პარლამენტმა საყდრისის საბადოს აფეთქების თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისია გასული წლის დეკემბერში შექმნა, კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტებაზე კი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში იმსჯელებს. კომისიის შექმნისთვის საჭირო 76 დეპუტატის ხმაა და ამ დრომდე, გაურკვეველია, საკითხის ბოლომდე მიყვანისთვის მოგროვდება თუ არა კვორუმი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი კომისია შეიქმნება, ის 12 კანონმდებელით დაკომპლექტდება. უმცირესობიდან კომისიის წევრებად სერგო რატიანის, ირმა ნადირაშვილისა და ხათუნა გოგორიშვილის კანდიდატურებია წარდგენილი, უმრავლესობა კანდიდატებს კი, ჯერჯერობით არ ასახელებს.
საყდრისის საბადოს გარშემო პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
უმცირესობა საყდრისის საბადოზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას დაუყონებლივ ითხოვდა, მაგრამ უმრავლესობამ თქვენი წინადადება არ გაითვალისწინა. ამასთანავე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ამ დროისთვის დაკომპლექტებული არ არის. როგორ ფიქრობთ, კომისია საბოლოო ჯამში შეიქმნება?
- სანამ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საკითხის შესწავლა არ მოხდება, საყდრისის საბადოზე მიმდინარე სამუშაოები უნდა შეწყდეს და კომისიის საბოლოო დასკვნას უნდა დაელოდონ, რადგან თუკი ყველაფერი დაინგრა, კომისიის შექმნას რა აზრი აქვს? კომისიის მიერ რაც არ უნდა დადგინდეს, თუკი ეს საბადო დაინგრევა, დამნაშავის გამოვლენას და დასჯას რა აზრი აქვს? პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა, მაგრამ საყდირის საბადოზე სამუშაოების შეჩერება არ მოითხოვა და მისი აქტიურობა გაურკეველი იყო, რადგან კენჭისყრაზე კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი სწორედ დავით უსუფაშვილის ხმამ განსაზღვრა. საკითხი სწორედ მისი ერთი ხმით გავიდა.
როგორ ფიქრობთ, მთავრობაში საყდრისის საბადოზე სამუშაოების გაგრძელებას ვინ ლობირებს?
- საკითხის თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მძიმე დამოკიდებულება გაამჟღავნა, როდესაც თქვა, რომ აჟიოტაჟი ატეხილია ერთი მუჭა არასამთავრობოების მიერ და ამას ნაციონალები ხელმძღვანელობენ. თურმე, ჩვენ კულტურის 150 ძეგლი დაგვინგრევია და ამაზე ხმა არავის ამოუღია. როგორც ჩანს, ღარიბაშვილი განახლებულ მცხეთას, ბათუმს, სიღნაღს გულისხმობდა. ეტყობა, პრემიერს ჩაბნელებული, გაუბედურებული და გაღატაკებული ქალაქები ენატრება. როგორც ჩანს, ღარიბაშვილისთვის კულტურული მემკვიდრეობა ის არის, რაც მას ბავშობაში კომუნისტური რეჟიმის სულის ღაფვის პერიოდში უნახავს. ეტყობა, მას და ბატონ ბიძინას დაბრუნება ჩაბნელებულ და გაუბედურებულ საქართველოში სურთ.
რაც შეეხება საყდრისს, ჩვენს დროს ერთ-ერთ კომპანიას ლიცენზია საყდრისი ყაჩაღიანის ტერიტორიის გარეშე 110 მლნ დოლარად მისცეს. ამჟამად კი, ხელისუფლება 110 მლნ დოლარის გადამხდელ კომპანიას მუშაობის დაწყების უფლებას არ აძლევს და ლიცენზიას RMG-ს უგრძელებს. როგორც ჩანს, გათვლაა, რომ საყდრისის ყაჩაღიანის ტერიტორიები გაფართოვდეს და ხელში ერთი და იმავე ადამიანების ჯგუფს ჩაუვარდეს. ამჟამად, რატომღაც ყველაფერი უფასოდ რიგდება, არადა ჩვენ გვაბრლებდნენ, რომ ჩვენს დროს ყველაფერი უფასოდ რიგდებოდა.
