პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ცდილობს

პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ცდილობს

for.ge-ს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ხუთი მაღალჩინოსანის საქმეზე, მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს, საგამოძიებო ვადის ერთი თვით გაგრძელების შუამდგომლობით, დღის ბოლოს მიმართავს. მოტივი, რატომაც მოითხოვა ბრალდების მხარემ საქმის გადადება, უცობია. for.ge დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას, თუმცა, უწყებიდან პასუხი ვერ მივიღეთ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 10 თებერვალს დილის 10 საათზე იყო ჩანიშნული.

კანონის თანახმად, პროკურატურა მას შემდეგ, რაც სასამართლოს საქმის გადადების შუამდგომლობით მიმართავს, დაცვის მხარეს სამდღიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ თავისი პოზიცია წარადგინოს სასამართლოზე და მხოლოდ, ამის შემდეგ იღებს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას.

დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატების განცხადებით, იმ შემთხვევში, თუ პროკურატურამ მოითხოვა წინა სასამართლოს სხდომის გადადება, მზად არიან მათი პოზიცია წარადგინონ სასამართლოში. ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, რამდენჯერაც არ უნდა მოითხოვს პროკურატურამ საქმის გადადება, მზად ვერასდროდეს ვერ იქნებიან - კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულება არ გააჩნიათ, რადგან დანაშაული არ ჩადენილა.

„ოფიციალურად ინფორმაცია არ მიგვიღია. ვერ გეტყვით რატომ ითხოვს სასამართლოს გადადებას პროკურატურა. თუ ეს პოზიცია დადასტურდა, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს ჩვენი არგუმენტებით, თუ რატომ არ უნდა იქნას სასამართლო პროცესი გადადებული. მიუხედავად შეზღუდვებისა და წინააღმდეგობებისა, ჩვენ მზად ვართ წარვსდგეთ სასამართლო პროცესზე და დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ამ ადამიანების უდანაშაულობას დავადასტურებთ.

შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს მტკიცებულება და სულაც 2 თვითაც რომ მოითხოვონ საქმის გადადება, მტკიცებულებას ვერ მოიპოვებენ, რადგან დანაშაული არ ჩადენილა. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ამ საქმეზე გამოძიება თითქმის 9 თვეა მიმდინარეობს და თუ რამე მტკიცებულების მოპოვება შეეძლოთ, ამის მოპოვებას ადვილად შეძლებდნენ. ბუნებრივია, რომ მტკიცებულება არ აქვთ და არიან სამართლებლივი ჩიხში არიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან სამუშია.

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაცვის მხარე იქნება წინააღმდეგი ვადის გაგრძელების. მისივე განცხადებით, დაცვის მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ პროკურატურას 2014 წლის 20 ივნისიდან, როდესაც გამოძიება დაიწყო, საკმარისი ვადა ჰქონდა მტკიცებულების მოპოვების.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვნახოთ პროკურატურის არგუმენტები, რა მიზეზით შეიძლება გადაიდოს სასამართლო სხდომა, რა შუამდგომლობით მიმართავენ ისინი სასამართლოს. დღესაც იგივე აზრზე ვარ, რომ პროკურატურას ამ სისხლის სამართლის საქმეში არ აქვს არგუმენტები. დღეისათვის საქმის მოცულობა წარმოადგენს 27 ტომს, ეს არის დაახლოებით რამდენიმე ასეულ ათასი ფურცელი, მე ვერ წავიკითხე ვერსად დასაბუთება იმისა, რაში არიან ეს ადამიანები დამნაშავეები, რა მოტივი ჰქონდათ, რომ ასეთი დანაშაული ჩაედინათ, ეს საერთოდ არაა გამოკვეთილი. ჩემს ხელთარსებული მტკიცებულებებით, რომელიც პროკურატურამ გადმოგვცა, ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებით, შემიძლია განვაცხადო, რომ პროკურატურას მტკიცებულება არ გააჩნია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილი.

დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა კავშირში იყოს პროკურატურის კიდევ ერთ შუამდგომლობასთან, რომლის თანახმად, მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა შეისწავლოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „სილქნეტს“ შორის არსებული ხელშეკრულების მართლზომიერება. შესაბამისად, თორდიას უწყება ახლა არკვევს იმ საქმის მართლზომიერებას, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას აწარამოებს.

„აქ მართლაც საინტერესო ვითარებაა. როგორც წესი, აუდიტის სამსახურიდან შესული მასალების საფუძველზე იწყებს პროკურატურა გამოძიებას. როდესაც პროკურატურა გამოძიება დაწყებულ საქმეზე ითხოვს აუდიტის სამსახურისგან დასკვნის დადებას, ეს სასაცილო მდგომარეობაში აყენებს პროკურატურას და კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ უსურობაზე“, - აცხადებს ლევან სამუშია.