შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური ძალოვან უწყებაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, გომელაურმა სამინისტროს იმ თანამშრომელთა სიის მიწოდება მოითხოვა, რომლებიც გახმაურებულ საქმეებში თუნდაც ირიბად მონაწილეობდნენ და ასევე, ვისაც კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი for.ge-სთან კულუარულ საუბარში აცხადებს, რომ გომელაური უწყების ნაციონალებთან დაახლოებული პირებისგან გაწმენდას აპირებს.
მოსალოდნელია თუ არა შს სამინისტროში საკადრო ცვლილებები, ამის თაობაზე თავად უწყების წარმომადგენლობა არ საუბრობს. შესაბამისი კითხვით for.ge-მ მინისტრის მოადგილეს, ლევან იზორიას მიმართა, თუმცა, მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა და პარლამენტის კიბეები ჩაირბინა. კანონმდებელთა შორის კი, აზრთა სხვადასხვაობაა ძალოვანი უწყება უნდა დატოვონ თუ არა ნაციონალებთან ასოცირებულმა პირებმა.
„თავისუფალი დემოკრატი“ შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებების განხორციელება მინისტრის პრეროგატივაა და მან სამინისტროში გუნდის მუშაობა ისე უნდა უზრუნველყოს, რომ უწყების წინაშე მდგარი ამოცანები გადაიჭრას. როგორც for.ge-ს შავგულიძემ განუცხადა, თუ სადმე ინტერესთა კონფლიქტი არსებობს და თუკი სადმე გამოძიებაშია ისეთი საქმე, სადაც პერსპექტივაში მხილებულნი შეიძლება იქნან შს სამინისტროს თანამშრომლები, ასეთ შემთხვევაში, ასეთი პირები თანამდებობებს დროებით მაინც უნდა განერიდონ.
„საკადრო ცვლილებების განხორციელება მინისტრის პრეროგატივაა. ახალ მინისტრს წარმატებას ვუსურვებ და იმედს გამოვთქვამ, რომ სამინისტრო კომპეტენტურად და უფრო კვალიფიციურად იმუშავებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინების გარეშე უზრუნველყოფს“, - აცხადებს შავგულიძე, რომლის მსგავსად, ახალ მინისტრს წარმატებას უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც უსურვებს, თუმცა, ის მინისტრს რჩევას აძლევს.
for.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ წარმოდუგენელია, დამნაშავეების, ან ეჭვმიტანილების ხელით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. დეპუტატის შეფასებით, ვახტანგ გომელაური ძალიან პრინციპული ადამიანია და მისი საქმიანობა ყოველთვის ქართველი ხალხის მხარდამჭერი იყო.
„თუკი სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი დამნაშავეების მიმართ მომთხოვნი იქნება და შეეცდება უწყება დამნაშავეებისგან გაწმინდოს, მან მინიმუმ ეჭვმიტანილებს უფლებამოსილება უნდა შეუჩეროს, რაც სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იქნება. სხვა შემთხვევაში, საზოგადოებისთვის იმის ახსნა გაგვიჭირდება, შსს დამნაშავეების ხელით როგორ ებრძვის დანაშაულს“, - აცხადებს ქუცნაშვილი.
ძალოვან უწყებაში პოლიტიკური ნიშნით საკადრო ცვლილებების განხორციელების წინააღმდეგია ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ კორძაია.
როგორც for.ge-ს კორძაიამ განუცხადა, ის ისეთ მიდგომას არ ემხრობა, რომ სიები მომზადდეს.
კორძაიას განცხადებით, შსს-ში საკადრო ცვლილებები იმ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს, თუკი ეს პროცესი გამოძიებას და პოლიციის საქმიანობას ეფექტურს გახდის.
„ასეთ მიდგომებს არ ვემხრობი. ადამიანები თავიანთი პროფესიონალიზმით უნდა ფასდებოდნენ და არა სიებით. თუ იმას გადავხედავთ, რომ ძალიან ბევრი საქმე გამოძიებული არ არის, მაშინ გეტყვით, რომ ახალი მინისტრის მიმართ ახალი მოლოდინები არსებობს და მან საქმიანობა ეფექტური უნდა გახადოს, მაგრამ სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების ფაქტებს მხარს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუჭერ. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება კი, ჩემთვის უკანონო გათავისუფლება იქნება. არ მგონია, რომ ახალი მინისტრი ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებდეს, მაგრამ თუკი მას რეფორმა აქვს განსახორციელებელი იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს გამოძიება და პოლიციის მუშაობა ეფექტური გახდეს, მაშინ მან ცვლილებები უნდა განახორციელოს“, - დასძენს კორძაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი კახიანი.
კახიანი for.ge-ს საუბარში აღნიშნავს, რომ შსს მუშაობს და ეს დანაშაულის სტატისტიკაშიც აისახება, თუ როგორია საქმეების გახსნის მაჩვენებელი. დეპუტატის მოსაზრებით, თუკი შსს-ში ისეთი თანამშრომლები არიან, რომელთაც ნაციონალების დროს და ახლა რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, ასეთი ადამიანები სამსახურიდან არა მხოლოდ უნდა დაითხოვონ, არამედ მათი შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს.
„საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ვხედავ, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ვინმეს რაიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი“, - აღნიშნავს კახიანი.
პარლამენტის თავდაცვსა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით არავის დევნის, მაგრამ თუკი პირი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმებს დაარღვევს, ის პასუხს აგებს. როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუმარტა, უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პირებს პოლიტიკური საქმიანობა აკრძალული აქვთ. ამიტომ, თუ პოლიციელს, ან უშიშროების სისტემის თანამშრომელს ამა თუ იმ პარტიასთან პოლიტიკური კავშირი, ან საქმიანი კავშირები აქვს, ეს საფუძველი იქნება იმის, რომ ის უწყებიდან გაუშვან.
„თუკი ადამიანი თავის უფლებამოსილებას სათანადოდ არ ასრულებს, მას სამსახურიდან დაითხოვენ. ასევე თუკი ესა თუ ის პირი კანონს არღვევს და თუკი ის დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მაშინ ის პასუხს აგებს. პოლიტიკური ნიშნით არავის არ ვდევნით და ვისაც ამის ილუზია უჩნდება, ნაციონალების მმართველობას თვალი გადაავლოს. თუ ნაციონალი არ იყავი, მუშაობას არათუ უშიშროების სისტემაში ვერ დაიწყებდი, არამედ დამლაგებელიც ვერ გახდებოდი. ეს დრო დამთავრდა და ამაზე უარი ვთქვით, მაგრამ ვინც დანაშაული ჩაიდინა, მათ მიმართ ლოიალური ვერ ვიქნებით“, - დასძენს სესიაშვილი.
ვახტანგ გომელაური საკადრო ცვლილებების განხორციელებას დაიწყებს თუ უწყების რეფორმირებას, ეს ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება, რადგან დეპუტატთა ნაწილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დანაპირების შესრულებას და შსს-ს რეორგანიზაციას ითხოვს. მათ შორის არის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც მთავრობას საარჩევნო დაპირების შესრულება საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან მოსთხოვა. სპიკერს კი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კანცელარიიდან გამოეხმაურა და მან შსს-ს რეორგანიზაცია დაანონსა.