რა თემაზე არ უყვარს ლაპარაკი მწერლის ფსიქოლოგ ქალიშვილს
...ამას წინათ, ერთმა მეგობარმა მითხრა, შენი მშურსო. დავიბენი, რა გშურს-მეთქი. რა და _ ნათია ფანჯიკიძესთან რომ მეგობრობო... გამეცინა და დავპირდი, გაგაცნობ-მეთქი, მაგრამ ისე გამოვიდა, ნათიასთან მისვლა მარტოს მომიწია... დიახ, არ ვმალავ: ნათიასთან ჯერ კიდევ იმ დროიდან ვმეგობრობ, როცა პოლიტიკურ არენაზე ,,ოცნება' ბუზისტოლადაც არ ჩანდა. საერთოდ, არ მეგულება ადამიანი, ნათია გაიცნოს და მასთან მეგობრობის სურვილი არ გაუჩნდეს... არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს ამ შესავალს რომ წაიკითხავს, ვიცი, მეტყვის, სუბიექტური ხარო, მაგრამ სუბიექტური კი არ ვარ, იმას ვამბობ, რაც არის... მოკლედ, ტრადიცია არც ამჯერად დავარღვიე და ირაკლი ალასანიას მეუღლეს, გურამ ფანჯიკიძის ნაბოლარა ქალიშვილს, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ ,,კამარაში' ვესტუმრე. ნათიამ პაციენტთა ნამუშევრები დამათვალიერებინა და მითხრა, 16 თებერვალს გამოფენას ვხსნითო. მერე ყავა მოადუღა და... მუსაიფს შევყევით...
- ნათია, წლებია, გიცნობ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ მოხდა, მაგრამ არ იცვლები: უწინდებურად ენერგიული ხარ, ქოთქოთებ, ფუსფუსებ... არ იღლები?
- ბებიაჩემი, ტასიკო ამბობდა ხოლმე, დასვენება კუბოშიო. ვიდრე ცოცხალი ხარ, ენერგია, სასურველია, სასარგებლოდ დახარჯო, მით უმეტეს, თუკი ეს ენერგია შემოქმედებითია ანუ სხვასაც არგებს... ცხოვრებაც ესაა...
- მახსოვს, თავდაპირველად, ,,კამარაში' 20-მდე პაციენტი იყო. ახლა რამდენია?
- ბევრი...
- ვიცი, ამ ბევრ პაციენტს ნათიას იმედი აქვს. გყავს ადამიანი, ვინც შენთვის ნათიას ფუნქციას ასრულებს ანუ ვისთანაც ისვენებ, რჩევას ეკითხები...
- ერთი კონკრეტული კი არა, ყველა ჩემი დასაყრდენია! ვანო, მაგალითად, შენ - როგორც კარგი ჟურნალისტი, მეგობარი და კეთილგანწყობილი ადამიანი, ჩემთვის საიმედო და მშვიდი გარემო ხარ... პირველი შთაბეჭდილება უარყოფითიც რომ იყოს, ადამიანს, როგორც წესი, ვენდობი, რადგან ყველა ადამიანშია რესურსი, რომელსაც შეიძლება, ენდო, რაც ხანდახან არ ამართლებს, მაგრამ იმედგაცრუების საგანი ესეც არაა (ნათიას მზერა ფოტოკორესპონდენტ ზურა მეგრელიშვილზე გადააქვს, - ვ.პ.). ზურასაც ვენდობი - ვიცი, ჩემი ფოტო კარგი გამოვა და ამით ბედნიერი ვარ! ასიდან 99 შემთხვევაში, ადამიანები იმედს არ აცრუებენ და ნდობა მართლდება. ისე, სხვადასხვა ეტაპზე მენტორის, დასაყრდენის ფუნქციას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადამიანი ასრულებს: ჩემი პირველი დასაყრდენი ბაბუა იყო, რომლის გავლითაც სამყაროში ძალიან ბევრი რამ გავიცანი. მისგან თუნდაც მცენარეების ენა და ჩიტების მოსმენა ვისწავლე. მერე, მამას და დედას სამყარო შემოვიდა. სამყაროს მიმართ ჩემი ამერიკელი პროფესორის, ანათირა მიშერის ხედვაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო...
