„შემიძლია გითხრათ, რომ უკვე გამოკევთილია ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილი თანამდებობის პირების კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობა. სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი უშუალოდ ჩართული იყვნენ ამ საქმის გაყალბებაში. მათი უშუალო მითითებებით ხდებოდა საქმის გაყალბება. ეს თავისთავად ძალიან სერიოზული დანაშაულია. ეს ყველაფერი მტკიცებულებებით და ფაქტებით იქნება გაჯერებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია, რომლის განცხადებით, მკვლელობის მოტივზე, დამკვეთებსა და შემსრულებლებზე თვითონ გამოძიება ისაუბრებს.
რატომ ჩაერთო საქმეში უცხოელი გამომძიებლები და გამოიკვეთა თუ არა ყოფილი პრეზიდენტის ბიძის, თემურ ალასანიას კვალი? ამ საკთხებთან დაკავშირებით for.ge გოგლა ჟვანიას ესაუბრა.
ვაზაგაშილის საქმე გახსნილია, დაანოსდა, რომ გაიხსნება აფრასიძეების საქმეც, რა ხდება ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით? როგორც ცნობილია, აფრასიძეების საქმეში, ასევე ზურაბ ჟვანიას საქმეში ფიგურირებს გიორგი ბარამიძე, რომელიც ითხოვს დაკითხვას, თუმცა, ამის მიუხედავად, ის არც ერცერთ თემაზე არ არის დაკითხული...
- თუ ჩათვლიან, რომ ღირებული იქნება მისი დაკითხვა, ალბათ, დაკითხავენ. მე მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ზოგადად, ყველა სხვა თემასგან განსხვავებით, ეს საქმე ბევრად უფრო რთულია. გაყალბებულია მთელი რიგი დოკუმანტაცია და ეს დოკუმენტაცია ყალბდებოდა წლების განმავლობაში. ვინ და რატომ აყალბებდა ამ დოკუმენტაციას, ამის შესახებაც მალე გაიგებს საზოგადოება. მიუხედავად სირთულებისა ეს პროცესი წინ მიდის. უფრო დამაჯერებელი ხდება ის ვერსია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - მკვლელობა. საქმე რომ სწორად მიდის, ამის მანიშნებელია ბოლო სასამართლო პროცესები, სადაც დაცვის წევრებმა ძალიან საინტერესო განცხადებების გაკეთება დაიწყეს.
დაცვის უფრომა კობა ხარშილაძე დაადასტურა, რომ მან გაიტანა ოთახიდან რაულ უსუფოვი და ამ დროს დაიკარგა ფეხსაცმელი. არის მის ჩვენებებში უზუსტობები და რატომ დაიწყო ამ თემაზე საუბარი ხარშილაძემ?
- არაერთი საუბარი იყო იმის შესახებ, რომ იმ ბინაში მიტანილი არის გვამები. პრაქტიკულად, ეს ადამიანები ადასტურებენ, რომ იქ ხდებოდა გვამების გადაადგილება. ბუნებრივია, მათთვის სასარგებლოდ უნდათ, რომ შეფუთონ ეს ამბვი, მაგრამ ეს მთლიანად ანგრევს იმას, რასაც მანამდე ამბობდნენ. ეს ადამიანები შეეცდებიან, რომ ყველაფერს გამართლება მოუძებნონ, მაგრამ არსებობს ისეთი თვალსაჩინო მტკიცებულებები, რომელსაც ვერსად ვერ გაექცევიან. უკვე დაზიანებებზეც მიდის საუბარი და ცდილობენ, რომ ამასაც ახსნა მოუძებნონ.
რაც შეეხება დაზიანებას, მიხეილ ძაძამია ამტკიცებს, რომ არანაირი დაზიანება გვამებს არ აღენიშნებოდა, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. დაცვის წევრები მათივე ჩვენებებით ცდილობენ კვალის არევას?
