მთავრობა „საბიუჯეტო შეტევების“ მოგერიებისთვის ემზადება

მთავრობა „საბიუჯეტო შეტევების“ მოგერიებისთვის ემზადება

[ეკა ბაქრაძე]
უკვე ჩანს, რომ ბიუჯეტის გაზრდა და ახალი ევროობლიგაციების გამოშვება მთავრობისთვის ასე მარტივად არ ჩაივლის. ამას ხელისუფლებაშიც გრძნობენ, ამიტომაც „თავდაცვით ბარიკადებს“ აქედანვე აგებენ. ოპოზიციისა და ექსპერტების შეტევის მოგიერიება ადვილი ნამდვილად არ იქნება.

ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი გამორიცხავს ბიუჯეტის ზრდის ინფლაციასთან კავშირს. მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი აპელირებს, რომ ბიუჯეტის ზრდა დამატებული ღირებულების გადასახადით იზრდება და ის ინფლაციამ განაპირობა. მინისტრი ამ არგუმენტს არარეალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ბიუჯეტის ზრდა მოგების გადასახადის ზრდამ განაპირობა და არავითარ კავშირში არ არის ინფლაციასთან.  

მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების ითვალისწინებს, საპარლამენტო კომიტეტები უკვე განიხილავენ. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 348,8 მილიონი ლარით იზრდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაციით, ამ ცვლილებით საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, საგარეო ვალდებულებების რეფინანსირება და პენსიების ზდისთვის საჭირო ფინანსური რესურსების ბიუჯეტში ასახვა მოხდება.

„2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილი 348.8 მილიონი ლარით იზრდება. რაც შეეხება ხარჯების ნაწილს, აქედან მხოლოდ ნაწილი 230 მილიონი ლარია გაწერილი, ხოლო დანარჩენი 118 მილიონი აკუმილირდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და წლის განმავლობაში საშუალებას მოგვცემს დავზოგოთ ხარჯები, შევამციროთ დეფიციტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რის ხარჯზე მოხდა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, ექსპერტები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი, ძირითადად, გაზრდილი ინფლაციაა. ექსპერტის ნოდარ ხადურის განცხადებით, ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური წინსვლა არ აღინიშნება, შესაბამისად, გაზრდილ შემოსავლებს მაღალი ინფლაცია განაპირობებს.

„ჩემი აზრით, შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციაა. სურსათი 30%-ით გაიზარდა, ამიტომ 30%-ით გაიზარდა დღგ-დან შემოსავლებიც“, - ამბობს ნოდარ ხადური.

ინფლაციის თემის გაქარწყლების პარალელურად, ხელისუფლება ევროობლიგაციების გამოშვების გამათლებასაც ცდილობს. უკვე გაცხადდა, რომ ევრობონდებს მთავრობა ძველი ვალის დასაფარავად კი არ უშვებს, არამედ ე.წ. საბირჟო თამაშებისთვის. მორიგი 500 მლნ დოლარის სესხად აღებული თანხა აზიის საფონდო ბირჟებზე უნდა განთავსდეს, ხოლო 2008 წელს აღებული ამდენივე თანხა კვლავაც დასაფარი იქნება (მისი გასტუმრების ვადა 2013 წელია). 

რადგანაც ვალის გასტუმრების ფანდი მთავრობას გაუცუდდა, ახლა მორიგი ვალის წამოკიდების გამართლების გზებს ეძებს. ამჯერად მთავრობის საპარლამენტო მდივანი მორიგ არარეალურ განცხადებებს აკეთებს, თითქოდა ევრობონდების გამოშვების შემდეგ ინვესტიციების ზრდაა მოსალოდნელი (როდის იყო, რომ ვალების წამოკიდებით უცხოური ინვესტიციები აქტიურდებოდა?).  

როგორც გია ხუროშვილი აცხადებს, ხელისუფლება ორი წლით ადრე იწყებს ევრობონდების მომსახურების გადახდაზე ფიქრს. ხუროშვილმა მაგალითად პორტუგალია მოიყვანა, რომელმაც ევრობონდების მომსახურებასთან დაკავშირებით ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება დააგვიანა და ამით ქვეყანას პრობლემა შეექმნა.  

ხუროშვილის განმარტებით, 2008 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებისთვის სახელმწიფო 10-წლიან ევრობონდებს უშვებს. 

„ქვეყნა, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ვალდებულებებს ასრულებს, ინვესტორებისთვის კარგი ინდიკატორია“, - განაცხადა ხუროშვილმა.  
ევრობონდებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 10-წლიანი ევრობონდები დადებითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში უფრო მეტი თანხა დააბანდონ.