„დედის გინება თოფის სროლაა და მორალი განმსაზღვრელია ყველაფრის“

„დედის გინება თოფის სროლაა და მორალი განმსაზღვრელია ყველაფრის“

ნაციონალ აკაკი ბობოხიძეს ერთი გინება ერთი დღის ხელფასი და პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაძევების ფასი უკვე დაუჯდა, მაგრამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ოპოზიციონერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იმუქრებიან, რომ ბობოხიძეს ან სხდომათა დარბაზში არ შეუშვებენ, ან მას „დარბაზში იმდენჯერ მოხვდება, რამდენჯერაც იქ შევა“.

აკაკი ბობოხიძეს სოსო ჯაჭვლიანმა, ზაზა პაპუაშვილმა, ნუკრი ქანთარიამ და გია ჯაფარიძემ პრობლემები საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს უკვე შეუქმნეს. მათ დარბაზში ოპოზიციონერის გამოსვლა დაგმეს, სადაც მან ყურადღება მწვანილის ბიზნესთან დაკავშირებით გაამახვილა.

სხდომათა დარბაზში დეპუტატთა ნაწილი ბობოხიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა, ოპოზიციონერმა ირიბად ბოდიში მოიხადა, მაგრამ „ქართული ოცნების“ წევრებმა ბობოხიძის „ბოდიშის“ პათოსი დაიწუნეს და მას დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.

ბობოხიძემ სხვა დეპუტატებთან ერთად დარბაზი მართლაც დატოვა, რადგან სხდომაზე 30 წუთით შესვენება გამოცხადდა და საკითხზე კონსულტაციებიც გაიმართა, მაგრამ დარბაზში ბობოხიძის გარდა, ყველა დაბრუნდა.

სხდომის შეწყვეტამდე კი, ოპოზიციონერმა გასული წლის დეკემბერში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ზიანი მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენა.

„ჩემი გულწრფელი ბოდიში მიიღეთ, მაგრამ თუ რაიმე გინდათ, არ მაქვს პრობლემა და სადაც გინდათ, იქ მოვალ. იმას შევაგინე, ვინც ამას იმსახურებდა. ეს ამბავი ძალიან მაწუხებს და პირველ რიგში, ჩემი თავი დავაზიანე, მაგრამ მაშინ, ყველას უკონტროლი სიტყვა გავაკონტროლოთ. ერთი შეგინება არ მოვითმინე, შემგინებელს ერთი შეგინებით ვუპასუხე და ამას ასი შეგინება მოჰყვა. ბოლოში რა ხეირი იყო? ჩემი მხირდან გინება ადეკვატური პასუხი არ იყო, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცდომებითა და არაშეცდომებით, ჩემი ჭკუით დავდიოდი და მომავალშიც ასე იქნება“, - აღნიშნა ბობოხიძემ, რომლის ამ განცხადებამასაც ბოდიშის მოხდად არ აღიქვამს უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი.

როგორც for.ge-ს პაპუაშვილმა განუცხადა, დედის გინების გატარება არ მოხდება, გინდ ის დეპუტატი იყოს და გინდ მსახიობი. დეპუტატის თქმით, ბობოხიძე პლენარულ სხდომაზე ერთი პირობით შევა - მან ისეთი ბოდიში უნდა მოიხადოს, რომელიც პარლამენტის წევრების მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

