ლუდი მკვეთრად გაძვირდება

ლუდი მკვეთრად გაძვირდება

ლუდის მწარმოებლები აქციზის მკვეთრად გაძვირების საკითხის განსახილველად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. სულ რაღაც 3 კვირაში პროდუქცია ერთბაშად გაძვირდება, შესაბამისად, შემცირდება რეალიზაცია და საბოლოოდ წარმოებაც. ამის შემდეგ გამორიცხული არ არის მეწარმეებს არაპოპულარული ნაბიჯების გადადმაც მოუხდეთ.

ლუდის მწარმოებელმა კომპანიებმა ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია „არ გამიძვირო ლუდი“ დაიწყეს. „ნატახტარის“, „ზედაზენის“ და „კასტელი საქართველოს“ წარმომადგენლები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც აქციზის გაზრდის შემდეგაა მოსალოდნელი.

მათი თქმით, აქციზის 50%-ით გაძვირება, რაც 2015 წლის 1-ლი მარტიდან იგეგმება, არაერთ პრობლემას შექმნის და წარმოებაზე უარყოფითად აისახება. აქციზის გაზრდის ახსნა ასოცირების შეთანხმებით სრულიად უსაფუძვლოა. ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ეკისრება ვალდებულება, რომ 100 ლიტრ ლუდზე აქციზი მინიმუმ 8,5 ევროს შეადგენდეს. დღეს კი აქციზი უკვე 18,5 ევროს შეადგენს, რაც ევროკავშირის 12 ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის და ჩეხეთის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება.

ხელისუფლების გადაწყვეტილების პარალელურად, ლუდის მწარმოებლები პროდუქტზე ფასის გაძვირებას არ გამორიცხავენ. კომპანიებში ამბობენ, რომ აქციზის ღირებულების ზრდას მინიმალური ეკონომიკური ეფექტი ექნება ბიუჯეტისთვის და უაყროფით შედეგებს მოუტანს კომპანიებს.

„ფასი აუცილებლად გაიზრდება იმიტომ, რომ აქციზი ეს არის არაპირდაპირი გადასახადი და ეს არის მომხმარებლის ჯიბიდან ამოღებული თანხა. ფასის ზრდა გამოიწვევს ბაზრის შემცირებას ელასტიურობის გამო, რაც თავისთავად გამოიწვევს წარმოების შემცირებას და იმ უარყოფით ეფექტს, რაც მას უკავშირდება“, - განაცხადა კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

„აქციზის გაძვირება ლუდის ბიზნესს ძალიან დააზარალებს. საქართველოს მთავრობამ კი ცვლილებების შესახებ მაშინ მიმართა პარლამენტს, როდესაც ლუდის მწარმოებელი კომპანიების უმეტესობას 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა თითქმის დასრულებული ჰქონდა. ბიზნესთან შეხვედრები დაიწყო მხოლოდ მაშინ, როცა კანონპროექტი უკვე შესული იყო პარლამენტში“, - განაცხადა „კასტელ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ზაუტაშვილმა.

ლუდის მწარმებელთა მოსაზრებით, ოპტიმალური იქნება, რომ აქციზის ზრდა მოხდეს წლიური ინფლაციის შესაბამისად. ეს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ეტაპობრივად გაზარდოს ინდუსტრიიდან მისაღები შემოსავალი, მეორე მხრივ კი მინიმუმამდე დაიყვანს გადასახადის მკვეთრ გაზრდასთან დაკავშირებული ნეგატიურ ფაქტორებს.

ლუდზე აქციზის გაზრდა ზოგიერთ პარლამენტარსაც არ მოსწონს. მაგალითად, პარლამენტარი და მრეწველი გოგი თოფაძე ამბობს, რომ ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის გადასახადის ასეთმა მკვეთრმა მატებამ, შესაძლოა, ადგილობრივი წარმოება დააზარალოს:

„საქართველოში მსყიდველუნარიანობა ძალიან დაბალია. ეს იქნება დარტყმა ადგილობრივ წარმოებაზე. ასეთი ფასით ბიუჯეტი კი არ მოიგებს, პირიქით, წააგებს, რადგან სასმელს მყიდველი აღარ ეყოლება. ამიტომ ჩვენ ვიმსჯელებთ, ვიდავებთ, იქნება პაექრობა პარლამენტში. მოვითხოვთ აქციზის ფასის დაწევას იმისათვის, რომ ადგილობრივი მწარმოებელი არ დაგვეჩაგროს“, - აცხადებს თოფაძე.

საქართველოს მთავრობამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი 2015 წელს 808 მილიონი ლარის ოდენობით განსაზღვრა, რაც 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელს 9.3%-ით (69 მილიონი ლარით) აღემატება.