ახალი ხელისუფლების ანგარიშზე თითქმის არც ერთი გახმაურებული საქმის გამოძიება არ ირიცხება, არადა ეს სწორედ ის რგოლია, რამაც მრავალ ხელისუფლებას შეურყია საფუძველი. ვინ შეიძლება ისარგებლოს მოსალოდნელი ქაოსით ვაზაგაშვილის საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაში და მოვლენათა როგორი განვითარებაა მოსალოდნელი, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ვახტანგ ძაბირაძე: ბოლო პერიოდში მართლაც მოხდა ასეთი ფაქტები, ერთ-ერთია ეროსი კიწმარიშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება - მეც, საზოგადოების ნაწილიც და ოჯახიც თვითმკვლელობის ვერსიას ნაკლებად ვენდობით, თუნდაც გამომდინარე, კიწმარიშვილის პიროვნული თვისებებიდან. თანაც, თუ იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობდა, რომ თვითმკვლელობამდე მისულიყო, ამას საკუთარ სარდაფში, ავტომანქანაში არ გააკეთებდა. ის არ იყო ადამიანი, რომელიც აფექტში მიიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას - მთელი მისი ბიოგრაფია ამის დამადასტურებელია.
რაც შეეხება ვაზაგაშვილის მკვლელობას, ტერაქტი სხვას კიდევ რას ჰქვია, არ ვიცი. როდესაც ბომბი ფეთქდება სასაფლაოზე, თანაც შვილის საფლავზე, ასეთი ცინიზმი არ ვიცი, ვის გონებაში შეიძლებოდა მომწიფებულიყო. ასეთი მკვლელობები მხოლოდ შევარდნაძის პერიოდში მახსენდება, როდესაც მოკლეს ხაბეიშვილი, ჭანტურია და ა.შ. თუ, წინა ხელისუფლების დროს რამე ხდებოდა და არავინ უარყოფს, რომ ბევრი ცუდი ხდებოდა, ადრესატი, ასე თუ ისე, ცნობილი იყო - მაგალითად, ჟვანიას საქმეზე საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ეს გააკეთა ხელისუფლებამ. სწორია ეს ვერსია თუ არა, ამაზე არ არის საუბარი - საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი მოქმედებდა ჟვანიას წინააღმდეგ. დღეს კი ისმის კითხვა - აქ ვინ მოქმედებს? - აი, ეს არის პრობლემა - დღევანდელი ხელისუფლების უუნარობაა, ყოფილი ხელისუფლების ინტერესია? რუსული კვალია? ეს არის კითხვები, რომელზეც არ არის პასუხი.
ეს უზარმაზარი პრობლემაა ხელისუფლებისთვის და ერთი წუთითაც არ მინდა დავუშვა, რომ საქმე ან ჩაიფარცხოს, ან გამოძიების გარეშე დარჩეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში უკვე ათ წელზე მეტია ტერორისტული აქტი არ განხორციელებულა და თუ დღევანდელი ხელისუფლება ამას დაუშვებს, ვიფიქრებ, რომ ხელისუფლება უუნარო კი არ არის, არამედ აწყობს, რომ ქვეყანაში ასეთი აზრი დამკვიდრდეს.
ქვეყანაში ისედაც ძალიან რთული ვითარებაა, სოციალური, უმუშევრობის თუ სხვა კუთხით, უამრავი პრობლემაა. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ორი წელი გავიდა - კი ბატონო, რაღაცეები გაკეთდა, ზოგი რამ მნიშვნელოვანიც, მაგრამ ზოგადად, თუ ავიღებთ საერთო ნიშნულს, ქვეყანა ადგილზე დგას და წინ ვერ წავიდა.
ის, რომ ჯანდაცვის სფეროში რეფორმა განხორციელდა, ამას ვაღირებთ კიდეც, მაგრამ ეს ძალიან მცირეა იმ უამრავ პრობლემასთან შედარებით, რაც ქვეყანას და მოსახლეობას აწუხებს. თუ ამ ყველაფერს დაემატება საზოგადოებაში დაუცველობის განცდა, მაშინ რას ვღებულობთ? სად მივდივართ?
გასულ წელს საკმაო ხმაური გამოიწვია ნაციონალების ე.წ. სამოქმედო გეგმის საინფორმაციო სივრცეში „გაჟონვამ“, სადაც სწორედ ქაოსსა და არეულობაზე, მათ შორის, ტერაქტებზე იყო საუბარი. თქვენი შეფასებით რამდენად არის ეს სიტუაცია მომგებიანი ყოფილი ხელისუფლებისთვის?