- ამ ადამიანების ჩვენებებს თვალი რომ გადაავლოთ, ნახავთ, რომ მუდმივად იცვლება მათი ჩვენება. არანაირი ფასეულობა მათ ჩვენებას უკვე არ აქვს. მათ უკვე უწვეთ იმის აღიარება, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით - რატომ დაიკარგა ფეხსაცმელი? რატომ აქვს ნაჩხვლეტები? თავში რატომ აქვს ჩარტყმული ზურას? და ა.შ. ამიტომ, უწევთ რაღაცეების შეთხზვა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ეს ადამიანები 9 წლის განავლობაში აცხადებდნენ.
როდესაც გაუჭირდებათ იწყებენ ახალი ვერსიების შეთხზვას და ჰგონიათ, ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის დამაჯერებელი უნდა იყოს. მას მერე, რაც უფრო ნათელი გახდა, რომ ცხედრებს დაზიანებები აქვს, არიან მოწმეები, რომლებმაც დაინახეს შეტანის ფაქტი, დაიწყეს ახალი ფანტასტიკური ვერსიების გამოგონება. ეს რეალურად მათ მდგომარეობას ამძიმებს. არეულები არიან და თვითონ ვერ ხვდებიან რას ლაპარაკობენ. ჯერჯერობით, ბევრი მნიშვნელოვანი პროცედურა, მათ შორის დაკავებები, მე მგონი წინაა, იმიტომ, რომ დაცვის წევრები - ხარშილაძე, ძაძამია და ჩიჩუა, როგორც ექსპერტი, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტული დაკვეთის შემსრულებლები იყვნენ.
ერთ-ერთი პატიმარი აცხადებს, რომ პრემიერი მოკლეს თელავში. საქმის პროკურორი განმარტავს, რომ როგორც კი წერილი სასამართლოდან გადაეგზავნება პროკურატურას, დაიწყება მოკვლევა. თუმცა, აქვე ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის წერილები ძალიან ბევრი შედის პროკურატურაში. წლების განმავლობაში პრემიერის მკვლელობის სხვადასხვა ადგილები სახელდებოდა, თითქოს, წყნეთში მოკლეს, მერე ითქვა, რომ შავნაბადაზე მოკლეს და ა.შ. ახლა გაჩნდა ახალი ვერსია, ბატონო გოგლა საქმე გავქს თუ არა ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებასთან?
- ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცესები მართვადია. გარდა ამისა, სერიოზული მცდელობებია, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. რაც შეეხება ამ წერილს, ნამდვილად ამის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ბუნებრივია, რომ პროკურატურა ამოწმებს ამ ინფორმაციებს. რეალურად სხვადასხვა მიმართულებით იყო ბევრი ვერსია, პროკურატურა ყველა ამ ვერსიაზე მუშაობს. ზოგი შეიძლება სარწმუნო იყოს, ზოგი არა.
ხელისუფლებას 2012 წლის ოქტობრიდან რომ დაეწყო გამოძიება, დღეს ეს სურათი გვექნებოდა? თქვენც ამ ხელისუფლების ნაწილი ხართ, თვლით, რომ ხელისუფლება ადეკვატურია იმ ვითარების, რაც ხდება ქვეყანაში?
- მიმაჩნია, რომ ჩვენი ქმედებები იყო არც თუ ადეკვატური. ჩვენ არ მოვსულვართ მაღალი დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში. ეს იყო საზოგადოების მრავალწლიანი ბრძოლა, დაუნდობელი ბრძოლა საზოგადოებასა და სააკაშვილის ბანდიტურ დაჯგუფებას შორის. სააკაშვილის ხელისუფლების მთელი ელიტა ბრალდებულია სხვადასხვა მძიმე დანაშაულებებში. ეს შედეგი, რომელიც დადგა 2012 წლის 1 ოქტომბერს, დადგა იმიტომ, რომ საზოგადოებას ეს უსამართლობა არ უნდოდა. მთავარი იყო, რომ ეს ალაგმულიყო. ხელისუფლებას სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. ჩვენი ხელისუფლება, როგორც აღმასრულებელი, ისე საპარლამენტო, არ არის მთლად ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც ქვეყანაში სუფევს და რაც დაგვხვდა.
მე ვთვლი, რომ სათავეში მოსვლის შემდეგ, ხელისუფლებას უნდა გადაედგა კარდინალური ნაბიჯები და სხვადასხვა სფეროში სერიოზული რეფორმა ჩაეტარებინა. როცა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება ეს იყოს ცარიელი სიტყვები. ეს უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯები. მათ შორის პარლამენტმა ელემენტარულად შეფასება უნდა გააკეთოს „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობაზე.
ოფიციალურად 300 ათასი ადამიანი მოჰყვა ამ დეპრესიებში. სამწუხაროდ, ის ადამიანები, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ, დღეს მშვენივრად არიან მოკალათებული სხვადასხვა სავარძლებში. ეს იქნება აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო თუ ადგილობრივი ხელისუფლება. შეშინებულები და გაქცევაზე რომ იყვნენ, დღეს გალაღებულები არიან და მშვენივრად გრძნობენ თავს. ამიტომ ვამბობ, რომ სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები. მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი სახელებით და გვარებით, რომლებიც ამ უკანონობას ჩადიოდნენ.
საბოლოოდ მივდივართ იმ ვითარებამდე, რომ აუცილებელია სტრუქტურული ცვლილებები?
- ის მითითება რომელიც იყო არჩევნებზე, კოაბიტაციაზე და ა.შ. დასრულდა. უკვე ახლოვდება მომავალი საპარალამენტო არჩევნები. თუ ჩვენ გვინდა ჩავატაროთ არჩევნები და რეალურად გავაჯანსაღოთ ჩვენი ქვეყანა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ყველას თავისი ნამოქმედარის მიხედვით თავისი უნდა მიეზღოს! როცა სამართლიანობაზე ლაპარაკობ, ეს კონკრეტულ ქმედებებს გულისხმობს. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ დანაშაულს, დღეს დალხენინად არ უნდა იყვნენ.
ვაზაგაშვილის საქმეზე მოხდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანების დაკავება. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას საქმეს, რამდენადაც არსებობს ინიფორმაცია, გამოძიებამ მკვლელობის ვერსია გამოკვეთა. რადენად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების სია, რომელთა დაკავება მოხდება გამოძიების დასრულებისთანავე? რამდენადაც ვიცი, თქვენ უკვე ფლობთ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, ვისი დაკავებაც მოხდება...
- შემიძლია გითხრათ, რომ უკვე გამოკევთილია ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილი თანამდებობის პირების კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობა. ახლა სადამდე მივალთ, ამის საბოლოო სურათს მას შემდეგ მივიღებთ, რაც გამოძიება დასრულდება. რაც შეეხება დაკავებებს,მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი სია იქნება.
არსებობს ინფორმაცია, რომ გამოიკვეთა ყოფილი პრეზიდენტის, ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის და დაცვის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის საუბარია, რომ გამოკვეთილია თემურ ალასანიას კავშირი ამ საქმესთან. თქვენ თუ შეგიძლიათ ამ ინფორმაციის დადასტურება?
- სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი უშუალოდ ჩართული იყვნენ ამ საქმის გაყალბებაში. მათი უშუალო მითითებებით ხდებოდა საქმის გაყალბება. ეს თავისთავად ძალიან სერიოზული დანაშაულია. ეს ყველაფერი მტკიცებულებებით და ფაქტებით იქნება გაჯერებული. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის მოტივს, დამკვეთებს და შემსრულებლებს, ამაზე თვითონ გამოძიება ისაუბრებს.
ბატონო გოგლა, გამოძიების პროცესში უცხოელი გამომძიებლების ჩართვა რატომ გახდა საჭირო?
- რაც შეეხება უცხოელ გამომძიებლებს, ეს იმისთვის ხდება, რომ გამოძიების შედეგები დამაჯარებელი იყოს არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, საქმეში ჩართულია ავტორიტეტული ექსპერტები.
სავარაუდოდ როდის ჩატარდება გვამის ეგზჰუმაცია?
- კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ამაზე სჯობს პროკურატურამ ისაუბროს. გამოძიებას ისინი აწარმოებენ და დეტალებზე, რასაც ჩათვლის საჭიროდ მან უნდა ისაუბროს.