- ირაკლის სამყაროზე რას იტყვი?
- ირაკლის სამყარო ჩემს ცხოვრებაში?
- დიახ...
- ამით ცხოვრების კალაპოტი ერთად წარიმართა... ეს კიდევ რაღაც სხვა ურთიერთობაა...
- ნათია, შეიძლება, ამ თემაზე ლაპარაკი არ გინდა, მაგრამ ვიღაცები არ ჩერდებიან და სოციალურ ქსელში შენს ერთ ძველ ნათქვამს ატრიალებენ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მშვიდად ვარო, თუმცა, როგორც მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, თქვენი ოჯახის სიმშვიდე სწორედ ივანიშვილმა დაარღვია...
- ვანო, უნდა დავაზუსტო: კარგად არ მახსოვს, ეს ინტერვიუ რომელ ჟურნალში დაიბეჭდა, მაგრამ მთლიანად მსუბუქი იყო და ეს ამონარიდი მაშინ ნაციონალებმა აფრიალეს...
- ვიცი, შენი სიტყვები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და ამაზე სხვა დროსაც გვილაპარაკია, მაგრამ იცი, როგორაა - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება: ადრე შენს სიტყვებს ნაცები აფრიალებდნენ, ახლა კი - ,,ოცნებელები'...
- სიტყვა ,,ნეტარება' კი არა, ,,ნეტარი' ვთქვი, რომელიც ირონიულია და ,,ცოტა სულელს' ნიშნავს, მაგრამ ჟურნალისტმა ,,ნეტარება' დაწერა და ამით ინტერვიუს სალაღობო შინაარსი, მეტ-ნაკლებად, შეიცვალა. ისე, ის სიმშვიდე, რომელიც მაშინ მქონდა, არ გამცრუებია. ცხოვრებისეული იმედი ბიძინა ივანიშვილზე კი არა, არავისზე დამიმყარებია - მხოლოდ ჩემი თავის იმედი მაქვს, მაგრამ იმ ინტერვიუში ლაპარაკი იყო, ბრძოლის ბედი გადაწყვეტილია და სიმშვიდეც ამ ბრძოლაში ივანიშვილის მონაწილეობითაა გამოწვეულიო. რაც შეეხება ,,სიმშვიდის დარღვევას', ჯერ ერთი, ეს კარგი ფორმულირებაა, მეორეც, მეტაფიზიკურ დონეზე, ვთვლი, რომ მან მხოლოდ თავისი სიმშვიდე დაარღვია, რადგან ჩვენ არ შეგვშლია - მას შეეშალა! ჩემს განცდაში მხოლოდ ისაა, რომ ხუთი ადამიანია ციხეში, ეს უსიამოვნოა და გინდება, იმ შეურაცხყოფას, რაც შენს ცხოვრებისეულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, პასუხი გასცე, თან ახლა აღმოჩნდა, რომ ,,კაბელების საქმეზე' ბრალსაც კი ვერ უყენებენ - დანაშაულის ერთი ,,ფუნცქლიც' არაა და რამდენი სიბინძურე უნდა მოიფიქრონ, რომ ბრალი მაინც წააყენონ. ადამიანებს შინაგან სიმშვიდეს კი არა, ჯანმრთელობასაც მხოლოდ საკუთარი შეცდომა გვირღვევს!..
- სიმშვიდე არც მაშინ დაგერღვა, როცა აღმოაჩინე, რომ შენს სახლში ვიღაც ,,კუდრაჭა' იმყოფებოდა?.. ნუთუ, შინაგანად არაფერს ელოდი?
- შინაგანად, შეიძლება, ჩვენც აგვაფეთქონ ან წავიქცეთ და მოვკვდეთ... ადამიანს ყველაზე ძალიან, შეიძლება, სიკვდილის ეშინოდეს.
- სიკვდილის გეშინია?
