„ბატონო ვახტანგ გომელაურო, იქნებ გაარკვიოთ, თქვენს უწყებაში ბალაგანი გაქვთ?“

„ბატონო ვახტანგ გომელაურო, იქნებ გაარკვიოთ, თქვენს უწყებაში ბალაგანი გაქვთ?“

„თავისუფალ დემოკრატს“ გიორგი ცაგარეიშვილს ქვეყანაში ქაოტურობის, უთავობის და მიშვებულობის შეგრძნება რჩება. კანონმდებელი ბიძინა ივანიშვილს პრემიერის პოსტზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებაში“ არ დაბრუნდეს, რათა ამით ხალხი საერთოდ არ დაზაფროს და დეზორიენტაცია არ გამოიწვიოს.

ძალოვან უწყებაში მიმდინარე პროცესებსა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე, for.ge გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორ ფიქრობთ, ვახტანგ გომელაური უწყების გარდაქმნას შეძლებს?

- ვახტანგ გომელაურს მინისტრობა საკმაოდ რთულ პერიოდში უწევს. წესით, მან შს სამინისტრო რეფორმირების გზაზე უნდა დააყენოს. იმედია, გომელაური საზოგადოებას თავს დაამახსოვრებს როგორც რეფორმატორი მინისტრი და სამშობლოს მსახური და არა რომელიმე პარტიის, თუ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი. სამწუხაროდ, მისი წინამორბედები ჭიკაიძე და ღარიბაშვილი სისტემის მძევლები იყვნენ. ამ ადამიანების წარმოდგენებსა და შეხედულებებს სისტემა აყალიბებდა, ისინი სისტემის რეფორმირებაში ნაკლებად მონაწილეობდნენ და ყველაფერი ინერციით მიდიოდა. „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მინუსი ის იყო, რომ მან ორი წლის მანძილზე, შს სამინისტროს რეფორმირება ვერაფრით ვერ მოახერხა. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე პასუხისმგებლობას არც მე გავურბივარ.

უწყების რეფორმა რატომ არ დაიწყეთ, პოლიტიკური ნება არ იყო?

- რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება არ იყო, არადა, საარჩევნო პროგრამაში გვეწერა, რომ უწყების რეორგანიზაცია უნდა მომხდარიყო. სამინისტრო რამდენიმე უწყებად უნდა დაშლილიყო და სამოქალაქო კონტროლი გაზრდილიყო. რომ ვთქვა, შს სამინისტროში არაფერი შეიცვალა-თქო, ეს ტყუილია, რადგან ბევრი რაღაც გამოსწორდა, მაგრამ ასევე უამრავი რამ პრობლემად რჩება. ის გამოსწორებულიც სადღაც მიიჩქმალა და წინა პლანზე წამოსულია ის პრობლემები, რაც უწყებას აქვს.

კერძოდ, რა პრობლემების წინაშე დგას შსს?

- სამინისტროში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების მავნე პრაქტიკა ისევ არსებობს, ასევე პრობლემაა სისტემის დახურულობა და დამორჩილება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ამას გარდა, უწყებიდან ის კრიმინალური ელემენტები არ გააძევეს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანის უფლებებს ლახავდნენ და მათზე ზეგავლენას ახდენდნენ. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ახალ ხელისუფლებას კარგად მოერგნენ და შეენივთნენ. ეს ფაქტი ხილული იყო შვილმკვადრი მშობლებისთვის, მათ შორის - ცხონებული იური ვაზაგაშვილისთვის. ორი წლის მანძილზე, ეს ადამიანი იმაზე მიუთითებდა, რომ მისი შვილის საქმეში ირიბად ან უშუალოდ მონაწილეები შსს-ში ისევ მუშაობდნენ და სხვადასხვა თანანმდებობაზე წინაურდებოდნენ.

თქვენ ამბობთ, რომ ნაციონალებთან ასოცირებული პირები ახალ ხელისუფლებასკარგად მოერგნენ“. თავად ხელისუფლებას მათთან თანამშრომლობის რა ინტერესი აქვს?