„როგორც მოგვიანებით გავიგეთ, დეკემბრის ინციდენტის დროს ბობოხიძე ნასვამი ყოფილა, მისი თანაპარტიელი წრუწუნა ხაჩიძე კი გამოხტა და სიმთვრალე ჩვენ დაგვაბრალა. მას პასუხი უფრო მკაცრად უნდა მიეღო, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ პატარები არ ვართ და თან დეპუტატები ვართ. პარლამენტში ჩხუბისთვის და აგრესიისთვის არავინ არ არის მოსული, მაგრამ დღეს მოლოდინი გვქონდა, რომ ბობოხიძე ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ მან მწვანილზე, ტარხუნასა და ბოლოკზე საუბარი დაიწყო. ვითომ, მას თავის რაიონზე გული ძალიან შესტკივა და ქვეშ-ქვეშა ლაპარაკი დაიწყო. მას თავის განცხადებით გაპარება უნდოდა, თითქოს, არაფერი მომხდარა. მას გამოსვლისთვის ოთხი წუთი მისცეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბოდიშს საზოგადოებას უხდიდა და არა დეპუტატებს. თქვა, რომ „მიიღეთ ჩემგან ბოდიშიო“, მერე კი, სხვა რაღაცეებზე გადახტა. აქ თავმოყვარე ხალხი ზის. თუ მას თავმყოვარეობა არ აქვს და მას სხვა თავისნაირი ბოგანო ჰგონია, ეს ასე არ არის. კაცი ხარ და შენს თავს პატივი უნდა სცე“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

კანონმდებელი აცხადებს, რომ აკაკი ბობოხიძემ ბოდიში რომ მოიხადოს, ეს ამომრჩევლის და დეპუტატების მუნდირის საკითხია.

„ჩვენს ამომრჩეველს არ სურს, რომ დამნაშავე ადამიანები ხელისუფლებას ამ ფორმით ელაპარაკონ, რომელმაც უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო. ბობოხიძე პლენარულ სხდომაზე ერთი პირობით მოვა - მან ისეთი ბოდიში უნდა მოიხადოს, რომელიც პარლამენტის წევრების მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ბოდიშის პათოსს კი, თავად მიხვდება. ურთიერთობა ისე რომ გაგრძელდეს, თითქოს არაფერი მომხდარა, ასე არ გამოვა. უარესიც შეიძლება მოხდეს და ამაზე უკან არავინ დაიხევს“, - აღნიშნავს დეპუტატი.

პაპუაშვილის მოსაზრებით, ნაციონალები კარგად და მაგრად დაითეთქვებიან, თუკი ისინი წესებს არ დაიცავენ.

„პოლიტიკური ნიშნით დებატობა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ როდესაც რომელიმე დეპუტატს შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთება აზრად მოუვა, უმრავლესობის გარკვეული ნაწილი ადგება და ის დღე განმეორდება, რაც დეკემბერში იყო. ანუ, ისინი კარგად და მაგრად დაითეთქვებიან, თუკი ისინი წესებს არ დაიცავენ. პარლამენტში ტონალობა უნდა იყოს პოლიტიკური პაექრობის და არა დამამცირებელი. თუ ისინი ამას არ დაექვემდებერებიან, ისინი გაცილებით რთულ მდგომარეობაში ჩავარდებიან, ვიდრე მანამდე იყვნენ. ეს მდგომარეობა პარლამენტის კედლებს გასცილდება და სხვაგან გადაინაცვლებს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

დეპუტატი ნაციონალებს მკაცრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ უმცირესობა მოწყობილია იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და ქაოსი.

„ესენი არიან დემაგოგები, შანტაჟიშტები და ქვეყნის მოღალატეები, რომლებიც შანსს არ უშვებენ, რომ სახელმწიფო დაამცირონ და თავიანთი ჩასვრილი სხვას გადააბრალონ, ჩვენ კი პირსისხლიანი ადამიანები გამოგვიყვანონ. მათ ერთი სურვილი აქვთ, რაც უკრაინაში ხდება, საქართველოში გადმოიტანონ. მათთან არაფერი საბოდიშო არ გვაქვს. ქვეყანაში არც პოლიტიკური კრიზისია და არც ვადამდელი არჩევნები არ იქნება. რიგგარეშე არჩევნებს მხარს იმიტომ არ დავუჭერ, რომ ეს კრიზისის გამო ინიშნება, არჩევნების ჩატარების მოტივაციას კი ვერ ვხედავ. ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას და ისეთი სიბრძნე გვმართებს, რომ ქვეყანას ის არ დავმართოთ, რაც ნაციონალებმა გაუკეთეს“, - დასძინა პაპუაშვილმა, რომლის მსგავსად, ბობოხიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვილიანი.

for.ge-სთან საუბარში ჯაჭვლიანი აღნიშნავს, რომ მას ბობოხიძესთან პიროვნული დაპირისპირება არ აქვს, მაგრამ ყველაზე დიდი ვაჟკაცობა ბოდიშის მოხდაა. კანონმდებელის შეფასებით, ბობოხიძეს ვაჟკაცობა უნდა ეყოს და ბოდიში მოიხადოს.

„თუკი ჩვენ მარგინალები ვართ, კარგად ვერ ვართ და აგრესიას ვაფრქვევთ, მაშინ ბობოხიძეს სხდომათა დარბაზში პირდაპირ არ შევუშვებდით. ბობოხიძეს შანსი მივეცით, რომ სხდომათა დარბაზში ბოდიში მოეხადა, მაგრამ მან საუბარი მწვანილზე დაიწყო. ბარამიძეს დავუპირიპირდი, მაგრამ ჩემს თავს დედის გინების უფლებას როგორ მივცემდი? ჩხუბის მერე კი, ყველაფერი ხდება. მსგავს მდგომარეობაში, ბობოხიძის ადგილზე ყველას პატიებას ვთხოვდი. მათ შორის პოზიციას, ოპოზიციას და საზოგადოებას. მისი მხრიდან ეს უფრო ვაჟკაცური იქნებოდა, მაგრამ მისგან ბოდიში ჯერ ვერ მოვისმინე, მან სიტყვათა მტლაშა-მტლუში გამართა. კაკოს მივმართავ, მსგავსი პოლიტიკა არ გვინდა, რადგან საქართველო პატარაა. დედის გინება თოფის სროლაა და მორალი განმსაზღვრელია ყველაფრის, კანონი კი კანონია“, - აცხადებს დეპუტატი.

ჯაჭვლიანის მტკიცებით, ბობოხიძისთვის არავის უგინებია, თუ მას მსგავსი ფაქტი აქვს, მაშინ დადოს.

„ბობოხიძემ მთელ ქართველ ხალხს უთხრა - შენი დედაო. რადგან, ჩვენ ხალხმა აგვირჩია, ამომრჩეველი გვეტყვის, შენ დედის გინებას ატარებ და რისი გამკეთებელი ხარო. მინდა, ამომრჩეველს იმისთვის ბოდიში მოვუხადო, რაც ამ პარლამნეტში ხდება. ეს იქნება გინება თუ ფიზიკური ანგარიშსწორება. იმ პარლამენტს რა ვუთხარი, სადაც ხალხი ცემა-ტყეპით გაერთობა. ერთმანეთი საქმით უნდა ვლანძღოთ და არა დედის გინებით. პარლამენტში შეურაცხყოფებები უნდა დასრულდეს, რადგან ამით ხალხი დაიღალა“, - აღნიშნავს ჯაჭვლიანი.

ბობოხიძის შეფასებისას „ქართული ოცნების“ წევრი გია ჯაფარიძე უფრო რადიკალურია და ამბობს, რომ თუ ბობოხიძე ბოდიშის მოხდას ვერ მიხვდება, მას იმდენჯერ მოხვდება, რამდენჯერაც დარბაზში შევა. ჯაფარიძის განცხადებით, თუკი ბობოხიძე ბოდიშს არ მოიხდის, პარლამენტში მისი ადგილი არ იქნება.