- არა, რა თქმა უნდა, რადგან სიკვდილი ბუნებრივი მდგომარეობაა, დრო კი, ჯადოსნური რამეა - 20 წელი იცხოვრებ თუ ასი, მაინც ერთი წამია. ასე რომ, ვიდრე ცხოვრებაა, ცხოვრება იყოს! როცა სერფერი ტალღებში შედის ან ალპინისტი ევერესტზე მიცოცავს, არ ფიქრობს, რომ მოკვდება, მაგრამ მერე, რა, თუ მოკვდება, რა პრობლემაა?! - კარის გაღება რომ მოგეხერხებინა და ვიღაც ,,კუდრაჭას' ანუ ქურდს პირისპირ შეყროდი, რას გააკეთებდი? - ძნელი სათქმელია... ასეთ რაღაცებზე ფიქრი ფუჭია, რადგან საფრთხის დროს ადამიანში განგაშის სისტემა ირთვება. განგაშის სისტემა ბუნებაში სამი სხვადასხვა სახით არსებობს: ერთია თავდასხმა - საფრთხე რომ იგრძენი, საბრძოლო მდგომარეობაში მოდიხარ; მეორეა გაქცევა, მესამე კი - გაშეშება, ვითომ უხილავი ხარ. ძნელი გასათვლელია, კონკრეტულ ვითარებაში ორგანიზმი განგაშის ამ სამი სახეობიდან რომელს აამუშავებს, თორემ მერე, მეც ვიდარდე, როგორ არ გამახსენდა, რომ ერთი გასაღები კარს მხოლოდ გარედან კეტავს, ჩამეკეტა და ვიღაცას პირდაპირ ფაქტზე დავიჭერდი- მეთქი. ეს არც ჩემს გამოცდილებაში იყო და არც - მოლოდინში. განა, იმას არ ველი, რომ შეიძლება, შეძვრნენ, კამერა დააყენონ ან რამე ცუდი გააკეთონ. უბრალოდ, არ ველოდი, რომ პირისპირ შემხვდებოდნენ. იგივე ახლა რომ მოხდეს, უკვე ვიცი, რომ კარს იმ გასაღებით დავკეტავ...
- სადარბაზოში რამდენ ხანს იდექი?
- ამის განსაზღვრა დარეკილი ზარების მიხედვით შემიძლია...
- სადარბაზოდან უცხო ხომ არ გამოსულა?
- არა... ალბათ, ჩემი ხმაც ესმოდა...
- მესამე სართულზე ცხოვრობთ, არა?
- მეოთხეზე...
- თუ არავინ გამოსულა, აბა, სად გაქრა?
- შეიძლება, ზემოთ ავიდა ან რომელიმე ცარიელ ბინაში შევიდა...
- როგორც ვიცი, კორპუსის გარეპერიმეტრზე ვიდეოკამერებია. ჩანაწერში რამე საეჭვო ჩანს?
- არ ვიცი, კამერები რომ გასინჯეს, რა აღმოაჩინეს...
- სახლიდან არაფერი დაკარგულა?
- არა...
- ნათია, ცუდი რაღაც უნდა გკითხო...
- (იღიმის) კარგი მკითხე, შე კაცო...
- კარგსაც გკითხავ... იმ ინციდენტის გამო, რაც ლოპოტაზე მოხდა - თქვენი წამოსვლის შემდეგ, სასტუმროდან ვიდეოჩანაწერები ამოიღეს, ხომ არ გაგიმძაფრდა განცდა, რომ ირაკლი, შეიძლება, დაიჭირონ?
- დამსახურების, წესიერებისა და სამართლის მიხედვით, ვერ და არ უნდა დაიჭირონ, მაგრამ, თუკი ამ ქვეყანაში ყველაფერს ხაზი გადაუსვეს და ისეთი თავნებობა იქნება - როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო - მაშინ რა პრობლემაა, შენც რომ დაგიჭირონ, ირაკლიც და ტრიფონიც, თორემ სამართლებრივი თვალსაზრისით, ირაკლის ვერ დაიჭერენ!
- ისე, ამ ,,ამბიციურ და უჭკუო' ალასანიასთან თანაცხოვრება არ გიჭირს?
- თანაცხოვრება ბედნიერებაცაა და გაჭირვებაც. შეიძლება, ყოფილა შემთხვევა, როცა დავღლილვარ. ეს დაღლილობა ყველაზე ძალიან მაშინ შევიგრძენი, როცა ირაკლი ნიუ იორკიდან საქართველოში დაბრუნდა - ის პერიოდი, პროფესიულად თუ პიროვნულად, ჩვენთვის ძალიან კარგი იყო და მქონდა განცდა, ვერ დავისვენე, კიდევ სადღაც გარბის- მეთქი. დღეს კი, ირაკლის ბრძოლის მიმართ გულში ისეთი თანხმობა მაქვს, როგორც არასოდეს. საერთოდ, ამბიცია ცუდი სიტყვა არაა, თუმცა ცუდი მაშინაა, როცა იმას ეჭიდები, რაც შენს პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას სცილდება, თორემ ამბიცია ადამიანს ქმნის. თუნდაც, თუ ქართველები ამბიციური ერი არ ვიქნებით, გვეკუთვნის, მაგარი ქვეყანა გვქონდესო, მაგარი ქვეყანა ვერასოდეს გავხდებით. ირაკლის თავისი ხედვა აქვს, ქვეყანა როგორ კალაპოტში უნდა განვითარდეს. ირაკლი ამ ხედვას ადამიანებს მიაწვდის და, თუკი ხალხს მოწონება, მაშინ თავი არ უნდა დაზოგოს. ეს ხედვა ადამიანებს რომც არ მოეწონოთ, ირაკლის ეცოდინება, რომ თავი არ დაზოგა ანუ თავის თავთან მართალი იქნება... ასე იქნება თუ ისე, ცხოვრება მაინც მშვენიერია იმიტომ, რომ თუკი ამხელა პასუხისმგებლობას წამოიკიდებ და ქვეყნისთვის სიკეთეს გააკეთებ, ეს ბედნიერებაა, მაგრამ, თუ არ წამოიკიდებ, ეს ცალკე ბედნიერებაა...
- როცა ირაკლი ზემოხსენებული ეპითეტებით შეამკეს, გაგეცინა?
- რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, გააჩნია, ეპითეტებს ვინ ისვრის; მეორეც, ადამიანი, რომელიც თვითონ ღირსებით სავსეა, ასეთ ეპითეტებს არ ისვრის...
- ნათია, პირფერობად არ ჩამითვალო და, ჩემს გარშემო თითქმის არავინაა, ვინც შენდამი კეთილად არაა განწყობილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ირაკლი ,,ოცნებას' დაუპირისპირდა, ერთი- ორმა სოციალურ ქსელში გაგაქილიკა...
- არ შეიძლება, ყველას მოსწონდე. იმას მოსწონხარ, ვინც შენთან კულტურულ, ინტელექტუალურ თანხვედრას გრძნობს...
- ...გახსოვს, წელიწადნახევრის წინ შენთან ვიყავი. მერე, საღამოს, მომწერე, შენი გამომეტყველება არ მომეწონა და რა გჭირსო...
- ეს ხომ მაშინ იყო, ავად რომ ხდებოდი?
- ჰო... მოკლედ, შენგან უდიდესი პოზიტივი მოდის...
- (იცინის) ჩემი სუბიექტური ნეპოტისტი ხარ...
- არც სუბიექტური ვარ და არც ნეპოტისტი, თან ნეპოტისტს საჯაროდ რომ მიწოდებ, რა, გინდა, დამიჭირონ?
- (ისევ იცინის) არა, არ მინდა...
- ...ნათია, რა ამის პასუხია და, ადამიანები გიჟები ვართ?
- არა...
- სიგიჟე რა არის?
- სიყვარულის უუნარობა და ამის გამო სამყაროში ჰარმონიის დარღვევა.
- ჰარმონია ხომ პირობითი ცნებაა: ის, რაც შენთვის ჰარმონიაა, ჩემთვის, შეიძლება, დისჰარმონია იყოს...
- ჰარმონია სიყვარული და სიცოცხლეა! ჰარმონია ყველაფერთან ისეთი ღია და ლოგიკური დამოკიდებულებაა, როგორი წესრიგიც კოსმოსშია...
- კი ბატონო, ჰარმონია სიყვარული და სიცოცხლეა, მაგრამ ადამიანთა მოდგმის მიზანი კარგი ცხოვრებაა. კარგ ცხოვრებად ბევრი ფული ითვლება, რისთვისაც ერთმანეთს ვხოცავთ და ათასგვარ სისაძაგლეს ჩავდივართ. აი, ესაა ცხოვრება და სიყვარული რა შუაშია?