- ოტო - ასეთი დანაყოფი არსებობს, რომელიც მოსმენებით, ასევე საიდუმლო ღონისძიებების დაგეგმვით და წარმართვით არის დაკავებული. ფაქტობრივად, ამ დეპარტამენტში იგივე ხალხი მუშაობს, ვინც ნაციონალების ზეობის ხანაში იყვნენ. ის ადამიანები, ვინც სამი წლის წინ გვისმენდნენ, ახლა უფრო წარმატებით გვისმენენ. ფაილებისა და კასრების განადგურება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომლის თაობაზე ახლა ზნედაცემული „ნაციონალური მოძრაობა“ შაყირობს. როდესაც ხალხს მიტინგზე ჰპირდებოდი, რომ უსამართლობას დაამარცხებდი, სამართლიანობას აღადგენდი, რეფორმებს გაატარებდი და ეს არ გააკეთე, ეს არ შეგრჩება. პარლამენტის წევრის მანდატი ის არ არის, რომელსაც ამოეფარებიან და გრიგალს გადაიტანენ. საზოგადოებაში შესაძლოა, ეს გრიგალი ყოვლისმომცველი გახდეს და ხელისუფლება ისე წალეკოს, როგორიც მისი წინამორბედი. გული მწყდება, რომ ჩემს კოლეგებს ეს მხედველობიდან ეპარებათ. ოპოზიციაში ყოფნის მიუხედავად, რაც ხელისუფლებაში ხდება, ეს არ მიხარია. მართალი გითხრათ, ქაოტურობის, უთავობის, მიშვებულობის შეგრძნება მრჩება და ეს აშკარად ჩანს. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ივანიშვილი პოლიტიკას გაერიდა.

გამორიცხავთ, რომ ვახტანგ გომელაურმა შსს-ში საკადრო ცვლილებები განახორციელოს და ნაციონალებთან ასოცირებული პირები სამსახურებიდან დაითხოვოს?

- უწყებაში საკადრო ცვლილებების გატარება აუცილებელია. სულ მცირე, სამინისტრო ამ ელემენტებისგან უნდა გაიწმინდოს. სამსახურებიდან ადამიანების დევნის მომხრე არ ვარ, რადგან პროფესიონალი კადრები გვაკლია. მათ შორის შსს-ში, სადაც გმირი ხალხი მუშაობს, რომლებიც ყოველ დღე, ჩვენი უსაფრთხოებისთვის ტყვიას შუბლს უშვერენ. ბორჯომში ორი პოლიციელი კრიმინალმა სასიკვდილოდ გაიმეტა და ასეთი შემთხვევა ბევრი იყო. ხშირ შემთხვევაში, მათი შრომა დაუფასებელია. ამიტომ, ერთ თარგზე ყველა თანამშრომლის მოჭრის მომხრე არ ვარ, მაგრამ ის ადამიანები რა ნამუსით დააწინაურეს, რომლებსაც ვაზაგაშვილის საქმესთან თუნდაც ირიბი შემხებლობა ჰქონდათ?

ეს ჭიკაიძემ და ღარიბაშვილმა იცოდნენ? ნუ მეტყვით, რომ ეს არ იცოდნენ, რადგან ეს იცით, რას დაემსგავსება? – 1937 წელს ბერია ადამიანებს, რომ ხოცავდა და ეს სტალინმა არ იცოდა. უხეში შედარება გამოვიდა, მაგრამ მსგავსი ასოცირება ჩნდება. პასუხი ჩვენმა პრემიერმაც უნდა აგოს, რომ შსს-ში ასეთი პირები წინაურდებოდნენ. საგამოძიებო პროცესის დასრულებამდე ეს ადამიანები პოსტებიდან უნდა გაეშვათ. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიამ თეთრაძის საქმესთან ირიბ შემხებლობაში მყოფი პირები თანანმდებობებიდან გადააყენა. ჭიკაიძესა და ღარიბაშვილს იგივეს გაკეთება შეეძლოთ და რატომ არ გააკეთეს?! ამ კითხვაზე პასუხი არ არის.

