2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას შესაძლოა, საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვეს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მმართველ გუნდში მოსაზრება არსებობს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, ამის ლეგიტიმურ საფუძველად კი გამოყენებული იქნება პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის ჩაგდება.
მთავრობა ბიუჯეტის გადახედვას რომ აპირებს, ამას for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობაში უდასტურებენ, თუმცა, ისინი მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებას რთულად უყურებენ. for.ge-ს ინფორმაციით კი, საკანონმდელო ორგანოში ბიუჯეტის ჩასწორებული ვერსია შესაძლოა, მარტში შევიდეს და ეკონომიკური ზრდის 5 პროცენტიანი მაჩვენებელი გადაიხედოს, რომლის კორექტირების რეკომენდაციაც მთავრობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გასულ კვირას მისცა.
როგორც ჩანს, ხელისუფლება ქადაგიძის რჩევის შესრულებას თავის სასიკეთოდ აპირებს და თუ მათ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა განიზრახეს, ამისთვის კონსტიტუციურ ჩანაწერს გამოიყენებენ, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას ვერ მოახერხებს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
მოსალოდნელია თუ არა საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ამის გარკვევას for.ge მმართველ გუნდში შეეცადა. უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
როგორც for.ge-ს საგანელიძემ განუცხადა, ქვეყანაში არჩევნები მაშინ ტარდება, როცა სერიოზული პოლიტიკური კრიზისია.
მისი თქმით, საქართველოში კი, ამჟამად მსგავსი არაფერი არ არის.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ იქნებ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედოს, რაც გამოწვეული რეგიონში შექმნილი ვითარებიდან არის. ბიუჯეტის კორექტირება შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარდება. თუ ვინმე ბიუჯეტის ცვლილებას არჩევნების დანიშვნას უკავშირებს, ეს გადაჭარბებულია“, - აცხადებს საგანელიძე.
უმრავლესობის ლიდერის მსგავსად, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ შესაძლოა, ბიუჯეტში კორექტირება საჭირო გახდეს.
for.ge-სთან საუბარში ძიძიგური აცხადებს, რომ თუ ვადამდელი არჩევნები კოალიციის ინტერესში შედის, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, არჩევნები დაინიშნოს.
„თქვენს კითხვაში ძალიან მძიმე სურათი დახატეთ. ჩვენი ბიუჯეტი 1.8-ის ნიშნულზეა, ბიუჯეტი ეკონომიკის ხუთ პროცენტიანი ზრდაზეა დაგეგმილი და ამიტომ მისი კორექტირება საჭირო გახდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე აუცილებლად მოხდება. თეორიულად ყველაფერი შეიძლება, მაგრამ რეალურად, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არავითარი საშიშროება არ არის. შეიძლება ეს ბევრისთვის საშიშროება არც იყოს და ბედნიერებაა. რიგგარეშე არჩევნების წინაპირობას ვერ ვხედავ. ბიუჯეტის კორექტირება რომც მოხდეს, ეს პოლიტიკურ რყევებად არ ღირს. თუკი კოალიციის ინტერესში დავამდელი არჩევნები შედის, ასეთ შემთხვევაში, არჩევნების ჩატარება შესაძლებელია“, - განაცხადა ძიძიგურმა, რომლის მსგავსად ვადამდელი არჩევნების ვერანაირ სიმპტომს ვერ ხედავს რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილი.
როგორც for.ge-ს აგულაშვილმა განუცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არასაპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს.
აგულაშვილის შეფასებით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან ამის აუცილებლობა არ არის.
„ასეთი მოსაზრებები ცალკეულ პარტიებში არის, თუმცა, ეს იმ ადამიანების ემოციური ფონია, რომლებიც აცხადებენ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები პარლამენტში რეალურად უფრო ნაკლებად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, ვიდრე დღეს არიან. პირადად მე, მოვლენების განვითარებას მხარს საკონსტიტუციო ჩარჩოებში ვუჭერ, რათა მომავალში, ამომრჩევლის პასუხისმგებლობის ხარისხი ამისგან გაიზომოს. შეუძლებელია, ქვეყნის სტაბილურ მომავალზე ვისაუბროთ, თუკი მოვლენები ასეთი სცენარებით განვითარდება“, - აცხადებს აგულაშვილი.
ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ბიუჯეტის შესაძლო კორექტირებაზე საუბრობს, მიიჩნევს, რომ ვადამდელ არჩევნებზე საუბრის დაწყება ხელოვნურად გააქტიურდა.
for.ge-სთან საუბარში კობახიძე აცხადებს, რომ შეიძლება, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საჭიროება დადგეს, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ იანვრის მონაცემებით არ იქნება მიღებული.