- ვანო, ადამიანებში ძალიან დიდი სიყვარულია. უბრალოდ, ადამიანის არსებობა დიქოტომიურია ანუ ჩვენ ცხოველი სხეული და ამავე დროს, სულიც გვაქვს, რომელიც შემოქმედებითია და რომელიც, თავისი საოცარი სინათლით, ზოგჯერ, ღმერთსაც უტოლდება. ადამიანი, სწორედ ამ შემოქმედებითი სულის წყალობით, სხეულისგან ნაკარნახევ ცნობიერებაზე მაღლდება, მაგრამ სხეულს ბოლომდე მაინც ვერ გაექცევა და ადამიანური ქცევა ხშირად ბუნებიდანაა გადმოტანილი: ვთქვათ, როცა ლომი თავის სანადირო კვადრატს იცავს. როცა უძლურდება, ახალგაზრდა ლომი სხვა კვადრატიდან მოდის, დაბერებულს გლეჯს და მის სანადირო ტერიტორიას ეპატრონება, მის შვილებსაც - ბოკვრებს ჭამს, რათა ამ კვადრატში თავისი გენი განავითაროს. ადამიანები ჯუნგლის კანონს დღემდე ვერ გავემიჯნეთ და ომები სწორედ ამ პრინციპით ანუ სარჩო- საბადებლისთვის ხდება. ამ სარჩო- საბადებელს ნავთობი და ოქრო ახლა ჰქვია, თორემ ადრე ადამიანები ერთმანეთს თავს იმიტომ უჩეხდნენ, რომ ერთის ძროხამ მეორის მიწაზე ბალახი მოძოვა. ადამიანური გზა სიმპათიას იმსახურებს, რადგან ცხოველური ინსტინქტებისგან გაქცევას და იმ ღვთაებრივ საწყისთან გატოლებას ცდილობს, რომელიც მასშია. გზა გრძელია, მაგრამ მთავარია, ცდილობს.
- თქვენს საცხოვრებელ კვადრატს ირაკლი როგორ იცავს?
- ირაკლის სანადირო კვადრატი სარჩო- საბადებლით გამდიდრების კვადრატი არასოდეს ყოფილა! სწორედ ესაა ღირებულებითი ბრძოლა. მისი ღირებულება იმ კვადრატს უკავშირდება, რასაც ქვეყანა ჰქვია. ვიდრე ეს ჯუნგლური გადანაწილება - ქვეყნები, სახელმწიფოები - არსებობს, ჩვენი ქვეყანა დასაცავი გვაქვს, რომელიც კიდიდან კიდემდე უნდა იგრძნო.
- ნათია, შენი და ირაკლის მტრები ვინ არიან ან, საერთოდ, მტრები გყავთ?
- (ფიქრობს) არ ვიცი... რთული კითხვაა...
- დარტყმებს საიდან ელი ხოლმე?
- ვანო, ძალიან პოლიტიკური პასუხი გამომივა და არ მინდა...
- ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი როდის გქონია, უფრო სწორად, სირთულედ რას თვლი - ფინანსურ კრიზის თუ..?
- ვანო, ტრაგედიის სულ ორი ფორმა არსებობს: ძვირფასი ადამიანის სიკვდილი და მძიმე ავადმყოფობა. ყველაფერი დანარჩენი კი, უბრალოდ, უსიამოვნებაა.
- მამის გარდაცვალება როგორ გაიგე?
- ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს...
- ის განცდა, რაც მაშინ დაგეუფლა, დიდხანს გაგყვა?
- რა თქმა უნდა... უკვალოდ არაფერი მიდის...
- ბოლოს მამაშენის რომელი ნაწარმოები წაიკითხე?
- 2014 წლის მაისში, ,,ეშმაკის ბორბალს' რედაქტირება გავუკეთე...
- გურამ ფანჯიკიძის ნაწერები რამეში გეხმარება?
- კი, მეხმარება...
- გურამ ფანჯიკიძე და მამია ალასანია ცოცხლები რომ იყვნენ, შენი და ირაკლის ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა?
