დემოკრატიის ტესტი თუ ხელოვნური აჟიოტაჟი? - პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურებზე ავლაბრის სასახლეში განაცხადებს ელის. საკონკურსო წამზომი 28 იანვრის საღამოდან ჩაირთო და 9 თებერვლამდე გასტანს. „პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი“, - ეს ის ოთხი კრიტერიუმია, რომელსაც ქართული თემიდას მომავალი თავკაცი უნდა აკმაყოფილებდეს.
საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია. ის, რაც პრეზიდენტისთვის დემოკრატიის ერთგვარი ტესტია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია.
„სასამართლო არის ერთ-ერთი ლოდის საკიდური, რომელზეც იგება ჯანმრთელი, დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ჩვენ დავიწყეთ აქამდე ქართული საზოგადოებისთვის არნახული ღია პროცესი, რომელშიც ჩავრთეთ ყველა პოლიტიკური ძალა - საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო, ასევე ექსპერტები და ამ მიმართულებით გავხსენით ფართო დისკუსია“, - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა.
ქვეყნის მეთაური მიიჩნევს, რომ დისკუსიამ მნიშვნელოვანი ფენომენი გამოავლინა, რადგან გაირკვა, რომ მთელი საზოგადოება, მათ შორის პარლამენტი, ფაქტობრივად, თანხმდებიან ერთსა და იმავე კრიტერიუმებზე და კონსენსუსსაც აღწევენ.
„დღეს პარლამენტის უმრავლესობაც და ოპოზიციური ფრაქციებიც, ფაქტობრივად, ერთ ხედვაზე გველაპარაკებიან. რა თქმა უნდა, არის დაზუსტებები, განსხვავებული პატარა დეტალები, მაგრამ, საბოლოოდ, ეს კრიტერიუმები საერთოა“,- აცხადებს პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ ოთხ კრიტერიუმში - პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი - გაერთიანდა როგორც სასურველი, ისე ის „წითელი ხაზები“, რომლებიც ხელისუფალთ პოლიტიკურმა ძალებმა და საზოგადოებამ მოუნიშნა. ამის შემდეგ კი ახალი ეტაპი იწყება და ამ მიზნით იგი პროფესიულ წრეებსა და კომპეტენტურ პირებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსაზრებების წარდგენისთვის კარს 9 თებერვლამდე უხსნის. წარდგენილი კანდიდატურებისგან შედგენილ სიას სპეციალური კომისია „გაცხრილავს“.
„ეს იქნება ადმინისტრაციაში დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც, ძირითადად, შევლენ ჩემი ნდობით არჭურვილი პირები, ანუ ჩემი მრჩევლები. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ პრეზიდენტს პროცესის ასე ღიად გახსნის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, არ გააჩნია კონსულტაციების ვალდებულებაც კი. მთელი პასუხისმგებლობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტზე“,- აცხადებს მარგველაშვილი და პროცესის წარმატებულად დასრულების შემდეგ კონკრეტულ შედეგს - სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებას ელის.
პრეზიდენტი დღეს პარლამენტის მიერ კანდიდატურის ჩაგდების საკითხს არ განიხილავს, რადგან ფიქრობს, რომ საინტერსო და დინამიური პროცესის დასაწყისში ამ მიმართულებით საუბარი აქტუალური არ არის.
„ამ პროცესის შედეგად ჩვენ მივიღებთ ძლიერ კანდიდატურას, რომელსაც თავისი არგუმენტები ექნება პარლამენტში“,- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი და ახლო წარსულიდან ეროვნული ბანკის წევრის მაგალითი მოჰყავს, როცა პრეზიდენტის მიერ კონსულტაციების შედეგად შერჩეული კანდიდატურა - ნიკოლოზ ყაველაშვილი პარლამენტმა წარმატებით დაამტკიცა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტის ინიციატივას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომაარეობის კანდიდატურის ფართო სპექტრში შეჩევის სურვილით ხსნის, თუმცა მიიჩნევს, რომ კარგი კანდიდატის შერჩევა მარტივი არ იქნება.
