პეტრენკომ წულუკიანს კარი მიუხურა

პეტრენკომ წულუკიანს კარი მიუხურა

უკრაინის იუსტიციის მინისტრი, მისი ქართველი კოლეგის მისაღებად მზად არ არის. თეა წულუკიანი სამჯერ ეცადა, რომ მისი უკრაინაში ვიზიტის თარიღი თავის უკრაინელ კოლეგასთან შეეთანხმებინა, თუმცა მინისტრმა კიევიდან მესიჯი მიიღო, რომ უკრაინელი კოლეგა მის მისაღებად მზად არ არის. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ აჭარის ა-რ ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. როგორც ვარშალომიძე აცხადებს, ის იუსტიციისა და ეკონომიკის სფეროს რეფორმირებაში უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან იყო ჩართული.

„საქმე ჯერ ბევრია გასაკეთებელი. ყველას მოგეხსენებათ, რა რთულ სიტუაციაშია დღეს უკრაინა. როდესაც აგრესიაა, უფრო აქტიურად უნდა განხორციელდეს ყველა ეკონომიკური რეფორმა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. დღეს, ალბათ, ყველა პატრიოტი ქართველი უკრაინელია“, - აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

წულუკიანისგან განსხვავებით, უკრაინის ხელისუფლება მზად აღმოჩნდა საქართველოს ვიცე-პრემიერების გიორგი კვირიკაშვილისა და კახი კალაძის მისაღებად. უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ვიცე-პრემიერებმა უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრაზე შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ივნისში ბათუმი საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას უმასპინძლებს.

„უკრაინის ხელისუფლება და ხალხი დღეს რთულ ვითარებაშია და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება არსებული სიტუაციის დალაგება. მივესალმები, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, 2015 წლის ივნისში, ბათუმში ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, სადაც კონკრეტულ დეტალებზე იქნება საუბარი“, - განაცხადა კახი კალაძემ.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის ჩაშლილ შეხვედრას, ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, საქართველოს სამინისტროები ცდილობენ, უკრაინის ხელისუფლებასთან პირდაპირ კონტაქტებს და ამაში საელჩო აქტიურად არის ჩაბმული.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრს ძალიან დიდი შრომის გაწევა დასჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი კოლეგა, ბატონი პეტრენკო ჩამოეყვანა საქართველოში. ქალბატონმა წულუკიანმა მოიწვია პეტრენკო საქართველოში, აღუთქვა მას დახმარება, დაათვალიერებინა, გააცნო აბსოლუტურად ყველაფერი და ა.შ. ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკრაინულ მხარეს ნებისმიერ დახმარებას გაუწევდა მათთვის საჭირო ნებისმიერ საკითხში.

ქალბატონი თეა წულუკიანი უნდა წასულიყო საპასუხო ვიზიტით უკრაინაში. ის სამჯერ ეცადა, რომ თარიღი შეეთანხმებინა თავის უკრაინელ კოლეგასთან, შემდეგ მან მიიღო უკრაინიდან მესიჯი, რომ მისი კოლეგა არ არის მზად მის მისაღებად. ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან ზოგიერთი პოლიტიკოსები კიევში. მათ უშლიან ხელს იმაში, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ოფიციალურ დონეზე მოხდეს. ვინ უშლის ხელს ადვილი დასადგენია. ხელს უშლიან ისინი, ვინც ალტერნატიული დახმარების გზების მომხრეები არიან და ვინც ამაში ძალიან სერიოზულ გასამრჯელოს იღებენ“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაცივდა. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნები უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ, საქართველოს ხელისუფლებამ არაადეკვატური განცხადებები აკეთა, რამაც 2 ქვეყნის ურთიერთობებზე გავლენა იქონია. მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ მათი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უკრაინელ კოლეგებთან ინტენსიური კონტაქტები იყო.

„ჩვენ დეკემბრის დასაწყისში მოვისმინეთ, რომ თითქოს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იგეგმებოდა იანვარში. შემდეგ მოვისმინეთ, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტამდე შედგებოდა მინისტრების ვიზიტები და ეს ვიზიტები მოამზადებდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტს. ჩვენ ეხლა ვართ მოწმე იმისა, რომ არანაირი ვიზიტი დაგეგმილი არ არის. ეს ყველაფერი არის მანიშნებელი იმისა, რომ ურთიერთობა არის გაცივებული. შესაბამისად, პრემიერის ვიზიტი არის ჩაშლილი. ჩვენ არც ის ვიცით როდის შედგება ასეთი ვიზიტი, იმას ნიშნავს, რომ მუშაობა ამ მიმართულებით არ, ან ვერ მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული ჩავარდნა, ჩვენ სერიოზულად გავაუარესეთ ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან. ამას სჭირდება გამოსწორება“, - ამბობს ფანჯიკიძე.

რაც შეეხება წულუკუანის ჩაშლილ ვიზიტს, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ როდესაც იუსტიციის მინისტრი ვერ პოულობს დროს ქართველ კოლეგასთან შესახვედრად, არის ძალიან ბევრი რამის მანიშნებელი, კერძოდ იმისი, რომ სურვილი ინტენსიური ურთიერთობისა უკრაინას საქართველოსთან სამწუხაროდ არა აქვს. „ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ უკრაინელი კოლეგები არ ექცეოდნენ ქართველ კოლეგებს ასე და შედგეს კომუნიკაცია მათ შორის“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნა, რომლებიც შემჩნეული არიან სისტემურ დანაშაულში, ბუნებრივია ეს არ წაადგება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. მისი თქმით, უკრანის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ, ადვილი შესაძლლებელია, რომ ხალხთა შორის ბზარი გააჩინოს. რაც შეეხება პრემიერის ჩაშლილ ვიზიტს, ხუხაშვილი თვლის, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება.

„საქართველოს ორივე ვიცე-პრემიერი უკრაინაშია, რაც ძალიან კარგია და სწორიც. პრემიერი რომ არ წავიდა, ვფიქრობ, რომ ესეც წორია. ეს არის რბილი ხაზგასამა იმაზე, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდა ამ თემებთან დაკავშირებით, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რადიკალურად ვაუარესებთ უკრაინასთან ურთიერთობას. რანგით დაბალი პირების გაგზავნა უკრაინაში დიპლომატიურია და სწორადაც იკითხება.

რაც შეეხება წულუკიანის თემას, ეს ძალიან კერძო თემაა. არ ვიცი წულუკიანს თუ უნდოდა, რომ იქ ჩაეტენა იგივე ადეიშვილზე ან სხვების შესახებ ინფორმაცია, შეიძლება ამის გამო შეიტანეს უკრაინელებმა შესწორება ამ ვიზიტის მიმართ, რომ კიდევ უფრო არ გამწვავებულიყო ურთიერთობა. ძალიან ვწუხავარ, რომ ქალბატონი თეა ვერ გაემგზავრა უკრაინაში, მას შეუძლია ევროპის სხვა ქვეყანაში გაემგზავროს. ასე რომ, ძალიან ნუ ინერვიულებს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.