თქვენ ამბობთ, რომ გათვლაა, საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორია ხელში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ჩაუვარდეს. ვის გულისმობთ? თუ იმას ამბობთ, რომ RMG-ის უკან ივანიშვილის ინტერესები დგას, მსგავსი ჭორები მიხეილ სააკაშვილსა და კობა ნაყოფიაზეც დადიოდა, რომელთა თაობაზე ამბობდნენ, რომ საქართველოში ოქროს მოპოვებას განაგებდნენ...
- ნაყოფია საქართველოში ოქროს საბადოში განხორციელებული ინვესტიციით გამოჩნდა. ნაყოფიასა და სააკაშვილის ინტერესები სად იკვეთება? - იქ, რომ ნაყოფიას ჯგუფს მიშამ 110 მლნ გადაახდევინა? მიშას ინტერესი აქ იყო? მიშას ინტერესი სახელმწიფო ინტერესების დაკმაყოფილებას ემთხვევა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ინვესტორებს ვეძებდით და ვცილობდით, რომ ინვესტორებისთვის საქართველოს ესა თუ ის ქონება რეალურ ღირებულებაში მიგვეცა. ესენი კი, ყველაფერს პირიქით აკეთებენ. როგორც ამ ხელისუფლების ექსპერტები ამბობენ, საქართველოს ოქროს საბადოებიდან მილიარდიანი შემოსავალი უნდა ჰქონოდა და ეს სააკაშვილმა გააკეთა. „ქართულმა ოცნებამ“ კი, კომპანიას საყდრისის საბადო სასწრაფოდ ააფეთქებინა, რომ ლიცენზიის გაუცემლობას აზრი არ ჰქონდეს. იცით, რომ RMG-ის ლიცენზიაში რაღაცის მოპოვების უფლება არ შედის. შესაბამისად, ამ კომპანიის მიერ იქ ნიჩბის დადებაც კი დანაშაულია. საქმე დანაშაულთან გვაქვს და ამას 3000 ადამიანის ზურგს უკან ამოფარებული ხელისუფლება აკეთებს. რასაც ვლაპარაკობთ, რა აზრი აქვს? ჩვენი საქმე ისეა ვოლსკის და „ქართული ოცნების“ თავზე სახარებას კითხულობდნენო.
როდესაც ნაციონალები საყდრისის საბადოს აფეთქებას აპროტესტებთ და ეს დანაშაულად მიგაჩნიათ, იმ ფაქტს გახსენებენ, როცა თქვენი ხელისუფლების მიერ რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი UNESCO-მ მსოფლიო კულტურული ძეგლების ნუსხიდან ამოიღო. რესპუბლიკელები წინადადებით გამოვიდნენ, რომ კულტურულ მემკვიდერობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ბოლო ათი წლის დამოკიდებულება კომისიის მიერ იქნეს შესწავლილი. ამ იდეას იზიარებთ?
- პრობლემა არ არის, ძეგლებთან სახელმწიფოს დამოკიდებულება შევისწავლოთ. UNESCO-მ ბაგრატის ტაძარი სიიდან ამოიღო, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ხომ მცდელობა არ დააკლო იმას, რომ ამ სიაში ბაგრატის ტაძარი შენარჩუნებულიყო? იმედი გვქონდა, რომ რესტავრაციის მიუხედავად, ბაგრატის ტაძარი სიაში შენარჩუნებული იქნებოდა, მაგრამ რომელი სჯობს, ძეგლი არსებობდეს, თუ ის რომელიმე სიაში იყოს? პირველ რიგში, ძეგლი უნდა არსებობდეს, ის იქნება თუ არა რომელიმე სიაში. შეიძლება, ბაგრატის ტაძარმა UNESCO-ს სიაში მოხვედრის ღირსება დროებით დაკარგა, მაგრამ ბაგრატის ტაძარს ახალი სიცოცხლე შთავბერეთ და დამერწმუნეთ, ათეული წლების შემდეგ, ბაგრატის ტაძარი დროში სიძვეელსაც დაიბრუნებს. ბაგრატის ტაძარი კვლავ ფეხზე იქნება და დრო მას იმ ღირებულებას შესძენს, რომელიც მას დავაკარგინეთ. საყდრისი კი ვერაფერს შეიძენს, რადგან მიწასთან არის გასწორებული.