როდესაც, ხელისუფლებაში იყავით, ამ საკითხებს გუნდის შიგნით რატომ არ სვამდით?

- დახურულ კარს მიღმა ამ კითხვებს ხმამაღლა ვსვამდით. სამწუხაროდ, ბევრ რამეს ანგარიში გავუწიეთ და ალბათ, ხმამაღლა უნდა გვესაუბრა. თანანმდებობის პირების მიმართ გადაწყვეტილებები მიღებული არ იყო და ეს ფერხდებოდა. როდესაც შსს-ს დაშლა მოვითხოვეთ, გვიპასუხეს, რომ საარჩევნო წელი იყო და უწყების რეორგანიზაცია ვერ მოხდებოდა. საქართველოში ყოველთვის არჩევნებია და მაშინ, საშველი აღარ ყოფილა. ამ საკითხებზე მწვავე გამოსვლები სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ.

ჭიკაიძე ღარიბაშვილთან ასოცირდებოდა, გომელაური ივანიშვილთან. ახალი კონფიგურაცია რაზე მეტყველებს?

- შიდა დინებებზე გაუთავებელი ინსინუაციების გაჟღერება შეიძლება. ამ ლაყბობაში დრო იკარგება, რომელიც ხელისუფლებისთვის ძვირფასი უნდა იყოს. საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, ვინ ვისი მოყვანილია და ვინ ვის მიერ გაშვებულია. ქვეყნის წარმატებასა და წარუმატებლობაზე პასუხს კოალიციაში შემავალი ყველა პარტია თანაბრად აგებს, მათ შორის ჩვენც.

ჩემს ყოფილ თანამებრძლებს ვერ ჩავუსაფრთდები, მაგრამ ბევრი მიმართულებით საქმე ცუდად რომ მიდის, ეს ხომ ფაქტია? შსს-ში ქაოტურობაა და მუდმივად საკადრო ცვლილებები ხორციელდება.

ბოლო ორი დღის მანძილზე, პატრულის თანამშრომლების შეურაცხყოფის ამსახველი კადრები გავრცელდა. პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?

- ამგვარი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა. როცა პოლიციის თანამშრომლებს მთავარი სამმართველოს ეზოში ცხვრებივით შეყრი და მიშას-მიშას აყვირებინებ, ასევე როცა მათ რუსთაველის გამზირზე „ბადრის რა?“-ს აყვირებინებ, ეს ნაკლები შეურაცხყოფაა? „ქართული ოცნების“ ადვოკატად ვერ გამოვდგები და ამ უმადურ როლს არ მოვირგებ, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა ყოველთვის ხდებოდა.

ამ შემთხვევაში, სამართადამცავებს შეურაცხყოფას მაღალი თანანმდებობის პირების ახლობლები აყენებენ...

- სამართალდამცავებს შეურაცხყოფას თანამდებობის პირებიც აყენებდნენ და ნაციონალებიც, მაგრამ ამის ტირაჟირება არ ხდებოდა. რაც ვიხილეთ, საშინელებაა და თანამდებობის პირები უნდა დაისაჯონ. ეს ახალი მინისტრის გამოწვევაა და ამ ფაქტით გამოიცდება, ვინ არის ვახტანგ გომელაური. მის ადგილზე რომ ვიყო, სულ მცირე, უკვე გადაწყვეტილება მიღებული მექნებოდა. ზურაბ ბერიკაშვილი პოსტიდან გადაყენებული უნდა იქნეს, მოკვლევა ჩატარდეს და თუ ის დამნაშავე იქნება, საქმე პროკურატურაში უნდა გადაიგზავნოს. რაც შეეხება ცინარიძეს, გენისპექცია რისთვის არის? თუ მათ დასჭირდათ, სულში ჩაგიძვრებიან და ეს ფაქტი ვერ გამოიკვლიეს? გაარკვიონ, თუ შეიძლება, პატრულის უფროსს ვიღაც ქალბატონმა დაურეკოს, რაღაც დავალება მისცეს და შემდეგ რიგითი თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლონ?! თუკი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ნებისმიერი გვარის შვილმა, ეს ცინარიძე იქნება, ცაგარეიშვილი, ჭიკაიძე თუ ღარიბაშვილი პასუხი უნდა აგოს და ამას სოციალურ ქსელში ბიბილაშვილის ყროყინი და გავეშებული ხერხეულიძის კივილი რად უნდა, რომელიც ციხეში სექსუალურ მანიაკებს ხელს აფარებდა და დუჟმორეული მიშა, მიშას ღრიალებდა?! ამას გარდა, მაინტერესებს, ეს კადრები ქაჯეთის ციხეში - „ნაციონალურ მოძრაობაში“ რატომ ხვდება, სადაც კრიმინალები და ჩამოყალიბებული ნაძირლები ბუდობენ?!

გენერალურმა ინსპექციამ არ მხოლოდ თანამდებობის პირების საკითხზე უნდა იმსჯელოს, არამედ ისიც უნდა გაარკვიოს, ეს ჩანაწერები ნაციონალებში როგორ ხვდება? ბატონო ვახტანგ, კარგო ადამიანო, ისიც გაარკვიეთ, თქვენს უწყებაში რა ხდება, უკაცრადავად და, ბალაგანი გაქვთ? მაინტერესებს, შსს-ში „სკვაზნიაკია“ და სადაც სურთ, ჩანაწერები იქ ხვდება? იქნებ, შსს-ში კარდაშიანების ოჯახზე სიუჟეტი გააკეთონ და პირდაპირი ჩართონ. პოლიცია გასამხედროვებული ორგანიზაციაა, საიდანაც ამ ვიგინდარებთან კადრები ასე უთავბოლოდ არ უნდა ხვდებოდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ეთერში ცხოვრობს და საქართველოსაც ამ რეჟიმში ამყოფებს. მიშა სააკაშვილი პოლიციას დილიდან საღამომდე სულში აფურთხებდა, მაგრამ ახლა ვიღაც ადამიანმა პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა და ეს ქვეყანაში წლის თემა გახდა. ეს ყველაფერი არის უთავობა, ქაოტურობა და უწესრიგობა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარება ვისიუთავობისბრალია - პრემიერ-მინისტრის?

- აბა, ეს ჩემი და თქვენი ბრალია? როცა სისტემაში, კაბინეტსა და უწყებაში სახელმწიფოებრივი წესრიგი არ არის, ვისი ბრალია? ამ უთავობის ბრალია ის, რაც „თავისუფალ დემოკრატებთან“ მიმართებაში გააკეთეს. ღარიბაშვილმა შინაგანი რწმენა ჩამოიყალიბა, „თავისუფალ დემოკრატებს“ რას ერჩოდა? პრემიერმა პირობა მოგვცა, რომ ყველაფერს გაარკვევდა და მან პირობა გატეხა. ეს ასე იყო და ამას ვერავინ უარყოფს. კოალიციიდან ჩვენს წამოსვლამდე, წინა დღეს, პრემიერმა პირობა მოგვცა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს გაარკვევდა და შეიძლებოდა, ყველაფერი შებრუნებულიყო. როდესაც, მან გადაწყვეტილება მიიღო, აბაშიძის, დოლიძის, ჩიქოვანის, გოგუაძის, ალასანიას, შავგულიძის, ონოფრიშვილის პეტრიაშვილისა და ჩემს წვლილსა და დამსახურებაზე არ იფიქრა? ის დაფიქრდა იმაზე, რომ ის შს მინისტრი ჩვენითაც გახდა? ივანიშვილი რომ არა, წარმატებას ვერ მივაღწევდით, მაგრამ ამ საქმეში ერთი კენჭი მაინც არ დამიდია? როცა ასეთ უმადურობას ხედავ, იქ ბზარები ჩნდება.

არსებულ სიტუაციაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ღარიბაშვილის გადაყენებას გამორიცხავთ?

