თბილისის მერია საკმაო ხანს ებრძოდა „სითი პარკს“, მაგრამ ბევრი რომ არაფერი გამოუვიდა, საქმეში პარლამენტი ჩაერთო. ის, რაც ნარმანიას უწყებამ ვერ შეძლო, ნაწილობრივ დეპუტატები მოაგვარებენ. ამ ჯერზე „სითი პარკს“ მხოლოდ გარკვეული შეზღუდვა დაუწესდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 1-ელ ნაწილში ცვლილებების შესატანად სპეციალური პროექტი მომზადდა. ამ პროექტის მიხედვით, თუ ავტომობილი არ აფერხებს მოძრაობას, არ ქმნის საავარიო სიტუაციასა ან საცობს „სითი პარკსა“ და ნებისმიერ სხვა მსგავს კომპანიას მისი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის უფლება არ ექნება. ამ შემთხვევაში, ავტომფლობელი მხოლოდ ჯარიმდება. კანონპროექტის ავტორები სამართალმცოდნეები როინ მიგრიაული და ზვიად ტომარაძეა. ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც უკვე პარლამენტშია შეტანილი.
„წარმოდგენილი კანონ-პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ავტომობილი დარეგისტრირდება „საინფორმაციო სამსახური 112“-ის ბაზაში. რის შედეგადაც კიდევ ერთი გაუგებრობა აღმოიფხვრება. უმრავლეს შემთხვევაში „სითი პარკის“ მიერ უკანონოდ გადაყვანილი ავტომობილის მეპატრონე, დიდ დროს ანდომებდა იმის დადგენას, მისი ავტომობილი გაიტაცეს, თუ „სითი პარკის“ მიერ იქნა გადაყვანილი. სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანის შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ზვიად ტომარაძის ინფორმაციით, კანონპროექტი საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებლის როინ მიგრიაულისა და მის მიერ გასული წლის მაისში შემუშავდა. ტომარაძის თქმით, კანონპროექტი პარლამენტში წარსადგენად ავტორებმა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს მიაწოდეს.
„პარლამენტში კანონპროექტის ინიციატორია ზაქარია ქუცნაშვილი, წამყვანი კომიტეტი კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლში შედის. კანონპროექტის მიხედვითაც „სითი პარკს“ ავტომობილების დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა აეკრძალება. ცვლილების შედეგად ამ უფლებას „სითი პარკი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებს, თუ რეალურად გზებზე მოძრაობა ფერხდება. ასევე კანონპროექტის მიხედვით, ავტომობილის მეპატრონის ინფორმირებულობის მიზნით, საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების შესახებ „112“-ის სამსახურს უნდა ეცნობოს“, - განაცხადა ტომარაძემ.
აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი ერთ კვირაში განიხილავს. კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, „სითი პარკს“ ავტომობილი საჯარიმოზე პატრულის თანხმობით უნდა გადაეყვანა, ანუ პატრული მიიღებდა გადაწყვეტილებას აღნიშნული მანქანა ქმნიდა თუ არა პრობლემას. მოგვიანებით, კანონპროექტიდან პატრული ამოვარდა და ახალი ვარიანტით თავად „სითი პარკმა“ უნდა გადაწყვიტოს ქმნის თუ არა კონკრეტულ ადგილზე გაჩერებული მანქანა საავარიაო სიტუაციას ან საცობს.
„თავდაპირველ პროექტში ავტომობილის გადაყვანა საპატრულო პოლიციის თანხმობით უნდა მომხდარიყო, ვინაიდან კერძო კომპანიას არ უნდა ჰქონოდა უფლება წაეყვანა მოქალაქეთა ავტომობილი. შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილის თხოვნით ეს ამოვიღეთ, რადგან მას მიაჩნდა, რომ საპატრულო პოლიციის ისედაც გადატვირთულ რეჟიმს ახალი ვალდებულება კიდევ უფრო დაამძიმებდა“, - ამბობს ზვიად ტომარაძე.
როგორც უკვე ცნობილია, „სითი პარკის“ ამგვარ დასჯას თბილისის მერია აპირებდა. თუმცა მერიის წინა ხელისუფლების მიერ „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან სამართლებრივი ბრძოლა არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
მერიამ ხელშეკრულებას ვერაფერი მოუხერხა. მას ამის არც პოლიტიკური ნება აღმოაჩნდა და არც შესაძლებლობა. უშუალოდ კანონში ცვლილებების შეტანით კი ბევრი თბილისელის უფლება იქნება დაცული.