მიწის კანონი უცხოელების მადას შეზღუდავს

მიწის კანონი უცხოელების მადას შეზღუდავს

ამიერიდან კანონი დაადგენს, რა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შეიძლება ფლობდეს უცხოელი ან უცხოელის მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი საქართველოში. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიწის ნაკვეთის როგორც მინიმალურ, ასევე მაქსიმალურ ზღვარს განსაზღვრავს. კანონში დაგეგმილი ცვლილებები იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების ავტორობით პარლამენტში უკვე შევიდა.

პროექტის თანახმად, შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი, უცხოელის შემთხვევაში, 5 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო ჯამში, შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს. უცხოელის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის შემთხვევაში კი, მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა იყოს 20 ჰექტარზე ნაკლები და ჯამში, შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი 200 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული შეზღუდვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება. კანონპროექტი ადგენს იმასაც, რომ უცხოელებზე მიწის ნაკვეთის გასხვისება ხუთკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში არ უნდა მოხდეს.

ასე რომ, უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების დაბრუნება გარკვეული პირობების გათვალისწინებით შეიძლება მოხდეს. ახალი პროექტით საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება აქვს სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს. ამ უფლებით უცხოელიც ისარგებლებს, თუმცა გარკეული პირობებით:

უცხოელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მემკვიდრეობის გზით აქვს მიღებული; ასევე, როცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი. განქორწინების ან კომლიდან გასვლის შემთხვევაში, უცხოელი თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე წილს ინარჩუნებს თუ ის უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის კანონით განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონა იმ უცხოელსაც შეეძლება, რომელსაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა გააჩნია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტები, რომლებიც საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის კანონით განსაზღვრულ პირობებს ვეღარ დააკმაყოფილებენ, ვალდებულნი ხდებიან, საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრების უფლების არსებობისათვის აუცილებელი პირობის დარღვევიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისონ. ამასთან, პროექტის თანახმად, განქორწინებული ან კომლიდან გასული უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას, ყოფილი მეუღლე თუ კომლის წევრები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, 12 თვის ვადით უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობენ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოსალოდნელი გასხვისების შესახებ შეტყობინების მომენტიდან აითვლება.

იმ შემთხვევაში თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების ვალდებულება არ შესრულდება და ამ გარემოების შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის ცნობილი გახდება, იგი მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილების და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის გაცემის სანაცვლოდ, შესაბამისი პირისთვის მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას უზრუნველყოფს.

დაახლოებით ორი წლის წინათ, აღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით უცხოელებსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე მორატორიუმი გამოცხადდა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება დაშვებულ იქნა მხოლოდ კომერციული ბანკებისათვის, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში - მთავრობის გადაწყვეტილებით.