„ზოგადად, კანდიდადტურების შერჩევა არცთუ იოლი საქმეა. მით უფრო, როცა საუბარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე. ყველას საერთო ინტერესია, რომ ეს იყოს მაქსიმალურად შესაფერისი კანდიდატურა. იდეალური შემთხვევა მიუღწეველია. მაქსიმალურად უნდა იქნას დასახელებული კრიტერიუმების მიხედვით შეფასებული, არ არის ეს ადვილი. ყოველ შემთხვევაში, ასეთს ბევრს ნამდვილად არ ვიცნობ“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და, ზოგადად, სამთავრობო კოალიციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე რამე გადაწყვეტილება არ მიუღია, ზოგადად, კი საპარლამენტო პარტიებისგან კანდიდატების დასახელება არცთუ მართებული იქნება.
„კონსტიტუცია ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და წარმოადგინოს. ჯერ ერთი, კანდიდატურის შეჯერება თავად უმრავლესობაშიც არ იქნება ადვილი. რომც დავუშვათ ასეთი რამ და უმრავლესობამ წარუდგინოს პრეზიდენტს კანდიდატურა, შემდეგ კი პრეზიდენტმა სხვა წარუდგინოს პარლამენტს, ის სხვა ხომ დიდი ალბათობით განწირული იქნება ჩავარდნისთვის? ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და აზრი სწორედ ის გახლავთ, რომ სხვადასხვა კონსტიტუციურმა ინსტიტუტებმა მიიღონ გადაწყვეტილება სხვადასხვა თანამდებობის პირთა შერჩევაში. შესაბამისად, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე პოზიციის გამოთქმა არ იქნება სწორი პროცესი“,- აცხადებს ვახტანგ ხმალაძე. მისივე განმარტებით, ფსიქოლოგიური ბარიერი რომ არ შეიქმნას, შესაბამისი კანდიდატების შეჩევა არა თუ უმრავლესობის, პარლამენტში მყოფი არც ერთი პოლიტიკური ძალისგან არ იქნება მართებული.
ჯერ უცნობია, რამდენად რეალური აღმოჩნდება პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ერთგვარი კონსკურსი და შედეგად გამოვლინდება თუ არა „დიმიტრი გელოვანი“. მანამდე კი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს მორიგი თავკაცის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მხოლოდ მიესალმებიან.
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მის ორგანიზაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჯერ არ უმსჯელია და დიდი ალბათობით 9 თებერვლამდეც არ იმსჯელებს, მაგრამ იგი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას პროცესში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა ეძლევა.
„რეალურად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის პირი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხარისხს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ვფიქრობ, კანდიდატურების განხილვის დროს ყურადღება მიექცევა პირის გამოცდილებას, რეპუტაციას. სასამართლოში დაწყებული რეფორმები ხშირ შემთხვევაში ფრაგმენტული ხასიათის იყო, ამიტომ სასამართლო კვლავ დგას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უნდა იყოს ინოვაციური, უნდა ჰქონდეს სურვილი, გაიზიაროს სხვადასხვა ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების რჩევები. სასამართლო სისტემაში სერიოზული რეფორმაა გასატარებელი ადმინისტრირების თუ სხვა კუთხით, ამიტომ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ჰქონდეს უნარი, განახორცილეოს რეფორმები თავის გუნდთან და იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ამ პროცესში ჩართვის სურვილი აქვს“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი და განმარტავს, რომ ამგვარი კანდიდატები დღეს იურიდიულ წრეებში არიან, მათგან კი საუკეთესო უნდა შეირჩეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. პრეზიდენტის „ღია კონკურსი“ ივანიშვილისთვის ერთგვარი მანიპულაციაა.
„ამ პროცესსაც ხელოვნურად წევენ იმის წარმოსაჩენად, რომ რაღაც საოცრებას აკეთებს მარგველაშვილი. მანიპულირება მიდის აქაც. ევალება და დაასახელოს დროულად. ჰყავს გუნდი, ამოირჩიოს და დაასახელოს“, - აცხადებს ყოფილი პრემიერი და ყოფილ ფავორიტს, გიორგი მარგველაშვილს, აჟიოტაჟის შექმნის ნაცვლად კვალიფიციურად ფიქრს ურჩევს.