- ხელისუფლებას რომ არ აძლევს ხელს ეს აშკარაა, მაგრამ მაინც და მაინც, არც ნაციონალებს არ უნდა აძლევდეს ხელს. სოციალურ ქსელებში ბუნებრივად წამოვიდა ტალღა და მიმართულია სწორედ ნაციონალების წინააღმდეგ. ღმერთმა ნუ ქნას, აქ რაღაც სხვანაირად იყოს, რადგან შემდეგ პროცესის შეჩერება იქნება ძალიან ძნელი.
შეუძლებელია, ასეთი რამ რეალური არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე ვინმეს დააბრალო, მაგრამ ლოგიკური თვალსაზრისით ეს ნაცონალებსაც არ უნდა აძლევდეს ხელს. ვისაც ხელს აძლევს ეს არის ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ თუ საქართველოში სიტუაცია აირევა, ეს მისთვის იქნება კარგი და ეს არის რუსეთი. სხვა ძალას მე უბრალოდ, ვერ ვხედავ. გარდა ამისა, რომელიმე კერძო პირის დადანაშაულებით, ვერც რუსეთს ვერ დაადანაშაულებ - ეს მხოლოდ ვერსიაა.
ლოგიკურად, ეს აწყობს რუსეთს, იმიტომ, რომ საქართველოში გარდა შიდა არეულობისა, სხვა მექანიზმი, რომ მაგალითად, ისეთივე მიმათულებით განავითაროს მოვლენები, როგორც უკრაინაში, მას ამ წუთში არ გააჩნია. ამიტომ მსგავსი სიტუაცია რუსული სპეცსამსახურებისთვის იდეალური ვარიანტია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს უნდა დაადგინოს ხელისუფლებამ. თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ დანაშაულის გახსნას, სამართალდამცავი სისტემის ზედა ეშელონები მთლიანად უნდა გაიწმინდოს - ეს მინიმუმია.
დავუშვათ, შიდა არეულობა აწყობს რუსეთს, შემდგომი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს? ჯარს შემოყვანს, როგორც უკრაინაში? თეორიულად, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არსებობს ქვეყანაში? რამდენად შეიძლება გართულდეს სიტუაცია?
- ხელისუფლების რეიტინგი ისედაც ეცემა და თუ ამ საქმის გამოუძიებლობაც დაემატა, პროცესი წავა ძალიან ჩქარა. მე არ ვლაპრაკობ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც გარეთ გამოდის და ყვირის, რომ რუსეთი უნდა. ეს ის ფასადური ნაწილია, რომელიც უბრალოდ, ფარავს რეალურ მეხუთე კოლონას - ტაქტიკაა ასეთი. ის მეხუთე კოლონაა სწორედ საშიში და არა ის, ვინც ხმამაღლა რაღაცას ყვირის.
ეს მეხუთე კოლონა, რა თქმა უნდა, ჰყავს რუსეთს საქართველოში. ეკონომიკური ბერკეტებიც აქვს და ძალიან ბევრი ფინანსებიც, მიუხედავად მისი ეკონომიკისა, რომ ფული გამოყოს და ვიღაცეები დააფინანსოს.
აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას მართებს ძალიან ფრთხილი და გონივრული ქმედება, რაც აუცილებლად უნდა იყოს სამართლის ჩარჩოებში მოქცეული. ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ, რომ შედარებით თავისუფალი სივრცე, თავისუფალი და ოპოზიციური აზრისა, დახუროს.
ვფიქრობ, და აქამდე ვფიქრობდი, რომ საჭიროა, ახალი რიგგარეშე არჩევნები, თანდათან ვრწმუნდები, რომ ეს ძალზე აუცილებელია. იმისათვის, რომ ხელისუფლება უფრო მეტად ლეგიტიმური გახდეს, იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესები უფრო მეტად დამშვიდდეს და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ თავისი ნება გამოხატოს.
იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ერთი მხრივ, ხელისუფლების ხოლო მეორე მხრივ, ნაციონალების უნდობლობით იხეირებს, შესაძლოა, ძალაუფლების ხელში აღებაზე ჰქონდეს პრეტენზია?
- ხელისუფლებაში ვინ მოვა, მნიშვნელობა არ აქვს. ამ ძალას პოლიტიკაში შემოსასვლელად სჭირდება საბაბი და ეს საბაბი შეიძლება იყოს არასტაბილური სიტუაცია ქვეყანაში. ხელსუფლებაში მოსასვლელი დრო ამ პოლიტიკურ ძალას არ ექნება - რუსეთს ვგულისხმობ. ეს არის ერთ-ერთი ვერსია, საკმაოდ ლოგიკური, გამომდინარე იქიდან, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, იგივე უკრაინასთან მიმართებაში, გამომდინარე რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობიდან და ა.შ.
