პუტინის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი, ანდრეი ილარიონოვი, რომელიც ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის ოპოზიციაშია, კვლავ რუსული ექსპანსიის გეგმებზე საუბრობს:
„მრავალჯერ მისაუბრია ამ გეგმების თაობაზე, მათ შორის ევროკავშირის წინაშეც. ამჟამად ავრალური წესით შენდება ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზა და როგორც კი უღელტეხილებზე თოვლი დადნება, ამ გზით საქართველოს საზღვრისკენ რუსეთი ტექნიკას მიიტანს. ფაქტიურად, მოხდება საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილის ანექსია, სომხეთთან დაკავშირების მიზნით. სომხეთისაკენ მიმავალი დერეფანი ჩვენთვის აუცილებელია, რათა მთიანი ყარაბაღის მეშვეობით აზერბაიჯანზე ზეწოლა მოვახდინოთ. აზერბაიჯანის ყველა ენერგეტიკული არტერიები რუსეთის კონტროლქვეშ მოექცევა. ვფიქრობ, აგრესიის კიდევ ერთი მიმართულება ბალტიისპირეთი იქნება... ნატო ვერაფერს გააკეთებს. ეს დაადასტურა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების რეგულარულმა ფრენებმა, ნატო კი უსუსური აღმოჩნდა ხელი შეეშალა მათთვის. დღეს ნატო მყიფე ორგანიზაციაა და მას მსოფლიო მოვლენებზე ნაკლები გავლენა აქვს“...
სავარაუდო საფრთხეებზე „სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ ხელმძღვანელი შორენა ლორთქიფანიძე გვესაუბრება
შორენა ლორთქიფანიძე: ეს ყველაფერი, რასაკვირველია, არის მხოლოდ ვარაუდები. გაზაფხულამდე კიდევ რჩება დრო, სანქციები რუსეთის მიმართ უკვალოდ არ ჩაივლის. ჯერჯერობით რუსეთს ყოფნის ძალა, რომ უკრაინაში სიტუაცია შეინარჩუნოს, მაგრამ არ მგონია, იმისათვის ეცალოს, რომ საქართველოში შემოიჭრას კახეთის მხრიდან და ერთდროულად რამდენიმე ფრონტი გახსნას.
კარგია, ასეთი ვარაუდები რომ არსებობს, თუნდაც იმისთვის, დასავლეთმა უკეთ წარმოოდგინოს - თუ არ გაამკაცრებს თავის პოლიტიკას და არ შეაკავებს რუსეთს, რა შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ დაშოშმინმების პოლიტიკას.
არა მხოლოდ ილარიონოვი, არამედ სხვებიც გამოთქვამენ ასეთ ვარაუდებს და მსგავსი საფრთხეები ობიექტურად არსებობს. საქართველოს კი არა, ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა შეეძლოს, მსგავსი საფრთხეები გააანალიზოს და სამოქმედო გეგმის გარკვეული სცენარები მოხაზოს.
საჭიროა შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება, გაანალიზება - რას აკეთებ დღეს იმისათვის, რომ ხვალ მსგავსი რამ არ მოხდეს. ამაში იგულისხმება, მაგალითად, რა განცხადებებს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, როგორ უჭერს დღეს მხარს უკრაინას, რა ნაბიჯებს გადადგამს იქამდე, ვიდრე სიტუაცია გამწვავდება.
ილარიონოვის და სხვა ანალიტიკოსების გარეშეც უნდა ფიქრობდეს საქართველოს ხელისუფლება ასეთი საფრთხეების შეფასებასა და მათზე რეაგირების შესაბამის ზომებზე.
როგორც ვნახეთ, რუსეთს უკრაინაში ვერაფერი ვერ აჩერებს, მაგრამ გაზაფხულამდე კიდევ დროა იმისათვის, რომ რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო დიდი ზიანი მიადგეს და კიდევ უფრო მკვეთრად იგრძნოს დასავკლეთის რეაქციის სიმძიმე. ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის რეაქციას.
თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ რუსული ტექნიკა მაინც შემოვა კახეთის ტერიტორიაზე, რა უნდა იყოს საქართველოს პასუხი? ეს უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მხარდაჭერის თქოვნა, ძალის გამოყენებით მისი შეჩერება, რუსეთისთვის საპასუხო ნოტის გაგზავნა თუ არსებობს კიდევ სხვა საშუალება?
- თუ ასეთი საფრთხე დადგება ჩვენს საზღვართან კახეთის მხრიდან, იმედია, რომ 2008 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო პირდაპირ ღია ომში არ აღმოჩნდება რუსეთთან. ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციებში საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, არ მგონია, რომ სამხედრო ძალით რუსეთის შეკავება სწორი ნაბიჯი იყოს. მთლიანობაში, ერთადერთ გამოსავლად ვხედავ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გადაწყდეს უკრაინის პრობლემა.
ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ მუდმივად მოვლენების საქმის კურსში იყოს, კარგად იმუშავოს შიდა სახელმწიფო ინსტიტუტებმა, დასავლეთის მხარდაჭერით სრული მობილიზაცია მოხდეს.
