ზონის ,,გაშავების' ლეგენდადქცეული ისტორია

ზონის ,,გაშავების' ლეგენდადქცეული ისტორია

როგორ დააყენა ,,ქურდად' ჩუმად მონათლულმა ვასკამ პალაჟენია მე-16 დაწესებულებაში

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ ახლადმოსული მთავრობა პატიმრების მიმართ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა. ეს მოსაზრება სიმართლისგან შორს არ იყო, რადგან პატიმრებმა თავისუფლება იგრძნეს, რეჟიმი მოეშვა და რეალურად თითქმის ყველა დაწესებულებას რამდენიმე კვირა მაყურებლები მართავდნენ, ოღონდ წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული კი არა, ახალი მაყურებლები, რომლებმაც ძველებს ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა არ აპატიეს.

ანალოგიური მდგომარეობა იყო მეშვიდე დაწესებულებაშიც, სადაც სასჯელს ე.წ. კანონიერი ქურდები იხდიან. ყველაზე ადრე სწორედ მათთან გაჩნდა მობილური, ლეპტოპი, უკაბელო ინტერნეტი და სხვა სიკეთეები. თუმცა პირველად სწორედ მათ გამო ატყდა ხმაური _ ტელეფონით გადაღებული ერთ-ერთი ქურდის დაბადების დღის სურათები სოციალურ ქსელში აიტვირთა და ხელისუფლებამაც ,,გამოიღვიძა'. რეჟიმის ,,მოჭერა' ნელ-ნელა დაიწყო, თუმცა თავისუფლებასმონატრებულ პატიმრებს დათმობა უჭირდათ და ბევრგან მაყურებლები უბრალოდ ,,გაკრიტეს'.

,,ასე გაგრძელება ,,სმერტია'. რამე უნდა მოვიფიქროთ, რომელიმე ზონა უნდა ავირჩიოთ და ვინმე ჩვენიანი უნდა წავიდეს იქ ,,პალაჟენიის' დასაყენებლად. ერთი დიდი ზონა მაინც რომ შევინარჩუნოთ, ჩათვალეთ, ყველაფერი რიგზე იქნება', _ მეშვიდე დაწესებულებაში ქურდების ე.წ. სხადნიაკზე იმაზე იმტვრევდნენ თავს, ვინ უნდა გაეშვათ ზონაზე და კონკრეტულად, რომელი ზონა ამოეღოთ მიზანში.
,,რუსთავის #16 დაწესებულება ყველაზე დიდია. რეჟიმიც მანდ იყო ყველაზე მეტად მოჭერილი, საჩვენებელ ზონად ჰქონდა კალმახელიძეს. მანდ უნდა წავიდეს ვინმე. ეს ვინმე კი ვასკა იქნება. ჯერ ერთი, თითქმის ათი წელია აქ ზის და მეორეც, არავინ იცის, რომ ქურდია. მის ნათლობას შვიდი სული ვესწრებოდით და პირობაც ასეთი იყო _ როცა უნდა, მაშინ იტყვის, რომ ქურდია. ახლა რომ თქვას, სროკს დაუმატებენ, ამიტომ რუსთავში ვასკას გაშვება ვიჩალიჩოთ და მიხედავს', _ გადაწყვიტეს ქურდებმა და ყველასთვის კარგად ნაცნობი კრიმინალური ავტორიტეტი, მეშვიდეში ქურდად ჩუმად მონათლული ვასილ ხ. ორ დღეში ეტაპით რუსთავის #16 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

,,ვასკა მოიყვანეს, ვასკა', _ აგუგუნდა ზონა. მისი მისვლის ძალა კი, ბადრაგმაც და პატიმრებმაც მეორე დღესვე იგრძნეს. დილიდან ვასკამ ,,ბლატატა' შეყარა, ერთ მაყურებელს ყური აუწია, მეორე დატუქსა, საერთოში ჩასადები სიგარეტისა და ჩაის რაოდენობა შეამცირა, ზონას ამაზე მეტი არ სჭირდებაო და საღამოს უკვე მთელმა ზონამ იცოდა, რომ დაწესებულებას ახალი მაყურებელი ჰყავდა...
,,რუსთავის მე-16-დან დარეკეს. ვასკა იყო, მოგიკითხა, მაგ კაცს მიმიხედეთო, ბავშვობის მეგობრები ყოფილხართ. ეგ აქამდე არ გითქვამს, არადა კი იცი, მაგ კაცს რა პატივს ვცემთ', _ უთხრა რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფ პატიმარ #0578-ს მაყურებელმა.