თქვენს ხელისუფლებას ამბიცია ჰქონდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განეხორციელებინა, მაგრამ მშენებლობის ხარისხით კმაყოფილი ხართ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მცხეთა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ განახლდა, ამჟამად, ისევ რესტავრირებას საჭიროებს...
- თბილისში მდებარე იუსტიციის სამინისტროში ორი ფილა ჩამოვარდა, რომელიც ხუთი თვე მხოლოდ იმიტომ არ მიაკრეს, რომ განცდა გაჩენილიყო, ნახეთ, ნაციონალები როგორ უხარისხოდ აშენებდნენო. დიახ, სწრაფად ვაშენებდით და თურმე, სწორი ვყოფილვართ. თავის დროზე ვამბობდი, რომ მართალი არ ვიყავით და განახლებული ქუთაისის გახსნის ვადა მიშას რამდენჯერმე გადავაწევინე, მაგრამ ნეტა, საქმე უფრო სწრაფად გვეკეთებინა. ეს ხელისუფლება არაფერს აკეთებს და ამაზე დიდი დანაშაული რა არის?! ოპონენტები გაბოროტებული ამბობდნენ, რომ მარჯანიშვილი „გიფსო კარდონებით“ შევფუთეთ, მაგრამ ამჟამად, აღმაშენებელის გამზირი თბილისის მთავარი სავაჭრო ცენტრია და რუსთაველიდან ბიზნეს ცენტრმა აღმაშენებელზე გადაინაცვლა. თურმე, კედლები მართლა „გიფსო კარდონით“ გაკეთებული არ ყოფილა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არათუ სწრაფ შენებაზე თქვა უარი, არამედ მშენებლობის პროცესი საერთოდ გააჩერა. პროექტების გახსნისას, ღარიბაშვილი ტრაბახობს, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ავიწყდება, რომ ეს პროექტები ჩვენს დროს დაიწყო?
თქვენ ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებთ, მაგრამ ის თქვენ ოპონენებად არ აღგიქვამთ და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია დანგრეულია...
- კაცი ლაპარაკობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს, მაგრამ მისი გამოსვლების ქრონომეტრაჟი განსაზღვრეთ და ნახავთ, ნაციონალებს რამდენჯერ ახსენებს. აღმოაჩენთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბუნებიდან რომ გაქრეს, ღარიბაშვილის ტვინში მაინც იარსებებს, რადგან მისი ტვინის ნახევარი ბიძინას ეკუთვნის, ნახევარი ნაციონალებს, ხოლო გული და სული მის ოჯახს. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი პრემიერად ვეღარ ივარგებს და მას ეს დამღა მთელი ცხოვრება გაჰყვება. ღარიბაშვილის ტყვინი შეპყრობილია სააკაშვილით და ნაციონალებით. როგორც ჩანს, ეს კაცი ამ კომპლექსიდან ვერ გამოვა და ქვეყანა მისგან რაიმე ღირებულს ვერ მიიღებს. მას ყველგან სააკაშვილი ეზმანება და ყველგან ჩვენ გვხედავს. ადრე, უცხოელი ფსიქოლოგების მიერ სააკაშვილის მიმართ შედგენილ ფსიქო პორტრეტს გაზეთებში ბეჭდავდნენ და ძალიან საინტერესო იქნება, ის ფსიქოლოგები ახლა ღარიბაშვილის აკვიატებებს რას დაარქმევდნენ, რომელსაც ყველგან გამქრალი „ნაციონალური მოძრაობა“ ელანდება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის ხელდასმულია, მათ ქმედებებში არანორმალურს ვერაფერს ვხედავ.
