნის დესტაბილიზაცია არც ერთი ნორმალური პარტიის ინტერესებში არ შედის, ნაცმოძრაობას კი საკუთარი თავი ასეთ ძალად მიაჩნია. დეპუტატის შეფასებით, ვახტანგ გომელაური ალექსანდრე ჭიკაიძის ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებს.

„სხვა მომენტია, თუკი შს მინისტრს რაღაც ფობიები აქვს. გომელაურმა ლაპარაკი საბურავებზეც მოასწრო და პარალელი უკრაინასთანაც გაავლო. არ ვიცი, ეს ხელისუფლება უკრაინის ყოფილ ხელისუფლებასთან თავს რატომ აიგივებს?! აქ შვილებს ვზრდით, აქ ქვეყანას ვაშენებდით, აქ ბევრი რამე გავაკეთეთ და დესტაბილიზაცია რატომ უნდა გვინდოდეს? ქვეყნის გაპარტახებაზე გული თუ ვინმეს სტკივა, პირველ რიგში, ეს ჩვენ ვართ“, - დასძინა ხაჩიძემ, რომლის მსგავსად ნაციონალების „დამსახურებაზე“ საუბრობს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.

for.ge-სთან საუბარში ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ახალი მინისტრი წინამორბედის სიტყვებს იმეორებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. კანონმდებელის შეფასებით, კარგია, თუკი გომელაური თავის სიტყვებზე დაფიქრდა და მიხვდა, რომ საკუთარ განცხადებაში სირიას გულისხმობდა.

„კარგია, თუკი მინისტრები დაფიქრდებიან და პარტიებს ბრალს ასე უმიზეზოდ არ დასდებენ. დესტაბილიზაცია არცერთი ნორმალური პარტიის ინტერესში არ შედის. ცხრა წლის მანძილზე ქვეყნისთვის ბევრი გავაკეთეთ, რომ წინ წაგვეყვანა. თუ სხვა ვინმე უფრო მეტს შეძლებს, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი ხელისუფლებიდან მოდის, როცა დაპირებებს არ ასრულებს. მთავრობა უნიათოა და მათ უმოქმედობის გადაფარვა ასეთი განცხადებებით სურთ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა, რომლის მსგავსად სამთავრობო კრიზისზე აპელირებს ნაციონალი ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც for.ge-ს ჯაფარიძემ განუცხადა, ნაციონალების გეგმებში არანაირი დესტაბილიზაცია არ შედის. მისი მტკიცებით, სამწუხაროდ, დესტაბილიზაიციას ის იწვევს, როცა მთავრობა პრობლემებს ვერ აგვარებს, ციხებიდან კრიმინალებს უშვებს და ბნელ ძალებს ახალისებს.

„თუკი ვინმე პოლიტიკურ ცხოვრებას აკვირდებოდა, ნახავდა, რომ ასეთი კონსტრუქციული ოპოზიცია არ გვყოლია. ყოველთვის კონკრეტულ პრობლემებზე მივუთითებთ. ქვეყანაში დესტაბილიზაცია მიდის და ამაზე ის მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა შენელდა და კიდევ უფრო შენელდება. ის, რომ ახალი შს მინისტრი საკუთარ თავს იანუკოვიჩის ხელისუფლებასთან აიგივებს, ეს ძალიან სიმპტომიურია და მათი ბუნებრივი მდგომარეობაა“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, შს მინისტრის განცხადებას საკუთარ თავზე არ იღებენ „თავისუფალი დემოკრატები“.

დეპუტატი ნინო გოგუაძე მთავრობას უსუსურს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება რეალურ გამოწვევებს ვერ უმკლავდება. for.ge-სთან საუბარში გოგუაძე აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს.

