“კვლავ გამიჩნდა სურვილი, კიდევ ერთხელ მოგმართოთ განცხადებით”

“კვლავ გამიჩნდა სურვილი, კიდევ ერთხელ მოგმართოთ განცხადებით”

გურიაში წლებია, თანამდებობაზე ერთი და იგივე სახეები მუშაობენ. მათ ყველა დროს გაუძლეს, უმრავლესობამ თითქმის ყველა პოპულარული პარტია გამოიცვალა. ზოგს გაუმართლა და დააწინაურეს კიდეც... მერე ამ დაწინაურებულებმა შინაურები დაასაქმეს და, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ჩოხატაურში დღეს კადრების დიდი დეფიციტია. დეფიციტს მიგრაციის გაზრდილ ფონს აბრალებენ - ნასწავლს და გამოცდილს ჩოხატაურში გაჩერება არ უნდაო. სწორედ ამიტომაა, რომ ჩოხატაურის გამგებლის მოადგილის თანამდებობა დღემდე ვაკანტურია - შესაფერისი კადრი არ მოიძებნა.

ბუნებრივია, ვინც ეძებს - ის პოულობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესულ განცხადებებს კარგა ხანია მტვერი ადევს. როგორც ჩანს, ეს განცხადებები თვეებია არავის უნახავს. ჩოხატაურში არც უმუშევართა ბაზა არსებობს. შესაბამისად, გამგეობაში ვერ გვპასუხობენ, ზუსტად რამდენი განცხადება შევიდა დასაქმების მოთხოვნით ერთი წლის განმავლობაში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არც ის იცის, რა სპეციალობის, რა ასაკის და რა გამოცდილების მქონე კადრები ჰყავთ ჩოხატაურში.

ოფიციალურად მოწოდებული განცხადებების თანახმად ირკვევა, რომ მხოლოდ გამგეობაში გასულ წელს 124 განცხადება შევიდა დასაქმების მოთხოვნით. ყველა მათგანი, საკუთარი ისტორიით ცალ-ცალკე, აღებული საინტერესოა, თუმცა არის გამორჩეულებიც, მდიდარი პროფესიული გამოცდილებით დაწერილი.

124-დან 123 განცხადება ხელით ნაწერია. მხოლოდ ერთია ნაბეჭდი. ჩაისუბანში მცხოვრები ვინემ ანნა შარაშენიძე იმ დროინდელ გამგებელს, მამუკა დოლიძეს თხოვს, რომ სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის გახსნის შემთხვევაში განიხილონ მისი კანდიდატურა ბაღის გამგის თანამდებობაზე. განცხადების შეტანის თარიღი 2010 წლის 25 ივნისია, რომლითაც ირკვევა რომ განმცხადებელს დიდი გამოცდილება აქვს:

“დავამთავრე ქ. თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი მთარგმნელ რეფერენტის სპეციალობით ინგლისური ენა. ინსტიტუტის დამთავრებიდან დღემდე ვმუშაობ შემდეგ სამუშაო ადგილებზე: ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნულ კომიტეტში (მენეჯერი); ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე დაზარალებული ინვალიდთა ასოციაცია (მენეჯერი); სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია “ლოგოსი” (კოორდინატორი); შპს ”ანალისტიკოსი” (სუპერვაიზერი); ტელევიზია იმედი (სატელეფონო კვლევების ინტერვიუერი). გავლილი მაქვს სტაჟირების ასამაღლებელი კურსები: საფრანგეთი ზაფხულის სკოლა; კორსიკა – ზამთრის სკოლა; ბაქო - საერთაშორისო კონფერენცია. ბაკურიანი ფონდი “ტასისის”. ეკომიგრაცია – კავკასიის რეგიონის ფარგლებში ასოციაცია მშვიდობა და განათლება. სემინარი პროფესიული ცოდნის და უნარ ჩვევების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შესახებ. 2005 წლიდან ვმუშოაბ ჩაისუბნისა და ერკეთის საშუალო სკოლებში პედაგოგად” - აღნიშნულია შარაშენიძის განცხადებაში.

როგორც მოვიკვლიეთ ჩაისუბანში ბაღის გახსნა უახლოეს ხანში იგეგმება, თუმცა ამ ადამიანის კანდიდატურა, რომელსაც მასწავლებლის სერთიფიცირების გამოცდები მაღალი ქულებით აქვს ჩაბარებული, ბაღის გამგის თანამდებობაზე არ განიხილება.

