„მოვალენი ვართ ვიბრძოლოთ იმ ღირებულებისთვის, რომლის გამო შევცვალეთ ნაციონალების ხელისუფლება“

„მოვალენი ვართ ვიბრძოლოთ იმ ღირებულებისთვის, რომლის გამო შევცვალეთ ნაციონალების ხელისუფლება“

„ჯერ კიდევ ოფიციალურად პრემიერ-მინისტრად მომუშავე ირაკლი ღარიბაშვილი განწირულია, დღეს თუ ხვალ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ არ დადგა, მით უფრო უარესი. რადგანაც ისედაც არაძლიერი პრემიერი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უკვე სრულიად ყველასგან განწირულად და სრულიად უსუსურ ფიგურად მოსჩანს. კრიზისულ მდგომარეობაში ასეთი ფიგურები ვერ მართავენ მდგომარეობას“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პარლამენტარი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ნინო გოგუაძე.

რა მოლოდინი აქვს პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით და რატომ არ უჭერს მხარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ნინო გოგუაძეს ესაუბრა.

ქალბატონო ნინო, ყოფილი პრემიერის განცხადების კვალდაკვალ რა მოლოდინი გაქვთ, გაიმართება ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

- ჩვენი პიზიცია არის ერთმნიშვნელოვანი და ჩვენ ამ პოზიციას არასოდეს არ ვცვლით. როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით, მაშინაც ვამბობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით და კონსტიტუციურ ვადაში. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფო. სახელმწიფომ კონსტიტუციურ ვადებში ცხოვრება უნდა ისწავლოს. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თავის არჩევანზე პასუხისმგებლობის აღება და ეს ხდება 4 წლით ვადით.

იმისათვის, რომ ჩვენ ჩამოგვიყალიბდეს სახელმწიფოებრივი ცნობიერება, მნიშვნელოვანია სახელმწიფო მიეჩვიოს კონსტიტუციურ ვადებში ცხოვრებას, მაგრამ თუკი, კრიზისის დაძლევის შანსი არის ვადამდელი არჩევნები?

- რა თქმა უნდა, კრიზისის შემთხვევაში არის-ხოლმე გამოსავალი ვადამდელი არჩევნები, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის გაცილებით უფრო მიღებულია მთავრობის გადადგომა. ყველა სახელმწიფოში მთავრობის შეცვლა და ახალი ძალების მოსინჯვა, რომელიც შედარებით შეცვლის ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას, ეს არის გაცილებით უფრო იოლი გზა და გაცილებით უფრო კონსტიტუციური ფორმა.

როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში არსებული გამოწვევების და შექმნილი მდგომაროებიდან გამოსავალი მთავრობის გადადგომაა?

- აუცილებელია მთავრობის გადადგომა. ერთმნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ვერ გაართვას თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამიტომ, მე ვთვლი, რომ მთავრობის გადადგომა არის აუცილებელი. ვადამდელ საპარალამენტო არჩევნებზე ლაპარაკს, ჯობია ეს მექანიზმი გამოვიყენოთ, რომ სახელმწიფო აარიდონ პოლიტიკურ კრიზსს. სრულიად გაუგებარია, რატომ დგას ვადამდელი არჩევნების საჭიროება, როდესაც არანაიარი ასეთი ნიშნები, რომ აუცილებელი იყოს პარლამენტის დათხოვნა, არ დგას. გაცილებით ეფექტურია გადადგეს მთავრობა და ახალი მთავრობა დააკომპლექტოს საპარლამენტო უმრავლესობამ.

ხომ არ ფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად ხდება აქცენტის გადატანა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რათა აირიდონ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი?

- მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს თავიდან ვერ აიარიდებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე როდესაც ლაპარაკობენ, ესეც ვერ მოხდება მთავრობის გადადგომის და ახალი მთავრობის შემოტანის გარეშე. უბრალოდ, ესენი ამ ეტაპს საერთოდ გამორიცხავენ. გამორიცხავენ იმ შესაძლებლობას, რომ შეეცადონ ამ კრიზისული მდგომარეობიდან თავის დაღწევას, შექმნან შედარებით უფრო ადეკვატური და ეფექტური მთავრობა და პირდაპირ ლაპარაკობენ საპარალამენტო არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა და ეს არის რაღაცა გაუგებარი პოლიტიკური თამაშების ნაწილი, რომელიც რას ემსახურება, ამას ჯერ არ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მოსაზრებები ამის შესახებ გამაჩნია. როდესაც უფრო დასაბუთებული იქნება ჩემი ვარაუდი, მაშინ აუცილებლად მოგახსენებთ ამის შესახებ.

თქვენ თვლით, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის მთავრობის გადადგომა, თუმცა, ყოფილი პრემიერის ინტერვიუდან ჩანს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გათავისუფლების საკითხი არ დგას დღის წესრიგში...