- ალბათ... როცა ისინი იყვნენ, ყველაფერი სხვანაირი იყო... მათ კვალი დატოვეს... მერე, ჩვენც აღარ ვიქნებით...
- აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, როგორ ფიქრობ, ოდესმე დავიბრუნებთ?
- ის, რაზეც აღარ ფიქრობ, აღარ ბრუნდება, ის კი, რაზეც ფიქრობ, აუცილებლად დაბრუნდება! ოღონდ ეს ფიქრი სწორი, ანუ სიყვარულით სავსე უნდა იყოს.
- რაზე აღარ ფიქრობ?
- ბალერინობაზე - ბავშვობაში დედას ოპერისა და ბალეტის თეატრში დავყავდი და იმ ნაზ, ფარფატა კაბებზე, დაბლა ნელა რომ ეშვებოდა, ვგიჟდებოდი.
- საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი, თავს ყველაზე კარგად რომელ ქვეყანაში იგრძნობდი?
- თავს ძალიან ცუდად აფრიკის განსაკუთრებით გაუბედურებულ ქვეყანასა და ავღანეთში ვიგრძნობდი, სადაც ამდენი თაობა ომის ჯოჯოხეთშია. ასეთი უკიდურესობის გარდა, ვხუმრობ ხოლმე, ყველგან, სადაც მე ვარ, ყოფნა კარგია- მეთქი. კარგია, ქართველი რომ ვარ და ასეთ კომბინაციებს ფიქრებშიც არ ვადგენ. რეალობასთან ჰარმონიულად ვარ გამაგრებული!
- აშშ-მ რა მოგცა?
- ძალიან დიდი პროფესიული გამოცდილება და ბევრი რამის ცოდნა.
- ნიუ იორკმა თავისუფლებაც ხომ არ გასწავლა?
- თავისუფლება იოლად არ ისწავლება! თავისუფლება სულში, მხოლოდ ნოყიერ ნიადაგში ვითარდება!
- ნათია, ამ თემაზე ადრეც ვილაპარაკეთ, მაგრამ კიდევ გკითხავ: მაშინ, როცა მინისტრის ცოლი გერქვა და ირაკლის შენი თავისუფლება რომ შეეზღუდა, ვთქვათ, მიენიშნებინა, სოციალურ ქსელში აზრის გამოთქმისგან თავი შეიკავეო, გააპროტესტებდი?
- თავისუფლება რატომ უნდა შეეზღუდა?
- ვიღაცები ქირქილებენ, ის, რაც ალასანიას გარშემო მოხდა, მისი ცოლის დამსახურებაა - არ ჩერდებოდა და ხელისუფლებას საჯაროდ აკრიტიკებდაო.
- ის, რომ რამე ჩემი ბრალია, ცრუ წარმოდგენაა!
- ,,გააჩერეთ ეს ქალი!' - ასეთ კომენტარებსაც წერდნენ...
- ეს შეკვეთილი კომენტარები იყო, რადგან ,,ამ ქალს' საქართველოში არავისთვის არაფერი დაუშავებია, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ შეუწუხებია.
- ...ნათია, ხომ არ გაცდენ?
- არა, ძალიან მიყვარხარ და შენთან ლაპარაკი მსიამოვნებს...
- რუსეთში ბოლოს როდის იყავი?
- რუსეთში ნამყოფი არ ვარ!
- ეს როგორ - ბოლოს და ბოლოს, ბავშვობა ,,დიად საბჭოეთში' გაატარე და მამამ მოსკოვში ერთხელ მაინც არ წაგიყვანა?
- არა... ერთხელ, მე და ჩემმა მეგობარმა გემით რუსეთის რამდენიმე ქალაქის სანაპირო მოვიარეთ, მაგრამ ეს რუსეთში ყოფნას არ ნიშნავს, რადგან ძირითად დროს მაინც გემზე ვატარებდით...
- რატომ თვლი, რომ საქართველოს გადარჩენა დასავლეთშია?