სოფელ გოგოლესუბანში მცხოვრები ეკა გოგოლაძე მამუკა დოლიძისთვის მიწერილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სურვილი აქვს იმუშაოს მის რაიონში.

“2008 წელს დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი - სპეციალობით ტურიზმის ეკონომიკა, საკურორტო ორგანიზაცია და მენეჯმენტი. გავლილი მაქვს შემდეგი კურსები: ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საბუღალტრო სასაწყობო კომპიუტერული პროგრამა “ორის ბუღალტერია”, სტაჟირების პროგრამა ბუღალტრებისთვის - საგადასახადო და საბაჟო კოდექსები. მაღალ დონეზე ვფლობ კომპიუტერულ პროგრამებს. 2008-2009 წლებში ვმუშაობდი შპს “სელიოს” მოლარე ოპერატორ-ბუღალტრის თანამდებობაზე” - აღნიშნულია გოგოლაძის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტში ბუღალტრის რამდენიმე შტატი დაიშვა სხვადასხვა დაწესებულებებში, გამგეობაში დაგვიდასტურეს, რომ ეს განცხადება არავის განუხილავს.

ფარცხმაში მცხოვრები ლია ცინცაძე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, გია გიორგაძეს სთხოვს დასაქმებას. ცინცაძის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი დაამთავრა. სტაჟირება გაიარა სს “ნიუ ინვესტის” ენერგეტიკის განყოფილებაში. დაეუფლა ბუღალტრის პროფესიას და 2010 წელს მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვითი ადვოკატირებისა და ორპუსის კონვენციით განსაზღვრული უფლებების გამოყენების ტრენინგში.

განმცხადებლებს შორის არის ბუკისციხის მცხოვრები კოტე სიხარულიძეც. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სამსახურს უკვე რამდენიმე წელია ითხოვს. არადა, ამ სპეციალობის კადრები ჩოხატაურში მართლაც ცოტაა.

დაბაში, ბენდელიანის ქუჩაზე მცხოვრები იასონ საბაშვილი წერს, რომ ოჯახში 9 სული ცხოვრობს, ყველა უმუშევარი და აქედან 3 - მცირეწლოვანი ბავშვია. საბაშვილს სახანძრო დაცვის სამსახურში რაიმე ვაკანსიის შემთხვევაში ითხოვს დასაქმებას.
განცხადება აქვს დაწერილი რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ ნინო ლომთათიძეს. განცხადებაში მითითებულია, რომ არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. “მაგრამ ჩემი ავადმყოფობა არ შემიშლის ხელს დასაქმების შემთხვევაში” - აღნიშნულია განცხადებაში.

ნინო ლომთათიძეს მიღებული აქვს საშუალო სპეციალური განათლება. დაამთავრა დაწყებითი განათლების და პედაგოგიკის ფაკულტეტი. გაიარა საბუღალტრო და კომპიუტერული კურსები. იცის რუსული და ინგლისური ენები. თუმცა ეს განცხადებაც, სხვა მრავლის მსგავსად განხილვას არ დაქვემდებარებია.

გოგოლესუბანში მცხოვრებ მამუკა გოგოლაძესაც ჩოხატაურში სურს მუშაობა. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი - სპეციალობით არქიტექტურა, ურბანისტიკა და დიზაინი.

“მაღალ დონეზე ვფლობ კომპიუტერულ პროგრამებს და ასევე კომპიუტერის ტექნიკურ მხარეს - დაშლა, აწყობა, ვირუსებისგან გაწმენდა, პროგრამული უზრუნველყოფა, მაქვს უახლესი პროგრამების საკუთარი ნაკრები” - წერია გოგოლაძის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩოხატაურში არქიტექტორი საერთოდ არ ჰყავთ და საჭიროების შემთხვევაში ოზურგეთიდან ამოჰყავთ, რატომღაც ეს განცხადება მხედველობაში არავის მიუღია.

“უამრავი განცხადებების და მასზე მოსული საიმედო პასუხების შემდეგ მე კვლავ უმუშევარი ვარ და კვლავ გამიჩნდა სურვილი კიდევ ერთხელ მოგმართოთ განცხადებით, რათა იქნებ გაჩნდეს ვაკანსია და დააკმაყოფილოთ ჩემი მოთხოვნა“ - აღნიშნულია ფარცხმის მცხოვრები, ლიანა მეფარიშვილის განცხადებაში.

ეს ძალიან მცირედია იმ მრავალთაგან, რომლებიც გამგეობის, საკრებულოს თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების ბოლო უჯრებში უყურადღებოდ არის ჩაწყობილი.

იურიდიული, ეკონომიური, კულტურული თუ სხვა საჭირო განათლების მქონე ადამიანები დღეს სახლში უმუშევრები სხედან. 


სამსახურებში ის ადამიანები ინიშნებიან, ვისაც ახლობლები და გავლენიანი ნაცნობები ჰყავს. ისინი, ვისაც არჩევნებში დამსახურება ჰქონდა. ზოგს ნოღაიდელის “აქტივისტობისთვის” ზოგს მიშა-მიშას ძახილისთვის, ზოგს კარგი “ტიპობისთვის” და ზოგსაც, ისე, ვიღაცის ხუშტურებისთვის, ერგოთ სამსახურები - ასეა დასაქმება ჩვენებურად.

#1 საბავშვო ბაღში, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნინო ბარამიძემ საკუთარი შვილისთვის სპეციალური -რეზერვი მასწავლებლის - შტატი დაუშვა და 250-ლარიანი ხელფასი დაუნიშნა. ბარამიძემ ამავე ბაღში, ნახევარ განაკვეთზე ძმის ცოლის დანიშვნის ბრძანებასაც მოაწერა ხელი. სამუზეუმო გაერთიანებაშიც დაემატა ახალი შტატი ჩოხატაურის გამგებლის მეზობლის, ნათია ჩხიკვაძისთვის. მატებაა გამგეობის კულტურის სამსახურშიც. გასული თვიდან საორგანიზაციო სამსახურის უფროსის, დავით ჯინჭარაძის მეუღლე - თამთა ჯანხოთელი - ტურიზმის სპეციალისტად დაინიშნა. ზედამხედველობის სამსახურში კი, რიგით სპეციალისტად ნაციონალების ერთგული აქტივისტი მალხაზ წიქორია მოგვევლინა.

სხვათა შორის ეს ის წიქორიაა, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში აცხადებდა, რომ ზურაბ ნოღაიდელის აქტივისტი იყო და ყოფილ პრემიერს, სხვა ბრალდებებთან ერთად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაშიც დასდო ბრალი.

ერთი სიტყვით, შვილი, რძალი, მეგობარი, ცოლის დაქალი, ბიძაშვილის სიმამრი, მთავარი ექიმის ცოლი, ცოლისძმა, მეზობელი - სწორედ ამ “რეგალიათა” დამსახურებით დაინიშნა კადრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. არცერთ კადრზე პროფესიას და კვალიფიკაციას მნიშვნელობა არ ჰქონია.

არცერთხელ, საზოგადოების თვალის ასახვევად მაინც, იმ ადამიანებთან, რომლებსაც დასაქმების მოთხოვნით დიდი ხანია განცხადება აქვთ დაწერილი, გასაუბრებითაც კი არავის შეუწუხებია თავი. შესაბამისად, უადვილდებათ თქვან - ”კადრების დეფიციტია!” არადა, პირიქით - კადრების სიმრავლეა! ნიჭს და შესაძლებლობებს გასაქანი არ ეძლევა. თვითრეალიზაციისთვის საჭირო სივრცე ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგა ხანია თავისთვის შემოღობეს და “შინაურის” გარდა არავის ატარებენ.

ჩოხატაურის მსგავსი სიტუაციაა ოზურგეთსა და ლანჩხუთში. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმების მოთხივნით 400-მდე განცხადება შევიდა. 300-მდე განცხადებას ითვლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

განცხადებების დასტა მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეების სახელზეც მრავლად არის. მსგავსი განცხადებები არასამეწარმეო იურიდიული დაწესებულებების ხელმძღვანელთა კაბინეტებშიც მოიპოვება. როგორც გვეუბნებიან, ყველა მათგანს იმ მარტივი მიზეზის გამო ადევს მტვერი, რომ გურიის ხელისუფლებას ქამრები მეტისმეტად მოჭერილი აქვს. თუმცა, ფაქტები სულ სხვას მეტყველებენ.