"ისტორიული წელი ბანკისთვის“,– ერთი წინადადადებით ასე აფასებს განვლილ 2014 წელს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. უფრო კონკრეტულად კი ერთგვარი თვალსაჩინოებისთვის შემდეგ პარამეტრებს ასახელებს: ფიზიკური პირების დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით პირველი ადგილი საცალო ბაზარზე; ქართული კომპანიებიდან ყველაზე მსხვილი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე; ბანკ „კონსტანტას“ შესყიდვა და მიკროდაფინანსების პორტფელის გაზრდა.
რაც შეეხება ძირითადი ფინანსური მაჩვენებლებს – ბუცხრიკიძის განმარტებით, 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის მთლიანი აქტივები გაიზარდა 5 მილიარდ 423 მილიონ ლარამდე, კლიენტებზე გაცემული სესხების ოდენობა კი – 3 მილიარდ 706 მილიონ ლარამდე, კლიენტების ანგარიშებმა 3 მილიარდ 322 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო, სააქციო კაპიტალმა 1 მილიარდ 19 მილიონ ლარს.
2014 წლის განმავლობაში ბანკმა 38.0%-ით გაზარდა საცალო სესხების მოცულობა, ხოლო საცალო დეპოზიტებიც – 22,8%-ით. კორპორატიულ სესხებში წლიურმა ზრდამ 6,4% შეადგინა, დეპოზიტებში კი 1,6%. 36%-იანი ზრდა იყო მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებში, ხოლო დეპოზიტებში 12,4%.
„ჩვენი აქციების 40% დღეს ყოველდღიურ მიმოქცევაშია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც ჩვენი აზრით, არის არა მხოლოდ „თიბისი ბანკის“ მიღწევა, არამედ, ჩვენი ქვეყნის მიღწევაც, იმდენად, რამდენადაც ათეულობით ინვესტორი შემოვიდა „თიბისი“ ბანკში. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ენდობიან არა მხოლოდ „თიბისი ბანკს“, არამედ, ნდობას უცხადებენ ქვეყანას“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას ბანკის გენერალური დირექტორი.
ვახტანგ ბუცხრიკიძე ბანკის წარმატებებზე საუბრისას „კონსტანტა“ ბანკის შესყიდვის შემდეგ საკუთარი ფილიალების ზრდასაც ასახელებს და განმარტავს, რომ ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლებს უკვე 125 ფილიალზე მეტით ემსახურებიან.
„თიბისი ბანკისთვის“ გასული წლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მოვლენად სამი ახალი ვიცე–პრეზიდენტის გოგა თხელიძის, დავით წიკლაურისა და ნიკა ქურდიანის დამატება მიიჩნევა. მათგან პირველი რისკების, მეორე – კორპორატიული მიმართულების, მესამე კი –მიკრობიზნესის მართვის დირექტორია.
„ამ ადამიანებს საბანკო და საფინანსო სექტორში საქართველოში აქვთ მიღებული გამოცდილება, შემდეგ უცხოეთში გაიღრმავეს ცოდნა და დასავლეთის ქვეყნების სხვადასხვა ბანკებში მუშაობდნენ წლების განმავლობაში. რადგან ხედავდნენ, რომ „თიბისი“ არის საკმაოდ პერსპექტიული და საინტერესო ინსტიტუტი, ჩვენთან თანამშრომლობის სახით მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები მიიღეს“, – აცხადებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი და უცხოური გამოცდილების მქონე მენეჯერების გარდა უცხოური გამოცემების აღიარებითაც ამაყობს. მისი განცხადებით, 2014 წელს „თიბისი ბანკმა“ არაერთი აღიარება მოიპოვა სხვადასხვა პრესტიჟული უცხოური გამოცემებისგან: Global Finance, Euromoney, EMEA Finance და The Banker and PWM. „თიბისი ბანკის“ სახით, ქართულმა ბანკმა პირველად მიიღო ჯილდო ორ კატეგორიაში: საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება (The Banker and PWM) და საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი (EMEA Finance Europe Banking Awards).
მენეჯმენტის განმარტებით, ბანკისთვის გასული წლის განმავლობაში აქტუალური იყო და კვლავ ასეთად რჩება სოციალური პასუხისმგებლობა და კულტურული პროექტების მხარდაჭერა.
„ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოებისთვის შექმნა ექსკლუზიური პროექტი „ეპოქის ხმები“, რომელიც „ოქროს ფონდის“ ჩანაწერებზე აიგო და რომლისთვისაც ქართველმა ხელოვანებმა შექმნეს მუსიკალური ნაწარმოებები, ქორეოგრაფიული ნომრები და ორიგინალური მხატვრობა. დაჯილდოვების ცერემონია იყო ერთ-ერთი გრანდიოზული „საბას“ ისტორიაში.
2014 წელს თიბისი ბანკმა გააგრძელა მის მიერ ინიცირებული კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების დაფინანსება, მათ შორის ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, არხი კულტურაზე „არტარეა“, ასევე დააფინანსა ქართველი ხელოვანების საზღვარგარეთ პოპულარიზაციის არაერთი ინიციატივა და შექმნა თანამედროვე ხელოვანთათვის თავისუფალი არტ სივრცე, პირველი „არტ კედელი“ ქალაქში. ამავე წელს პირველად საქართველოში, „თიბისი ბანკის“ სახით, კერძო ბიზნესი ჩაერთო კინოს დაფინანსებაში და კინოცენტრთან ერთად განხორციელდა ერთობლივი პროექტი“, – განმარტავენ „თიბისი ბანკში“.
ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტების კითხვებს ლარის კურსთან დაკავშირებითაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ლარის კურსი წელს მთლიანად საქართველოს ეკონომიკის გამოწვევაა, თუმცა ამ პროცესში დადებითი ფაქტორების დანახვაც შეიძლება და ერთ–ერთი ასეთი ფაქტორი ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებაა.
„ნავთობის ფასი არის საკმაოდ შემცირებული და თუ იგივე ფარგლებში დარჩება რაც დღეს არის, ეს ნიშნავს, რომ იმპორტი შემცირდება. კარგია, რომ კვებით პროდუქტებზე საერთაშორისო ფასები შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2–3 თვის განმავლობაში კურსი საკმაოდ დაეცა, ინფლაციური მოვლენები ჯერ არ არის. ლარის გაუფასურება, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ანუ თუ ინფლაცია არ გაიზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ უცხოელი ტურისტებისთვის საქართველო უფრო გაიაფდება. ბანკისთის კი გამოწვევა არის ამავე დროს ის, რომ სამწუხაროდ, სესხების დაახლოებით 60% არის დოლარში, მაგრამ 2008–2009 წლებისგან განსხვავებით, საკრედიტო ბარათები და სამომხმარებლო სესხები ლარებშია, რაც მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე და აღნიშნავს, რომ სირთულეები უფრო იპოთეკური სესხების მიმართულებით იქნება, რადგან ამგვარი სესხების 80% უცხოურ ვალუტაშია.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ლარის ოპტიმალურ კურსზე არ საუბრობს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არც არავინ იცის და შესაბამისი საკითხი, როგორც წესი, ბაზარზე რეგულირდება, მაკროეკონომიკური კუთხით კი ქვეყანაში არსებულ ვითარებას იგი „ჯანსაღს“ უწოდებს.