საქართველო ტერიტორიებს ხან პოლიტიკოსების სიბრიყვის გამო კარგავს, ხან ეკონომისტებისა და ეკოლოგების უცდინრობის “შემწეობით”, ხანაც ბუნებრივი მეთოდებით. ჯერჯერობით, ბოლო 2 ათეული წელია, ამა თუ იმ გზით სახელმწიფოს ტერიტორია მუდმივად იკვეცება. ამჯერად ტერიტორიების ჩამოჭრა-ჩამორეცხვაზე აქტიურად მუშაობენ ზღვა და მდინარეები.
“მწვანეთა პარტიის” ინფორმაციით, საქართველო შავი ზღვის სანაპირო ზოლში ტერიტორიებს კარგავს. როგორც პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, ეს ზღვის მოქცევის შედეგია, თუმცა არა ბუნებრივი, არამედ ადამიანის ჩარევით გამოწვეული.
“შავი ზღვის სანაპირო ზოლში საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი. მას შემდეგ, რაც თურქებმა მდინარე ჭოროხზე კაშხლები ააშენეს, სანაპირო ზოლს ძირითადი საკვები მასალა - ქვიშა და ქვა-ღორღი გამოეცალა. ეს მასალა შემოჰქონდა მდინარე ჭოროხს, რომელიც შავ ზღვას საქართველოში უერთდება. ახლა იგი თურქეთის კაშხალზე რჩება, ბათუმის მიმდებარედ კი ზღვა სანაპიროსკენ სულ უფრო მოიწევს.
სოფლები ანგი და ადლია, ფაქტობრივად, განწირულია. ნაპირთან ახლოს მდებარე სახლები წყალმა უკვე დატბორა. სრული დილეტანტიზმის გამოვლინებაა იმის მტკიცება, თითქოს ეს გლობალური დათბობის შედეგია. რეალური მიზეზი თურქეთის კაშხალია და ეს ყველამ იცის”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე ინფორმაციით, ენგურის კაშხლის გამო მსგავსი მდგომარეობაა ანაკლიაშიც, რის გამოც იქ სანაპირო ზოლში მშენებლობა მიუღებელია.
“ანაკლიის სანაპირო ზოლში სასტუმროებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას აპირებენ. სანამ ამას განახორციელებენ, უმჯობესი იქნება, გეოლოგებს დაეკითხონ, ვინაიდან ანაკლიაში ზღვა ნაპირს რეცხავს და იქაც იგივე შედეგია მოსალოდნელი, როგორიც თავის დროზე ფოთში რიონის კასდაკდის მშენებლობით დადგა. ფოთში ზღვამ 1 კილომეტრით გადმოიწია ნაპირისკენ, რის შედეგადაც ფოთის იპოდრომი, სახლები და სხვა ნაგებობები წყალქვეშ მოექცა”, - განმარტა გაჩეჩილაძემ.
მწვანეთა პარტიის ინფორმაციით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ნაპირგამაგრებითი სამსახური ცალკე არსებობდა, მოგვიანებით აღნიშნული სტრუქტურა, ოღონდ საკმაოდ დასუსტებული გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა, გარემოს დაცვის სამინისტროს ბოლო რეორგანიზაციის შემდეგ კი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაეცა.
“საქართველოში, სადაც 26 000 მდინარეა და შავი ზღვა, ასეთი სამსახური საკმაოდ მძლავრად უნდა ფუნქციონირებდეს”, - აღნიშნა”მწვანეთა პარტიის” ლიდერმა.
ბოლო პერიოდში ქართული მხარის გულგრილობის შედეგად ქვეყანა ტერიტორიებს ბუნებრივი გზითაც კარგავს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ მომზადებული ანგარიში.
ანგარიშის თანახმად, სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთზე გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილი. აქედან, 42 შემთხვევაში ფაქტიური საზღვარი გადმონაცვლებულია საქართველოს მხარეს და მხოლოდ 27 აზერბაიჯანის საზიანოდ. საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა.
გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახურის უფროსის ემილ წერეთელი ადასტურებს, რომ მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე ძალიან რთული სიტუაციაა:
“შარშან, გვიან შემოდგომაზე, ჩვენი სამსახურის და გეოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ვნახეთ იქ არსებული ვითარება. ძალიან რთული სიტუაციაა. ალაზნის მარჯვენა მხარე, ანუ ჩვენი ტერიტორია, მდინარის მიერ ირიცხება და ყოველწლიურად ასობით ჰექტარი მიწა აკლდება.
რაც შეეხება ნაპირსამაგრი სამუშაოს ჩატარებას, პირველ რიგში ადგილზე მდგომარეობის დეტალური შესწავლა უნდა მოხდეს. უნდა გაირკვეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ ცალკეულ ადგილებში რომ გაამაგრო ნაპირი, ამან შეიძლება სხვა ადგილზე უარესი შედეგი გამოიწვიოს. ამიტომ მთლიანობაში, კომპლექსურად უნდა მოხდეს ნაპირსამაგრი სამუშაოს ჩატარება, რაც ჯერ არ არის გაკეთებული”, - აღნიშნავს წერეთელი.
მისი თქმით, ვიდრე მთლიანი სიტუაცია არ შეფასდება, მანამდე ვერაფერს გააკეთებენ. “გეგმა უნდა დაიდოს ერთიან სისტემაში რა უნდა გაკეთდეს. ეს ძალიან სარიოზული პრობლემაა, რასაც მარტივად ვერ მოვაგვარებთ”, - აცხადებს წერეთელი. ამასთან იგი ვერ აკონკრეტებს, რატომ არ ხდება სამუშაოს დაწყება მაშინ, როცა ვითარება ასეთი მძიმეა.