- ყველა ხომ ვფიქრობთ, რომ შვილი უკეთეს სკოლაში შევიყვანოთ, სადაც კარგი გარემო, სისუფთავეა და ესა თუ ის საგანი კარგად ისწავლება... ქვეყანაც ასეა - მასთან უნდა ვიმეგობროთ, სადაც წინსვლის უკეთესი პირობებია, თორემ მას, რომელსაც საკუთარი თავისთვის ვერ მოუვლია, ჩვენთვის რესურსი არ აქვს. ისე, ისტორიული თვალსაზრისით, მტრები იცვლებიან - ვინც მტერი იყო, აღარაა ანუ პოლიტიკა ჯვრისწერა არაა, მაგრამ დღეს რეალობა ასეთია: რუსეთმა ბევრი დაგვაკარგვინა და თავის ნანგრევებში მოგვიყოლა. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის აუცილებელია ძლიერი ალტერნატივა, რომელიც მისი საყრდენი იქნება! დასავლეთი და ნატო ჩემთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან ასოცირდება! მათგან მეტი არაფერი მჭირდება!
- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ რუსეთი ერთმორწმუნეა, ტრადიციები შეგვინარჩუნა...
- ერთმორწმუნე კი არა, შენი სისხლი და ხორციც რომ იყოს, რომელიც შვილებს დაგიცხრილავს, მგონი, უნდა მიხვდე და მისგან თავი შორს დაიჭირო! ასე რომ, ჩვენთვის ძალიან შორს არც დასავლური რწმენაა - იქაც არიან მართლმადიდებლური ქვეყნები. ბოლოს და ბოლოს, ევროპაშიც ქრისტიანები არიან! მუსულმანების საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს - არაჩვეულებრივი კულტურის ხალხია. ჩვენს ქვეყანაშიც უამრავი მუსულმანია... ჩემთვის მთავარი მორწმუნეობა, ღვთის იდეის გაგებაა და არა ის, თუ როგორი გზით ცდილობს ადამიანი ღმერთთან დაახლოებას...
- რამდენიმე კვირის წინ, ,,შარლი' იყავი?
- მე ყოველთვის მე ვარ, მაგრამ ნებისმიერი მკვლელობა, თუნდაც იმ ადამიანის, რომელიც ყველაზე ცუდ ნახატს ხატავს, საშინელებაა!
- არის ისეთი ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი გაწყვიტე?
- ასეთ კატეგორიულ გადაწყვეტილებას არ ვიღებ ხოლმე. ზოგჯერ ადამიანი ძალიანაც გიყვარს, მაგრამ ურთიერთობას ვერ ახერხებ.
- სადმე ბიძინა ივანიშვილს რომ შეხვდე, მიესალმები?
- რა პრობლემაა?!
- ...დედამიწა გიყვარს?
- (იღიმის) რა თქმა უნდა - მსუქანი და მრგვალი...
- უცხოპლანეტელებზე გიფიქრია?
- ბავშვობაში მიფიქრია, ნეტავ, სადმე მსგავსი ცივილიზაცია თუ კიდევ არსებობს- მეთქი...
- ოცნებაც გიყვარს?
- ოცნება დასაწყისია: ოცნება სურვილად უნდა ფორმირდეს, სურვილი - მიზნად და მერე, ოპერატიული მოქმედება დაიწყება. ასე რომ, ოცნება სურვილის ჩანასახობრივი წინაპირობაა.
- ოცნება აგხდენია?
- კი, როგორ არა...
- ესე იგი, ოცნებები ხდება...
- რასაკვირველია, თუკი მას რაციონალურ სახეს მივცემთ...
- რა არის შენთვის ,,კამარა'?
- ,,კამარა' მოდელია, რომელიც ჩემს რწმენასა და მტკიცებულებაში შედის - თუკი ადამიანს კარგად ექცევი, გიყვარს და სწორ გარემოს უქმნი, მისი სული თბება, ყვავილივით იშლება და შემოქმედებას იწყებს! ასე რომ, ,,კამარა' განხორციელებული ღირებულებაა!
- ,,კამარაში' პაციენტები როგორ მოდიან?
