ეკონომიკის ზრდის 5%-იანი ოცნება ვერა და ვერ ასრულდა

ეკონომიკის ზრდის 5%-იანი ოცნება ვერა და ვერ ასრულდა

2014 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩავარდა, 2015 წლის კი - შესაცვლელია. საქართველოში და მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, ვითარება ელვის სისწრაფით შეცვალა.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველომ დაგეგმილ 5%-იან ზრდას ვერ მიაღწია და წლიური მაჩვენებელი 4,7%-ზე დაფიქსირდა. რაც შეეხება დეკემბრის მონაცემებს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2014 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1,9%, ხოლო 2014 წლის IV კვარტალში 1,6% შეადგინა.

არადა 2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7,2% იყო, მეორე კვარტალში კი 5,2% შეადგინა, მესამე კვარტალში კი - 5,6%. მკვეთრი კლება მხოლოდ მეოთხე კვარტალში აღინიშნა, მაგრამ ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა წლიური მაჩვენებლის შეუსრულებლობისათვის.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წინა წლის დეკემბრში იჩქარა და დააანონსა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილ 5%-ს გადააჭარბებდა. რეალურად კი მთავრობას დაგეგმილი მაჩვენებელიც კი სანატრელი გაუხდა.

სხვათა შორის, 2015 წელსაც მშპ-ს 5%-იანი ზრდაა დაგეგმილი, თუმცა ბოლოდროინდელი დამუხრუჭების, საგარეო ფაქტორების და რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე ეს უკვე საეჭვოდ მოსჩანს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემაც მთავრობას ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვისკენ მოუწოდა. „გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ეკონომიკაშია და არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს უკვე გვაქვს, აუცილებელია დაიწყოს ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით. შესაბამისად, - ფინანსური და მაკროეკონომიკური ფინანსური ინდიკატორების გადაგეგმვა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს იმ გამოწვევებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს“, - აღნიშნა ქადაგიძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეც ასევე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის 5%-ით ზრდის პროგნოზი უნდა გადაიხედოს, საჭიროების შემთხვევაში კი ცვლილება განხორციელდეს.

„ეკონომიკური ზრდის 5%-იანი საპროგნოზო მაჩვენებელინამდვილად გადასახედია. ამაზე იყო გვქონდა საუბარი, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებთან. ჩვენს გარშემო ეკონომიკური ზრდის ტემპი ყველგან დავარდნილია, ზოგს უარყოფითი მაჩვენებელიც კი აქვს. ამიტომ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და მოხდეს გადაანგარიშება. თუკი რამე სათუო იქნება, შეიძლება კორექტირება მოხდეს“, - აცხადებს ტყემალაძე.

ეკონომიკისა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ამ ეტაპზე მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით ზუსტი პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. მთავარი ფინანსისტი ნოდარ ხადური კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მთავრობას ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დასაზუსტებლად საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.

„ვაკვირდებით ყველა იმ მდგენელს, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას. მათ შორის, ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში, სადაც ყველა ქვეყანამ გააუარესა ეკონომიკური ზრდის პროგრესი. ჯერ ერთი თვეც არ არის გასული ახალი წლიდან, ჩვენ არ გვაქვს ამ დროისთვის შესაბამისი ინფორმაცია.

გავაგრძელებთ კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანოებთან, იმასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში დავაზუსტოთ მშპ-ს ზრდის პროგნოზი. ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია, რომელიც წლიური პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს“, -განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრი აზრით, მშპ-ს პროგნოზის გადახედვისათვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება.

„ჩვენ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებს თუ შევხედავთ (იგივე ევროკავშირში), ნახავთ, რომ მნიშვნელოვნად გაუფასურებულია ევრო, რაც გამოიწვევს კიდეც სავაჭრო ურთიერთობების გადახედვას. ეს ნიშნავს, რომ ევროპასთან მიმართებაში სრულიად შესაძლებელია, რომ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი შეიცვალოს. მეორე მხრივ, ის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ნავთობპროდუქტები შემოდის, გვაძლევს საშუალებას, რომ ფასები უფრო სტაბილური იყოს, რადგან ნავთობი გაიაფებულია. ამ დროს ექსპორტის ბალანსი აქაც ირღვევა. 

დეკემბრის შემდეგ, როდესაც პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტი, მნიშვნელოვნად შეიცვალა გარემო. როდესაც ბიუჯეტზე ვმუშაობდით, 5%-იანი ზრდა იყო აბსოლუტურად რეალტური. ახლა ჩვენ ვსწავლობთ მაჩვენებლებს, რომელიც არის ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ხადურმა.