„შს მინისტრს ვურჩევდი, რომ საქმეს მიხედოს, უშიშროების სამსახურების მუშაობით დაკავდეს და უწყებას თვითმართველობის ფუნქცია ჩამოაშოროს, რადგან სამინისტრო მაშინ უფრო ეფექტური იქნება და ქვეყანას დესტაბილიზაციის საფრთხეც ნაკლებად დაემუქრება. არ შეიძლება, შს მინისტრი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდეს. ის საქმით უნდა იყოს დაკავებული და მას კონკრეტული მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. შს მინისტრს ქვეყანაში სტაბილურობის შექმნა ევალება და არა პოლიტიკური განცხადებებით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა“, - აღნიშნავს გოგუაძე, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი ევროინტერაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.

როგორც for.ge-ს დოლიძემ განუცხადა, „თავისუფალი დემოკრატები“ მშვიდობის მტრედები არიან და მათი მიზანია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს. მისი მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სტაბილურად მადესტაბილიზებელი ძალაა.

„ნაციონალები ასეთები იყვნენ ხელისუფლებაში და ასეთები არიან ახლაც, მაგრამ როცა მსგავსი ბრალდებები ჟღერდება, მათ შესაბამისი მტკიცებულებებიც უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა დოლიძემ.

შს მინისტრს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც ურჩევს.

დეპუტატის განცხადებით, ქვეყნის წინაშე საფრთხეები ყოველთვის არსებობს, მათ შორის ისეთი, რომელიც პროგნოზს არ ექვემდებარება.

„ტერორიზმი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიები. შს სამინისტრომ საფრთხეები კატეგორიების მიხედვით უნდა დაახარისხოს. ზოგიერთ შემთხვევაში, შს სამინისტრო ვალდებულია განცხადება გააკეთოს იმისათვის, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირებს მესიჯი გაუგზავნოს, რათა განცხადებას პრევენციული დანიშნულება ჰქონდეს. ამ თემაზე მუდმივად საუბარს მოქმედება სჯობს და გამიხარდება, თუკი საფრთხეები აგრესიულ სახეს არ მიიღებს“, - აცხადებს ქუცნაშვილი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური კი ირწმუნება, რომ ქვეყანაში დესტაბლიზაციის ნიშნებს ვერ ხედავს.

ძიძიგურის განმარტებით, შს სამინისტროს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს და უწყების მხრიდან პრევენციული განცხადებები კეთდება.

„უწყებას მეტი ინფორმაცია აქვს პოტენციული დესტაბილიზატორი ვინ შეიძლება იყოს. მათი განცხადება პრევენციული ხასიათისაა. თუკი ვინმეს ტვინში დესტაბილიზაცია გაიელვებს, ყველა კანონის შესაბამისად დაისჯება. პრევენცია იმიტომ არის კარგი, რომ შეიძლება ადამიანი სისულელეს ფიქრობდეს და შემდეგ გადაიფიქროს“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა.

შს მინისტრი დესტაბლიზაციის მომწყობ ძალებში გულისხმობდა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, ამის თაობაზე დეპუტატი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ქვეყანას გაცილებით მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ერთი „ნაცმოძრაობა“. for.ge-სთან საუბარში ხიდაშელი აღნიშნავს, რომ საფრთხეები ძალიან ბევრია. მათ შორის ჩრთილოეთიდანაც.

კანონმდებელის განცხადებით, შს მინისტრმა თქვა, რომ რაიმე ანტიტერორისტული ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს.

„როცა ჩვენს გარშემო რამდენიმე ომი მიმდინარეობს, ყურადღებით თუ არ ვიქნებით, შესაძლოა, ქვეყანა პრობლენების წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ, შს სამინისტროს მიერ საფრთხეები თავიდან აცილებული უნდა იქნეს. „რუსთავი 2“-ს ასეთი განცხადების დროს, პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობა“ ახსენდება. როგორც ჩანს, ისინი ქვეცნობიერად ფიქრობენ, რომ ეს საფრთხე მათგან უნდა მოდიოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანას გაცილებით მეტი პრობლემები აქვს ვიდრე ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, - დასძინა ხიდაშელმა.