საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მიზანი ჭეშმარიტების ძიება კი არ არის, არამედ ოპოზიციის განადგურება, რის გამოც დაჭერების სერია წამოიწყო. კანონმდებელის ვარაუდით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ჩადენილია ან მთავრობის წრეებიდან, რომ ზიზღი გააღვივონ და ამ ფონზე ადამიანები დაიჭირონ, ან ეს არის რუსული სპეცსამსახურების გაკეთებული, რომ ქვეყანა სულ დაპირისპირებასა და ქაოსში ამყოფონ.
დაჭერების ახალ ტალღაზე for.ge დეპუტატ დავით დარჩიაშვილს ესაუბრა:
ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ყოფილი ძალოვანები დააკავეს. როგორ აფასებთ, მიმდინარე მოვლენებს?
- ლიტვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გვქონდა და მათთან საუბარმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ასეთი პროცესები და შიდა დაპირისპირებები ქვეყანას საშინლად აზარალებს და ევროატლანტიკურ კურსს ანგრევს. ეს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, არ ესმის... თუმცა, შესაძლოა, ასეც უნდოდეთ კიდეც. ეს პროცესები საზოგადოებაში დაპირისპირების გარდა, არაფერს მოიტანს. მმართველ გუნდს არ ესმის, რომ ყველა აქციას რეაქცია მოჰყვება. ხელისუფლებამ ირმა ინაშვილის სახით, ვითომ საზოგადოებრივი ჯგუფი შეაკოწიწა და მათი აქტივობის ფონზე დაკავებების სერია დაიწყეს. მმართველი გუნდი ვითარებას ისე წარმოაჩენს, თითქოს, ეს პროცესი საზოგადოების მოთხოვნაა. ეს მოსახლეობის მოთხოვნაც რომ იყოს, ადამიანები ლინჩის წესით უნდა გაასამართლონ? რა ევროპულობაზეა, საუბარი?!
სოზარ სუბარი, რომელიც დამვიწყებელია წარსულის, გამოდის და პირდაპირ ამბობს, რომ იუზი ვაზაგაშვილის აფეთქება მიხეილ სააკაშვილის ხელწერაა. რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! „Round up operation“ დაიწყეს, რასაც სამართლის ძიებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ორი წელია, რაც ირაკლი ფირცხალავა და სხვები საკითხებზე აქტიურად საუბრობენ და გამოძიებას არ ემალებოდნენ, მაგრამ ამ მთავრობას შიში დაეწყო, რომ მისი რეიტინგი იკლებს და შსს-ში ქაოსი აქვს. იმის ნაცვლად, რომ რეფორმებს მიხედონ და საზოგადოების კონსოლიდაციაზე იფიქრონ, კუდიანებზე ნადირობის ხერხს მისდევენ. თუ მათ ასე იარეს, მშვიდობიან და ნორმალურ პროცესს ვერ მივაღწევთ, როდესაც ხელისუფლებები არჩევნებით იცვლებიან.
დაკავებების სერიას კუდიანებზე ნადირობის დაწყებად აფასებთ, მაგრამ ბატონო დავით, გახმაურებულ საქმეებში მონაწილე პირების დასჯას საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს. „ქართული ოცნების“ დანაპირებიც ეს იყო...
- მიმდინარე პროცესებს ისეთ კალაპოტში აქცევენ, რომელსაც სამართლიანობის აღდგენასთან, სიმართლის დადგენასთან და კანონის უზენაესობასთან საერთო არაფერი აქვს. საგამოძიებო პროცესის დასრულების ფონზე, ვის ავადმყოფ თავში მომწიფდა ის აზრი, რომ გარდაცვლილის მამა იმ პირებს მოეკლათ, ვისი დაჭერაც მთავრობას უნდა?! პროკურატურას ამ პირების დაჭერა სურს და როგორც ფიქრობთ, ამ პირებმა მთავრობას საჩუქარი გაუკეთეს? - ეს ხომ გამორიცხულია?! ხელისუფლებამ ეს პროცესი იმიტომ დაიწყო, რომ თავი მოჯადოებულ წრეში მოიქციეს და საარჩევნო დაპირებების შესრულებას ვერ ახორციელებენ. ქვეყანაში ეკონომიკა რომ იზრდებოდეს, ლარი მყარი იყოს, უმუშევრობა არ იყოს, ინვესტიციები შემოდიოდეს და ჩავარდნები არ ჰქონდეთ, მაშინ კუდიანებზე ნადირობას არ დაიწყებდნენ. არ შეიძლება, ქვეყანა მარტო ნეგატიური სანახაობებით მართო. ეს კოალიციის რეიტინგზე აისახება, რომელიც აუცილებლად ფსკერისკენ წავა. ხელისუფლებას მარტო სისხლმოწყურებული ირმა ინაშვილები შერჩება და ამით თუ ქვეყნის მართვას შეძლებენ, ამას ვნახავთ.
ვის ინტერესებში შედიოდა იური ვაზაგაშვილის სიკვდილი?
- შეთქმულების თეორიებს ვერ ვიტან, მაგრამ თუ იმ ლოგიკას მივსდევთ ვის რა უნდა, მაშინ გეტყვით, რომ თითი მთავრობისკენ უნდა გავიშვიროთ. მათ ოპოზიციის განადგურება უნდათ და ამისთვის რაღაც ახალი სტიმული სჭირდებათ. როგორც გამოჩნდა, ეს სტიმული უცებ ქვეყანაში გაჩნდა, რომ საფლავზე ადამიანი მოკლეს.
თქვენ ფიქრობთ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის უკან მთავრობა დგას?
- იური ვაზაგაშვილს არ ვიცნობდი, მის შესახებ ათასი ჭორი ტრიალებს და არ ვიცი, სიმართლე რა არის და რა ტყუილი. ეს მკვლელობა ჩადენილია ან მთავრობის წრეებიდან, რომ ზიზღი გააღვივონ და ამ ფონზე ადამიანები დაიჭირონ, ან ეს არის რუსული სპეცსამსახურების გაკეთებული, რომ ქვეყანა სულ დაპირისპირებასა და ქაოსში იყოს.
როგორ ფიქრობთ, იური ვაზაგაშვილის საქმე გაიხსნება?
- ამ მთავრობის ხელში არაფერი გაიხსნება, ეს შეუძლებელია, რადგან მათ გამჭვირვალე პოლიტიკური მოტივები აქვთ. ხელისუფლების მიზანი ჭეშმარიტების ძიება კი არ არის, არამედ ოპოზიციის განადგურება. იური ვაზაგაშვილის საქმე რაფალიანცის საქმეს ძალიან ჰგავს.
ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე, მთავარმა პროკურატურამ ამ დროისთვის 11 ყოფილი ძალოვანი დააპატიმრა. გამორიცხავთ, ე.წ. კორტების საქმის კვალი ყოფილი მაღალი თანანმდებობის პირებზე გავიდეს?
- ამათ გონებაში რაც ტრიალებს, იმ კვალს დადებენ, მაგრამ ეს იქნება დევნა და ბრალის დაბრალება ცრუ მოწმეებზე დაყრდნობით.
სამართლიანობის აღდგენის პროცესი თუ დაიწყება, „ნაციონალური მოძრაობა“ რა საფრთხეების წინაშე დადგება, ვინაიდან თქვენს ხელისუფლებას ბრალს დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში სდებენ?
- ეს ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას“ ფიზიკურ და თავდასხმების საფრთხეს უქმნის. ჩვენს მიმართ მსგავსი ქმედებების განხორციელება ახალი არ არის, მაგრამ ეს გაძლიერებაში გვეხმარება. რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია უკურეაქცია და ეს გამოცდილება შესაძლოა, ჩვენი ქმედებებითაც მივიღეთ.
სამართლიანობის აღდგენის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დაკავებას გამორიცხავთ?
- არაფერს არ გამოვრიცხავ. ამ ხელისუფლებას ორი წელი ჰქონდა, მაგრამ ახლა ურცხვად ცრუობს და ამბობს, რომ თითქოს, სახელისუფლებო სადავეები მათ ხელში არ იყო და პროცესებს ნაციონალები მართავდნენ. ახლა ნულიდან იწყებენ? ამის ვის სჯერა?
თქვენ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებთ. ყოფილი პრემიერი კი, თქვენს შესახებ სერიალის 9+1-ის გადაღებას აპირებს. როგორი იქნება სერიალი?
- მეეჭვება, ამის შესრულება შეძლოს, რადგან დრო არ ეყოფა და ბოლოს ფული დაენანება. ეს ყველაფერი ღიმილს იწვევს. სერიალში გოგა ხაინდრავას როლს ვინ ითამაშებს, რომელიც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო?! ასევე ივანიშვილის როლს ვინ განასახირებს, რომელიც იძახის, რომ ამ სისხლიანი რეჟიმის მთავარი დამფინანსებელი იყო?!
ანუ, ფიქრობთ, რომ ეს სერიალი უხერხულ ვითარებაში ავტორებს ჩააყენებს?
- რა თქმა უნდა. ეს სერიალი ბოღმიანი ადამიანების გულებს გაახარებს და ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამ ფორმებით ქვეყნის მართვა არ შეიძლება.
ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში საუბარია, რომ ის პარტია „ქართული ოცნების“ რიგებში დაბრუნდება. ამის წინაპირობას ხედავთ?
- ქვეყნის განვითარებისთვის კარგია, რომ ივანიშვილი პოლიტიკას საერთოდ არ გაეკაროს და პასუხი იმაზე აგოს, რაც მისი თაოსნობით გროვდება, მათ შორის - პოლიტიკური თვალსაზრისით. თუკი ყოფილ პრემიერს ქველმოქმედების განხორციელება სურს, სჯობს, ეს მან კანონის ფარგლებში მოაქციოს. ივანიშვილის მიზანია, ირმა ინაშვილისგან ხელოვნური ოპოზიცია შექმნას. ეს საქართველოს ევროპაში კი არა, თუ რუსეთი გადარჩა, კრემლში მიიყვანს. ერთადერთი, რაშიც ივანიშვილმა ეშმაკობა გამოაჩნდა, ის არის, რომ მას ადამიანების მანიპულირება, ვიღაცის უცებ მოძულება და ურთიერთდაპირისპირება ეხერხება. მას სხვა რაიმე სტრატეგიული ხედვა არ აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ მან თავისსავე შერჩეულ ადამიანებს დისკომფორტი შეუქმნას. ასე მოხდა ალასანიასა და მარგველაშვილის შემთხვევაში. რაც შეეხება ღარიბაშვილს მას მინიშნებას აძლევს, რომ რაიმე ზედმეტი არ გაბედოს.
ანუ, ყოფილ პრემიერს ღარიბაშვილიც მოძულებული ჰყავს?
- მას არავინ უყვარს და არც არავინ სძულს. ის იმით ცხოვრობს, რომ ადამიანების მანიპულაცია მოახდინოს. ერთმა ახლობელმა მითხრა, რომ სუფრასთან ისხდნენ და ივანიშვილმა მას სხვაზე აზრი ჰკითხა. ამ კაცმაც გულახდილი პასუხი დაუბრუნდა, მაგრამ ივანიშვილი ადგა და ენა იმას მიუტანა, ვისზეც რაღაც უთხრეს.