ჭიკაიძის წყალი ბადაშვილსაც გადაესხმევა

ჭიკაიძის წყალი ბადაშვილსაც გადაესხმევა

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. გომელაური შსს-ში 2013 წლიდან მუშაობას. მას ჯერ შს მინისტრის მოადგილის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი, პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. შსს-ში მუშაობამდე გომელაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, ახალი მინისტრი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხალხის მოლოდინები გაამართლოს.

„ეს არის მეტად საპასუხსიმგებლო თანამდებობა. მას აქვს გააზრებული ის, რაც ახლავს ამ თანამდებოას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო. ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი. ვახტანგი ორი წლის განმავლობაში იკავდება მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მანამდეც ამ სისტემაში უწევდა მუშაობა. ვუსურვებ მას წარმატებებს. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი და ხალხის მოლოდინები გაამართლოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალმა მინისტრმა ქვეყნის პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ხოლო კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები და ვინ იქნება შს მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ამ საკითხებს განიხილავენ და ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურმა ალექსანდრე ჭიკაიძე მას შემდეგ შეცვალა, რაც რამდენიმე დღის წინ, ჭიკაიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება კი მისივე განცხადებით, განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს, იგი ხელს აფარებდა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს.

ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ, თანამდებობა დატოვა შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოთარ მირზოევმა, გარდა ამისა, თანამდებობა დატოვა ქალაქის სამმართველოს უფროსმა გიორგი დალაქიშვილმა. შეგახსენებთ, რომ მირზოევსა და დალაქიშვილს იური ვაზაგაშვილი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა.

ვაზაგაშვილის საქმეზე პირველი კომენტარი ვახტანგ გომელაურმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მისი თქმით, ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობდა და ყველას ვერ გაუშვებენ სამსახურიდან.

„ყველას მომენტალურად ვერ გავუშვებთ სამსახურიდან. ყველას ბრალი ხომ არ იყო... იქ იყო რამდენიმე კაცის ბრალი. პრობლემა რომ არ შექმნოდა გამოძიებას და არ შეშლოდა ხელი, რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა თანამდებობა. დამთავრდება გამოძიება, გამოიკვეთება ბრალეულობა და არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანები, თუ არაფერ შუაში არ არიან, ისევ აღდგნენ სამსახურებში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კულუარებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკადრო ცვლილება მხოლოდ ალექსანდრე ჭიკაიძით არ შემოიფარგლება. გავრცელბული ინფორმაციით, თანამდებობას სავარაუდოდ, მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილიც დატოვეს. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის მთავარ პროკურორს ერთთვიანი ვადა მისცეს საქმის სრულყოფილი გამოძიებისათვის. ის, რომ ცვლილები გარდაუვალია, ეს ყოფილი პრემიერის განცხადებითაც დასტურდება.

„შს მინისტრისგან და  მთავრობის  მხრიდან მორალური პასუხისმგებლობა სწორი იყო, დანარჩენი, მივყვებით  პროცესებს და თუ ვინმეზე დამატებით გაჩნდება ეჭვი, საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს. მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილის ამ განცხადებას საკადრო ცვლილებები მოჰყვა მთავარ პროკურატურაში. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვეს საქმის იმ გამომძიებლებმა, რომლებსაც იური ვაზაგაშვილი საქმის გაყალბებაში სდებდა ბრალს. ესენი არიან პროკურორები - შაქრო ზაალიშვილი და თენგიზ ხარებავა. მიუხედავად იმისა, რომ ზაალიშვილი და ხარებავა ადასტურებენ უწყებიდან წასვლას, მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებს, რომ პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც 2006 წელს აქტიურად იყვნენ ჩართული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის პირვანდელ გამოძიებაში, პროკურატურაში უკვე დიდი ხანია რაც აღარ მუშაობენ.

„მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რამდენიმე თანამშრომელმა, რომელსაც გარკვეულწილად, შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან, პირადი განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურორს და გამოძიების დასრულებამდე მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება. მთავარმა პროკურორმა მათი განცხადებები დააკმაყოფილა და ისინი გათავისუფლდნენ პროკურატურის რიგებიდან“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. თუმცა, პროკურატურა თავისივე გაცხადებაში არ აკონკრეტებს თარიღს როდის დატოვეს მათ პროკურატურა.

for.ge შეგახსენებთ, რომ პროკურორი თენგიზ ხარებავა გახლდათ 2014 წლის ოქტომბერში გატაცებული იოსებ გიორხელიძის საქმის პროკურორი. რაც შეეხება შაქრო ზაალიშვილს, ის გახლდათ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის პროკურორი ე.წ. „რეინჯერების საქმეში“, სადაც გამამართლებელი განაჩენი დადგა.

როგორც ცნობილია, იური ვაზაგაშვილი ღიად აცხადებდა, რომ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას მაღალი თანამდებობის პირები ხელს უშლიან. ის ასევე ასახელებდა ამ თანამდებობის პირებს. გარდა ამისა, იური ვაზაგაშვილმა გაასაჯაროვა მასსა და მთავარი პროკურორის პირველ მოადგილის, ირაკლი შოთაძის საუბრის დეტალები.

„შევხვდი ირაკლი შოთაძეს და კატეგორიული მოვთხოვე სამსახურიდან გაენთავისუფლებინათ ის თანამშრომლები, რომლებმაც საქმე გააყალბეს. ესენი არიან, მთავარი პროკურატურის დეპატრამენის უფროსისი მოადგილე, ფრანკ ანკოსი, თბილისის პროკურორის მოადგილე გელა ბადიაშვილი, პროკურორები შაქრო ზაალაშვილი, თენგიზ ხარებავა. ესენი ხელის უშლიან გამოძიებას. შოთაძე მეუბნება, რომ პროკურორი ზაალიშვილი მოვაშორეთ აქედან და კახეთში გავუშვით, დანარჩენებზე პრობლემა არ იქნებაო.

ასევე შევხვდი შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს. ვკითხე რა ფორმით აპირებდნენ ქალაქის პოლიციის უფროსის გიორგი დალაქიშვილის და მისი მოადგილის ოთარ მირზოევის დასჯას. ეს ბატონები ჩემი ზურას მკვლელობის თანამონაწილეები არიან. მინისტრს ამის მტკიცებულებაც წარვუდგინე - როცა მათ დაიწყეს პირველი სროლა ზურას მიმართულებით, ისინი ცააძესთან და ბეროძესთან ერთად, მანქანის წინ იდგნენ. შს მინისტრი მეუბნება, რომ დალაქიშვილმა მითხრა 150 მეტრის მოშორებით ვიდექიო და მე მისი მჯერაო“, - აცხადებდა იური ვაზაგაშვილი.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის აზრით, თუ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გამოძიებული არ იქნა, ქართული საზოგადოება მთელ მთავრობას მოუსავლეთში გაუშვებს. სოზარ სუბარის განცხადებით, რაც მოხდა იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით, ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას.