ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა რუსეთთან პირისპირ, მარტო აღმოჩნდება

ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა რუსეთთან პირისპირ, მარტო აღმოჩნდება

უკრაინაში სიტუაცია მუდმივად იძაბება, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და გერმანის კანცლერი, ანგელა მერკელი კიევში ვიზიტის შემდეგ, მოსკოვში გამართავენ შეხვედრას აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. ოლანდის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს დასავლელი ლიდერები ახალი სამშვიდობო ინიციატივებით გამოვლენ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს მებრძოლებსა და უკრაინის არმიას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულებას ხელს შეუწყობს.

რამდენად საკმარისია დასავლეთის მცდელობა შეაჩეროს რუსული აგრესია უკრაინასა და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამ თემაზე პოლიტოლოგი, კორნელი კაკაჩია გვესაუბრება.

კორნელი კაკაჩია: ეს ვიზიტები, როგორც ჩანს, გამოწვეულია იმ მძიმე მდგომარეობით, რომელიც შეიქმნა უკრაინის აღმოსავლეთში. სეპარატისტები უკვე ცდილობენ აიღონ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები და აღმოსავლეთ უკრაინის სხვა რაიონები, რათა კიდევ უფრო განიმტკიცონ საკუთარი პოზიცია.

რაც ყველაზე ცუდია, დასავლეთშიც მშვენივრად იციან, უკრაინას არ აქვს რესურსი, თუ რუსეთი გადაწყვეტს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას, გრძელვადიან პერსპექტივაში, რაღაცნაირად, წინ აღუდგეს ამ ყველაფერს.

არც ევროპაში და არც შეერთებულ შტატებში არ იგრძნობა უფრო ქმედითი დახმარების სურვილი, რომ თავიანთი ჯარი განალაგონ ან პირდაპირი სამხედრო შეიარაღება მიაწოდონ უკრაინას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სურვილი საერთოდ არ არსებობს ევროპაში - აშშ-ში საუბარი მაინც არის ამაზე და ექსპერტულ დონეზე, თუ ობამას ადმინისტრაციაში თეორიულად მაინც განიხილება იარაღით დახმარების საკითხი.

რაკი არ არსებობს რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციის სურვილი, ცდილობენ დიპლომატიის მეშვეობით ეგებ, როგორმე, შეძლონ მოლაპარაკება რუსეთთან და აიძულონ, რომ თუნდაც დღევანდელი სტატუს-კვოს შენარჩუნებით მოხდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმება, რაღაც ახალი ფორმატით, ახალი პირობებით, რომელიც ამ შემთხვევაში, შეიძლება სეპარატისტებისთვის უფრო იყოს სასარგებლო, ვიდრე კიევისთვის.

როგორც ჩანს, დასავლეთი ამ ფორმით ცდილობს შეაჩეროს კონფლიქტი. ალბათ, შემდეგ, გაყინული კონფლიქტის შემთხვევაში, დაეხმარება უკრაინას ფეხზე წამოდგომაში და რაც მთავარია, ჯარის შექმნაში. ეს ნიშნავს, რომ უფრო გრძელვადიან პერიოდში განიხილება ამ კონფლიქტის მოგვარება და არა მოკლევადიანში.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა დასავლეთის ასეთი გადაწყვეტილება? გვახსოვს, საკმაოდ მკაცრი განცხადებები და მუქარაც კი, თუმცა შემდეგ ფაქტობრივად, ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკაში გადაიზარდა. დასავლეთი უფრო მკვეთრი მოქმედებებისთვის მზად არ აღმოჩნდა?