ძალიან ბევრი მომენტია, რამაც პროცესების ამგვარად განვითარება შეიძლება განსაზღვროს. სხვა საბაბი, რუსეთმა ხელზე რომ დაიხვიოს უბრალოდ, არ არსებობს - აფხაზეთის და ოსეთის თემა ამოწურულია, ჯავახეთის თემა შეიძლება გააღვივიოს, მაგრამ დროში ვერ ესწრება, ამასთან ეს პრობლემას გააჩენს ქართულ-სომხურ ურთიერთობებში, ამიტომ ყველაზე ეფექტური შეიძლება იყოს ეს გზა. მგონია, სხვა გზა, რაღაცნაირად რომ გაამართლოს ცხინვალიდან თბილისში ტანკის შემოყვანა, მას უბრალოდ, არ აქვს.
თქვენ თქვით, რომ დაძაბულობა და ქაოსი ნაციონალებსაც არ აწყობთ, თუმცა ბოლო პერიოდში „რუსთავი 2“ რომელიც ნაციონალების მხარდამჭერ ტელევიზიად მოიაზრება, მუდმივად უკეთებს ტირაჟირებას ქვეყანაში მზარდ კრიმინალს, ხელისუფლების უსუსურობას და ა.შ. შემთხვევითია, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა?
- მესმის და მართალია, რომ ნაციონალები მუდმივად ცდილობენ ხელისუფლების დადანაშაულებას და „რუსთავი 2“- ის მეშვეობით ისეთი ფაქტების წამოწევას, რომელიც ხელისუფლების უუნარობას, იგივე კრიმინალის მომძლავრების განცდას ქმნის, მაგრამ ეს საკითხის ერთი მხარეა, როდესაც ოპოზიცია მისაღები თუ მიუღებელი ხერხებით ცდილობს ხელისუფლების დისკრედიტაციას. რაზედაც მე ვლაპარაკობ, ანუ სერიოზულ ჭრილში ამ ყველაფრის გადატანა, მითუმეტეს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მიყვანა, ნაციონალებს ცხადია, არ აწყობთ, რადგან როგორც არ უნდა დაეცეს მმართველი ძალის რეიტინგი, ამით ნაციონალების რეიტინგი ვერაფრით ვერ მყარდება. პირიქით, ტალღა, რომელიც ამ ტერორისტული აქტის შემდეგ აგორდა, სოციალურ ქსელში, პირდაპირ ნაციონალების წინააღმდეგაა მიმართული. ლამის ამდაგვარი რამ ითქვა, რომ ხელისუფლება თუ დროულად არ აღადგენს სამართლიანობას, თავად საზოგადოება მიხედავს ამ საქმეს. მგონია, რომ ნაციონალებს საქმის აქამდე მიყვანა უბრალოდ, არ აწყობთ.
იმასაც ვერ იტყვი, რომ ვერ გათვალეს, ეს არ არის ის ხალხი, რომელიც რაღაცის ანალიზს ვერ აკეთებს, თუ ამ 9 წლის განმავლობაში მათ საქმიანობას გადავხედავთ, ანალიზსაც საკმაოდ კარგად აკეთებდნენ და მუშაობდნენ კიდეც. სხვა საკითხია ეს ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ კეთდებოდა თუ არა. ამიტომ, არ მგონია, ნაციონალებმა ვერ გათვალონ და ხელისუფლებასთან სამოქალაქო დაპირისპირებაში შევიდნენ. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ხელს აძლევთ, ხელისუფლება უუნარობში დადანაშაულონ. სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევაში კი, საფრთხის ქვეშ პირველები სწორედ ნაციონალები აღმოჩნდებიან.
ამ საქმის გამოძიება საკმარისი იქნება ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად?
- საკმარისი შესაძლოა არ იყოს, მაგრამ მისი გაუხსნელობა რომ კატასტროფა იქნება, ეს ფაქტია. ამ შემთხვევაში ლაპარაკი იმაზე კი არ არის, კარგი რა იქნება, ცუდი გაგრძელება რომ არ მოჰყვეს, ამაზე უნდა იმუშავოს ხელისუფლებამ, თორემ მისთვის კარგი ვარიანტი უკვე აღარ არსებობს.
საზოგადოების განწყობის თვალსაზრისით, მან უკვე მიიღო საკმაოდ მძიმე დარტყმა. ახლა უნდა შეცადოს ეს ყველაფერი კატასტროფამდე არ მივიდეს. თუ ეს საქმე ისევე წავა ჩრდილში, როგორც სხვა მკვლელობები, შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ პატარა იმპულსი შეიძლება გახდეს საკმარისი, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დაიწყოს.