საყდრისის თემაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება ჰაერშია გამოკიდებული

საყდრისის თემაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება ჰაერშია გამოკიდებული

საყდრისის საბადოს თაობაზე შესაძლოა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას. „ქართული ოცნება“, კონსერვატორები და მრეწველები კომისიის შექმნის წინააღმდეგ კვლავ გამოდიან და საკითხის მხარდაჭერას არ აპირებენ.

გასული წლის დეკემბერში, პარლამენტმა კომისიის შექმნა მიზანშეწონილად მიიჩნია და საკითხი კენჭისყრაზე 58 მომხრე ხმით გავიდა, თუმცა კომისიის შექმნის თაობაზე უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. რესპუბლიკელები და „ეროვნული ფორუმი“ კომისიის შექმნას მხარს ისევ უჭერენ, „ქართული ოცნება“ კი, თემის პოლიტიზირებაზე აპელირებს და კომისიაში კვოტების ათვისებას არ აპირებს.

for.ge-ს ინფორმაციით, ფრაქციები „ქართულ ოცნებას“ კომისიის შექმნის მხარდაჭერის სანაცვლოდ, კომისიის თავმჯდომარის პოსტს სთავაზობენ, თუმცა, გია ვოლსკის ფრაქცია ამაზეც უარს აცხადებს.

როგორც for.ge-ს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გუგუაძემ განუცხადა, პარლამენტი ვალდებულია, რომ ასეთი კომისია შექმნას. დეპუტატის თქმით, ამჟამად, დეპუტატებს შორის კონსულტაციები კომისიის დაკომპლექტების თვალსაზრისით უნდა წარიმართოს და არა იმაზე, კომისია უნდა შეიქმნას თუ არა. კანონმდებელის ცნობით, ის კომისიის შექმნის თაობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გია ვოლსკისა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდა.

„ვოლსკიმ რაღაცნაირად მიმანიშნა, რომ ის დეპუტატები, რომლებიც საკითხის მიზანშეწონილობას მხარს არ უჭერდნენ, ალბათ, მხარს არც კომისიის შექმნას დაუჭერენ. იმის მიუხედავად, ამა თუ იმ კანონს მხარს ვინ უჭერს და ვინ არა, მას შემდეგ, რაც კანონი მიღებულია, ყველა ვალდებულია, ამ კანონს დაემორჩილოს, ეს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების წესია. პარლამენტის გადაწყვეტილება სავალდებულოა და თუკი დეპუტატებს ეს არ ესმით, მაშინ პარლამენტის როგორც ინსტიტუციის არსებობას აზრი ეკარგება და ერთადერთი კითხვა ჩნდება - რომელი სახელმწიფოსკენ მივდივართ, სამართლებრივი სახელმწიფოსკენ, თუ შუა საუკუნეების ბნელი ეპოქისკენ, სადაც ვიღაცა იყო, რომელიც ფუნქციონირების წესებს განსაზღვრავდა“, - აცხადებს დეპუტატი.

გოგუაძე მიიჩნევს, რომ თუკი კომისია არ შეიქმნება, მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ სადრისთან დაკავშირებით ჩადენილია დანაშაული, უფრო გამყარდება.

„ამ საკითხზე კამათი არ დასრულდება, თუკი ის გამოძიებული არ იქნება და ყველა მოვლენას თავის სახელი არ დაერქმევა. ძალიან ბევრი რამ არის შესასწავლი, მათ შორის RMG-თვის ლიცენზიის გაგრძელების საკითხი. ის მოვლენები, რაც 12 დეკემბრის შემდეგ განვითარდა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, - აღნიშნავს გოგუაძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, საყდრისის საბადოზე კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობაც“ ითხოვს. for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი კომისიის შექმნას იმით შეაფერხებს, რომ კომისიის დაკომპლექტებაში მონაწილეობას არ მიიღებს. დეპუტატის შეფასებით, უმრავლესობას რაიმე პრობლემა საერთოდ არ ადარდებს, თუკი ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს არ აღელვებთ.

„საინტერესოა, როგორ მოიქცევა უმრავლესობის ის ნაწილი, რომელიც კომისიის შექმნას მხარს უჭერდა“, - დასძენს დარჩიაშვილი.

