მეორე პრემიერული შეტევა ნავთობიმპორტიორებზე

მეორე პრემიერული შეტევა ნავთობიმპორტიორებზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნავთობიმპორიორებს მორიგი სიტყვიერი დარტმა მიაყენა. დეკემბრის შუა რიცხვებში გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებამ მენავთობეებზე, ასე თუ ისე, იმოქმედა და საწვავის ფასი დაახლოებით 20 თეთრით შემცირდა. თუკი მთავრობა ყურადღებას არ მოადუნებს, პროცესი კიდევ გაგრძელდება, თუმცა ამას ხელი ეროვნული ვალუტის სტაბილურობამ უნდა შეუწყოს.

ნავთობის ფასებთან დაკავშირებით განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ნავთობის ფასთან მიმართებაში არის გამოკვეთილი და ზოგადად, კლების ტენდენციაა. ასევე, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდი ინტერესს და კითხვებს იწვევს ჩვენს ქვეყანაში საწვავზე არსებული ფასები, რამდენად ადეკვატურად ასახავს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლებას. შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტო აწარმოებს ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევას. დაახლოებით ერთი თვის წინ გავაკეთე ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება მთავრობის სხდომაზე. ჩემი დავალების საფუძველზე ისინი მუშაობენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

2014 წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ბაზარზე დაიწყო ფასების მნიშვნელოვანი შემცირება და დღეის მდგომარეობით სახეზე გვაქვს დაახლოებით 60%-იანი კლება. ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ადეკვატური ასახვა უნდა ჰქონოდა ქართულ ბაზარზე, მაქსიმალურად 1-2 თვეში.

„სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების საბაბი გახდა და კითხვები გააჩინა. ფაქტი ერთია, რომ ნავთობიმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივი საოპერაციო ხარჯები არ გაზრდილა. შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე შეძენილი ნავთობის ფასი. გაუგებარი რჩება, ამ ფასთა სხვაობის ეფექტით რატომ ვერ ისარგებლა ადგილობრივმა მომხმარებელმა“, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, არაერთგზის დაფიქსირდა შუამავალი კომპანიების მიერ ერთი და იმავე სახეობის ნავთობპროდუქტების რადიკალურად განსხვავებულ ფასებში შეძენა, რაც პრემიერ-მინისტრის თქმით, კონკურენციის კანონის დარღვევაა.

„კონკურენციის სააგენტოს მიერ გრძელდება ამ საკითხის სიღრმისეული კვლევა და მე მინდა, დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, ხელისუფლება გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს და კანონის ფარგლებში, დავიცავთ ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო დროს გამოფხიზლებული ნავთობიმპორტიორები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ერთ თვეში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინი 1,5 ლარამდე გაიაფდება, არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე კი - 1,3 ლარამდე. მსხვილ ნავთობიმპორტიორებს საწვავის აღნიშნულ მაჩვენებლამდე დაწევის გეგმა უკვე გაწერილი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ყოველდღე ეცემა, სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ საქართველოში ბენზინი არსებულზე ბევრად იაფი უნდა ღირდეს.

კომპანია „ლუკოილის“ გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე პრესასთან საუბრისას ადასტურებს, რომ ბენზინი ისევ გაიაფდება, თუკი მსოფლიოში არსებული ფასები შენარჩუნდა, საქართველოში ბენზინის ღირებულების 1,5-ლარამდე შემცირება შესაძლებელია.

სანამ მსხვილი იმპორტიორები საწვავს კიდევ 15-20 თეთრით გააიაფებენ, ბაზარზე შემოსულმა ახალმა მოთამაშეებმა ეს ნაბიჯი უკვე გადადგეს. მაგალითად, ნავთოპროდუქტების სეგმენტში ოპერირება კომპანია „ფრეგომ“ დაიწყო. კომპანია თბილისში და რეგიონებში 13 ავტოგასამართ სადგურს ფლობს და საცალო ქსელში „რეგულარის“ საწვავი 1,55 ლარად გამოაქვს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ფრეგოში“, 75,5%-ს დავით ადამაშვილი, ხოლო 24,5% -ს კობა ადამაშვილი ფლობს.

ასეთივე ფასით ბრუნდება ბაზარზე „სენტაც“. კეზერაშვილისგან უსამართლოდ განადგურებულმა კომპანიამ შეძლო რეაბილიტაცია და საბითუმო ოპერაციების განხორციელება. მალე „სენტა“ საცალო ბიზნესშიც აქტიურად ჩაერთვება და საწვავს 15-20 თეთრით იაფად გაყიდის, ვიდრე ე.წ. ბრენდირებული სადგურები.