„ვიცი, ასეთი ფაქტები რომ არის, მაგრამ საწუხაროდ, ჩვენები არ ასახელებენ იმ ნაძირლებს, არ მოვერიდები ამ სიტყვას, ზუსტად იმის გამო, ვინც ამ ულტიმატუმით ელაპარაკება „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს. ბოლო მოეღება ამას“, -ასე გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების - ნათია ქინქლაძე და ნინო ბიჩინაშვილის გათავისუფლებას.
როგორც ირკვევა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები კონკურსის მეორე ეტაპზე – გასაუბრებაზე დაიწუნეს, გამოცდის შედეგად კი ორივეს მაღალი ქულა ჰქონდა მიღებული და თვითმმართველობის ორგანოებში სპეციალისტებად კონკურსამდეც მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსანტებმა დააგროვეს საკმარისი ქულა, მათ მოსთხოვეს დაეტოვებინათ „რესპუბლიკური პარტია“ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდნენ სამსახურში აღდგენას. ქინქლაძემ და ბიჩინაშვილმა პარტია არ დატოვეს, თუმცა მოუწიათ სამსახურის დატოვება.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდიმარე, ხათუნა სამნიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პროცესს ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ზვიადაური ხელმძღვანელობს. ერთ-ერთი კონკურსანტი, ნათია ქინქლაძე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ზაქარია ქინქლაძის შვილია. ქინქლაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აირჩიეს, თუმცა მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ზეწოლის შედეგად, 2013 წლის სექტემბერში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან.
რატომ ითხოვენ რესპუბლიკელებისგან პარტიის დატოვებას და ვინ მართავს პროცეს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ხათუნა სამნიძეს ესაუბრა.
ნაძირლები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ულტიმატუმით ელაპარაკებიან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს. ვინ არიან ეს ადამიანები და რა ულტიმატუმს უყენებენ პარტიის წვერებს?
- ეს არის რესპუბლიკელებზე ზეწოლა. ჩემთვის საკმარისი იყო მხოლოდ რამდენიმე ფაქტი, რომ ასე მომეხსენიებინა ასეთი ადამიანები, რომლებიც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს, რომლებაც გადალახეს ტესტირება, ეუბნებიან, რომ თუ გინდათ ამა თუ იმ თანამდებობაზე დაინიშნოთ, დატოვეთ პარტია და გადმოდით ჩვენს პარტიაშიო. ასეთ ადამიანს ზუსტად ვუწოდე ნაძირალა და ვთქვი, რომ ეს არის ულტიმატუმი მათი მხრიდან.
ეს არის მხოლოდ ერთეული ფაქტი?
- რამდენიმე ასეთი ფაქტია, რომელზეც ჩვენ ჯერ არ ვსაუბრობთ. ვაკვირდებით ტენდენციას, ვსწავლობთ ამ საკითხებს, ვესაუბრებით ადგილობრივ ორგანიზაციებს და იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია არ იქნება სისტემური და შეწყდება. ვფიქრობ, რომ ეს არის ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც პრობლემები აქვთ ურთიერთობებში. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ პოლიტსაბჭოში, ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ჩანს, ადგილებზე, სადაც არ აქვთ სრულყოფილად ინფორმაცია, ისინი სხვა ტიპის გადაწყვეტილებას იღებენ და სამწუხაროდ, ხშირად არაუფლებამოსილი პირები ერევიან ამ პროცესში.
არაუფლებამოსილ პირებში ძალოვან უწყებას გულისხმობთ? თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ თვითმმართველ ორგანოებში გადაწყვეტილების მიღებაში ერევა სუს-ი...
- ვგულისხმობ რამდენიმე მაჟორიტარს, ვინც ამ პროცესში ერევა. პარლამნეტის წევრები პირდაპირ ჩართული არიან ამ პროცესში. მაგალითად ახმეტაში ამ პროცესში ჩართულია მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ზვიადაური.
რატომ ერჩიან რესპუბლიკელებს რაიონებში?
- ვერ ვიტყვი, რომ ერჩიან. არის რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობა, სადაც ადგილზე წყვეტენ საკითხებს საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები ან გამგებლები, რომ თვითონ იყვნენ ამ პროცესში ჩართულები. არ ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია პოლიტიკური კოალიციიდან მოდის. იმედი მაქვს, რომ ამ სახის ზეწოლა შეწყდება.
ჩემი დაკვირვებით, სადაც ნორმალური ურთიერთობებია, ასეთი ფაქტები არ ხდება, მაგრამ იმ ადგილებში, სადაც პრობლემები აქვთ გარკვეული თანამდებობის პირებს, მიმდინარეობს ზეწოლა. როგორც გითხარით, ეს არ არის ცენტრიდან მიღებული დირექტივა, ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებაა, რაც დარწმუნებული ვარ, რომ დასრულდება.