„არ შეიძლება, რაღაც გადაწყვეტილებები იანვრის პროგნოზით მივიღოთ. წლის დასაწყისში ყოველთვის ნაკლები მაჩვენებლებია, ვიდრე მომდევნო თვეებში. იანვრის ბიუჯეტი შესრულდა და პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ეკონომიკური ზრდა თუ როგორი უნდა იყოს, შესაძლოა, ამაზე რაიმე ცვლილება მომზადდეს. ამას გათვლა და გააზრება სჭირდება. დღეის მდგომარეობით, იმის თქმა გამიჭირდება ბიუჯეტი შემოვა თუ არა კორექტირებისთვის, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების თემა არ განიხილება და ეს ხელოვნურად აწეული თემაა“, - აცხადებს კობახიძე, რომლისგან განსხვავებით ოპოზიციონერები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავენ.
როგორც for.ge-ს „თავისუფალმა დემოკრატმა“ ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, სამთავრობო კრიზისი უკვე დგას, რადგან ეკონომიკა ურთულეს დღეშია და ლარის დევალვაცია ყოველდღიურად ხდება. დოლიძის მოსაზრებით, თუკი უმრავლესობას ვადამდელი არჩევნების ჩატარების სურვილი აქვს, მას სამთავრობო კრიზისთან დაკავშირებით რაღაცის გამოგონება არ სჭირდება.
„რაიმე გზებს ვერ ვხედავ, რომ კრიზისის გამკლავება მოხდეს და მთავრობას პრობლემების მოგვარების გეგმა ჰქონდეს, უსაფრთხოების თემებს და ვაზაგაშვილის მკვლელობას თავი რომ დავანებოთ. თუკი უმრავლესობას ვადამდელი არჩევნების ჩატარება სურს, მათ სამთავრობო კრიზისთან დაკავშირებით არაფრის გამოგონება არ დასჭირდებათ. ამას პროცედურების სწორად მოფიქრება სჭირდება. პროცედურა კი იმაში მდგომარეობს, რომ თუკი პარლამენტი ბიუჯეტს და მთავრობის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს, რიგგარეშე არჩევნები ცხადდება. არცერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ციკლი მშვიდობიანად ჩავიაროთ და არჩევნები თავის დროზე ჩატარდეს“, - განაცხადა დოლიძემ, რომლის მსგავსად სამთავრობო კრიზისზე საუბრობს ნაციონალი სერგო რატიანი.
for.ge-სთან საუბარში რატიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში მუდმივად არასტაბილურ გარემოს ქმნის.
„ხელისუფლებამ პროცესები სერიოზულ კრიზისში შეიყვანა და ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა შეიძლება რიგგარეშე არჩევნები იყოს, რადგან მთავრობა როგორც არ უნდა შეიცვალოს, მისი მმართველი ივანიშვილია და აუცილებელია, რომ მმართველობიდან ივანიშვილის ჩამოშორება მოხდეს“, - აღნიშნა რატიანმა.
რაც შეეხება საკითხზე პოლიტოლოგების განწყობას, for.ge-სთან საუბარში ექსპერტი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები არავის აწყობს, ვინაიდან ეს ნებისმიერ ქვეყანაში არასტაბილურობის გამოვლენად ითვლება.
„ბიუჯეტის პროექტის ჩაგდებას ეჭვის თვალით ვუყურებ, თუმცა არ გამოვრიცხავ. უმრავლესობაში ისეთი ადამიანი ძალიან ცოტა მეგულება, რომელიც პრინციპებისთვის იბრძვის და ობიქტური გარემოებებიდან გამომდინარე საკუთარ კეთილდღეობას დათმობს. როგორ ფიქრობთ, ამჟამინდელი უმრავლესობიდან „ქართული ოცნების“ გამსვლელ სიაში ვინ მოხვდება? ისევ ამდენი ხალხი? - როგორ გეკადრებათ! მარგინალი ორკაციანი და სამკაციანი პარტიის ლიდერები კეთილდღეობას დათმობენ, რომლებიც ივანიშვილმა გადაარჩინა და უცებ მმართველ ძალად აქცია?! ეს გამორიცხულია“, - აღნიშნავს ცინცაძე.
კონსტიტუციით, ბიუჯეტის გარდა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზია პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ნდობის გამუცხადებლობა, მაგრამ როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს სამთავრობო გუნდის შენარჩუნება და პარლამენტის შემადგენლობის დათხოვა სურს.