- როგორც ვნახეთ, იმ სანქციებმა, რაც დაწესდა, რუსეთის ეკონომიკაზე კი იმოქმედა, მაგრამ ვერ იმოქმედა პუტინის პოლიტიკაზე. ერთი ვარიანტია, რომ კიდევ ახალი სანქციები დაწესდეს, უკრაინას იარაღით დაეხმარონ და ა.შ. მაგრამ დასავლეთში ასევე მშვენივრად იციან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადაწყვეტენ უკრაინის იარაღით დახმარებას, საეჭვო იქნება, რამდენად მოახერხებს უკრაინის არმია (რომელიც არ არის ჯერჯერობით ფორმაში), მაღალტექნოლოგიური იარაღის გამოყენებას, განსხვავებით იგივე სეპარატისტებისგან, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ეხმარებიან და რომლებმაც იციან ამ იარაღის გამოყენება. ანუ, იარაღი რომ მიაწოდოს კიდეც დასავლეთმა, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ეს იარაღი ხელში არ ჩაუვარდება მეორე მხარეს.

ეს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს, ხოლო უკრაინა დამოუკიდებლად ვერ შეძლებს გამკლავებას. ეს სიტუაცია კიდევ ერთხელ უბიძგებს დასავლელ ლიდერებს, ისევ მოსინჯონ თუ რა შეიძლება გაკეთდეს სიტუაციის დასტაბილურებისათვის.

თუ ესეც ვერ მოხერხდება და სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება სავარაუდოდ, ალბათ, მესამე და მეოთხე დონის სანქციებზეც იქნება საუბარი. ეს რუსეთის ეკონომიკას კი მიაყენებს ზიანს, მაგრამ რეალურ სიტუაციას, ვგულისხმობ საომარ მოქმედებებს უკრაინაში, ვერ ცვლის. ანუ, დღეს პრობლემაა, კიდევ არ მიიტაცონ დამატებითი ტერიტორიები რუსმა სეპარატისტებმა.

თუ 2008 წელს და საქართველოს მაგალითსაც გავიხსენებთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნები მაინც მარტონი, საკუთარი თავის იმედად რჩებიან რუსეთის პირისპირ?

- ბოლოდროინდელი განცხადებებისა თუ ანალიტიკოსების პუბლიკაციების მიხედვით, აშკარად იკვეთება, რომ დასავლეთს რუსეთთან ღია კონფრონტაციაში ჩაბმის სურვილი არ აქვს. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ თუ რაღაც არ შეიცვალა, უკრაინა განწირულია რუსეთთან პირისპირ დარჩენისთვის.

სწორედ ამ მოსალოდნელი შედეგის თავიდან ასაცილებლად ცდილობს საფრანგეთის და გერმანიის ხელისუფლება, რომ რაღაცნაირად აიძულოს რუსეთი, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუნდაც იმ პირობებით, რომელიც შესაძლოა, არ არის მომგებიანი, მაგრამ იქნებ, უკრაინას შეუნარჩუნონ ის ტერიტორია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სეპარატისტების ხელში.

გარდა ამისა, სერიოზული პრობლემაა, რომ უკრაინას არ შეუძლია ერთდროულად გაატაროს რეფორმები და თან აწარმოოს რუსეთთან ომი. როგორც ჩანს, უკრაინელები ამ ეტაპზე მიიღებენ მხოლოდ მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, ცალკეულმა სახელმწიფოებმა, შესაძლოა, მიაწოდონ გარკვეული შეიარაღება თუმცა, ეს არ იქნება ის შეიარაღება, რომელიც დღეს უკრაინას სჭირდება, რადგან როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დღეს უკრაინის შეიარაღების 70% მოძველებულია და უვარგისი. უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება თანამედროვე შეიარაღება და აქ საუბარი არ არის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე.

წინასწარი პროგნოზები დაახლოებით ცნობილია, მოხდება ის, რაც მოხდა საქართველოს შემთხვევაში, ანუ რუსეთი მიიღებს იმას, რისთვისაც წამოიწყო არეულობა უკრაინაში. ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, როგორ შეიცვლება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ბედი, რადგან უკვე კანონზომიერებად ყალიბება, რომ აგრესიის შემთხვევაში, ეს ქვეყნები ვერ იღებენ რეალურ დახმარებას. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დასავლეთი თმობს, ხოლო რუსეთი იბრუნებს პოსტსაბჭოთა სივრცეს?

- ეს არის საკითხი, რომელზეც ვერ თანხმდებიან დასავლეთის ქვეყნების ლიდერები. სწორედ ამიტომ ცდილობს რუსეთი გარიგებაში შევიდეს ცალკეულ ქვეყნებთან და უარი ათქმევინოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მაქსიმუმი, რაზედაც შეიძლება დასავლეთმა რუსეთთან ივაჭროს, არის ის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები „დაუთმოს“ დასავლეთს, სამაგიეროდ, მიიღოს ექსკლუზიური უფლება, პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რაზეც დასავლეთი ჯერჯერობით არ მიდის.

დასავლეთში, როგორც ვთქვი, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არ არსებობს, აშშ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგია. ევროპის ქვეყნებიც, თუმცა აშშ-შიც და ევროპაშიც არსებობენ პოლიტიკური წრეები, რომლებიც თვლიან, რომ თუ დასავლეთს არ სურს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში შესვლა, ის უნდა დათანხმდეს მის პირობებს. სწორედ ეს აზრთა სხვადასხვაობა განაპირობებს იმ ესკალაციას, რომელიც დღეს უკრაინაშია. ეს კი გავლენას მოახდენს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, მათ შორის საქართველოზე.

საქართველოში რამდენად სერიოზულად არსებობს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვის საფრთხე, თუ დავუშვათ, ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდება და რუსეთს სომხეთში შესასვლელად საქართველოს ტერიტორიის გამოყენება დასჭირდება?

- ჯერჯერობით, არ ვიცით, რა მოხდება ყარაბაღში, მაგრამ თუ სიტუაცია დაიძაბა, არ არის გამორიცხული, მართლაც ისე განვითარდეს სცენარი, როგორც პუტინის ყოფილი მრჩეველი, ილარიონოვი ვარაუდობს. თუმცა, მგონია, რომ ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია, რადგან დღეს რუსეთს ნამდვილად არ სცალია ამისათვის - უკრაინაში მიმდინარე პროცესები უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე საქართველო ან სხვა ქვეყნები.

თუმცა, თუკი უკრაინაში მოახერხა თავისი მიზნების განხორციელება, შემდეგი შეიძლება იყოს ყაზახეთი და კავკასია, მათ შორის საქართველო. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს დასჭირდება მოქნილი პოლიტიკა, როგორ შეიძლება იმოქმედოს რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. მითუმეტეს ვიცით, რომ რუსეთს არ მოსწონს ის, რაც საქართველოში ხდება, ვგულისხმობ ნატოს საწვრთნელი ბაზის განთავსებას.

ჯერჯერობით, რუსეთს ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა ექსპერტულ დონეზე გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, რუსეთს ეს გააღიზიანებს. რაც მთავარია, დასავლეთშიც მეტ-ნაკლებად ხვდებიან, რომ თუ უკრაინის სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ გადაწყდება, შესაძლოა, საქართველო მოლდოვასა და ყაზახეთთან ერთად გახდეს რუსეთის შემდგომი აგრესიის სამიზნე.

რა პრევენციული ზომების გატარებაა შესაძლებელი, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ მწვავე შედეგები?

- პირველ რიგში, საჭიროა მუდმივი კონსულტაციები დასავლელ პარტნიორებთან და ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთად. ეს უკრაინა იქნება თუ სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ ქვეყანასაც კი, რომელიც ევრაზიული კავშირის ბურჯად მოიაზრება, ბელორუსზე მაქვს საუბარი, ექმნება გარკვეული საფრთხეები.

ვფიქრობ, რაღაც ახალი ტიპის გაერთიანება უნდა შეიქმნას პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მონაწილეობით, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს დასავლეთი. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ისეთი დიდი ქვეყანაც კი, როგორიც უკრაინაა, ფაქტობრივად, მაინც მარტო რჩება რუსეთის პირისპირ.