„ნატო სრულად უჭერს მხარს ალიანსში საქართველოს მომავალ წევრობას“, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ „ტვიტერზე“ დაწერა. ვერბშოუ საქართველოს დაახლოებით სამ კვირაში ესტუმრება. ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრებოდა. სხდომის შემდეგ ვერშბოუმ დაადასტურა, რომ ალიანსი მიზნად ისახავს სტრუქტურის გაძლიერებას საქართველოში.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იმ რეფორმებისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მომავალ წევრობას. ყველა ინსტრუმენტი მზად არის იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა. ნატო-სა და საქართველოს მყარი პარტნიორიობა აქვთ ავღანეთში მაღალი თავსებადობის ძალების მისიის წყალობით“, - დაწერა ალექსანდრე ვერშბოუმ „ტვიტერზე“.
აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ქართულმა მხარემ განცხადება ვერშბოუს მიერ „ტვიტერზე“ გაკეთებული განცხადების შემდეგ გააკეთა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში მოხდება არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულების შეფასება.
„ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს პროგრესმა და შეფასდა როგორც შთამბეჭდავი. ეს იყო დახურული სხდომა და შესაბამისად, ამაზე მეტ დეტალებს ვერ გაგიზიარებთ. ნატო-საქართველოს კომისია, ასევე წლიური ეროვნული პროგრამა და არსებით ღონისძიებათა პაკეტი, რომლის იმპლემენტაციაც უკვე დაწყებულია, წარმოადგენს იმ ინსტრუმენტებს, რომელიც საკმარისია, რათა საქართველომ ნატო-ს წევრობისკენ სვლა გააგრძელოს. ბატონი ვერშბოუ საქართველოს 2-3 კვირაში ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაგრძელდება კონსულტაციები საქართველოს მიერ 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში გატარებულ რეფორმებზე“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადება უნდა ჩავთვალოთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოს მთავრობის რეფორმებისა.
„ვერშბოუს განცხადება, რომელიც მან ნატო-საქართველოს კომისიის შემდეგ გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ალიანსში და რომ რეფორმების თვალსაზრისით, საქართველომ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ალიანსში. შესაბამისად, მინდა ჩავთვალოთ და გავიზიაროთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იმ რეფორმებისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს“, - აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ ვერშბოუს განცხადება მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ისე ჩვენი არაკეთილმოსურნეებისთვისაც.
„ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ მივესალმებით ამ განცხადებას, მაგრამ სად არის მთავრობა? გაიმართა ნატო საქართველოს კომისიის სხდომა. რატომ ვიგებთ ამ შეფასებებს მხოლოდ ნატოს მხრიდან? შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი! რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურების ფონზე რატომ პასიურობს ხელისუფლება? იმედი იმისა, რომ არ ვილაპარაკებთ და საქმე ჩუმად თავისით გაკეთდება, გულუბრყვილობაა! ჯერ ამ შეფასებით შემოვიფარგლები! გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით, იაქტიურეთ! თქვენს საქმეს სხვა არ გააკეთებს! პასიურობისთვის მოგეთხოვებათ მთელი სიმკაცრით!“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ალექსი პეტრიაშვილი.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის გართულებული ვითარების ფონზე, საქართველოს უჩნდება შანსი გახდეს ალიანსის წევრი. მისივე განცხადებით, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებაც სწორედ ამ შეცვლილი მდგომარეობიდან მოდის.
„როდესაც მეკითხებოდნენ შევა თუ არა საქართველო ნატოში, ამაზე ჩემი პასუხი იყო ასეთი - გააჩნია რა მოხდებოდა დასავლეთსა და რუსეთს შორის. დღეს უკვე დასავლეთსა და რუსეთს შორის ვითარება მკვეთრად შეიცვალა იმასთან შედარებით, რაც იყო ორი წლის წინ. რუსეთი თავისი პოლიტიკის გამო მკვეთრად დასუსტებულია. ეს ყველაფერი კი, ჩვენ გვაძლევს შანსებს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ხელისუფლებაზე როგორ გამოიყენებს ამ შანს.
ბუნებრივია, რომ ნატოს საქართველოსთვის კარი არასოდეს არ დაუხურავს, უბრალოდ რთული იყო ჩვენი ნატოში მიღება გარკვეული ვალდებულებების გამო. მათ შორის რუსეთი იყო ძალიან ძლიერი და აგრესიული, ეს იყო ერთ-ერთი უმთავარესი ფაქტორი. ახლა, როდესაც ეს ფაქტორი შეიცვალა, როდესაც ძალიან გაუარესდა რუსეთსა და დასავლეთს შორის ვითარება, გვიჩნდება შანსი და ვერშბოუს განცხადებაც სწორედ ამ შეცვლილი მდგომარეობიდან მოდის. რამდენიმე ჩემი ყოფილი კოლეგა არის ბრიუსელში და ჩართული არიან მოლაპარაკებებში, ისინი სერიოზულად მუშაობენ“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
ექსპერტი თვლის, რომ საქართველომ შეასრულა ყველაფერი რაც გათვალისწინებულია მაპით და ახლა უკვე ტექნიკური მხარეა დარჩენილი. როგორც ჩანს, ახლა საუბარი მიდის იმაზე გვჭირდება თუ არა მაპი.
„იქნება-და მოვიდა ის დრო, როდესაც მაპზე არ ვიყოთ დამოკიდებული და მაპის გარეშე მივიღოთ წევრობა. უმთვარესი პრობლემა რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე გაჩნდეს, ეს არის შიდა პოლიტიკური პროცესები. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მთავრობაც და ოპოზიციაც გადასულია შიდა პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც ხანდახან გადადის პირდაპირ ხელჩართულ ჩხუბში და ნაკლებად არიან გადართული საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. ბუნებრივია, პასუხისმგებლობა ნაწილდება როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გამოკვეთოს პრიორიტეტი, რა არის მათი პრიორიტეტი - ეს არის ქვეყნის გაძლიერება და ქვეყნის ნატოში შეყვანა, თუ ხელისუფლების პროირიტეტია ვიღაცის ცემა და ვიღაცის განადგურება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.