„ირინა ენუქიძემ გვაჩვენა როგორი უნდა იყოს დედა, იური ვაზაგაშვილი იყო მაგალითი - როგორი უნდა იყოს მამა“

„ირინა ენუქიძემ გვაჩვენა როგორი უნდა იყოს დედა, იური ვაზაგაშვილი იყო მაგალითი - როგორი უნდა იყოს მამა“

„საფუძვლიანი საყვედური ეკუთვნით ჩვენს საგამოძიებო ორგანოებსა და უმთავრესად პროკურატურას. მართლაც უფრო მეტი ეფექტური და ადეკვატური მოქმედებები ევალებოდა საგამოძიებო ორგანოებს ამ ორი წლის მანძილზე“, - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, პარლამენტარი შალვა შავგულიძე. დეპუტატის განცხადებით, ეს პერიოდი არ იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ ეფექტურად მომხდარიყო ისეთი საქმეების გამოძიება, რომელიც, ალბათ, მონდომებისა და კვალიფიკაციის პირობებში, არ საჭიროებდა ასეთ დიდ დროს.

სანდრო გირგვლიანის დედის აქტიურობა დასრულდა მისივე მოულოდნელი გარდაცვალებით, ანალოგიური მოხდა ვაზაგაშვილის შემთხვევაში, ასევე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც აღიარა, რომ დაუკვეთეს ია მეტრეველის მკვლელობა. საზოგადოება დეტალურად იცნობს ამ საქმეებს, შეიძლება კავშირი არსებობდეს ენუქიძის გარდაცვალების და ვაზაგაშვილის მკვლელობებს შორის?

- საზოგადოება ამ საქმეებს იცნობს იმ დოზით, რაც საკმარისია იმის სათქმელად, რომ ეს საქმეები საჭიროებს გამოძიებას, რადგან აქ სიმართლე დადგენილი არაა. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანია ის ეჭვი, - ეს მკვლელობა ხომ არ ჩაიდინეს იმ ადამიანებმა, რომელთაც ხელს არ აძლევთ და ძალიან საშიშად მიაჩნიათ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის სრულყოფილი გამოძიება და რეალური სურათის დადგენა. გარკვეული პარალელების გავლებასაც აქვს თავისი საფუძველი.

კონკრეტულად რა პარალელები არსებობს?

- ის, რაც თქვენ აღნიშნეთ, - ირინა ენუქიძის გარდაცვალება და იური ვაზაგაშვილის ასეთი სიკვდილი. ირინა ენუქიძის გარდაცვალებაც მართლაც საეჭვო იყო. სრულიად ჯანმრთელ ახალგაზრდა ქალბატონს ასე მოულოდნელად გაუჩნდა ავადმყოფობა, რის შედეგადაც რამდენიმე თვეში დაიღუპა. მაგრამ, ეს მაინც ვარაუდებია. მოდით, დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიებამ დაადგინოს რასთან გვაქვს საქმე.

ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტიდან, ძალიან მალე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. ფიქრობთ, რომ კვალის დაფარვის მიზნით მოხდა იგივე ჯგუფის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელება, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული?

- იყო რაღაცა მოსაზრებები გამოთქმული თვითმკვლელობაზე, მაგრამ არაფერი ამაზე არ მიუთითებს. თავი რომ არ მოვიტყუოთ, მე, როგორც ადამაინი, რომელიც ძალიან კარგად ვიცნობდი იური ვაზაგაშვილს, რომელიც წლების მანძილზე თანმიმდევრულად, ღირსეულად და პრინციპულად იბრძოდა იმისათვის, რომ მისი შვილის საქმეზე ჭეშმარიტება დამდგარიყო, შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ამდენი წლის ბრძოლის შემდეგ, მაშინ, როდესაც, თითქოს, ბოლოსკენ მიდიოდა გამოძიება, თავი მოეკლა. ეს ყოველგვარ ლოგიკას სცილდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იყო მკვლელობა.

ვის შეიძლება ხელს აძლევდეს ეს მკვლელობა?

- მე ორ ვერსიას განვიხილავდი - ერთი დაინტერესებული მხარე შეიძლება იყოს, იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლეთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე. მეორე დაინტერესული მხარე - ნუ გამოვრიცხავთ პოლიტიკურ მომენტსაც - იური ვაზაგაშვილი იყო საზოგადოებრივი პერსონა და მის მკვლელობას საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვება. თუ ამ მღელვარებას მერე არასწორ კალაპოტში მოაქცევ, ამან შეიძლება ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენოს საერთოდ ქვეყნას და ქვეყნის ინტერესებს. და ვის შეიძლება დღეს ასეთი რამ აწყობდეს? - მაშინ უნდა ვიფიქროთ ისეთ გარე ძალაზე, რომელსაც დღეს საქართველოში დეტაბილიზაცია სურს. აქ უფრო სპეცსამსახურებზეა ლაპარაკი.

ამ ვერსიაზე ისაუბრა ნუკრი ქანთარიამ და თქვა, რომ ეს მკვლელობა დაიგეგმა საქართველოს ფარგლებს გარეთ. სპესამსახურების მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ დესტაბილიზაციის გამოწვევა, თუ სხვა ვერსიაც შეიძლება განვიხილოთ?

-ასეა თუ ისე, საქართველო მაინც მოექცა მშვიდობიანი განვითარების ჩარჩოებში. ჩვენ შევძელით და არჩევნები ჩავატარეთ ისე, რომ ამას არ მოჰყვა რაღაცა აჯანყება. პოლიტიკური პროცესების ასეთ თანმიმდევრულ განვითარებას მეტ-ნაკლებად საქართველო საბოლოოდ მიჰყვას ევროპისკენ. არის ჩვენ ჩრდილოელი მეზობელი, რომელსაც ხელს არ აძლევს საქართველოში პროცესების ასეთი განვითარება და მისთვის ისევ უმჯობესია, რომ იყოს არეულობა, ისევ დარიგდეს კალაშნიკოვები, რომლის მაგალითი გვქონდა 90-წლებში, ისევ დავერიოთ ერთმანეთს, ამ დესტაბილიზაციით ისარგებლოს და თავისი ინტერესი გაატაროს მერე ქვეყანაში. აგერ 30 კილომეტრშია მისი ბაზა, ძალიან ადვილად შეუძლია გამოვიდეს იმ ბაზიდან და „დაგვაწყნაროს“ „დაგვამშვიდოს“. ჩემი აზრით, ამ ორ ვერსიაზე უნდა ვიფიქროთ.

რაც შეეხება საქმის გამოძიებას. რატომ ვერ შეძლო პროკურატურამ 2 წლის განმავლობაში ასეთი გახმაურებული საქმის გამოძიება?

- ეს არის ძალიან საფუძვლიანი საყვედური ჩვენი საგამოძიებო ორგანოებისა და უმთავრესად პროკურატურის მიმართ. მართლაც, უფრო მეტი ეფექტური და ადეკვატური მოქმედებები ევალებოდა საგამოძიებო ორგანოებს ამ ორი წლის მანძილზე. მეც ვუერთდები ამ საყვდურს, ეს დიდი პერიოდი არ იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ ეფექტურად მომხდარიყო ისეთი საქმეების გამოძიება, რომელიც, ალბათ მონდომებისა და კვალიფიკაციის პირობებში, რბილად რომ ვთქვათ არ საჭიროებდა ასეთ დიდ დროს.

სამართალდამცავი ორგანოს ძალიან ბევრი თანამშრომელი, რომელიც საზოგადოებრივი ეჭვის დონეზე, ასევე კონკრეტული მტკიცებულების დონეზე, თუნდაც, ჯერ არდამდგარი სამართლებრივი შედეგით, მაგრამ მაინც, მოიაზრებიან ამ დანაშაულთან რაღაცა შემხებლობაში, როგორც მინიმუმ, თანამდებობიდან მაინც უნდა ყოფილიყვნენ გადაყენებული. ჩვენ ვიცით, რომ ამაზე საუბრობდა იური ვაზაგაშვილი - ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულში მონაწილეობდნენ, ისევ სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობენ.

შეიძლება არ დადასტურდეს კონკრეტული პირის ბრალეულობა, კი ბატონო, მერე გააგრძელოს მუშაობა. ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე. გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების მიერ, ვისზეც უნდა დამუშავდეს ვერსია, ის ადამიანები ისევ რომ სტრუქტურაში მუშაობენ, საქმეს ობიექტურად ვერ გამოიძიებენ. ასეთი გარემოებები უნდა აღმოიფხვრას. ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი გამოძიება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

მითუმეტეს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გვაქვს ევროპის სასამართლოს დადგენილება, სწორედ იმიტომ, რომ იმხილებოდნენ და იყო ვარაუდი, რომ შსს- თანამშრომლებს ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი, შს მინისტრმა არ ააცილა თავის უწყებას ეს გამოძიება, ამით დაირღვა სიცოცხლის უფლება...

