მედიკამენტების გაძვირება დაწყებულია და ამას არც მთავრობა უარყოფს და არც ფარმაცევტები. უკვე განიხილება წამლების ფასზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ სწავლობს საბაზრო კონიუნქტურას. ლარის კურსი იმდენად თავბრუდამხვევი ტემპით უფასურდება, რომ მედიკამენტების ფასის დაჭერა შეუძლებელია.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, დღეისთვის 350-მდე მედიკამენტზე არის ფასები მომატებული, სულ კი ბრუნვაში 5000-ზე მეტი მედიკამენტია. კვარაცხელია აცხადებს, რომ აღნიშნული ციფრი 10%-იც კი არ არის იმ მედიკამენტებისა, რაზეც მოხდა ფასის გაძვირება. ამიტომაც ჯერჯერობით რაიმე ზომას სამინისტრო არ მიმართავს. საუბარია წამლების ფასისთვის ზედა ზღვრის დაწესებაზე, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ შეიქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია.
„შეიძლება სუბსიდირება მოვახდინოთ, შეიძლება მნიშვნელოვან მედიკამენტებზე ზედა ზღვარი დავაწესოთ, თუმცა ამის საშიშროება ამ ეტაპზე არ არის და არ ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა ჩავერიოთ. თუ დოლარის კურსი ქვევით ჩამოვიდა, ისევ დარეგულირდება ფასი. დღეს არანაირი ნიშანი არ არის, რომ ამ ღონისძიებების გატარება საჭიროა. ფასებს ბაზარი არეგულირებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
დედაქალაქში მდებარე აფთიაქებში კი აცხადებენ, რომ მედიკამენტების ფაისი ზრდა უკვე დაწყებულია, განსაკუთრებით გაძვირებულია წნევის წამლები. ფარმაცევტების ინფორმაციით, თითქმის ყველა ტიპის მედიკამენტს ფასი მოემატა. მაგალითად გაძვირებულია „დიპროსპანი“, „სალბუტამოლი“, „პანადოლი“. როგორც მომხმარებლები ამბობენ, ბოლო დღეებში მათ მედიკამენტების შეძენა გაზრდილ ფასად უწევთ. წამლებზე ფასმა, ძირითადად, 1,5-2 ლარის ფარგლებში მოიმატა. თუმცა, მაგალითად, მედიკამენტი „დიპროსპანი“ 4 ლარით არის გაძვირებული.
რასაკვირველია, მედიკამენტების გაძვირება დოლარის კურსს უკავშირდება. გამომდინარე იქედან, რომ ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება, ფასების ზრდა გაგრძელდება, რაც წამლებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მით უფრო, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ქსელში წარმოდგენილი წამლების 90% უცხოური წარმოშობისაა.
ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მედიკამენტების ფასებზეც რომ აისახება, ამას მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც ადასტურებენ. „პეესპეს“ დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი განმარტავს, რომ ფასი 2-დან 5%-მდე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ლარის კურსმა დოლართან შეფარდებაში 2-ის ნიშნულს გადააბიჯა. რამდენადაც 2 დღეა სავალუტო ბაზარზე სწორედ ამგვარი ვითარებაა, მედიკამენტების მორიგი გაძვირება გარდაუვალია.
ოქრიაშვილის ინფორმაციით, ფარმაცევტული ბაზარი მარაგდება როგორც ევროთი, ისე დოლარით შეძენილი პროდუქციით. შესაბამისად, გაძვირების შემთხვევაში მხოლოდ დოლარით შეძენლი მედიკამენტების ფასი აიწევს.
„პეესპე“ ამჟამად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომწოდებლებისგან დამატებითი ფასდაკლებები მიიღოს. ეს მუდმივი, ყოველდღიური ბრძოლაა. ჩვენი დირექტორი წერს კომპანიის სათანადო მენეჯერს, უხსნის, რომ დოლარში ფასები იზრდება და შესაბამისად იზრდება ფასი ლარშიც. ასევე ეუბნება, რომ მათი კონკურენტები, რომლებიც პროდუქტს ევროში გვაწვდიან, ფასს არ ცვლიან. შესაბამისად, ფასი არაკონკურენტუნარიანი ხდება და ვითხოვთ გარკვეულ ფასდაკლებას. ამაზე ზოგი კომპანია ახდენს რეაგირებას, ზოგი არა“, - განაცხადა ოქრიაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას.
რაც შეეხება კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანიას - „ჯიპისის“, მისი დირექტორი დავით კილაძე აცხადებს, რომ მედიკამენტები კურსის ცვალებადობის გამო არ გაძვირდება.
„ჩვენ ასეთი პრინციპით ვმუშაობთ და ამ პრინციპს ბოლომდე მივყვებით“, - განაცხადა კილაძემ. გამოიწვევს თუ არა ეს კომპანიის დაზარალებას, კილაძე არ აკონკრეტებს.