,,ჯერ ერთი, ვასკას ბავშვობის მეგობარი კი არა, შვილის ნათლია ვარ. მეორე _ ჯერ არ დამჭირვებია და გამჭირვებია ისე, ეგ კაცი მეხსენებინა. მესამეც, არ დამთავრდება ეს კარგად, მაგას ზადნი არ აქვს და ან მთლიანად გააშავებს ზონას და ბოლოს იქ სპეცრაზმი შევა, ან ისევ მეშვიდეში უკრავენ თავს და ისევ უჰაეროდ იქნება. კიდევ რომ დარეკავს, აუცილებლად დამალაპარაკე', _ ნაღვლიანად თქვა #0578-მა და მაყურებელს დაშორდა.
მეორე საღამოს პატიმარ #0578-ს მაყურებლების კამერაში დაუძახეს. მე-16-დან ვასკა რეკავდა. საუბარი მხოლოდ წამები გაგრძელდა, ტელეფონები გაითიშა და ათ წუთში მაყურებლების კამერაში რეჟიმი შევიდა.
,,არ გინდათ ახლა რამკების მტვრევა, ვიცით, რომ #0578 იქეთა ზონას ელაპარაკებოდა და კარცერში უნდა წავიყვანოთ', _ თქვა რეჟიმის უფროსმა ლევან პაჭკორიამ.
,,არ არის პრობლემა. მე ვსაუბრობდი, მაგრამ იქეთა ზონას კი არა, თავისუფლებაზე მყოფ მეგობარს ველაპარაკებოდი. თუმცა თქვენ რას გიხსნით, კარცერი მაინც არ ამცდება', _ თქვა #0578-მა და მოსულებს გაჰყვა. საღამოს კარცერში დაწესებულების დირექტორი ლაშა ბრეგვაძე გამოჩნდა.
,,ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვი _ ეგ ვასკა მაგრად ახურებს, იმ ზონის დირექტორი რომ ვიყო, კი ვიცი, როგორც მოვუვლიდი, მაგრამ იქ არ ვარ. ამიტომ, თუ კიდევ დარეკავს, დაგვიდასტურე, რომ ეგ იყო და გავაბრუნებთ მეშვიდეში. სხვანაირად ის ზონა აჯანყდება. ლოცულობენ პატიმრები მაგაზე, ისე ევასებათ', _ თქვა ბრეგვაძემ.
,,ლაშა, შენ ,,დათა თუთაშხია' თუ გაქვს წაკითხული?!' _ იმდენად სერიოზული სახით ჰკითხა #0578-მა, ბრეგვაძემ თავი უხმოდ დაუქნია.
,,ჰოდა, იქ არის ერთი ეპიზოდი. დათა ეუბნება რაჟა სარჩიმელიას _ წადი, რაჟა, ბიძიკო, შენს გზაზე... რაჟა არ გქვია, მაგრამ რითმაში კი ჯდება და წადი ლაშა, ბიძიკო, შენს გზაზე', _ ჩუმად თქვა #0578-მა.
,,ორ დღეში თუ არ გაგკრიტო, კაცი არ ვიყო', _ კბილებში გამოსცრა ბრეგვაძემ და კამერიდან გავიდა.
ორი დღის შემდეგ კარცერის კარი ხმაურით გაიღო. პატიმარი #0578 ნარზე იყო წამოწოლილი და გვერდი არც უცვლია, ისე დაელოდა, შემოსული რას იტყოდა, მაგრამ ბადრაგის ხმის ნაცვლად, ვასკას ხმა გაიგონა _ ,,შენ ნახე რა, გაბლატავებულხარ ძმაო. კარცერში ხარ, კოტრიალობ, აქეთ არ იხედები. ჰააა, ქურდობა ხომ არ გინდა?!' _ ღიმილით უთხრა მეგობარს და გადაეხვია.
,,შენ აქ საიდან, ვასკა?! ჩვენს ზონაზე გადმოგიყვანეს?!' _ გაუხარდა #0578-ს.
,,არა, ბიჭებმა მითხრეს, რაზეც გაგაკარცერეს და გამოვისეირნე. ერთი საათი მაქვს დრო, მერე უკან, ჩემს ზონაზე უნდა დავბრუნდე. რა უნდა ამ ნაბოზვარს, ხომ არ იცი, რას გვერჩის?! იცოდა, რომ მოვყავდი და არ დამხვდა ადგილზე. არა უშვას, დავუტოვებ ამბავს და გადასცემენ. შენ ის მითხარი, როგორ ხარ?!', _ ისევ ჰკითხა #0578-ს.
,,მე რა მიჭრის?! მაგრამ შენზე ლეგენდებს ჰყვებიან აქ. ლაშამაც ეგ მითხრა, ვასკა უკან დაგვაბრუნებინე და მაღარიჩი ჩემზეაო. გაგიბოზდება ვინმე და მეშინია, სროკი არ დაგიმატონ', _ ჩუმად უთხრა #0578-მა.
,,რაღა უნდა დამიმატონ?! ამდენი წელია ვზივარ, ორი ამდენი კიდევ წინ მაქვს და პლუს-მინუს 3-4 წელი არაფერს შეცვლის. მე ან ერთიანად მეშველება და გავალ, ან საერთოდ არ მეშველება. შენ მაგაზე არ იდარდო. ახლა ზემოთ ავიდეთ, მაყურებლები უნდა ვნახო', _ ისევ იცინოდა ვასკა.