- რასაკვირველია და იგივეა ახლაც. არ შეიძლება ასეთი ინტერესთა კონფლიქტი დატოვო. სამწუხაროდ, ამ მხრივ შეცდომებია დაშვებული.

რატომ ვერ უზრუნველყო ძალოვანმა სტრუქტურამ ამ კადრების განთავისუფლება და რატომ არ დაწესდა ამ საკითხზე საპარლამენტო კონტროლი? ადამიანი ღიად ასახელებდა სახელებს და გვარებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კორტების ტრაგედიასთან და ითხოვდა, რომ გამოძიების დასრულებამდე შეჩერებოდათ უფლებამოსილება...

- საკადრო პოლიტიკაში ჩარევის უფლება პარალამენტს ან რომელიმე მის კომიტეტს არ გააჩნია. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების და კონკრეტულად, იმ სამინისტროს ვალდებულება, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ. ეს პირველ ყოვლისა, ეხება შსს-ს და პროკურატურას. კი ბატონო, ზოგადი საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში ცოტა მეტი ყურადღების მიქცევა რომ ყოფილიყო, ძალიან კარგი იქნებოდა. იცით, რომ იური ვაზაგაშვილთან ძალიან ახლოს ვიყავი, ბატონ იურის რომ მოემართა წერილით კომიტეტისთვის ან ჩემთვის, რეაგირებას გავაკეთებდით. ან ისე სიტყვიერად ეთქვა კონკრეტული გვარები.

ბატონო შალვა ის ხომ საჯაროდ თითქმის ყოველდღე ასახელებდა ამ გვარებს და აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ახალი ხელისუფლების პირობებში ისევ შსს-ში წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ და ამ ადამიანებს ახალი ხელისუფლება აფარებდა. ესენი არიან გიორგი დალაქიშვილი, მისი მოადგილე ნიკა სამარღანიშვილი, ორენჩ მირზოევი, გამომძიებელი კვინიკაძე და ....

- სიმართლე გითხრათ, ასე დეტალაურად არ ვიცოდი ეს გვარები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მცოდნოდა, ძალიან ბევრი რამის შეცვლას შევძლებდი, მაგრამ, ალბათ, რაღაცა რეაგირებას გავაკეთებდი. მაგრამ, ეს იქნებოდა ზოგადი საპარალამენტო რეაგირება. პასუხისმგებლობა აქ მაინც არის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და კონკრეტულად იმ უწყების ხელმძღვანელებზე, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ.

საქმის არგამოძიების შემთხვევაში, ეს გახდება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი?

- თუ გამოძიება შეეცდება როგორც გირგვლიანის შემთხვევაში იყო, გააყალბოს გამოძიება და ხელისუფლების ნება მიმართული იქნება იმაზე, რომ არ მოხდეს ამ საქმის გამოძიება, ეს იქნება იგივე დანაშაულის განმეორება, რაც გირგვლიანის საქმეზე მოხდა. სახელმწიფოს და საგამოძიებო ორგანოების ვალდებულებაა, რომ საქმეზე სრულფასოვანი გამოძიება აწარმოონ. ყველა შემთხვევაში, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებისთვის სარწმუნო სწრაფი და ეფექტური გამოძიებით უპასუხოს ამ საზარელ დანაშაულს.

ამაზე მეტი საშინელი რა უნდა მოეფიქრებინა ვიღაცის ავადმყოფ თავს და ფსიქიკას, რომ შვილის საფლავი დაენაღმათ და მამა, რომელიც ამდენი ხანი იბრძოდა თავისი შვილის სიკვდილის საქმეზე ჭეშმარიების დასადგენად, მისივე შვილის საფლავზე აეფეთქებინათ. ამის სწრაფად არგამოძიება დაუშვებელია. ეს ყველას ვალდებულებაა. როგორც ირინა ენუქიძემ გვაჩვენა როგორი უნდა იყოს დედა, ასევე იური ვაზაგაშვილი იყო მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს მამა.