„უზრდელმა კაცმა, რომელმაც პარლამენტს და საზოგადოებას უზარმაზარი შეურაცხყოფა მიაყენა, ბოდიში თვითონ უნდა მოიხადოს. თვითონ უნდა მიხვდეს, რომ ბოდიში მოიხადოს. არ მოიხდის და პარლამენტში მისი ადგილი არ იქნება. მან თქვა, ქართულ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ თქვენი დედაო... საზოგადოებას ბოდიშს უხდის და ჩვენ გვაგინებს? მას რომ ნამუსი ჰქონდეს, ბოდიშს ჩვენ უნდა გვიხდიდეს. თუ ის ბოდიშის მოხდას ვერ მიხვდება, დარბაზში რამდენჯერ შემოვა, იმდენჯერ მოხვდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ, რომლის მსგავსად, ბობოხიძეს აკრიტიკებს უმრავლესობის წევრი ნუკრია ქანთარია.

როგორც for.ge-ს ქანთარიამ განუცხადა, თუ ბოდიში მოსახდელია, ადამიანმა უნდა მოიხადოს და განცხადებაში მწვანილსა და პრასზე არ უნდა ილაპარაკო.

„ბოდიშის მოხდა არანაირი სისუსტე არ არის, თუკი ის თავს დამნაშავედ არ თვლის. თუ არ თვლის, მაშინ ეს უნდა ვიცოდეთ და ჩვენს შესაბამისი რეაგირება გვექნება. მგონი, ბობოხიძესაც გაცნობიერებული აქვს, რომ უმსგავსად მოიქცა. მე განცხადება ცუდად გამომივიდა, მაგრამ დედა არავისთვის შემიგინებია. ჩემი მხრიდან განზრახვა არ იყო, ბობოხიძე კი თავის გინებას სად გაექცევა? განსხვავება ძალიან დიდია და ერთმანეთში ნუ აურევთ“, - აცხადებს ქანთარია, რომელიც ცოტა ხნის წინ იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან ნაციონალებს მოუწოდა „პოლიტიკურ სუტინიორობას“ თავი დაანებონ და საკუთარი რიგებიდან მარიამ საჯაია და თიკა ბოკუჩავა გაათავისუფლონ.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისგან განსხვავებით, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ბოდიშის მოხდის მოთხოვნის კამპანიას გმობს. for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდაზე მოთხოვნის წაყენება არცერთ შემთხვევაში არ არის სწორი ფორმა.

მისი მოსაზრებით, ბოდიში მორალური კატეგორიაა და ადამიანი ამ ზღვრამდე თვითონ უნდა მივიდეს.

„უკაცრავად, მაგრამ არასერიოზულია, რომ ადამიანს ბოდიშის მოხდას სთხოვდე. ამ მოთხოვნას არ ვეთანხმები. ბობოხიძე პატიოსან, წესიერ და მართალ კაცად არ მიმაჩნია, მასზე ძალიან ნაწყენი ვარ და მისი ბოდიში არ მაინტერესებს. ბოდიში რომ მოიხადოს, უკეთესი გახდება? ისევ ის იქნება, რაც არის. ამ მოთხოვნაში საფუძვლიანს ვერაფერს ვხედავ. დედამიწაზე საბოდიშო ბევრს აქვს, მათ შორის ალბათ, ჩამოთვლილ ამხანაგებსაც ექნებათ. ბოდიშის მოხდის მოთხოვნა არასწორი საქციელია და არ მინდა, უფრო მკაცრად ვისაუბრო. ფილოსოფიურად ეს წამოუდგენელია, რადგან ბოდიში შინაგან უნდა მომზადდეს. ბოდიში არ შეიძლება ობიექტი იყოს, რადგან ის სუბიექტურია“, - დასძენს ბერძენიშვილი.

პარლამენტში თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები და აკაკი ბობოხიძე მორიგ ბოდიშს მოიხდის თუ „ქართული ოცნების“ წევრებს მისი სხდომათა დარბაზში შესვლის აკრძალვა მოუწევთ, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, მიკროფონთან გაკეთებული განცხადების გამო, ბობოხიძეს ერთი დღის ხელფასი დაექვითა, რომელიც დაახლოებით 250 ლარია.