- ინფორმაცია, ,,ციგნის ფოსტისა' არ იყოს, სწრაფად ვრცელდება - ის, ვინც კარგად გახდა, ,,კამარაზე' სხვას უყვება... ზედმეტ რეკლამას სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ კაპიკებზე ვმუშაობთ, ტერიტორიაც მცირე გვაქვს და, ხალხი რომ მოგვაწყდეს, რა ვქნათ?! ჩვენ ბიზნესორგანიზაცია არ ვართ, თერაპია პაციენტისთვის უფასოა და მცირე უცხოური ფინანსური დახმარებით ვარსებობთ. ახლა პრეზიდენტმა დაგვაფინანსა - თავისი შეწყალებული პატიმრების თერაპია შეგვიკვეთა და ამით დახმარება საზოგადოებასაც გაუწია, ყოფილ პატიმარსაც და ჩვენც. მინდა, სტაციონარი მქონდეს და მკურნალობა აქვე დავასრულო, მაგრამ, რადგან სტაციონარი არ გვაქვს, ვცდილობთ, ადამიანს, რომელიც სიფხიზლეს დამოუკიდებლად ვერ ინარჩუნებს, ე.წ. ლომკა ან მშრალად გადავაგდებინოთ, ან ვთხოვოთ, რომ ჯერ სტაციონარში იმკურნალოს და მერე ჩვენთან მოვიდეს.
- პაციენტებს შენდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ახლებს კონტაქტში შემოსვლა არ უჭირთ?
- არა. მთავარია, ჩვენ როგორ ვხვდებით. საერთოდ, არაცნობიერი არასოდეს ცდება. ადამიანებს შორის ვერბალური, სიტყვიერი კონტაქტის მნიშვნელობა, რასაც ცნობიერი აკონტროლებს - მხოლოდ 20 პროცენტია. როცა ენერგეტიკული კავშირი პაციენტთან სწორი იმპულსით მიდის, გრძნობს, რომ უნდა გენდოს...
- პაციენტი მართებული ტერმინია?
- რა თქმა უნდა! პაციენტი დამამცირებელ ტერმინად არ მიმაჩნია და სწორედ ამ ტერმინის შენიღბვაა სტიგმატიზება.
- ნარკომანიის სტიგმა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია?
- დიახ, ასეა. ცივილიზებულ მსოფლიოში ნარკოლოგია ფსიქიატრიული კლინიკის დეპარტამენტია, რადგან ნარკომანია ტვინის დაავადებაა - ამ ნივთიერებების მიღებით და ცნობიერების მუდმივი ხელოვნური ცვლილებით ტვინში ირღვევა მეტაბოლიზმი და ამავე დროს, ქერქიც ზიანდება. ტვინის პრობლემა ორ დარგს - ნევროლოგიასა და ფსიქიატრიას ,,ეკუთვნის'. აქედან გამომდინარე, ნარკომანია ავადმყოფობაა, რომლის კრიმინალურ ჩარჩოში მოქცევაც დაუშვებელია!
- ნათია, ბოლოს, ერთსღა გკითხავ და ჩემს გზაზე წავალ: მას შემდეგ, რაც მინისტრის ცოლი აღარ გქვია, ადამიანები შენთან ურთიერთობას ხომ არ გაურბიან?
- სიტყვა ,,ადამიანი' ძალიან ბევრს ნიშნავს... არა, არ გაურბიან! ძალიან ბევრი ადამიანი მახვევია!
- ჩემს ადგილას რომ იყო, ნათია ფანჯიკიძეს რას ჰკითხავდი?
- (ფიქრობს) არ ვიცი... ვანო, შენს ადგილას როგორ უნდა ვიყო? - შენ შენ ხარ, თან ჟურნალისტობა ჩემი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავდება. ჩემი პროფესიის მთავარი მოთხოვნა საიდუმლოს შენახვა და ადამიანის თითოეული სიტყვის გაფრთხილებაა. ჟურნალისტისთვის კი, პირიქით, მთავარი ინფორმაციის გახმაურებაა.
- რა ვიცი, ქვეყნის დანგრევას ჟურნალისტებს გვაბრალებენ...
- ეს ქვეყანა ჟურნალისტებმა ან რომელიმე სხვა ჯგუფმა კი არა, ნებისმიერი ჯგუფიდან მათ დააქციეს, ვისაც ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა არ ჰქონდა!
- წარმატებებს გისურვებ, ნათია!