„დაცვა ძალიან აქტიურობს და ბიჭებს ყოველდღე ეუბნება, რომ უფრო დინჯად უნდა მოიქცნენ. პრემიერზე ვიტყვი განსაკუთრებით, რომელსაც მე დავუტოვე ჩემი თანამდებობა... მისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი – შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები, დაცვა და საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც მეორით-თქო“, - განაცხადა ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მისი პოლიტიკაში დაბრუნება მეორედ მოსვლას შეადარა, თუმცა მის პოლიტიკაში დაბრუნებასთან ერთად, არც ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების ჩატარება გამორიცხა.
ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს კოალიცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი. როგორც ირაკლი კობახიძემ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, თუ გამოვლინდა, რომ პარლამენტის ეფექტიანობის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ვადამდელი არჩვენები, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში.
არის თუ არა ხელისუფლების პრობლემა პრემიერის ნათესავები და რა გამოწვევის წინაშე დგას ხელისუფლება, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.
„ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა-თქო“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა. ბატონო ირაკლი, ამ ინტერვიუთი გამოჩნდა ის პრობლემები, რასაც ჰქვია პრემიერ-მინისტრის ნათესავები?
- მთლიანობაში სწორი აქცენტები იყო დასმული. რაც შეეხება ნეპოტიზმს, მოგეხსენებათ, რომ ამ კუთხით იყო პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები.
კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა. ღარიბაშვილმა ამ პრობლემის ბოლომდე მოხსნა შეძლო?
- გამოჩნდა, რომ ამ კუთხით პრობლემები არსებობდა. ეს პრობლემები ამ ეტაპზე აღმოფხვრილი და მოგვარებულია. მაგრამ, თუ არსებობს პრობლემები, ეს აუცილებლად უნდა იყოს გაანალიზებული, შეფასებული და შესაბამისი ზომების მიღება უნდა მოხდეს. დაუშვებელია ის, რომ ნეპოტიზმი იყოს დამახასიათებელი ხელისუფლებისთვის.
სწორედ, თქვენ შეცვალეთ პრემიერ-მინისტრის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი ამ თანამდებობაზე, რომლის მოღვაწეობას არაერთი სკანდალი უკავშირდება. თქვენ რას აპირებთ?
- ჩვენ ვაპირებთ პარტიის სერიოზულ გაძლიერებას ანალიტიკური მიმართულებით. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ პარტიამ შეასრულოს ერთგვარი ანალიტიკური ცენტრის ფუნქციაც. თუნდაც ასეთი პრობლემის შეფასება, გაანალიზება პარტიის ერთ-ერთ სამოქმედო სფეროდ უნდა ვაქციოთ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, თუ გადავხედავთ რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს ქვეყანა, შესაძლებელია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა დადგეს დღის წესრიგში?
- ამჟამად მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ამის საჭიროება არ დგას. ძალიან ბევრი გარემოებებზეა დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. შესაძლოა, ამის საჭიროება დადგეს, თუმცა, ამ ეტაპზე, მოვლენები სხვაგვარად მიმდინარეობს. მთავრობა მუშაობს ეფექტურად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დანარჩენს უკვე მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს. თუ იქნება ამის აუცილებლობა, შემდეგ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი.
კიდევ ერთი თემა, რაზეც ისაუბრა ივანიშვილმა, ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პრინციპში, მან არ გამორიცხა, რომ დღის წესრიგში დადგეს ეს საკითხი. კოალიციაში თუ განიხილავთ ამის შესაძლებლობას?
- გამორიცხული არ არის. თუმცა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ნებაზე და კონკრეტულ გარემოებაზე დამოკიდებული. სხვადასხვა გარემოების შემთხვევაში შეიძლება დადგეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროება და გარემოება. თუმცა, ამას დრო გვიჩვენებს. თუ გამოვლინდა, რომ პარლამენტის ეფექტიანობის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ვადამდელი არჩვენები, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, დღის წესრიგში დადგეს ვადამდელი არჩევნების საკითხი.
დღეის მდგომარეობით ეფექტურად თვლით საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას?
- სირთულეები არის, თუმცა, ეს სირთულეები ჯერ არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ ეტაპზე ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. თუ ეს სირთულეები გაღრმავდა, მაშინ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.
ივანიშვილი აცხადებს, რომ არ ერევა მთავრობის საქმიანობაში, თუმცა, ამბობს, რომ მისი სიტყვას აქვს დიდი გავლენა. რა ფუნქცია აქვს მას ხელისუფლების მართვაში და თქვენ თუ გქონდათ კონსულტაცია ივანიშვილთან?
- ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ შევხვედრივარ და მასთან კონსულტაციები არ მქონია, თუმცა მისი კონსულტაციები, ზოგადად, ღირებული იქნება. თუ ასეთი მზაობა იქნება, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ მასთან. ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ ის არ ერევა პოლიტიკაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ის როგორც ფაქტორი, ბუნებრივია ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას ახდენს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე, პოლიტიკურ სისტემაზე. როგორც ფაქტორი, ის ერთგვარ გამაწონასწორებლის, დამბალანსებლის როლსაც კი ასრულებს ქართულ პოლიტიკაში, ოღონდ, როგორც ფაქტორი და არა ის, რომ უშუალოდ ერევა პოლიტიკურ პროცესებში.
გავრცელადა ინფორმაცია, რომ კოალიციაში მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები. რა სახის ცვლილება მიმდინარებს და მოსალოდნელია თუ არა ახალი სახეები გამოჩნდეს კოალიციაში?
- პარტიის სტრუქტურებში მიმდინარეობს რეორგანიზაცია. ასევე, რეორგანიზაცია იგეგმება რაიონულ ორგანიზაციებში, იმისათვის, რომ გავაძლიეროთ როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონალური ორგანიზაციები. რაც შეეხება კადრების საკითხს, პოლიტიკური ელიტის რეკრუტირება პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა და ამ კუთხით ვუყურებთ ჩვენ ამ კონკრეტულ საკითხს.
პარტია „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი რესურსი აქვს გაძლიერებისათვის. ჩვენ ვგეგმავთ გაძლიერებას ყველა მიმართულებით და ამისათვის გვაქვს შემუშავებული პირველადი სტრატეგია და ამ სტრატეგიის შესაბამისად ვიმუშავებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის ძლიერ პარტიად, რომელიც ზურგს გაუმაგრებს ჩვენს წარმომადგენლობას ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში.
ჩვენ ვართ სახელისუფლებო პარტია და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგი სურათი მივიღოთ ადგილობრივ ორგანიზაციებში და მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ის პრობლემები, რომელიც არის. თუმცა, პრობლემები არ ნიშნავს იმას, რომ სუსტები ვართ. რაც შეეხება ახალ სახეებს, შემიძლია გითხრათ, რომ პარტიაში გამოჩნდებიან ახალი სახეებიც.