უკრაინაში რაც ხდება, ამან უკვე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ მისწრაფებაზე, - იყო ასეთი კონცეფცია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე საქართველო უკრაინასთან ერთად იქნებოდა, დღეს ეს საკითხები რაღაცნაირად, უკვე ამოგდებულია პოლიტიკური დისკუსიებიდან იმის გამო, რომ სხვა, უფრო პრიორიტეტული საკითხები არსებობს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ თუ რუსული აგრესიის შეკავება ვერ მოხდება, ნატო-ს წევრები საფრთხისთვის მზად უნდა იყვნენ. ნიშნავს თუ არა, რომ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებაა მოსალოდნელია მთლიანად რეგიონში?
- ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში მუდმივად იძაბება სიტუაცია, რომელიც ჯერჯერობით, რუსეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ნატოს ძალები და ნატო რას გეგმავს, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ, მათ ყველა შესაძლო სცენარისთვის რაღაც სტრატეგია აქვთ.
უკრაინაში მიმდინარე პროცესმა აჩვენა, რომ მარტივად არის შესაძლებელი თუნდაც შეიარაღებული კონფლიქტის გამოწვევა. იმან, რაზედაც ილარიონოვი საუბრობს, შესაძლოა კიდევ გამოიწვიოს სხვა ჯაჭვური რეაქციები. ამიტომ მთავარია, პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებაზე ზრუნვა.
საქართველოს შემთხვევაში კი, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებაზე მუდმივი ფიქრი და აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ ფორმატებში დასავლეთის ქვეყნებთან.
რაც შეეხება ყარაბაღს, ბოლო პერიოდში მოხშირებულ პროვოკაციებს თუ გავითვალისწინენთ, რუსეთს რამდენად აქვს ამ კონფლიქტის პროვოცირების ბერკეტები, რომ საქართველოში თავისი შემოსვლა გაამართლოს?
- რა თქმა უნდა, აქვს ბერკეტები. იმას, რაც ხდება ამ რეგიონში, მარტო პროვოკაციებს ვერ დავარქმევთ. ეს არის შეკავებული კონფლიქტი, დაძაბულობა ორივე მხრიდან და ა.შ. ჯერჯერობით, რუსეთს არ გამოუყენებია თავისი ბერკეტები. ვფიქრობ, როდესაც უკრაინაში სრულმასშტაბიან ომშია ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ის ამას არ აღიარებს, ვფიქრობ, გაუჭირდება რამდენიმე ფრონტი ერთდროულად აწარმოოს.
ასევე საუბარია დამატებით ბალტიისპირეთში სიტუაციის მოსალოდნელ დაძაბვაზეც...
- ასეთი მოლოდინები დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე რუსეთი ამ გზას არ მიმართავს. შესაძლოა იმიტომ, რომ საკმარის რესურსს ვერ გრძნობს, შესაძლოა, იმიტომაც, რომ სანქციების მიუხედავად რუსეთი დასავლეთთან თანამშრომლობის რაღაც ფორმატებში ისევ არის ჩართული - როგორც ჩანს, კარს ბოლომდე არც ერთი მხარე არ ხურავს. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ თავიდან არ გადაიწეროს ისტორია, როგორც მოხდა ეს მეორე მსოფლიო ომის შემთხვევაში.
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს მსჯელობენ იმაზე, როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ, იყოს შედარებით თავშეკავებული, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს, თუ შედარებით აქტიურად და მკვეთრად დააფიქსიროს თავისი პროდასავლური მისწრაფება - როგორ ფიქრობთ, რა იქნებოდა ამ ეტაპზე საქართველოსთვის უკეთესი?
- გააჩნია რას ჩავთვლით კურსის გაძლიერებაში. თუ შიდა პოლიტიკა თანხვედრაში იქნება საგარეო მიზნებთან, ვგულისმობ, როგორ მიმდინარეობს რეფორმები, რა ხდება მართლმსაჯულებაში, ეკონომიკაში, რამდენად დემოკრატიულია პიროცესები, რამდენად პლურალისტურია პოლიტიკური სპექტრი, რამდენად ჯანსაღდება და უკეთესდება ჩვენი ცხოვრება.
დასავლეთისკენ სვლის ერთადერთი განზომილება არ არის რაღაცეების ხმამაღლა ლაპარაკი, მთავარია, რა პროცესები მიმდინარეობს შიგნით ქვეყანაში, როგორ მკვიდრდება დემოკრატიული პრინციპები. ამ კუთხით თუ არის პრობლემები, გამოდის, რომ ვერ აკონტროლებ შიდა პროცესებს.
ამ მიმართულებით უნდა ვნახოთ, რა ხდება ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს მთლად შესაბამისი სიტუაცია. თუ გადავხედავთ საერთაშორისო კვლევებს და ინდექსებს, შეიძლება ამოვიკითხოთ, საქართველო განვითარების რა ეტაპზე იმყოფება და ერთ-ერთი ბოლო კვლევით, ის კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგებშია.
ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრი გარღვევა და წარუმატებელი ნაბიჯებია, რომელიც კი არ აძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ კურსს, არამედ ასუსტებს. ეს კი ხელს უწყობს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ გაკონტროლოს, შემოვიდეს, შეგაშინოს, ხან დაგიწესოს ემბარგო, ხან - მოგიხსნას, გამოიყენოს ის ბერკეტები, რაც გააჩნია, მათ შორის რუსული კომპანიები და ა.შ.