- ამ ინტერვიუდან ეს ერთმნიშვნელოვნად არ ჩანს. თუმცა, ამ ინტერვიუდან დავინახე, რომ ბატონი ბიძინა არ არის კმაყოფილი ირაკლი ღარიბაშვილით. შეეცადა ეს შედარებით რბილ ფორმებში გამოეთქვა. ბატონმა ბიძინამ მიანიშნა იმ კორუფციულ და ნეპოტიზმურ გარემოცვაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მოიყვანა მთავარობაში და ამით უკმაყოფილო იყო ყოფილი პრემიერი. მან გამოაცხადა, რომ ის გადაიღებს მთავრობაში მიმდინარე ნეპოტიზმისა და კორუფციულ სქემაზე ფილმებს.

ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ მთავრობაში არის კორუფცია, არის ნეპოტიზმი და როგორ შეიძლება ამის ფონზე, კმაყოფილი იყოს მთავრობის მუშაობით, მითუმეტეს - პრემიერ-მინისტრის მუშაობით. პირიქით, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ოფიციალურად პრემიერ-მინისტრად მომუშავე ირაკლი ღარიბაშვილი განწირულია, დღეს თუ ხვალ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ არ დადგა, მით უფრო უარესი. რადგანაც ისედაც არაძლიერი პრემიერი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უკვე სრულიად ყველასგან განწირულად და სრულიად უსუსურ ფიგურად მოსჩანს. კრიზისულ მდგომარეობაში ასეთი ფიგურები ვერ მართავენ მდგომარეობას.

უკმაყოფილების მიუხედავად, ყოფილმა პრემიერმა გააკრიტიკა პრეზიდენტი და თქვენი პარტიის ლიდერი. ივანიშვილი ამბობს, რომ ნდობა, რომელიც მას აქვს ხალხში, ეს მარგველაშვილის და ალასანიას დამსახურება არაა...

- ეს ნამდვილად ასეა. არც მარგველაშვილს და არც ალასანიას არასოდეს არ უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობა, რომელიც მას ხალხმა გამოუცხადა ალასანიას და მარგველაშვილის დამსახურებაა. პირიქით, ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ ვამბობთ, რომ მადლობელი ვართ ბატონი ბიძინასი, სწორედ, იმ შანსის გამო, რომელიც მისმა პოლიტიკაში შემოსვლამ და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებამ მისცა ქვეყანას. მაგრამ, სწორედ, იმ შანსის გამო, რომელიც ჩვენ მაშინ მივიღეთ, არ გვაქვს უფლება არ ვილაპარაკოთ იმ არასწორ მიმართულებებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. როდესაც ჩვენ შევცვალეთ ავტორიტარული ხელისუფლება და ხალხს შევპირდით, რომ დავამკვიდრებდით სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, მოვალენი ვართ ვიბრძოლოთ იმ ღირებულებისა და იდეალებისთვის, რომლის გამო შევცვალეთ ნაციონალების ხელისუფლება.

რაც შეეხება Human Rights Watch-ის ანგარიშს, ანგარიშში მოხვდა თავდაცვის სამინისტროს ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომლის დაკავება. ანგარიშში ნათქვამია, რომ მათ ბრალი წაუყენეს სავარაუდოდ, გაყალბებული ტენდერის საფუძველზე... პროკურატურამ არ უზრუნველყო დაცვის მხარის ადვოკატების სრული წვდომა მტკიცებულებებზე... ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული. როგორია თქვენი შეფასება?

- ეს არის ძალიან მძიმე დასკვნა. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციის დასკვნას, თუ მივდივართ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების კუთხით, მაშინ სახელმწიფო მოვალეა, გაითვალისწინოს ასეთი მაღალი ნდობის მქონე ორგანიზაციების შეშფოთებები და რეკომენდაციები.

რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, ძალაინ კარგად არის ეს ასახული ამ ანგარიშში. თითქმის ყველაფერი არის განმეორებული, რასაც ჩვენ პირველი დღიდან ვიძახდით. ჩვენთვის დღესავით ნათელი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც შეასრულა პროკურატურამ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ. სამწუხაროდ, პროკურატურამ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, 5 უდანაშაულო ადამიანი ჩასვა ციხეში და დღემდე ციხეში არიან, რადგან პროკურატურა ცდილობდა გასულიყო ირაკლი ალასანიაზე. ეს იყო პოლიტიკური საქმე და სწორედ ამიტომ ხდება სასამართლოების გადადება.

დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლომდე თუ მივა ეს საქმე, დაერქმევა თავისი სახელი. ძალიან ცუდია, რომ პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ვერ პასუხობენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას სახელმწიფო, ვერ პასუხოებენ გაძლიერებულ კრიმინალს, ვერ პასუხობენ ვერც ერთ გამოწვევას და დაკავებული არიან პოლიტიკური შეკვეთებით. ეს არის ძალიან მძიმე რამ. ეს გზა ნამდვილად არ მიგვიყვანს დასავლეთისკენ და სამართლებრივი სახელმწიფოსკენ.