მსოფლიოში ნავთობი ისევ იაფდება. ანალიტიკოსები უახლოეს მომავალში 1 ბარელის 35 დოლარამდე გაიაფებას პროგნოზირებენ. საქართველოში კი საერთაშორისო ტენდენციას ფეხს დიდი წელისმოწყვეტით უბამენ. მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის განახევრების ფონზე, საქართველოში საწვავი მხოლოდ 17-18%-ით გაიაფდა.
გუშინდელ ვაჭრობაზე “ბრენტის” მარკის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 2,59%-ით - 46,21 დოლარამდე დაეცა. “ლაითის” ტიპის ფიუჩერსების ღირებულება კი 45,58 დოლარია.
ნავთობის გაიაფების მორიგი ტალღა მოჰყვა “გოლდმან საქსის” მიერ ნავთობის საპროგნოზო ფასის 2-ჯერ შემცირებას. ბანკმა 2015 წლის პირველი კვარტლისათვის “ბრენტის” საპროგნოზო ფასი 80 დოლარიდან 42 დოლარამდე შეამცირა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2015 წლის პირველ ნახევარში ნავთობის ფასი 40 დოლარის მიდამოებში უნდა იყოს, რათა ფიქალის ნავთობში ინვესტიციების მოცულობა შემცირდეს.
სწორედ “ფიქალის რევოლუციას” მიაწერენ იმ ფაქტს, რომ ბოლო 6 თვეში ნავთობზე ფასი 50%-ზე მეტით შემცირდა.
უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შავი ოქრო ძველ ნიშნულს, ალბათ, აღარასდროს დაუბრუნდება, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ამის პირობას საუდის არაბეთის პრინციც დებს და ირწმუნება, რომ ნავთობის 100 დოლარამდე აღარ გაძვირდება.
როგორც საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბენ თალილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი 100-დოლარიან ნიშნულს ვეღარ მიაღწევს. თუკი მოთხოვნა იქნება ფასი გაიზრდება, თუმცა სამნიშნა რიცხვამდე აღარ ავა.
საქართველო, როგორც ყოველთვის, საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს არაადეკვატურად ეხმიანება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი უმნიშვნელოდ გაიაფდა. თუკი მსოფლიოში ნავთობის ღირებულება ზაფხულიდან მოყოლებული განახევრდა, საქართველოში იმავე პერიოდში საწვავმა მხოლოდ 17-20%-ით დაიკლო. რომ არა პრემიერ-მინისტრის დაინტერესება, ქართველი მენავთობეები არც ამას დაუშვებდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი 10-12 თეთრით გაიაფდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესების პარალელურად, საწვავი საქართველოს საცალო ქსელში ისევ გაიაფდება.
“რეგიონში ყველაზე დაბალი ფასები აქვს რუსეთს. ეს არც არის გასაკვირი იმიტომ, რომ იგი მსოფლიოში უდიდესი ნავთობმომპოვებელი და მწარმოებელი ქვეყანა. საქართველოში “სუპერისა” და “პრემიუმის” ტიპის საწვავზე შედარებით დაბალი ფასებია, ვიდრე უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში. ეს ქვეყნებიც დამოკიდებულნი არიან საწვავის იმპორტზე და საერთაშორისო ფასებზე”, - ამბობს ნავთობპროდუქტების კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი და დასძენს, რომ აზერბაიჯანში, რომელიც არ აწარმოებს “სუპერსა” და “პრემიუმს”, ამ ტიპის საწვავის ღირებულება მაღალია, ვიდრე საქართველოში. ადგილობრივი, “რეგულარის” მარკის საწვავის ფასი კი 1,70 ლარია.
მენავობეების ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ბენზინი და დიზელი კიდევ გაიაფდება, ხოლო დაახლოებით 1 თვეში საცალო ქსელში საწვავი 1,6 ლარის ფარგლებში იქნება. მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საწვავის გაიაფება მომავალშიც გაგრძელდება.
რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს, იგი სანავთობო ბაზარს ჯერ კიდევ სწავლობს. გამოთხოვილია ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, “საქსტატიდან”, მეზობელი სახელმწიფოებიდან და 100-ზე მეტ ეკონომიკურ აგენტს გაეგზავნა შესაბამისი ცნობა ინფორმაციის გაგზავნის თაობაზე. სააგენტომ პრემიერ-მინისტრს 10-დღიან ვადაში მოთხოვნილი შუალედური ანგარიში უკვე მიაწოდა. ამ ანგარიშიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სანავთობო ბაზარზე 100-ზე მეტი სუბიექტია რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, კონკურენციის სააგენტომ ბაზარზე მონოპოლია და კარტელური გარიგებები გამორიცხოს.
რეალურად კი საქართველოს მასშტაბით, ასეულობით ავტოგასამართ სადგურს 5 მსხვილი ნავთობკომპანია აკონტროლებს. დანარჩენი მცირე კომპანიების ქსელში კი რამდენიმე პატარა ავტოგასამართი სადგურია, რომელიც საფასო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს. სხვათა შორის, ასეთ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინი 1,5 ლარი ღირს.