ხელისუფლების პრორუსულობაზე სულ აპელირებთ, მაგრამ ეს რაში გამოიხატება? მთავრობამ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მაპი-სთვის იბრძვის და მათი პრორუსულობა სად იკვეთება?
- ციხის კადრები „ფე ეს ბე“-მ მოამზადა, გადაიღო, დადგა და ივანიშვილს არჩევნებისთვის შეუნახა. ივანიშვილი „ქველმოქმედებაში“ ათობით მილიონს რატომ ხარჯავდა და ეს „ქველმოქმედება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რატომ შეწყვიტა? ამ კითხვას ჩემს მეგობრებსაც ვუსვამდი და მაშინ ითვლებოდა, რომ ივანიშვილი კარგი კაცი და ჯიგარია, რომელიც თავის ქვეყანას ფულს ახარჯავსო. პუტინმა ყველა ოლიგარქს ლაგამი ამოსდო და ფეხქვეშ ამოიდო. პუტინმა ხადარკოვსი ციხეში გამოკეტა, ბერეზოვსკი ქვეყნიდან გააგდო, აბრამოვიჩებს თავის ჭკუაზე ატარებდა და მაინტერესებს, ივანიშვილს რატომ ითმენდა, ფულს რუსეთში რატომ აშოვნინებდა და შემდეგ ამ ფულის დახარჯვის უფლებას მისთვის ყველაზე საძულველ ქვეყანაში და ყველაზე საძულველი პრეზიდენტის სასარგებლოდ, რატომ აძლევდა? ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამ კითხვაზე პასუხი ვერავინ გამცა, მაგრამ პასუხი 2012 წელს მივიღე, როცა „ქველმოქმედმა“ ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა და მას ხალხმა ხმა მისცა. მისი „ქველმოქმედება“ პოლიტიკაში დაბანდებული კაპიტალი იყო და სინამდვილეში, ივანიშვილს საკუთარი სახელმწიფოს შექმნის სურვილი აქვს. ის სოლოლაკში ზის და იქედან ქვეყანას ისე მართავს, რომ მას ქვეყნის წინაშე არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია.
თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ეჭვებს გამოთქვამდით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მას ფულს, რატომ ართმევდა? მაშინ, ივანიშვილის ფული რუსული არ იყო?
- ამ კითხვებს ვსვამდი და სამწუხაროდ, ჩემმა მეგობრებმა ეს შეცდომა დაუშვეს. ამჟამად, საქართველოს ივანიშვილის მოცემული ფულის ანაზღაურება ათჯერ მეტი თანხებით უხდება. ტყუილია, რომ პროექტებს მხოლოდ ივანიშვილი აფინანსებდა. რაც საქართველოში კეთდებოდა, იქ ივანიშვილის წილი ძალიან მცირე იყო. თავის დროზე, ივანიშვილი ამბობდა, რომ საკუთარი ქველმოქმედების პოპულარიზაცია არ სურდა და საქმეებს ინკოგნიტოდ აკეთებდა და მთელი ხიბლიც ამაში იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, მას ყველაზე დიდი რეკლამა ვითომ არაფიშირებამ გაუკეთა. დღეს ყველაფერი ბიძინას ბრალდება, რაც გააკეთა და არ გაუკეთებია. 150 მლნ თუ 200 მლნ ლარს ქვეყანა გადავაყოლეთ და ეს თანხა „ქართულ ოცნებას“ უკვე ამოღებული აქვს, თუ არადა მომავალში ამოიღებენ.
პოლიტიკურ კულუარებში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი გაზაფხულზე პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამას გამორიცხავთ?
- მის პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ იმედია, ქართველ ხალხს გონიერება ეყოფა და ივანიშვილით მეორედ არ გაბრიყვდება.