ირაკლი ალასანიას, მისი მოადგილის ზაზა ბროლაძის და საქმეში არსებული სატელეფონო ამონაწერების გაშიფვრის მოტივით, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანის სასამართლო პროცესი მესამედ გადაიდო. მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს საგამოძიებო ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 1-ელ აპრილს ჩაინიშნა.
28 ოქტომბერს დაკავებული მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი 2014 წლის 10 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ბრალდებამ სასამათლოს საგამოძიები ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა. შუამდგომლობაში აღნიშნული იყო, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დასაკითხი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილე ზაზა ბროლაძე, ასევე გასაშიფრი ჰქონდათ სატელეფონო ამონაწერები, რაც სასამართლომ მაშინ დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი 2015 წლის 10 თებერვლამდე გადაიდო.
იმის მიუხედავად, რომ გამოძიებას 3 თვე ჰქონდა დაეკითხა საქმეში ნახსენები ადამიანები, არ დაკითხა და პროკურატურამ ანალოგიური შუამდგომლობით, სასამართლოს კვლავ მიმართა საგამოძიებო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ უნდა დაკითხონ ირაკლი ალასანია, ზაზა ბროლაძე და უნდა გაშიფრონ სატელეფონო ამონაწერები. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.
რატომ არ დაკითხა პროკურატურამ ალასანია და ბროლაძე, ასევე, რატომ ვერ შეძლო სატელეფონო ამონაწერების გაშიფრვა აქამდე, for.ge-ს მცდელობის მიუხედავად მთავარი პროკურატურიდან პასუხი ვერ მივიღეთ. საქმის ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს, რომ გამოძიებამ წინა ორი შუამდგომლობა „კოპი პეისტით“ გადაიტანა და იგივე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. მისივე თქმით, გამოძიებამ იცის, რომ ალასანიას და ბროლაძის დაკითხით, ვერ შეძლებენ არარსებული მტკიცებულების მოპოვებას და ამ მოტივით აჭიანურებენ საქმის სასამართლოზე წარდგენას.
„სისხლის სამართლის საქმე არსებობს ფორმალურად. ამ კონკრეტულ საქმეზე არავის ბრალი არ იკვეთება. იციან რა აბსურდიც აქვთ ხელში და აქიდან გამომდინარე, საქმეს სასამართლოზე ვერ აგზავნიან. პროკურატურას მტკიცებულება არ აქვს და ვერც ვერასოდეს ექნება. მაქსიმალური ვადა პირის დაკავებისა არის 9 თვე. ამ ვადაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი. რაც არ უნდა გაწელონ დრო, ბუნებრივია, 9 თვეს ვერ გადააცილებენ.
მე ვურჩევ პროკურატურას, რომ იფიქრონ აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე. ეს ადამიანები ბოლოსდაბოლოს მონები ხომ არ არიან, რომ დატყვევებული ჰყავდეთ საპატიმროებში. ხალხს, რომლემლებსაც ბრალი არ ჩაუდენიათ, რომლის მიმართაც საქმეს ვერ უშვებენ სასამართლოში, ცდილობენ ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ, მაგრამ მინდა ვუთხრა გამოძიებას, რომ სულ ტყუილად წვალობენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან სამუშია.
იმის მიუხედავად, რომ მთავარი პროკურატურა საქმის გადადების მოტივად ალასანიას დაკითხვას ასახელებს, თავად ყოფილმა მინისტრმა არაერთხელ მოითხოვა დაკითხულიყო, თუმცა ბადაშვილის უწყება არ ჩქარობს.
„ველოდები პროკურატურას და არ დავუკითხივარ. 5 უდანაშაულო ადამიანი იმიტომ ზის იქ, რომ ჩემზე უნდოდათ პოლიტიკური იერიშის მიტანა და ჩემი დისკრედიტაცია. პროკურატურა აჭიანურებს პროცესს, რადგან ხელში არაფერი აქვთ და ცდილობენ, ახალი რამე მოიფიქრონ. მირჩევნია, მე ვიჯდე იმ ადამიანების ადგილას. მოვითხოვ, რომ დამკითხონ“, - აცხადებს ირაკლი ალასანია.
საქმის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ხუთივე დაკავებული, ფაქტობრივად, უკანონო პატიმრობაში იმყოფება, ისინი არიან მძევლები. მისივე თქმით, დაცვის მხარეს ყველა სახელმწიფო დაწესებულება და კერძო სტრუქტურა ხელს უშლის მტკიცებულებების მოპოვებაში. მათ შორის არის „დელტა კომი“, რომელიც არ იძლევა ინფორმაციას, თუ რა ფასად ემსახურება შსს-ს და ამას ხან, კომერციული საიდუმლოების, ხან სახელმწიფო საიდუმლოების საბაბით ასაბუთებენ.
„გამოძიებამ უნდა დაკითხოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილე ბროლაძე, განმეორებით უნდა დაიკითხონ კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ე.წ შერჩევაში, უნდა დაიკითხოს ექსპერტი. მეორე გარმოება - უნდა შემოწმდეს როგორ ასრულებდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს კომპანია „სილქნეტი“. მესამე გარემოება - უნდა შეისწავლონ ბრალდებულების და მათთან დაახლოებული პირების სატელეფონო ამონაწერები და საბანკო ანგარიშები. ანალოგიური გარემოებების გამო სხდომა უკვე გადაიდო 2 თვით.
თუ იმისთვის გადაიდო ორი თვით სხდომა, რომ ეს გარემოებები უნდა შესწავლილიყო და უნდა დაკითხულიყვნენ ეს პირები, რას აკეთებდა 2 თვის განმავლობაში პროკურატურა და გამოძიება? ამაზე დუმს პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლომაც მთლიანად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით არც იკითხა სასამართლომ რატომ არ მოხდა ეს ყველაფერი“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.
მისივე თქმით, არავითარი პოზიცია და მტკიცებულება რომელიც დაადასტურებს ამ ადამიანთა ბრალეულობას საქმეში არ არის. იმისთვის, რომ დადატურდეს გაფლანგვა, უნდა არსებობდეს დანაშაულებრივი განზრახვა და დანაშაულებრივი მიზანი. უნდა არსებობდეს ურთიერთკავშირი, რომელიც ჯგუფურ გაფლანგვას ეხება, საქმის მოტივი და თითოეული ბრალდებულის ბრალეულობა უნდა იყოს ინდივიდუალიზებული.
„კოლექტიური ბრალის წაყენება ეს არის პირველყოფილი თემური წყობილების გადმონაშთი, იმის შემდეგ კოლექტიური ბრალის წაყენება დემოკრატიულ საზოგადოებში არ ყოფილა. ეს ადამიანები არიან ცალკეული დამოუკიდებელი პიროვნებები, თითოეულ მათგანს ეჭირა თავის თანამდებობდა, გააჩნდა თავის მოვალეობა რომელიც კანონით არის გაწერილი. ბრალდება კი ერთადერთი, „დელტა კომის“ ზეპირ მოსაზრებებს ეყრდნობა“, - განაცახდა for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილმა.
საქმის გადადებას გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი, რომლის განცხადებით ამ ქვეყანაზე სამართალი არ არსებობს, შესაბამისად, არც მშვიდობა დაისადგურებს ქვეყანაში.
„მე პროკურატურას რომ მივმართავდი, ბიძინა ივანიშვილის გასაგონად მივმართავდი. ბატონო ბიძინა! თუ ასე გაწუხებთ ირაკლი ალასანიას და თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური აქტივობა, პირდაპირ ჩვენთან დაიჭირეთ საქმე! როცა ვამბობ, საქმე დაიჭირეთ-თქო, ვგულისხმობ - ჩვენ დაგვიჭირეთ! პირადად თქვენ გეუბნებით და ჩემს თავზე გეუბნებით! მე დამიჭირეთ და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს თავი დაანებეთ!
დიახ! თქვენ განაგებთ მაგ პროცესს და თქვენს სიტყვას აქვს მანდ წონა და არა პროკურატურებისას! მოდი, კაცურად შევთანხმდეთ! გამოაშვებინეთ ის ხუთი კაცი და მე წავალ და დავჯდები, სანამ სასამართლო განაჩენი არ დადგება! აღარც ფეისბუქ სტატუსებით შეგაწუხებთ და არც სატელევიზიო გამოსვლებით... პაწა ხანს! და კიდევ ერთი - არ გინდათ ამ დაქირავებული რეჟისორების პირით ლაპარაკი! არ გჩვევიათ თქვენ ეგ! ჩვენს შორის ურთიერთობაში ასე იყო ყოველ შემთხვევაში“, - ასე მიმართა ალექსი პეტრიაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს.