„საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბაზარს „მახედ“ მიიჩნევს. ამიტომ, ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
პირველი დიპლომატის განცხადებას ოპერატიულად მოჰყვა გამოხმაურება საქართველოს ხელისუფლებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს არასწორ ინტერპრეტაციასთან. შესაბამისად, ბერუჩაშვილს საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუხდა. ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტის მიერ ადგილი ჰქონდა მისი ნათქვამის არასწორ ინტერპრეტაციას. თუმცა, ბერუჩაშვილის განცხადებას, განცხადებითვე უპასუხა „რადიო თავისუფლებამ“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არ არის ჟურნალისტის ინტერპრეტაცია, არსებობს ამის ჩანაწერი და მინისტრმა თქვა ის, რაც გამოქვეყნდა.
რატომ უწევთ განცხადების ტექსტის შეცვლა ქართველ დიპლომატებს და არსებობს თუ არა ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის დახურვის შესაძლებლობა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ექსპერტს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.
საგარეო საქმეთა მინისტრის საკმაოდ ხმაურიანი განცხადება, რომ რუსეთის ბაზარს ხელისუფლება „მახედ“ მიიჩნევს, მან მალევე უარყო იმის გამო, რომ ხელისუფლებამ არ დაადასტურა. როგორ ფიქრობთ, დაუშვა შეცდომა ბერუჩაშვილმა?
- სამწუხაროდ, მკვიდრდება პრაქტიკა, როდესაც ქვეყნის გარეთ მიმდინარე ვიზიტების დროს გვესმის ისეთი განცხადება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, განსხვავდება იმ განცხადებებისგან, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებობს. ვიდრე არ იქნება ერთიანი ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვება დღევანდელი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, თავისთავად, ეს იწვევს ძალიან ბევრ კითხვას და გაუგებრობას - თუ რეალურად რა არის საქართველოს პოზიცია რუსეთთან მიმართებაში, რუსეთსა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს შორის მიმდინარე საინტეგრაციო პროცესებთან დაკავშირებით. რა არის ის თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს საქართველო უკრაინასთან მიმართებაში - ეს კითხვებიც, ჯერჯერობით, პასუხგაუცემელია.
რაც შეეხება ბერუჩაშვილის განცადებას, არაკორექტულია უკვე, რამდენეჯერმე ჟურნალისტს გადააბრალო ის პოზიცია, რომელიც ბევრი ადამიანის და მათ შორის, ექსპერტებისა და საგერო ურთიერთობათა პოლიტიკაში ჩახედული ადამიანების თვალსაზრისით, გარკვეულწილად, იყო სწორი პოზიცია.
საინტერესო სწორედ ეს არის, რატომ შეცვალა მინისტრმა განცხადება?
- როგორც ჩანს, ეს განცხადება შეთანხმებული არ იყო ხელისუფლებასთან, არ მოიწონეს მისი შინაარსი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გავითავისოთ, გახლავთ ის, რომ არასწორი იქნება, თუ რუსეთთან პირისპირ დავრჩებით უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ცალკე პოზიციის დაკავების თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობის პოზიცია, გამომდინარე მისი ევროატლანტიკური კურსიდან, როგორც ამას აკეთებს ძალიან ბევრი ქვეყანა, თანხვედრაში უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის პოზიციასთან. ეს არის, ალბათ, ჩვენთვის სწორი პოლიტიკა.
რა თქმა უნდა, ამის ფარგლებში შეიძლება ლავირება კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე და არა პოზიციების გადათქმა-გადმოთქმა. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ ჩამოაყალიბა ერთიანი პოზიცია რუსეთის ღია აგრესიაზე უკრაინაში და იმ კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში.
„რადიო თავისუფლება“ ავრცელებს განცხადებას, რომ ეს არ არის ჟურნალისტის ინტერპრეტაცია, არსებობს ამის ჩანაწერი და მინისტრმა თქვა ის, რაც გამოქვეყნდა. ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართველ დიპლომატებს უწევთ მათი სიტყვების უარყოფა. აშშ-ში საქართველოს ელჩს მოუწია მისი სიტყვების უარყოფა. რატომ უწევთ ქართველი დიპლომატებს რუსეთის მისამართით გამოთქმული მწვავე შეფასების უარყოფა?
- ნიშანდობლივია, რომ ეს გაუგებრობები ხდება ვაშინგტონის „რადიო თავისუფლების“ ბიუროში. როგორც ჩანს, ვაშინგტონიდან დანახული რუსეთის ქმედება გაცილებით ნათელი და მკაფიოა, ვიდრე თბილისიდან დანახული. საუბარი მაქვს იმ ღია აგრესიაზე, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. ჩვენ გვახსოვს პრემიერ ღარიბაშვილის არასწორი გზავნილები, რომლის გადაკეთება მოუწია ბრიუსელში ჩასვლის შემდეგ.
პრემიერის რომელ განცხადებას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, იმ განხადებას, როცა თქვა, რომ მას არ უნდა დაიჯეროს, რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში აქვს აგრესიული გეგმები ორი რეგიონის მიტაცებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, პარალელებს ვერ ავლებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ბრიუსელში ვიზიტისას ეროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მან უკვე შეცვალა ეს პოზიცია და თქვა, რომ ის ხედავს იმ დესტუქციულ ქმედებას, რომელსაც აწარმოებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში და არის პირდაპირი კავშირი 2008 წლის ქმედებებსა და უკრაინის მოვლენებს შორის.
ევროპა, აშშ და ჩვენი მოკავშირე ქვეყნები ზუსტად ასე განიხილავენ რუსეთის ქმედებებს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ევროპული მიმართულებით გავაგრძელოთ პოლიტიკა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოზიცია თანხვედრაში იყო აშშ-ის და ჩვენი პარტნიორების პოზიციასთან. ეს იქნება გასაგები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და მათ შორის ჩვენს პარტნიორებსა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდანაც. სხვა შემთხვევაში, ეს პოზიციების ცვლილება, უბრალოდ, ჩვენს საგარეო პოლიტიკას არასახარბიელო ვითარებაში აყენებს და გარკვეულწილად, კითხვებს აჩენს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში.
რუსეთთან მიმართებაში დიპლომატების მხრიდან საკუთარი გამონათქვამების საჯაროდ უარყოფა, ადასტურებს, რომ ხელისუფლება უფრთხილდება რუსეთის კრიტიკას?
- საქმე გვაქვს ორაზროვნებასთან და პოზიციის სისუსტესთან. საკამოდ სწრაფად იცვლება ვითარება უკრაინაში. რუსეთის ქმედებები არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა ძალიან ბევრისთვის როგორც ევროპაში, ასევე, ჩვენი მთვარობისთვის. აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი აფიქსირებს თავის პოზიციას, მას აქვს უფლება, რომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, თუ ის არის პოლიტიკური ფიგურა. ამ მოვლენებით გამოჩნდა, რომ მას აქვს თავისი გამოკვეთილი პოზიცია რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, მაგრამ სახელმწიფოს აქვს რბილი პოზიცია. შემდეგ, უკვე, გადათქმა-გადმოთქმა, სამწუხაროდ, აჩვენებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არაა პოლიტიკური ფიგურა და ამ პრინციპით არ იქნა ის შერჩეული. საქართველსთვის არასახარბიელო სიტუაციაა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრს არ ეძლევა საშუალება თავისი პოზიციის დაფიქსირებისა, თავისსავე ინტერვიუში.
მოდით, რეალობიდან გამოვიდეთ, ქალბატონ ბერუჩაშვილს კარგად ესმის, რომ საქართველოს მთავრობის სურვილის მიუხედავად, რუსეთმა შესაძლოა თვითონვე შეაჩეროს სავაჭრო ურთიერთობები. წლის ბოლოს გაკეთდა გაცხადება, რომ ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას შესაძლოა, რუსული ბაზარი დაეკეტოს და მეორე, ქართველი მეწარმეები, რომლებიც წარმოადგენენ ღვინის კომპანიებს, შესაძლებელია თვითონვე აღმოჩნდნენ იმ ფაქტის წინაშე, რომ ვეღარ შეძლონ რუსეთის არასტაბილურ ბაზარზე პროდუქციის გაგზავნა.
დღესაც, უკვე, მათ აქვთ რუსეთიდან თანხების გადმორიცხვის სერიოზული პრობლემა. ასევე, პრობლემაა რეალიზებული პრდუქციიდან თანხების ამოღება და არარეალიზებულის გასაღება, ვინაიდან ფასები ყოვედღიურად იცვლება და ასევე, კლებულობს რუსეთის მოქალაქეების შემოსავალი. ქართველ მეწარმეებს აქვთ განცდა, რომ რუსეთის ბაზარი მათთვის ძალიან საშიში და საფრთხის შემცველია, რომელმაც შესაძლოა, მათი ბიზნესი ჩამოშალოს. ქალბატონმა ბერუჩაშვილმა ეს იცის, მაგრამ ამის ღიად გაცხადება საქართველოს მთავრობას არ უნდა.
ანუ, საქართველოს მთავრობის წევრებს არ აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება?
- სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ილუზიას მთავრობაში. როდესაც პოლიტიკური ფიგურები მიდიან მთავრობიდან, მათ ადგილას მოდიან ე.წ. ტექნოკრატები, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მათ მხოლოდ და მხოლოდ პირადი პასუხისმგებლობა აქვთ პრემიერ-მინისტრთან თუ კონკრეტულ პოლიტიკურ პირთან. სამწუხაროდ, პოლიტიკური ფიგურების ნაკლებობა გვაქვს დღევანდელ მთავრობაში, და თუ არიან პოლიტიკური ფიგურები, ცდილობენ თავისი გამონათქვამებით მაქსიმალურად ასიამოვნონ მოქმედი თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრები.