„შესაძლებელია ნაციონალების მოძრაობა ბელორუსიის მიმართულებითაც შეინიშნებოდეს“

„შესაძლებელია ნაციონალების მოძრაობა ბელორუსიის მიმართულებითაც შეინიშნებოდეს“

აპირილში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ეწვევა. ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის შესახებ მუშაობა მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ვიზიტის განხორციელებაზე შემოთავაზება იყო ბელორუსის მხრიდან და მას შემდეგ ამ ვიზიტზე მუშაობა არ შეჩერებულა. საგარეო უწყებაში ლუკაშენკოს ვიზიტის თარიღს ჯერ არ აკონკრეტებენ.

პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს იმის კომპენსაციის მცდელობა, რაც მოხდა უკრაინაში. რა ფუნქციით ჩამოდის საქართველოში და შეინიშნება თუ არა ბელორუსიაში ნაციონალების მოძრაობა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რა პოლიტიკური გზავნილებით ჩამოიდის ლუკაშენკო? ცნობილია, რომ მისი მხრიდან რამდენჯერმე დაფიქსირდა მზადყოფნა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით...

- ლუკაშენკოს ვიზიტს შეიძლება სხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლება ლუკაშენკოს განიხილავდა როგორც საინტერესო პარტნიორს იმ მხრივ, რომ ევროპაზე გამავალი ერთ-ერთი ქვეყანაა და საკმაოდ მნიშვნელოვანი რგოლია ევროპისკენ მიმავალ სხვდასხვა ტრანზიტში. შეიძლება ამ ვიზიტს ეს ეკონომიკური მოტივი ჰქონდეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, რაც ასევ არ არის გამორიცხული, როდესაც ვიზიტს აკეთებს პრეზიდენტი და არა რომელიმე მინისტრი, ვფიქრობ, აქ შეიძლება იყოს იმის კომპენსაციის მცდელობა, რაც მოხდა უკრაინაში. კერძოდ, უკრაინაში პასიურობის გამო, უფრო აქტიური აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტელიტა. გამორიცხული არ არის ნაციონალების მოძრაობა შეინიშნებოდეს ბელორუსიის მიმართულებითაც.

გარკვეული საყრდენები ნაციონალებს ჰქონდა ბელორუსიაში...

- ნამდვილად ასეა და შეიძლება ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი, ესეც იყოს. გამორიცხული არ არის, რომ ეს ვიზიტი უფრო ლუკაშენკოს ინტერესში იყოს ვიდრე ჩვენი, რადგან ლუკაშენკოს ერთ-ერთი რთული მიმართულება არის რუსეთი - ვერაფრით ვერ მოუხერხა რუსეთს ვერაფერი. გამორიცხული არ არის, რომ ისეთი ქვეყანა, როგორც საქართველოა, რომელიც რუსეთთან პრობლემების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, ლუკაშენკოსთვის იყოს რაღაცა პარტნიორის როლის შემსრულებელი, მითუმეტეს უკრაინასთან ურთიერთობაში.

ლუკაშენკოს ვიზიტს გარკვეული აზრთა სხვადასვაობა მოჰყვა საქართველოში. იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი მეტნაკლებად ცდილობს, რომ ბელორუსია აითვისოს და გამოიყენოს რუსეთთან პოზიციების გასანეიტრალებლად, შესაძლებელია, რომ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების დარეგულირების თემა იყოს ვიზიტის მთავარი მიზანი?

- როდესაც ვახსენე, რომ უკრაინის თემა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი-თქო, ანალოგიური ვერსიით ვახსენე, რომ ამ ქვეყნებში შეიძლება იყოს რაღაცა პოტენციალი, რომლითაც შეიძლება უკრაინის პრობლემების გადაწყვეტაზე ზემოქმედება. მე მგონია, რომ უკრაინის თემა იქნება მსჯელობის მთავარი თემა. რაც შეეხება შეფასებას, თქვენ ახსენეთ უცხოეთი, მეეჭვება, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი კონსულტაციების გარეშე გადაედგა.

თუმცა, ექსპერტები სვამენ კითხვას, რა ფუნქციით ჩამოდის ბელორუსიის ლიდერი საქართველოში, ჩამოდის როგორც ევრაზიის კავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი, თუ ჩამოდის როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერი?

- ევრაზიული კავშირის გაცილებით უფრო მკაფიო ლიდერი არის ყაზახეთის ხელმძღვანელი, რომელმაც ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო შექმნა. ის რომ ჩამოვიდეს, ამაზე უარი უნდა ვთქვა იმიტომ, რომ ევრაზიული კავშირის წევრია? ამ დროს საკომუნიკაციო მაგისტრალური ხაზების დატვირთვის ძირითადი პარტნიორი ის შეიძლება იყოს. არ მესმის საკითხის ასე დაყენება. ისევ გაბუტვის პოლიტიკაზეა ლაპარაკი? დიალოგი ყველასთან უნდა გვქონდეს.

მაგრამ, ლუკაშენკო როგორც ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნის პრეზიდენტი, გამორიცხავთ, რომ დირექტივებით შეიძლება მოდიოდეს საქართველოში?

- არა მგონია. ლუკაშენკო არ არის რუსეთთან იმ ურთიერთობაში, რომ ასეთი ფუნქცია მას დაევალოს. თუ ასე არის, ეს უკვე თავისთავად საინტერესოა და საჭიროა დიალოგი, რომ გავიგოთ რა ხდება. მე ვთვილი, რომ ეს იქნება ის ვიზიტი, რომელზეც საქართველომ უარი არ უნდა თქვას. რაღაცა საბავშვო ბაღის ტიპის ურთიერთობები გვინდა სახელმწიფოსგან, არა მგონია, რომ ასეთი ურთიერთობა მომგებიანი იყოს. ამის პრეცედენტიც კი არ არის მსოფლიოში. უკრაინა და რუსეთი იბრძვიან, თუმცა, ამის პარალელურად აქვთ ურთიერთობაც.