ფოთის ხორბლის ტერმინალს ყაზახები აღარ ააშენებენ. შუა აზიელებმა საერთოდ გადაიფიქრეს ამ მიმართულებით გააქტიურება და რამდენჯერმე შეწყვეტილ-განახლებულ პროექტს საბოლოოდ დაუსვეს წერტილი.
ასილჟან მამიტბეკოვი ამბობს, რომ ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებაზე ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დაახლოებითი 15 მლრდ ყაზახური ტენგე იხარჯება. ამიტომ უკეთესი იქნება თუ ეს რესურსი ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობაზე დაიხარჯება.
„ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ფოთსა და ვლადივასტოკში ტერმინალების მშენებლობასა და ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებაზე. უმჯობესია, ეს ფული მოვახმაროთ ჩვენი ფერმერების მხარდაჭერას, ლიზინგის სუბსიდირებაზე“, - აღნიშნა მამიტბეკოვმა.
ყაზახებურმა მხარემ საქართველოში ტერმინალის მშენებლობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2007 წელს მიიღო. პროექტი ქართულ-ყაზახური მხარის თანამონაწილეობას (50-50) ითვალისწინებდა. მოგვიანებით, ყაზახურმა მხარემ ტერმინალის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამო გადაიფიქრა. 2010 წელს ყახეთთან მოლაპარაკება ამ თემაზე ისევ განახლდა.
საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ყაზახეთის მიერ სტრატეგიის ცვლილებამ განაპირობა, რომელიც უფრო მეტად ადგილობრივ წარმოებაზე ხდება ორიენტირებული.
„ამ პროექტის განხორციელებით ყაზახეთს საკუთარი მიზანი ჰქონდა. მათ უნდოდათ გასვლა შავ ზღვაზე. ჯერ კიდევ 2007 წელს საკუთარი დერეფნის შექმნის მოტივაციით მოქმედებდნენ. ისინი, ფაქტობრივად, ჩაკეტილები არიან და არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე. ყაზახეთს ხორბალი მიაქვს უკრაინის ან რუსეთის პორტებამდე და ამის შემდეგ ხდება მისი გატანა სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა სილაგავამ სააგენტო „ჯიეიჩენთან“ საუბრისას.
ყაზახებს 2007 წელს ჰქონდათ გეგმა, რომ საქართველოს გავლით დერეფანი გაეკეთებინათ, ანუ ხორბალი რკინიგზით მიეტანათ ფოთის პორტამდე, ხოლო პორტით შემდეგ მსოფლიო ბაზარზე.
„პროექტი იყო ქართულ-ყაზახური, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ, მათ პროექტის განხორციელება გადაიფიქრეს, თუმცა 2010 წელს მოლაპარაკებები ისევ განახლდა. დღესდღეობით ყაზახეთი მაინც ვერ ახერხებს მსოფლიო ბაზარზე გასვლას (შავი და ბალტიის ზღვების გავლით) და ამიტომ მათ სტრატეგიის შეცვლა გადაწყვიტეს. მათ ურჩევნიათ ფული ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისთვის დახარჯონ“, - განუცხადა „ჯიეიჩენს“ ლევან სილაგავამ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ყაზახეთის გარდა სტრატეგია შეცვალა რუსეთმაც. „რუსეთმა ფაქტობრივად, საკუთარი ბაზარი ჩაკეტა და დააწესა საექსპორტო ბაჟი: ღირებულების 15%-ს პლუს 7,5 ევრო. ამან გამოიწევია ის, რომ რუსეთიდან ხორბლის ტრანსპორტირება შეჩერებულია. ყველაფერს ემატება რუბლის დევალვაციაც, თუმცა ფქვილის ექსპორტი შეჩერებული არ აქვთ, პირიქით, წაახალისეს კიდეც. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუბლის ვარდა მიმდინარეობს, ამით ახერხებენ იმას, რომ სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ, ანუ პროდუქტი იქმნება და ქვეყანა საკუთარი ბაზრის ხელშეწყობას ახდენს.
იგივეა უკრაინაშიც, რომელმაც ხორბლის ექსპორტზე კვოტა დააწესა. რამდენიმე დღის წინ უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ხორბლის ექსპორტიორთა ასოციაციამ კვოტირებაზე მემორანდუმი გააფორმეს. სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ადგილობრივი პროდუქციის წახალისებაზეც, ანუ ხორბლის გადამუშავებაზე და შემდგომ ფქვილის გატანაზე“, - აცხადებს სილაგავა.
დემპინგური ფასი აქვს თურქეთსაც. მაგალითად, თურქული ფქვილი ქვეყნის შიგნით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე უცხოეთში ექსპორტირებული. თუ მეწარმეს ფქვილი ექსპორტზე გააქვს, შემდგომ შემოტანილ ხორბალზე სახელმწიფო დემპინგურ ფასს უწესებს.
„აქედან გამომდინარე, შესაძლოა, პრობლემა შეგვექმნას, რადგანაც ბაზარზე გაზარდოს ფქვილის ნაკადი, მაგრამ საკითხი არ დგას ისე, რომ ქართულ ბაზარზე ფქვილი არ შემოვიდეს. აქ მთავარია ის, რომ არასამართლიანი კონკურენცია იქმნება“, - აღნიშნა სილაგავამ.