- სამსახურეობრივი დისციპლინაა საჭირო და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები უნდა გამოჩნდნენ. სახელმწიფო სამსახურებში მსგავსი ადამიანი თითო-ოროლაა და ეს გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ივანიშვილი ჩემს რჩევას არ მოუსმენს, მაგრამ სჯობს, ის მობრუნდეს და მის მიერ შექმნილ ხელისულებას სათავეში ჩაუდგეს და პასუხისმგებლობის ჭაპანი ბოლომდე გასწიოს, რადგან სხვანაირად არ გამოვა.

თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი პრემიერის პოსტზე უნდა მოვიდეს? პოლიტიკურ კულუარებში საუბარია, რომ შესაძლოა, ის პარტიაქართულ ოცნებაშიდაბრუნდეს...

- ეს ყველაფერს დაღუპავს, საქართველოს მთავრობას საერთოდ დაასამარებს და ღარიბაშვილის ისედაც დაცემულ რეიტინგს სულ დააგდებს. პარტიაში ივანიშვილის დაბრუნება სრულ დეზორიენტაციას გამოიწვევს. როგორ წარმოგიდგენიათ, „ქართული ოცნების“ ოფისში ივანიშვილი იჯდება და მთავრობის კანცელარიაში ღარიბაშვილი? როგორ ფიქრობთ, მინისტრები სად ივლიან? ეს ხალხს საერთოდ დაზაფრავს და ორიენტირს დაურღვევს. მინისტრებიც ცოდოები არიან, ისინიც ხომ ადამიანები არიან? მინისტრები ვის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი? პარტიაში ივანიშვილის დაბრუნება, ძალიან ცუდი იქნება. სჯობს, ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს.

თუკი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, მასთან თანამშრომლობას გამორიცხავთ?

- ძალიან არაორდინალური კითხვაა. სამწუხაროდ, მომავალში, ჩვენი თანაცხოვრობის წინაპირობებს და იმპულსებს ვერ ვხედავ. ჩემს ყოფილ კოლეგებთან ურთიერთობა შევინარჩუნე, რადგან ორ დღეში ადამიანების ლანძღვა-გინებას ვერ დავიწყებ, ეს არ შემიძლია.

თუმცა, თქვენი კოლეგები, მათ შორის დავით საგანელიძეთავისუფალი დემოკრატებისწევრების საპარლამენტო პოსტებიდან გადაყენებას აპირებს...

- ამით რა მოხდება? ეს მათი ზნეობრივი პრობლემაა და არა ჩემი. ადამიანები პოლიტიკაში დაბერდნენ, მაგრამ ბრძნული აზრების გამოთქმის ვერც ადგილი იპოვეს და ვერც დრო. ამ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, სად რა ილაპარაკონ. იმ პერიოდში, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შესარჩევი ჰყავთ, პარლამენტში პრეზიდენტი მოდის, უბედური იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე მოკლეს, შს მინისტრს სამსახურიდან აგდებენ და ლამის პრემიერიც უკან მიაყოლონ, ამ დროს, ყოფილ კოლეგებს ჩემს გადასაყენებლად სცალიათ? კი ბატონო, ეს მათი საქმეა, მაგრამ მე, რა ვქნა, მე? პარლამენტის თავმჯდომარეს მაინც მოუსმინონ და საქმით დაკავდნენ. მათთვის „თავისუფალ დემოკრატებთან“ ბრძოლა ქარის წისქვილთან ბრძოლაა, რადგან რიგითი კომიტეტის თავმჯდომარეები არ ვართ და ბევრს ზნეობრივი ბარიერი ექნება გადასალახი. როდესაც, ის ადამიანი, ვისთან ერთადაც 17 დღე ვშიმშილობდი, ამბობს, რომ უმრავლესობიდან „თავისუფალი დემოკრატები“ გავიდნენ, მაგრამ 87 გავხდითო, ეს გულდასაწყვეტია, რადგან ზვიად ძიძიგურთან ერთად უამრავი ქარტეხილი გამოვიარე. ამით ჩრდილი მას ადგება და არა მე.