,,შენ ადი, მე ოცი დღე მაქვს კარცერი, არავინ გამომიშვებს', _ უთხრა #0578-მა და გადაეხვია.
,,მოიცა, რას მემშვიდობები, მე აქ რისთვის მოვედი?! ოე, სირებო, კარი გახსენით', _ გასძახა ოფიცრებს ვასკამ. მათაც კარი ფართხაფურთხით გახსნეს. #0578 და ვასკა ზონაზე ავიდნენ. იქ ვასკას ისე დახვდნენ, როგორც ეროვნულ გმირს. ის მშვიდად გაემართა მაყურებლების კამერისკენ და თან #0578-იც გაიყოლა. კამერაში მხოლოდ მაყურებლები და #0578 შეიკრიბნენ.
,,ვინც არ იცის, იმის გასაგონად ვიტყვი. პატიმარი #0578 ჩემი ძმაა და მართალია, ,,კაიბიჭი' არ არის, ჩვენი ძმაა და მე ვარ თავდები, რომ აქ ნაბაზრი მაგის პირიდან გარეთ არ გავა. რაც შეგეხებათ თქვენ, პალაჟენია უნდა შეცვალოთ, ცოტა მეტი უნდა მოითხოვოთ. რომელ ჯინსების შემოშვებაზეა ლაპარაკი, პატიმრები ჩემთან ზონაზე ერთმანეთს მობილურებით ეძებენ. მიაკაჩავეთ ეგ თქვენი ნაჩალნიკი, შიში უნდა ჰქონდეს და მერე დალაგდება ყველაფერი. აბა, ასე არაფერი გამოვა. მთელი სასჯელაღსრულება მე-16-ზე ლაპარაკობს და ყველა იქეთ იწევს, ასე არ ივარგებს, ძმაო. პალაჟენია მოიყვანეთ და ვისაც ამის უნარი არ აქვს, გვერდზე გადგეს. მორჩა, ვლასტი უნდა დავიბრუნოთ ისევ ზონებზე. ხომ გახსოვთ, წინა ხელისუფლებამ ნახევარი პრისტუპნიკები ინვალიდად დატოვა და აქედან ვინც გავა, იმათ შურიც უნდა იძიონ. 20-22 წლის ბიჭებს ინვალიდის ეტლში მარტო იმიტომ რომ ჩასვამ, რომ სადღაც დათვერი და პატიმრებთან მოინელე, მოსაკლავი ხარ. მე წავედი ახლა და თქვენ იცით', _ დაიბარა ვასკამ და წავიდა.

ცოტა ხანში ლაშა ბრეგვაძეც მოხსნეს და მაყურებლები ძალიან შეეცადნენ, მათი დაწესებულებაც მე-16 ზონას დამსგავსებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. იქიდან კი სასწაული ამბები ისმოდა, ბიჭებმა სატრენაჟორო დარბაზი მოაწყვეს, ბურთები და სპორტული ინვენტარი თავზე საყრელად ჰქონდათ, ვიღაც გორელმა საკუთარ თავზე აიღო და პირდაპირ ზონის ეზოში ერთი კამაზი გორის ვაშლი დაყარა, რომლებიც პატიმრებმა გადაინაწილეს.

,,ვასკა, არ გაპატიებენ, დამიჯერე, არ გაპატიებენ. ყველამ იცის, რა ხდება მანდ და ან სპეცრაზმი შემოვა, ან კიდევ შენ გიზამენ რამეს. შეეშვი, რა, წამო აქეთ, მშვიდად, წყნარად ვიყოთ', _ თითქმის ყოველ დარეკვაზე უმეორებდა #0578 მეგობარს, მაგრამ ის იქით ეპატიჟებოდა, აქ არაფერი მოგაკლდებაო.

* * *
,,#16 დაწესებულებაში სასწაული ხდება თურმე. ზონას შლიან მთლიანად. ვასკას ვერაფერი მოუხერხეს და პატიმრები გადაჰყავთ სხვადასხვა ზონაში, ანაწილებენ', _ უთხრა ერთ დღეს ოფიცერმა #0578-ს.
პატიმარი მაშინვე ტელეფონს ეცა და ვასკას დაურეკა.
,,ზონას შლიან. ხედავ, რა პალაჟენია გვქონდა? ვერ შეგვეხნენ, უბრალოდ ზონას აცარიელებენ, დაკეტავენ, ეს არის, ძმაო, ქურდული, ეს არის. შენ არ ინერვიულო, მე არ დავიკარგები', _ უთხრა ვასკამ და როცა მე-17 დაწესებულებაშიც მიიყვანეს მე-16-დან პატიმრები, გაირკვა, რომ ვასკა ისევ მეშვიდეში დააბრუნეს.
სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ, ვასკა ციხიდან მალე გავიდა და საქართველოც მალე დატოვა. ის ახლა ევროპაში ცხოვრობს, ხმამაღლა თქვა, რომ ქურდია, მისი ამბავი კი დღესაც ლეგენდად დადის. 21-ე საუკუნეში ზონა ასე არავის გაუშავებია.
პატიმარი #0578