კომისიის შექმნას მხარი უმრავლესობაში შემავალმა რესპუბლიკელებმა დაუჭირეს და როგორც for.ge-სთან საუბარში ფრაქციის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი აღნიშნავს, მისი ფრაქცია საკითხთან მიმართებაში პოზიციას არ ცვლის. დეპუტატის განცხადებით, კომისიის შექმნა „ქართული ოცნების“, მრეწველებისა და კონსერვატორების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„პარლამენტმა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას მხარი 58 მომხრე ხმით დაუჭირა, მაგრამ კომისიის შექმნისთვის საჭირო 76 დეპუტატის ხმაა. კომისია შეიქმნება თუ არა, ეს „ქართულ ოცნებაზე“, კონსერვატორებსა და მრეწველებზეა დამოკიდებული. ეს მათი საფიქრალია, მაგრამ ერთს კი ვიტყვი - პარლამენტმა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ახლა, ამა თუ იმ ფრაქციას კომისიის შექმნის წინააღმდეგ ძალიან მსუყე არგუმენტები უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი, რომლის მსგავსად, პოზიციას არ ცვლის „ეროვნული ფორუმი“.

for.ge-სთან საუბარში დეპუტატი ანი მიროტაძე ამბობს, რომ რადგან პარლამენტმა მხარი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას დაუჭირა, კომისია უნდა შეიქმნას.

კანონმდებლის მოსაზრებით, თუკი კომისია შეიქმნება, საჭირო იქნება დარგის სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც გაგვარკვევენ, თუ რა პროცესები განვითარდა საყდრისის საბადოს გარშემო.

„პოლიტიკურ სპეკულაციებს ბოლო უნდა მოეღოს. თემის პოლიტიზირება ხდება და ეს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში ამორალური საქციელია“, - დასძენს მიროტაძე, რომლისგან განსხვავებით კომისიის შექმნის მხარდაჭერას არ აპირებს მრეწველი ზურაბ ტყემალაძე. როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, მას კომისიის შექმნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. დეპუტატის თქმით, როდესაც საკითხს პროკურატურა იძიებს და დავა სასამართლოში მიმდინარეობს, ამ ფონზე, კომისიის შექმნა საჭირო არ არის.

„გადაწყვეტილებებს ასე ადვილად არ ვცვლი და ჩემს პოზიციაზე ვდგავარ. კომისიის შექმნა სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ ჩემს გარდა კიდევ 149 დეპუტატია“, - დასძინა ტყემალაძემ.

მრეწველების მსგავსად, კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას მხარი არც კონსერვატორებმა დაუჭირეს, რომლებიც ამჟამად, ერთპიროვნული პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ.

for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია აცხადებს, რომ მის ფრაქციას გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს.

„განათლების კომიტეტში ამ საკითხის განხილვას ველოდებით, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ბუკიამ, რომლისგან განსხვავებით ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს.

როგორც for.ge-ს დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, საკითხი ზედმეტად პოლიტიზირებულია და კომისია არ უნდა შეიქმნას. კანონმდებელის თქმით, ის პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას დაემორჩილება და საკითხს ხმას ამის მიხედვით მისცემს.

„გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ საკითხი პოლიტიზირებულია“, - ამბობს კვაჭანტირაძე, რომლის პოზიციას იზიარებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

კანონმდებელის განცხადებით, საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ მაშინ, როდესაც საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს, კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ არის.

„რაიმე აქტის გაბათილება სასამართლოს საქმეა. ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულება დეკემბერში უკვე გამოვხატე, მაგრამ ფრაქციაში ამაზე საუბარი ისევ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტს საყდრისის საბადოს თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობა საგაზაფხულო სესიაზე მოუწევს, რომელიც 3 თებერვალს გაიხსნება. კომისიის შექმნისთვის საჭირო 76 დეპუტატის ხმა იქნება და დაბრკოლებასაც ეს წარმოადგენს, რადგან საკითხის მიზანშეწონილობას მხარი მხოლოდ 58-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ - რესპუბლიკელები, ნაციონალები, „ეროვნული ფორუმი“ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები - გოგი ქავთარაძე, ელისო ჩაფიძე, როსტომ ხალვაში, თამაზ ჯაფარიძე, უმრავლესობაში ახლახან გადასული ენზელ მკოიანი და კახაბერ ოქრიაშვილი. ასევე საკითხის დადებითად გადაწყვეტას დამოუკიდებელი დეპუტატები - გიორგი გაჩეჩილაძე და მურმან დუმბაძე დათანხმდნენ.

იქედან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ორგანომ კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა განსაზღვრა, კომისიაში ფრაქციებმა კანდიდატურები უკვე წარადგინეს. კომისიაში ნაციონალების წარმომადგენლებად მივლენილი არიან - სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი და ირმა ნადირაშვილი, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ შალვა შავგულიძე და ნინო გოგუაძე, ხოლო რესპუბლიკელებიდან ლევან ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია RMG-მა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ განაახლა და საყდრისის ბორცვზე აფეთქება განახორციელა, რის გამოძიებას ითხოვენ დეპუტატები.