ქართულ ღვინოს რუსულმა რუბლმა უღალატა

ქართულ ღვინოს რუსულმა რუბლმა უღალატა

ქართული ღვინო რუსეთში ახალ პრობლემას შეეჩეხა, რომელსაც რუბლის მკვეთრი გაუფასურება ჰქვია. იანვარში საქართველოდან ჩრდილოეთისკენ ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტმა მკვეთრად იკლო, ზოგიერთმა კომპანიამ კი საერთოდ ვერაფერი გადაზიდა.

რუბლის გაუფასურებამ პრობლემები არა მარტო რუსეთს, არამედ ექსპორტიორ ქვეყნებსაც შეუქმნა. ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები რუსეთში მსყიდველუნარიანობის დაქვეითების გამო, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების მატებასა და მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობენ. ისინი ელოდნენ, რომ რუსეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა არ შემცირდებოდა, თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია - მათ შერჩათ ძვირად ნაყიდი ყურძენი, რუსეთში ღვინოზე მოთხოვნა კი, ფაქტობრივად, განახევრებულია.

„ყველა ელოდა, რომ რუსეთში მოთხოვნა იქნებოდა იმავე მასშტაბით, რაც მანამდე იყო, რეალობა სულ სხვაა. ქართველ მეღვინეებს ახლა აქვთ ძალიან ძვირად ნაყიდი ყურძენი და მოთხოვნა არის განახევრებული რუსეთიდან. იანვარში არც ჩვენ გვაქონია რუსეთში გადაზიდვა, თუმცა თებერვლიდან ვაპირებთ, რომ აღვადგინოთ. თებერვლისთვის უკვე გვაქვს შეკვეთა, დაახლოებით, 10 000 ბოთლზე, მაგრამ იანვარში ჩვენი ექსპორტი რუსეთში, ალბათ, 0-ის ტოლი იქნება“, - განაცხადა კომპანია „თბილღვინოს“ ხელმძღვანელმა გიორგი მარგველაშვილმა.

კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძეც ამბობს, რომ პროდუქციის ექსპორტი, რუბლის კურსის ცვალებადობის გამო, შეფერხებულია, თუმცა ამ თემაზე ვრცლად საუბრისგან თავს იკავებს.  კომპანიაში აცხადებენ, რომ იანვარში რუსეთიდან შეკვეთები არ ჰქონიათ.

„თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურა რამაზაშვილის ინფორმაციით, კომპანიამ ახალ წლამდე პროდუქციის საკმაოდ დიდი რაოდენობა გადატვირთა, მაგრამ 2015 წელს ჯერ არაფერი გაუტანიათ.

„ზოგადად, რუსეთში რეალიზაცია საკმაოდ შეფერხებულია, თავად რუსეთის ბაზარზე არსებული პრობლემების გამო. მოგეხსენებათ, რუსეთში ვალუტის კურსი უცხოური ვალუტების მიმართ მკვეთრად დაეცა, შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა. ამის გამო ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირებულია.

ჩვენ პროდუქციას რუბლებში არ ვყიდით, არამედ პირდაპირ უცხოურ ვალუტაში, ვგულისხმობ, ამერიკულ დოლარს. შესაბამისად, ჩვენი ტარიფები ჯერჯერობით არ შეცვლილა. რასაკვირველია, ქვეყნის შიგნით ეს ფასი ავტომატურად გაიზრდებოდა იმიტომ, რომ რუბლის გაუფასურების გამო იმპორტირებული პროდუქციის ფასი მატულობს“, - განაცხადა „ბიპიენთან“ საუბრისას რამაზაშვილმა.

სოფლის მეუნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე კი ამბობს, რომ ოფიციალურ სახელმწიფოთა დონეზე რამე მსგავსი შეტყობინება, თითქოს, რამე სახის შეზღუდვები არსებობს ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით, არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და არც ღვინის ეროვნულ სააგენტოს არ მიუღია.

„თუ კონკრეტულ კომპანიას რამე პრობლემა ექმნება ვალუტის კურსის ცვლილებებიდან გამომდინარე, ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამწუხაროდ, ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია.  ყველას მოეხსენება, რომ დღეს რუსეთში რთული ვითარებაა და შესაბამისად, ჩვენ ჩვენი პროგრამებით, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვაქვს, ხელს ვუწყობთ საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას.

ვეხმარებით ღვინის მწარმოებლებს, რომ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გამოფენებში სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, ჩინეთში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში. ეს ხდება იმიტომ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება ექსპორტის თვალსაზრისით“, - აცხადებს კერესელიძე.

ქართული ღვინისგან განსხვავებით, რუსეთში ქართულ კონიაკის ექსპორტი არ შეჩერებულა. კონიაკის მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთში ქართულ კონიაკზე დიდი მოთხოვნაა.