პრეზიდენტის ფორმალური და პოლიტიკური კონტექსტები

პრეზიდენტის ფორმალური და პოლიტიკური კონტექსტები

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას: „იმედი მაქვს, არ განმეორდება შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა დასწრებოდა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას“, - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასე გამოეპასუხა: „მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლებს, მთავრობა და პრემიერ-მინისტრი დაესწროს“. 

„ახალი კონსტიტუციით მართლაც არ არის მთავრობა ვალდებული, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს. ეს პრეზიდენტის სიმბოლური გამოსვლაა და მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ასეთ გამოსვლებს მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა და პრემიერ-მინისტრი დაესწრონ. ეს ჩემი პოზიციაა, მაგრამ მე გთხოვთ, რომ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ასეთ გამოსვლებს და მონაწილეობა-არმონაწილეობას წმინდა სიმბოლური დატვირთვა აქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრს საპასუხოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძე განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოხსენებას სიმბოლური დატვირთვა და შინაარსი ვერ ექნება. მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა პრეზიდენტის მოხსენებას დაესწროს. 

სახელმწიფოს მეთაურის მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერანაირად სიმბოლური დატვირთვა და შინაარსი ვერ იქნება, შესაბამისად, სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის, სახელმწიფო ორგანოებს შორის გარკვეული კოორდინაციის პროცესისთვის, ინსტიტუციური თანამშრომლობის პროცესისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობა იყოს ამ მოხსენების შინაარსით დაინტერესებული“, - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი წლიური ანგარიშით პარლამენტს თებერვალში უნდა ეწვიოს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთვრობის წევრები პარლამენტში მის გამოსვლას დაესწრებიან და აღარ განმეორდება შარშანდელი შემთხვევა და მთავრობის წევრები სხდომას აუცილებლად დაესწრებიან. რაც შეეხება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატს, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მისთვის ნებისმიერი ფორმატი მისაღებია. მისივე თქმით, იგი მზად არის კოლეგა დეპუტატებთან ერთად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები განვიხილოს.

„იმედი მაქვს, რომ შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა დასწრებოდა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას, წელს არ განმეორდება, რადგან ამან არავითარი სიკეთე არ მოუტანა არც ჩვენ სახელმწიფოს და არც მის საერთაშორისო თუ შიდა იმიჯს. ვიმედოვნებ, მთავრობა სხდომაზე დასასწრებად დროს გამონახავს, მიუხედავად იმისა, რომ პარტლამენტი ქუთაისშია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების საკითხი დღეს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი არაა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით, მინისტრთა კაბინეტში კოორდინირებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თავის მხრივ, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღის დაზუსტებას ელოდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

„პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრებას მთავრობის წევრები აუცილებლობიდან გამომდინარე გადაწყვეტენ. ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი და მოწვევა ამ თვალსაზრისით არ მიგვიღია. როცა იქნება დაზუსტებული თარიღი, პოზიცია შემდეგ იქნება ჩამოყალიბებული“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა აუცილებლად უნდა დაესწროს. 
„ის, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ დაესწრო მთავრობა გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას, იყო მთავრობის ერთიანი გადაწყვეტილება და მე იგი გამაცნეს, როგორც უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა შესაცვლელია, რადგან დღეს არის სხვა რეალობა. პრეზიდენტის ინსტიტუტი აერთიანებს საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება შესაცვლელია“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ხედავს პრობლემას თუ პარლამნეტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მთავრობის წევრების არ დაესწრებიან. უმრავლესობის წევრისთვის ირაკლი სესიაშვილისთვის კი ფორმალური მხარეა დაესწრება თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლას. თუმცა, პირობას დებს, რომ დეპუტატები ღირსეულად შეხვდებიან პრეზიდენტის გამოსვლას.

„მოხარულნი ვიქნებით მოვუსმინოთ მის ხედვას ამ წელთან დაკავშირებით და რა პრობლემებს ხედავდა გასულ წლებში და როგორი ხედვა ექნება ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ პრობლემას დაესწრება, თუ არ დაესწრება მთავრობა, ეს უფრო ფორმალური მხარეა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატ შალვა შავგულიძისათვის კი გაუგებარია, რა მიზეზით არ უნდა დაესწროს მთავრობა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას. 
„მართალია, კანონი მთავრობას არ ავალდებულებს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას დაესწროს, მაგრამ ეს გამართლებულად და მიზანშეწონილად მიმაჩნია. ეს იქნება სახელმწიფო შტოების მიმართ პატივისცემის გამოხატვა.

მეორე, დავსვათ კითხვა - რატომ არ უნდა დაესწროს მთავრობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას? რაიმე ისეთი გადაუდებელი აუცილებლობა ხდება მთავრობაში, რომ პრეზიდენტის გამოსვლისთვის ვერ მოიცლიან? არგუმენტი იმის შესახებ, რომ მისი გამოსვლა სიმბოლურია, გამართლებული არ არის“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა შავგულიძემ.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, იმის განმეორება, რაც გასულ წელს მოხდა, პრემიერ-მინისტრის და ზოგადად, მთავრობის იმიჯზე დადებითად არ აისახება. მისი თქმით, სამართლებრივ და კონსტიტუციურ ჭრილში მთავრობას არ გააჩნია ვალდებულება იმისა, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას დაესწროს, მაგრამ იგივე კონსტიტუციით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში.

„არის შეზღუდვები და ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია, ან მთავრობის თანხმობას სჭირდება, რაც იმავე კონსტიტუციაში წერია, მაგრამ არსებობს კიდევ მეორე, რასაც პოლიტიკური ნაწილი ჰქვია და რაც კონსტიტუციაში ჩაწერილი არ არის. როდესაც სახელმწიფოს მეთაური გამოდის, ამას არ ესწრებოდეს მთავრობა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. გარდა ამისა, საქართველოს მსგავს ქვეყანაში ასეთი ურთიერთობა შიდა დაძაბულობას ქმნის. შესაძლოა, ეს დიდ რაღაცეებში არ გადაიზარდოს, მაგრამ ძალიან ნეგატიურად აისახება როგორც მთავრობაზე, ისე პრეზიდენტზე და ზოგადად ხელისუფლებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე