პოლიტიზებული მართლმსაჯულება Human Rights Watch-ის შეშფოთების მიზეზი გახდა

პოლიტიზებული მართლმსაჯულება Human Rights Watch-ის შეშფოთების მიზეზი გახდა

სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოუძიებლობა და პოლიტიზებული მართლმსაჯულება - ეს საკითხები კვლავ აქტუალური გახდა. Human Rights Watch-ი საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებასა და ასევე ე.წ. კაბელების საქმეს ეხმაურება. მსოფლიო ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, საქართველოში წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიების შესახებაცაა საუბარი. 

„პროკურატურამ შეისწავლა ათასობით საჩივარი, რომლებიც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შევიდა. აღნიშნული საჩივრები რამდენიმე კატეგორიად იყოფოდა და უკავშირდებოდა ქონების უფლების დარღვევას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და საპროცესო გარიგებების სისტემის ბოროტად გამოყენებას. აღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით ათეულობით სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, ძირითადად, ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებზე. ანგარიშში მოხვდა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავება. ანგარიშის თანახმად, უგულავას დაპატიმრებით დაირღვა მორატორიუმი, რომელიც აპრილში გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩაბმული.

ამასთან, როგორც Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ აქტუალური გახდა ოქტომბერში, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი დააკავეს.

„მათ ბრალი წაუყენეს სავარაუდოდ, გაყალბებული ტენდერის საფუძველზე 4.1 მილიონი ლარის (დაახლოებით 2.31 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით. თავდაპირველად პროკურატურამ არ უზრუნველყო დაცვის მხარის ადვოკატების სრული წვდომა მტკიცებულებებზე იმ მოტივით, რომ მათ შორის საიდუმლო დოკუმენტები იყო, რითაც შეილახა ეფექტიანი დაცვის განხორციელების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ანგარიშის მომზადების დროს, დაცვის მხარეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წვდომა მტკიცებულებებზე. ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული“, - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ჯერჯერობით, უკომენტაროდ ტოვებს ხელისუფლება. ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატი, ლევან სამუშია განმარტავს, რომ ორგანიზაცია გამოირჩევა თავისი ობიექტური დასკვნებით და შეფასებებით, ხოლო მოყვანილი ფაქტები მრავლისმეტყველია.

„მითითებეულია სწორედ ის ფაქტები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ დღესაც. კერძოდ ის, რომ დაცვის მხარეს არ ჰქონდა მასალებზე ხელიმსაწვდომლობა და ამ დროს პროკურატურა ამბობდა, რომ ადვოკატები სპეკულირებენო. ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით აბსოლუტურად სწორად არის ხაზი გასმული, იმ დეტალებზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობ და მასალებიდანაც ჩანს. ანგარიშდანაც ჩანს, რომ ამ საქმეს სამართლთან და სამართლიანობასთან შეხება არ აქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან სამუშია.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ანალოგიური განცხადება კეთდებოდა ყოფილი ხელისუფლების დროს, თუმცა, ასე დაბეჯითებით პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე განცხადებებს არ აკეთებდნენ.

„რამდენიმე ტიპის პრობლემა ჩნდება ამ პროცესში. არის მოსაზრებები, რომ პროკურატურა, რომლის მიმართაც ბევრი კითხვის ნიშანი აქვს საზოგადოებას, არის არაკომპეტენტური თუ სპეციალურად ქმნის ამ სურათს. ანუ, დამაჯერებლობის მაგივრად, არადამაჯერებელ სურათს ქმნის. კითხვები ჩნდება არა იმიტომ, რომ ვინმს უნდა მიზეზის პოვნა საკრიტიკოდ, ასე არაა.

ხშირად ასეთ კრიტიკას ხელისუფლების მომხრეები უყურებენ, როგორც ტენდენციურს, მაგრამ მეორე მხრივ, ერთი რამ ფაქტია, რომ ჩვენ, საზოგადოებამ არ ვიცით, მოხდა რამე საკადრო ცვლილება, თუ ისევ ის კადრებია პროკურატურაში და შსს-ში, რომლებთაც რაიმე საერთო აქვთ დანაშაულებთან. თუ საერთო აქვთ, მაშინ ბუნებრივია, რომ ისინი ეცდებიან პროცესები ისე გაართულონ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს თავისი დანაპირების შესრულება, საერთოდ ვერ მიაღწიოს სამართლიანობის აღდგენამდე, როგორც ჩანს, ეს მომენტია ჩადებული. ყველა ადამიანი საკუთარი არსებობისთვის იბრძვის“, - აცხადებს საყვარელიძე.

მისივე განცხადებით, მეორეს მხრივ „ქართულ ოცნებას“ ბევრი იმ დანაშაულებთან წილნაყარი ხალხი ჰყავს დღეს თანამდებობის პირებად, რომლებსაც კავშირი აქვთ კონკრეტულ დანაშაულებებთან.

„ამ ამბავს შეეწირა იური ვაზაგაშვილი. ასე რომ, სრულიად გაუგებარი სიტუაციაა. ერთი მხრივ ამ ტრაგედიაზე წუხილს გამოთქვამდე და მეორე მხრივ არ აყენებდე იმ საკითხს, რომ ზოგადად რამდენი ასეთი პირია დღეს თანამდებობაზე, რომლებსაც შეხება აქვთ ვაზაგაშვილის ტრაგედიასთან. თუკი ასეთი პირები არსებობენ თანამდებობაზე, მათ ხელში არსებული საქმეები მიიღებენ ისეთ სახეს, რომ დასავლეთისთვის დამაჯერებელი იყოს „ქართული ოცნების“ სამართლებლივად სწორი მოქმედებები? რა თქმა უნდა - არა. ამაზე ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.